სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე ეფრემი(ელგუჯა მურმანის ძე გამრეკელიძე დ.1975წ.) ბოლნელი მთავარეპისკოპოსი დაბ. ბათუმი
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

მეუფე ეფრემი(ელგუჯა მურმანის ძე გამრეკელიძე დ.1975წ.) ბოლნელი მთავარეპისკოპოსი დაბ. ბათუმი

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ეფრემი

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი

ერისკაცობაში – ელგუჯა მურმანის ძე გამრეკელიძე

დაიბადა: 1975 წლის 24 ოქტომბერს, ქ. ბათუმში.

ანგელოზის დღე: 10 თებერვალი – ღირსი ეფრემ ასურის ხსენება.

ბერად აღკვეცა: 08. 04. 1996

დიაკვნად კურთხევა:06. 05. 1996

მღვდლად კურთხევა: 06. 04. 1997

ეპისკოპოსად კურთხევა: 31. 12. 2006

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 06. 09. 2012

მისამართი: ბოლნისი. საკათედრო ტაძარი.


მობ.: (+995 599) 00 30 03

ბოლნისის ეპარქია (ქ. ბოლნისი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი).

კათედრა სოფ. ქვემო ბოლნისში (ისტორიული ბოლნისის სიონი), რეზიდენცია ბოლნისში.

მთავარპისკოპოსი ეფრემი, ერისკაცობაში დავით მირიანის ძე გამრეკელიძე, დაიბადა 1975 წლის 24 ოქტომბერს ქ. ბათუმში. 1991 წელს დაამთავრა ბათუმის N2 საშუალო სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1994 წლიდან იყო ბათუმის საკათედრო ტაძრის მსახური-სტიქაროსანი და მედავითნე. 1996 წლის 8 აპრილს აღიკვეცა ბერად, 6 მაისს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა დიაკვნად. 1996 წლის ნოემბრის თვიდან მსახურობდა ურბნისისა¬ და რუისის ეპარქიაში, 1997 წლის 7 აპრილს რუისისა და ურბნი¬სის მთავარეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა მღვდლად. 1997-1998 წლებში მსახურობდა იტრიის მიძინების მონასტერში, 1998-2004 წლებში იყო ქარელის ხარების ტაძრის ღვთისმსახური. 2000 წლის 25 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველ¬ოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.

2001-2004 წლებში იყო ქარელის წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის რექტორი. 2004-2006 წლებში იყო ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი. 2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.

2006 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა ბოლნელ ეპისკოპოსად. 30 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად წარდგინების დროს არქიმანდრიტმა ეფრემმა შემდეგი სიტყვით მიმართა  უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს:

“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულნო შვილნო!

“დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა!” საოცარია განგებულება და საიდუმლოება უფლისა, რომელსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერასოდეს ჩაწვდება. განუზომელია მისი სიყვარული და სახიერება, უსაზღვროა მისი წყალობა. სწორედ ამ ღვთიური წყალობის საკვირველ გამოვლინებად მივიჩნევ დღევანდელ დღეს, როდესაც თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით, მე უღირსსა ამას მომიწოდა უმაღლესი საეკლესიო მსახურებისათვის. ესოდენ მაღალი ნდობისა და გამორჩევის სანაცვლოდ მსურს, მთლიანად მივენდო უზენაესის ნებას და გულიდან გამომავალი გრძნობები წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით გამოვხატო: “მადლობა უფალს ყველაფრისათვის!”

ვუწყი, რომ პატივთან ერთად კიდევ უფრო დიდია ტვირთი და მძიმეა ჯვარი მღვდელმთავრისა. ამიტომაც, ჩემთვის ამ მეტად მნიშვნელოვან წუთებში, ღვთის უსაზღვრო მადლიერებასთან ერთად მიპყრობს ძრწოლა იმ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე, რაც ამიერიდან მე დამეკისრება. წმ. გრიგოლ ხანძთელის თანახმად, “აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის”. თუმცა მანუგეშებს ის, რომ ამქვეყნად სახიერი უფლის ნებაა ყოველივე და შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისათვის. სწორედ ამის მტკიცე რწმენას, აგრეთვე თქვენი ლოცვა-კურთხევისა და თანადგომის იმედს მინდობილი, ქედს ვიხრი წმ. სინოდის სულიწმიდისმიერი განჩინების წინაშე და თქვენი უწმიდესობის ხელიდან ვღებულობ კვერთხს სამწყსოდ ბოლნისის ეპარქიისა.

სასიხარულოა, რომ მსახურება მომიწევს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთ უძველეს ეპარქიაში, რომელიც ჯერ კიდევ V საუკუნეში დააარსა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა. მისი მდიდარი ისტორიული წარსულის მოწმეა ბოლნისის სიონის დიდებული საკათედრო ტაძარი, სადაც მისი პირველი მღვდელ¬მთავრით, დავით ეპისკოპოსით დაწყებული, არაერთი ღირსეული სასულიერო იერარქი მოღვაწეობდა. საქართველოს სამხრეთით მდებარე ეს რეგიონი იმთავითვე მტერთა აურაცხელი შემოსევების უპირველესი სამიზნე ხდებოდა და ჩვენს წინაპრებს მოწამეობრივად, სისხლისა და სიცოცხლის ფასად უხდებოდათ მამულისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა. მიუხედავად ამისა, აქ საუკუნეების მანძილზე არაერთი დიდებული ეკლესია-მონასტერი აიგო, რომელთა უმრავლესობა დღეს აუცილებელ აღდგენასა და ამოქმედებას საჭიროებს.

ამ საპატიო და მძიმე ჯვრის ტვირთვაში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის შემწეობისა და თქვენი მამამთავრული კურთხევის იმედი მაქვს, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, აგრეთვე თქვენი გულითადი თანადგომისა, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო. ვიცი, რომ ეს მაღალი ხარისხი ჩემი დამსახურება კი არა, არამედ უფლის წყალობაა. რამდენადაც დიდია მადლი მღვდელ¬მთავრობისა, იმდენად დიდი თავმდაბლობა, მორჩილება და სულიერი სიმშვიდეა საჭირო, რომ ადამიანმა ეს მადლი დაიტიოს. ამიტომაც გთხოვთ, მეოხ-მეყოთ თქვენი წმიდა ლოცვებით, რათა მოიღოს უფალმა ჩემ უღირსსა ზედა ეს სათნოებანი და `ძალითა მაღლისა~ შემეწიოს მისი სახიერი ნების აღსრულებაში.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველაფრისათვის, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, შევთხოვ უფალს მრავალჟამიერ ყოფილიყოს თქვენი მამამთავრული ლოცვა-კურთხევა ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერსა და მის სამწყსოზე. მადლობას ვწირავ წმ. სინოდის მღვდელმთავრებს ნდობისათვის. მადლობას ვუხდი მეუფე იობს და მამა სტეფანეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში.

დაე, სიცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს უფალმა მისი ყოვლადწმიდა სახელის სადიდებლად, დედაეკლესიისა და ჩემი მშობლიური ერის საკეთილდღეოდ!

“იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე, ამინ!” (68, 2007, 1).

31 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავრების თანამწირველობით ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი ეფრემი და შემდეგი სიტყვებით მიმართა მას:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,

ყოვლადუსამღვდელოესო ბოლნისის ეპისკოპოსო ეფრემ,

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

ადამიანის გონება ვერ მისწვდება ღვთის განგებულებას, განგება ღვთისა აკეთებს თავის დიდ საქმეს და ჩვენ, ცოდვილი მონანი და მხევალნი ღვთისანი, თანაზიარნი ვართ ამ საქმეთა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაგვავალა და, რაც მთავარია, გვანდო კეთილი საქმეების კეთება.

სულ სამი ათეული წლის წინ საქართველოს ეკლესია მეტად რთულ და გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო. მთელ საქართველოში სულ 52 ეკლესია მოქმედებდა. ეკლესია-მონასტრები დახურული და გაუქმებული იყო, მაგრამ ამასაც არ სჯერდებოდნენ და კვლავაც მოითხოვდნენ ეკლესიების დახურვას.

კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოში და მთელ საბჭოთა კავშირში ათასობით ტაძარი და მონასტერი დაიხურა. უნდა ითქვას, რომ საქართველოში განსაკუთრებით შეინიშნებოდა ეს ზეწოლა. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა მთავრობაში გამოიძახეს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II და გამოუცხადეს, კიდევ ერთი ეკლესია უნდა დავხუროთ, რადგან ჩვენც უნდა გავაკეთოთ იგივე, რაც მთელ საბჭოთა კავშირში ხდებაო. უწმიდესმა და უნეტარესმა შეშფოთებით ჰკითხა, მაინც რომელი ეკლესიის დახურვა გაქვთ განზრახულიაო. მას უპასუხეს, რომ მთაწმინდის მამადავითის ეკლესიაო. პატრიარქი ფეხზე წამომდგარა და უთქვამს: ვიდრე ცოცხალი ვარ, თქვენ ამას ვერ გააკეთებთო!

აი, ასეთი პერიოდი გამოიარა საქართველომ და უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ეკლესიამ გაუძლო ამ სიმძიმეს. თქვენ იცით, რომ იყო დრო, როცა მთელი წმიდა სინოდი იყო დაპატიმრებული, პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის (ხელაია) მისჯილი ჰქონდა დახვრეტა.

დღეს ჩვენ გვაქვს ათასობით მოქმედი ეკლესია და 37 ეპარქია. დღეს შედგა კურთხევა ეპისკოპოს ეფრემისა. იგი დადგინდა იმ ეპარქიაში, რომელიც დაარსებული იყო ჩვენი დიდი მეფის ვახტანგ¬ გორგასლის მიერ. 15 საუკუნეა, რაც ეს ეპარქია მოქმედია. დიდი მღვდელმთავრები მოღვაწეობდნენ იქ, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ დღეს ამ რეგიონში ცხოვრობს მრავალი არამართლმადიდებელი ადამიანი; ძალიან რთული ეპარქია და რთული რეგიონია. მეუფე ეფრემი წარმოშობით მთიანი აჭარიდანაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ღვთის ძალა შეეწევა მას და იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაბრწყინდეს ბოლნისის ეპარქია. ამავე დროს, მე მას მივეცი ლოცვა-კურთხევა, რომ როცა მას თავისუფალი დრო ექნება, ჩა¬ვიდეს აჭარაში და იქაც იღვაწოს თავისი მშობლიური კუთხისათვის.

დღეს თქვენ მიიღეთ დიდი მადლი და ეს მადლი უნდა გაამრავლოთ, არ უნდა განაბნიოთ. ძალიან საყურადღებო სიტყვები წარმოთქვა ერთმა ბრძენმა და მინდა, ყველამ დაიმახსოვროთ: “შეიძლება, შენ დაკარგე ფული ან სიმდიდრე, მაშინ  არაფერი დაგიკარგავს, რადგან ფული და სიმდიდრე შეიძლება კიდევ შეიძინო, შეიძლება შენ დაკარგე ჯანმრთელობა, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, ხომ მაინც ცოცხალი ხარ, მაგრამ თუკი შენ დაკარგე მადლი, იცოდე, ყველაფერი დაგიკარგავს!” აი, ამაზე უნდა იფიქროს ყოველმა ჩვენგანმა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სახელოვანი წინაპრების, ჩვენი წმიდა მამებისა და დედების ლოცვით არ დავკარგავთ მადლს.

მოგვიახლოვდა შობა-ახალი წელი. იგი ხვალ თენდება. ხშირად მეკითხებიან: რომელი უფრო სწორია, ახალი წლის ძველი სტილით აღნიშვნა, თუ – ახლით? მინდა შეგახსენოთ, რომ ახალი წელი არის საერო დღესასწაული. საეკლესიო ახალი წელი დგება ძველი სტილით 1 სექტემბერს, რაც შეეხება საერო ახალ წელს, იგი არის ხალხის მიერ, საერო ხელისუფლების მიერ დადგენილი.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რა გავაკეთეთ წარსუ¬ლში და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. არასდროს არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რასაც მივაღწიეთ სულიერ ცხოვრებაში თუ ყოფიერ ყოველდღიურობაში. ჩვენი მთავარი მიზანი და ზრუნვის¬ საგანი, უპირველეს ყოვლისა, მადლის მოხვეჭა უნდა იყოს, ის კი მოიპოვება რწმენით, სიყვარულით, სიხარულით, სასოებით, თავმდაბლობით, მორჩილებითა და კეთილი საქმით! აი, ეს ყველაფე¬რი უნდა გვახსოვდეს ჩვენ და ეს უნდა ახსოვდეს მეუფე ეფრემს. ამაღამ და ხვალ ერთმანეთს ბედნიერებას ვუსურვებთ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა არის ბედნიერება. შეიძლება ადამიანი მდიდარი იყოს, ჰქონდეს კეთილდღეობა, მატერიალური სიუხვე და ბედნიერი არ იყოს. მეორე მხრივ, კი ადამიანი, შეიძლება იყოს ღარიბი, მაგრამ იყოს ბედნიერი. თუ ადამიანში არის მადლი, ის მუდამ ბედნიერია! შევთხოვოთ უფალს, რომ მადლი გაძლიერდეს ჩვენში, გაძლი¬ერდეს საქართველოში და ეს მადლი გაამთლიანებს საქართველოს!

როცა ჩვენ ვფიქრობთ იმ სიძნელეების შესახებ, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, უნდა ვიცოდეთ, სად არის გამოსავალი და როგორ უნდა დავძლიოთ ეს სიძნელეები. ეს კი მიიღწევა რწმენით, სიყვარულითა და სასოებით. ეს სამი სათნოება არის ისეთი ძალა, რომელსაც ვერ აღუდგება წინ ვერავითარი ბოროტება!დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლი გააძლიეროს თქვენში.

მეუფე ეფრემ, დღეს ჩვენი წინაპრები ლოცულობენ თქვენთვის, განსაკუთრებით, ბოლნისის მღვდელმთავრები და სამღვდელოება.ჩვენ გაძლევთ თქვენ სამღვდელმთავრო კვერთხს; მიიღეთ ეს კვერთხი და დამწყსეთ სულიერნი ცხოვარნი, სულიერი სამწყსო, რომელიც ღმერთმა ჩაგაბარათ, რათა პირნათლად წარდგეთ წინაშე ღვთისა. დალოცეთ საქართველო და კურთხეული ქართველი ერი, რომელიც დღეს ლოცულობს თქვენთვის.

ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ბედნიერი და მშვიდობიანი ყოფილიყოს იგი სრულიად საქართველოსთვის!

ჩვენთან არს ღმერთი!” (68, 2007, 1).

ურთულეს ეპარქიაში შეუდგა მეუფე ეფრემი საქმიანობას. ისტორიული ძნელბედობის გამო უძველესი ეპარქია არაერთხელ იქნა დარბეული და განადგურებული. ის ფაქტი, რომ XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში არსებობდა თბილელ-ბოლნელის კათედრა, იმაზე მიანიშნებდა, რომ ბოლნელს აღარ ჰყავდა სამწყსო, მოქმედი ეკლესიები. მაგრამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები მაინც ცდილობდნენ ისტორიული ეპარქიის შენარჩუნებას. უკანასკნელი თბილელ-ბოლნელი მიტროპოლიტი იყო არსენი (ბაგრატიონი) XIX საუკუნის დასაწყისში… შემდეგ რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წყალობით ამ ისტორიულ პროვინციაში მრავლად ჩამოასახლეს გერმანელები, სომხები… დაირღვა დემოგრაფიული ბალანსი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები როგორც ოკეანეში კუნძულები, ისე იყო გარშემორტყმული არამართლმადიდებელ აღმსარებლობის მოსახლეობით. ეპარქიაში დარჩენილ ქართველებს ყოველთვის უჭირდათ როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად… უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით XX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან დაიწყო აგარაკ-წალკის და ბოლნისის ეპარქიების აღორძინების ძნელი პროცესი… ამ ამოცანის განხორციელება რეალურად მეუფე ეფრემის ეპარქიაში ჩასვლის შემდეგ დაიწყო.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0