სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ლიხნის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი  X საუკუნის ბოლო სოფ.ლიხნი გუდაუთა აფხაზეთი ლიხნის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი  X საუკუნის ბოლო სოფ.ლიხნი გუდაუთა აფხაზეთი ლიხნის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი  X საუკუნის ბოლო სოფ.ლიხნი გუდაუთა აფხაზეთი ლიხნის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი  X საუკუნის ბოლო სოფ.ლიხნი გუდაუთა აფხაზეთი ლიხნის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი  X საუკუნის ბოლო სოფ.ლიხნი გუდაუთა აფხაზეთი ლიხნის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი  X საუკუნის ბოლო სოფ.ლიხნი გუდაუთა აფხაზეთი ლიხნის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი  X საუკუნის ბოლო სოფ.ლიხნი გუდაუთა აფხაზეთი ლიხნის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი  X საუკუნის ბოლო სოფ.ლიხნი გუდაუთა აფხაზეთი
ბმულის კოპირება



გუდაუთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ლიხნის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარი X საუკუნის ბოლო სოფ.ლიხნი გუდაუთა აფხაზეთი

ლიხნის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდებარეობს აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში.

ლიხნის ტაძარი წარმოადგენს წაგრძელებულ ჯვარგუმბათოვან ნაგებობას, რომელსაც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს, ჩრდილოეთით და სამხრეთით კი ღია ეკვდერები. ტაძრის ფასადი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი მოყვითალო ქვის კვადრებით. ფასადი მოკლებულია მორთულობას, რითაც უფრო თვალსაჩინო ხდება ნაგებობის პროპორციების დახვეწილობა და მასების ჰარმონიულობა.

ტაძარი აგებულია X საუკუნის დასასრულსა და XI საუკუნის დასაწყისში. XIV საუკუნეში ტაძარი გადაუკეთებიათ, ჩრდილოეთითა და სამხრეთით ეკვდერები მიუშენებიათ. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, რაზეც ნათლად მეტყველებს შემორჩენილი ფრაგმენტები. მოხატულობა ყურადღებას იქცევს ფაქიზი კოლორიტით, ფიგურების დინამიკურობითა და ექსპრესიულობით. როგორც ირკვევა, ტაძარი პირველად X-XI საუკუნეების მიჯნაზე მოუხატავთ, მეორედ კი XIV საუკუნეში, როდესაც ტაძარი გადააკეთეს. სატაძრო კომპლექსში შედის ორიარუსიანი სამრეკლოც. ტაძრის მახლობლად არის აფხაზეთის მთავართა ორსართულიანი სასახლის ნანგრევები. სასახლე გვიანდელი შუა საუკუნეების საერო ხუროთმოძღვრების საინტერესო ნიმუშია. კედლების წყობაში რამდენიმე სამშენებლო ფენა შეიმჩნევა. ამასთან, უფრო ძველი, XVI-XVII საუკუნეებისა აგებულია კირქვის ფილებით. ეს ის დროა, როდესაც ლიხნი აფხაზთა სამთავროს პოლიტიკური ცენტრი გახდა. XIX საუკუნეში სასახლე გადააკეთეს და მნიშვნელოვნად გააფართოვეს. სასახლის მეორე სართული ხისგან იყო ნაგები. ტაძარი და სასახლე მდებარეობს უზარმაზარი მინდვრის განაპირას.

ლიხნის ტაძარი.
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან
ლიხნის ტაძარი.
კანკელის ფრაგმენტი

ნიშანდობლივია, რომ ლიხნის განაპირას, მდ. ხიფსთას მარცხენა ნაპირზე აღმართულია გალავნით შემოზღუდული VII-VIII სს. ციხე-სიმაგრის (აბაანთა) კომპლექსი. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები

სამწუხაროდ, შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში არც ლიხნის და არც აბაანთის კომპლექსის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი.


ლიხნის ღვთისმშობლის ეკლესიის სიძველეები პირველად ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ შეისწავლა. 1848 წლის აპრილში მანვე გადმოწერა ტაძრის ძველი ქართული წარწერები. იმხანად ლიხნს თურქულ სახელს სოუკსუს ეძახდნენ, რაც „ცივ წყაროს“ ნიშნავს, და მარი ბროსეც ასე იხსენიებს მას. მარი ბროსეს ცნობით, „ტყის შუაგულში მდებარეობს სოფელი სოუკსუ, მიხეილ შარვაშიძის (დღევანდელი აფხაზეთის მმართველის) მთავარი რეზიდენცია. მისი სახლი ქვითა და ხით ნაგები დიდი შენობაა, რომელსაც გარშემო აივანი უვლის. სახლი ულამაზეს მინდორზე დგას. ეზოს გარშემო ისეთივე ღობე აკრავს, როგორიც სამეგრელოში იციან. ამ ეზოში ყოველთვის მნახველთა და მთხოვნელთა სიმრავლეა. აქვე ახლოს დგას ლამაზი ეკლესია. ის შესანიშნავად არის მოვლილი, რაც სარწმუნოებისადმი აფხაზეთის მთავრის დამოკიდებულების მაჩვენებელია. …ეკლესიის თაღები ჯვრის ფორმას ქმნიან. ტაძრის შიგნით დასავლეთის კედელს მიუყვება ქორედი. საკურთხეველი მოხატულია ლამაზი ფრესკებით, რომლებიც სხვადასხვა ბიბლიურ თემას ეძღვნება”.მარი ბროსე

მოგვიანებით ტაძარი მოინახულეს და აღწერეს დიმიტრი ბაქრაძემ, პრასკოვია უვაროვამ, ექვთიმე თაყაიშვილმა. XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ტაძრის შეკეთებისას, მისი კედლები შელესილობითა და კირის სქელი ფენით დაიფარა. 1986 წელს ძეგლთა დაცვისა და გამოყენების სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს რესტავრატორთა ჯგუფმა მ. ბუჩუკურის ხელმძღვანელობით გაწმინდა ტაძრის კედლები შელესილობისა და კირის ფენისაგან და კვლავ გამოჩნდა ქართული წარწერები.

ლიხნის ტაძარი.
ინტერიერი, აფსიდი
ჰალეის კომეტა

ქორედის სამხრეთის კედელს მთელ სიგანეზე დაუყვება ფრესკული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს 1066 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის შესახებ: „ქ. კურთხეულ ხარ, ღმერთო, ყოვლად ყოველსა შინა. ესე იქმნა დასაბამითგან წელთა ხქჲთ, ქორონიკონსა სპჲ, მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა ინდიკტიონსა ლჱ, აპრილსა თუესა, ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ მისსა წიაღსა აღმოივლიდის და წინა მისსა, ვითარცა შარავანდი დიდი, მოკიდებით მასვეა. ესე იქმნა ბზობითგან აღვსებამდის“.

ლიხნის ტაძრის ამ წარწერაში მოხსენიებული მეფე ბაგრატ გიორგის ძე არის ბაგრატ IV (1027-1072 წწ.). აღსანიშნავია, რომ წარწერაში კომეტის გამოჩენა საოცარი სიზუსტით არის აღწერილი. იგი მოცემულია სამნაირი დათარიღებით (დასაბამითგან, ინდიკტიონით და ქორონიკონით), თანაც თვისა და დღეების აღნიშვნით. როგორც მ. ბროსე აღნიშნავდა, 1066 წელს აღდგომა 16 აპრილს დადგა, ბზობა - 9 აპრილს. ამდენად, კომეტის გამოჩენის პერიოდი 9-16 აპრილია. ნიშანდობლივია, რომ 1066 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის შესახებ მოთხრობილია ასევე კიევის სამთავროს მატიანეში და ერთ-ერთ ჩინურ ქრონიკაში, ხოლო კომეტის გამოსახულება, საზარელი ურჩხულის სახით, ნორმანდიის დედოფალს მატილდა ფლანდრიელს ამოუქარგავს მის მიერ მოქსოვილი ხალიჩის კუთხეში.

ლიხნის ტაძრის წარწერები

გარდა ამ წარწერისა, ლიხნის ტაძარში გვხვდება სხვა წარწერებიც. ბიბლიურ სიუჟეტთა და წმინდანთა ქართულ-ბერძნული განმარტებითი წარწერების გარდა, შემორჩენილია ქართული ასომთავრული და მხედრული დამწერლობით შესრულებული წარწერები ბაგრატ IV-ის, გიორგი II-ის, ვაჩე პროტოსპათარის - ბაგრატ IV-ის წარმომადგენლის ბიზანტიის საიმპერატორო კარზე, და სხვათა მოხსენიებით.

ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდიდრულად ყოფილა მოხატული. ფრესკებს თან ახლდა განმარტებითი წარწერები. სამხრეთის სარკმლის აფსიდთან მოთავსებულია ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა წმიდა სამების გამოსახულებასთან: „ოდეს აბრაჰამს ესტუმრა სამებაი წმიდაი“. ასევე გვხვდება ასეთი წარწერები: „წმიდა ნიკოლოზი“, „წმიდა ბასილი“, „წმიდა გრიგოლი ღვთისმეტყუელი“. ამ ტიპის წარწერები ტაძარში მრავლადაა.

„საყოფელი შარვაშიძისა“

მარი ბროსე აღნიშნავს, რომ კანკელის წინ თეთრი მარმარილოს ქვა იყო ბერძნული წარწერით, საიდანაც ირკვევა, რომ აქ განისვენებდა აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე, წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ესაა გიორგი (საფარ-ბეი) ქელეშ-ბეის ძე შარვაშიძე, აფხაზეთის მთავარი 1810-1821 წწ. იგი 1821 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა. მ. ბროსეს აქვე უნახავს ნაკურთხი წყლისთვის განკუთვნილი ვერცხლის ლარნაკი წარწერით: „დადიანის ქალისა თამარისა“. დადიანის ასული თამარი გიორგი შარვაშიძის თანამეცხედრე იყო, ოდიშის მთავრის კაცია II დადიანის ასული და ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და, რომელიც გიორგი (საფარ-ბეი) შარვაშიძემ 1806 წელს შეირთო.

ვახუშტი ბატონიშვილი აფხაზეთის აღწერისას აღნიშნავს: „ხოლო ანაკოფიის დასავლეთი არს აფხაზეთი... ანაკოფიის დასავლით დის აღაცოს წყალი... ამ აღაცოს წყლის დასავლით დის ზუფუს მდინარე... არს ზუფუ მცირე ქალაქისაებრი, სახლი და საყოფელი შარვაშიძისა, რომელი მპყრობლობს აფხაზთა.“

ანაკოფია გვიანდელი ახალი ათონია, აღაცოს წყალი - მდ. ააფსთა (იგივე ბაკლანოვკა), ზუფუს მდინარე - მდ. ხიფსთა (იგივე ბელაია რეჩკა). მის ნაპირზე იყო გაშენებული ზუფუ, „სახლი და საყოფელი შარვაშიძისა“. შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში ლიხნი სწორედ ზუფუს სახელით იხსენიება. ისევე, როგორც „ლიხნი“, „ზუფუც“ ქართული ტოპონიმია.

წარმართობის აღორძინება და საეპისკოპოსოების გაუქმება

გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთში მიმდინარე ეთნო-პოლიტიკურმა პროცესებმა, სახელდობრ მთის ჩამოწოლამ, ჩრდილოეთ კავკასიიდან მთიელთა ჩამოსახლებამ, მხარის კულტურული განვითარება შეაფერხა და ქართული სამყაროსაგან აფხაზთა „გაუცხოება“ გამოიწვია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანობის დაცემასა და წარმართობის აღორძინებაში გამოიხატა. ქართული ეკლესია აფხაზეთში თანდათან თმობდა პოზიციებს. ნიშანდობლივია, რომ XVI საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს. გვიან შუა საუკუნეებში, ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი. 1681 წელს აფხაზებმა ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (ღალიძგა) მიიტაცეს. ამ ტერიტორიაზე გაუქმდა დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები, რადგან აფხაზთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა. როგორც ჩანს, ამ დროს ლიხნის ეკლესიაც დაცარიელდა.

მისიონერული საქმიანობა

1810 წელს აფხაზეთის სამთავრო რუსეთის იმპერიის „მფარველობაში“ შევიდა. რუსეთის ხელისუფლება და აფხაზეთის მთავარი ამ მხარეში პოზიციების განმტკიცების მიზნით ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდნენ. რუსეთის ხელისუფლება ქრისტიანობის მფარველობის დროშით ნიღბავდა დამპყრობლურ მიზნებს და კოლონიურ პოლიტიკას. ქრისტიანობის გავრცელება რუსეთის პოლიტიკური გავლენის გავრცელებას მოასწავებდა. ამიტომ იყო, რომ აფხაზეთის სამთავროში ქრისტიანობის აღორძინებას ყურადღება მიექცა.

აფხაზეთში რუსეთის მფარველობის დამყარების შემდეგ სამეგრელოს სამთავრო კარის ეკლესიის დეკანოზმა იოანე იოსელიანმა საკუთარი სახსრებით აღადგინა სამთავრო სახლის კარის ეკლესია ლიხნში, ღვთისმსახურება გამართა და მღვდლები გაამწესა, ამასთან მრავალი აფხაზიც მონათლა. 1810 წელს მან ლიხნში სასულიერო სასწავლებლის გახსნის თაობაზე საკითხი აღძრა. ის იმედს გამოთქვამდა, რომ ამ გზით აფხაზეთს ქრისტიანობის ნათელი კვლავ მოეფინებოდა, თუმცა რთული პოლიტიკური ვითარების გამო ხელისუფლებამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

1823-1824 წლებში სოხუმის ეკლესიის მღვდელმა სოლომონ ნადიროვმა (ნადარეიშვილი) სოფელ ლიხნში მრავალი წარმართი და მაჰმადიანი აფხაზი მონათლა. მის თბილ დამოკიდებულებას აფხაზებისადმი, დიდ გულმოდგინებას მათი გაქრისტიანების საქმეში, აფხაზეთის ახალგაზრდა მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864 წწ.) მაღალ შეფასებას აძლევდა. 1821 წლიდან ლიხნში ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა მღვდელი იოანე ქავთარაძე, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მალე იგი ლიხნის ეკლესიის დეკანოზი გახდა. 1823 წელს მან საქართველოს ეგზარქოსს, მიტროპოლიტ იონას (1821-1832 წწ.), სთხოვა მის დასახმარებლად რომელიმე მღვდელმონაზონი და საეკლესიო ლიტერატურა გამოეგზავნა. იმ ფორმალური მოტივით, რომ აფხაზეთის სამთავრო ჯერ კიდევ არ შედიოდა მის გამგებლობაში, ეგზარქოსმა თხოვნის შესრულებაზე უარი შეუთვალა. 20-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის არქიმანდრიტმა იოანე იოსელიანმა, მთავრის სულიერმა მოძღვარმა სიმონ ჟორდანიამ, მღვდელმა იოანე ქავთარაძემ 150- მდე აფხაზი მონათლეს.

მისიონერული საქმიანობის პირველმა წარმატებებმა აფხაზეთში ნათლად აჩვენა, რომ არც ეკლესიები და არც სამღვდელოება ამ მხარეში საკმარისად არ იყო. 1823 წელს კავკასიის მთავარმართებელმა ა. ერმოლოვმა (1817-1827 წწ.) იმერეთის მმართველს, გენერალ-მაიორ პ. გორჩაკოვს სთხოვა სამეგრელოს მთავარს ლევან V დადიანს დაეთანხმებინა სამთავროს რომელიმე ეპისკოპოსი, აფხაზეთში ჩასულიყო და ლიხნის ტაძარი ეკურთხებინა. 1823 წლის ივლისში აფხაზეთში ცაგერელი მიტროპოლიტი იოანე (დადიანი) ჩავიდა და ლიხნის ტაძარი აკურთხა. იოანე ცაგერელმა ლიხნში ყოფნისას 26 აფხაზიც მონათლა. 1821-1824 წწ. ხელისუფლება ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენასაც შეეცადა, მაგრამ ეს მცდელობა აფხაზთა 1824 წლის ანტირუსულმა აჯანყებამ და შემდეგ განვითათრებულმა მოვლენებმა დიდი ხნით გადადო.

1824 წლის მაისში აფხაზთა ახალმა ანტირუსულმა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებულებმა ალყა შემოარტყეს მთავრის რეზიდენციას ლიხნში და რუსთა სიმაგრეს, რომელიც ამ რეზიდენციას იცავდა. მათ კარის ეკლესიაც დაიკავეს და იქიდან ცეცხლს უშენდნენ სიმაგრეს. 18 ივნისს, ღამით, რუსთა რაზმი ეკლესიაში შეიჭრა და იქ გამაგრებული აფხაზები ამოწყვიტა. მხოლოდ ერთი, კაც მარღანია გადარჩა შემთხვევით და შემდეგ თავისი ბობოქარი ცხოვრების ამ ეპიზოდს ყოველთვის ძრწოლით იხსენებდა.

1831 წლის 5 ნოემბერს სამეგრელოს მიტროპოლიტი დავითი (წერეთელი) სინოდალურ კანტორას აცნობებდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მაჰმადიანი იყო და ამ მხარეში მხოლოდ ერთი მოქმედი ეკლესია არსებობდა ლიხნში, სადაც ღვთისმსახურებას მღვდელი სიმონ ჟორდანია ეწეოდა.

1834 წლის გაზაფხულიდან არქიმანდრიტი ანტონი (დადიანი) და მისი თანაშემწეები იღუმენი დავითი (ახვლედიანი), მღვდელი სიმონ ჟორდანია და მღვდელმონაზონი თეოფანე (გაბუნია) აფხაზეთში, ლიხნში აქტიურ მისიონერულ მოღვაწეობას შეუდგნენ. მისიონერული მოღვაწეობის ლიხნში დაწყება იმით იყო გამოწვეული, რომ აქ ცხოვრობდა მთავრის ოჯახი და მის მხარდაჭერას ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; ამასთან, ქრისტიანობა აქ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი და აქაური მოსახლეობა ადვილად ინათლებოდა. არქიმანდრიტ ანტონის (დადიანი) მისიონერული მოღვაწეობის დადებითი შედეგები მალე აშკარა გახდა. 1834 წლის მარტიდან მაისამდე მხოლოდ ლიხნში 155 კაცი მოინათლა. ეს პროცესი შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. არსებობს 1834-1836 წლებში მონათლულთა სიები, რომლებიც ქართულ ენაზეა შედგენილი და დამოწმებულია მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ან მისი დედის თამარ დადიანის მიერ. ეს სიები შესანიშნავი წყაროა XIX საუკუნის 30-იანი წლების აფხაზეთის ისტორიისათვის.

ამრიგად, აფხაზეთის სამთავროში (1810- 1864 წწ.) ქართველი სამღვდელოების დიდი მეცადინეობით მართლმადიდებლური ქრისტიანობა აღორძინდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ქართული საეკლესიო და კულტურულ-პოლიტიკური სამყაროსაგან აფხაზეთისა და აფხაზების ჩამოშორებასა და „რუსული აფხაზეთის“ შექმნის იდეის განხორციელებას ცდილობდა.

არქიმანდრიტ ანტონის (დადიანი) შემდეგ ლიხნის ეკლესიაში მოღვაწეობდნენ იღუმენი თეოფანე (გაბუნია), ხოლო შემდეგ იღუმენი გერმანე (გოგელაშვილი) და იღუმენი ალექსანდრე (ოქროპირიძე). 1852 წელს, ლიხნის ეკლესიასთან, აფხაზეთში პირველი სკოლა გაიხსნა - ლიხნის სასულიერო სასწავლებელი, რასაც ამ მხარეში განათლების გავრცელების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სასწავლებელი აფხაზეთის სასულიერო პირებისა და ადგილობრივ მკვიდრთა ყველა ფენის შვილების სწავლა-აღზრდისათვის იყო განკუთვნილი. სხვა აფხაზ ბავშვებთან ერთად, მოგვიანებით, სასწავლებელში აფხაზეთის მთავრის შვილი გიორგიც სწავლობდა. სასწავლებლის ფუნქციონირებას და ბავშვების შენახვას დიდი ამაგი დასდო სასწავლებლის ზედამხედველმა, იღუმენმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე).

აფხაზი მუჰაჯირები

1877 წლის აპრილში რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი დაიწყო. ომის დაწყებისთანავე რთული ვითარება შეიქმნა აფხაზეთში. ცარიზმის კოლონიური რეჟიმით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ ამ დროისათვის კულმინაციას მიაღწია და აჯანყებამ იფეთქა. ასეთ რთულ და დაძაბულ ვითარებაში, 29 აპრილს, გუდაუთასთან ოსმალეთის დესანტი გადმოსხდა, რომელიც ძირითადად აფხაზი მუჰაჯირებისაგან შედგებოდა. აპრილ-მაისში თურქებმა თითქმის მთელი აფხაზეთი დაიკავეს. იმავდროულად, აჯანყებული აფხაზები თურქთა დესანტს შეუერთდნენ. ივლისში რუსეთის ჯარის ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ აფხაზეთში და უკვე აგვისტოში მთელი მხარე გაწმინდეს თურქებისაგან. აფხაზეთიდან გაქცევისას თურქებს აფხაზთა ნაწილიც გაჰყვა, მაგრამ მათი მეტი ნაწილი, აგრეთვე მცირე რაოდენობით ქრისტიანი ქართველები და ბერძნები ძალით წაიყვანეს. თურქთა მიერ აფხაზეთის ოკუპაციისას ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელმა იოანე გეგიამ მოახერხა საეკლესიო ნივთების გადამალვა და მათი გადარჩენა. იმავდროულად, ის აფხაზებს მოუწოდებდა სამშობლო არ დაეტოვებინათ და უცხოეთში არ გადახვეწილიყვნენ. ამის გამო, 1877 წლის აგვისტოში, მუჰაჯირებმა ის შეიპყრეს და დაახრჩვეს.

XIX- XX საუკუნეები

XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ლიხნის ეკლესიაში მღვდლებად მსახურობდნენ თ. გაგუა, ი. ლაკერბაია, კ. ბარციცი, მ. თარნავა.

ლიხნის ღვთისმშობლის ეკლესიამ მძიმე დღეები გამოიარა. დღეს საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს, როგორც ილორშიდრანდაშიმოქვში, ბედიაში აქაც წაშალოს ქართული კვალი.

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0