სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) 1959-21წწ  გარდ. კოვიდპანდემია. ნეკრესელი მიტროპოლიტი, დაკრძ. ლაგოდეხში მთავარ ტაძარში. დაბ. რუსთავი

1959-2021 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ჩეკურიშვილი სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი) 1959-21წწ გარდ. კოვიდპანდემია. ნეკრესელი მიტროპოლიტი, დაკრძ. ლაგოდეხში მთავარ ტაძარში. დაბ. რუსთავი


მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერგი ერისკაცობაში ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი


ნეკრესელი მიტროპოლიტი

ერისკაცობაში – ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი

დაიბადა: 1959 წლის 13 აპრილს, ქ. რუსთავში.  გარფაიცვალა 19 სექტემბერი 2021 წელი კოვიდ პანდემიით, როგორც მამა სერაფიმემ მოგვიყვა პარაკლისების დროს სულ სთხოვდა უფალს როცა მისი ამ ქვეყნიდან გასვლის დრო მოვიდოდა ეს მომხდარიყო მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს რადგან ძალიან უყვარდა. უფალმა შეისმინა მისი თხოვნა

ხსენება სასწაულისა, ქმნილისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა  06(19) სექტემბერი

ანგელოზის დღე: 8 ოქტომბერი – წმიდა სერგი რადონეჟელი ხსენება.

ბერად აღკვეცა: 13. 04. 1987წ.

დიაკვნად კურთხევა: 12. 07. 1987წ.

მღვდლად კურთხევა: 06. 11. 1988წ.

ეპისკოპოსად კურთხევა: 27. 12. 1992წ.

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1995წ.

მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.




ნეკრესის ეპარქია (ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები)

კათედრა ნეკრესში, ლაგოდეხსა და ყვარელში, რეზიდენცია ლაგოდეხსა და ყვარელში.

მიტროპოლიტი სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი, დაიბადა 1959 წლის 13 აპრილს ქ. რუსთავში. 1975 წელს დაამთავრა რუსთავის N6 საშუალო სკოლა. იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი. 1979-1981 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში.


1981 წლიდან ზურაბ ჩეკურიშვილი სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი სერიოზულად დაინტერესდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით.


1985 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზურაბ ჩეკურიშვილმა სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, 1986 წლიდან იგი მორჩილად გადავიდა მოსკოვის წმიდა სამების სერგის ლავრაში. 1987 წლის 13 აპრილს მორჩილი ზურაბი აღკვეცეს ბერად და წმიდა სერგი რადონეჟელის საპატივცემულოდ უწოდეს სახელი სერგი. სულ მალე იგი ჯერ ბერდიაკვნად, ხოლო 1988 წელს მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საფარის მონასტრის წინამძღვრად.



მღვდელმონაზონმა სერგიმ საფარის მონასტერში ბევრი იღვაწა რწმენისა და ცოდნის აღორძინებისათვის. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში (1991 წ.), ხოლო 1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი სერგი ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად გამოირჩია. 25 დეკემბერს, კვირას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. 1992 წელს მეუფე სერგი დაინიშნა წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სემინარიის რექტორად. 


1995-2002 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს სატელევიზიო გადაცემათა შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი. 1996 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1997 წლის 14 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსი სერგი გადაყვანილ იქნა ნეკრესის ეპარქიის მმართველად. ნეკრესის ეპარქია ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. 1995 წელს აღდგა ნეკრესის ეპარქია, რომელსაც 2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით ეწოდა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია. მეუფე სერგი 17 ნოემბერს ჩავიდა ეპარქიაში. ამ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო რამდენიმე ეკლესია და სამლოცველო სახლი.




2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე სერგის მიებოძა მიტროპოლიტობა, ხოლო 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.


დაკრძალუალია ლაგოდეხი ყაზანის ღვთიმშობლის ტაძარში


მამა ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჩეკურიშვილი 1922-92წწ 

დედა მარგალიტა პეტრეს ასული ღამბაშიძე


ძმა უკრაინის დამსახურებული შემოქმედი ტარიელ ჩეკურიშვილი დაბადებულია 22 იანვარი 1948 წელი ცხოვრობს და მოღვაწეობს ხარკოვში. მისი შექმნილი დავით აღმაშენებლის ხატი დასვენებულია თბილისის სამების საკათედრო ტაძარში.




წიგნი რომელიც გამოიცა

ტკბილ ხარ შენ, უფალო!

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი

(ჩეკურიშვილი)

(1959_2021)

ნეკრესის ეპარქია

2022

დაიბეჭდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით

ღვთის სიყვარულის შეგრძნებამ გამხადა ქრისტიანი და უფრო მეტიც, აღმიძრა სურვილი _ სიყვარულითვე მეპასუხა, ხოლო როცა ვიგრძენი, რომ მე უღირსი ვერაფრით ვპასუხობდი უფლის სიყვარულს, გადავწყვიტე ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება და გრძნობები მისთვის შემეწირა.

მიტროპოლიტი სერგი

1992 წლის 25 დეკემბერი, კვირა,

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი (ამონარიდი ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს წარმოთქმული სიტყვიდან)

© ნეკრესის ეპარქია, 2022

3


პატრიარქის სამძიმრის წერილი

62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი). მან, სრულიად ახალგაზრდამ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, 33 წლისა კი უკვე მღვდელმთავარი, გახდა და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად

იქნა დადგენილი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა. ამ ხნის მანძილზე და დღემდეც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, რომელთაც გულმხურვალე ლოცვით მუდამ უშიშრად სძლევდა.მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა გაჭირვებულთადმი მამობრივი მზრუნველობით, გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით... იყო

ეკლესია-მონასტერთა მაშენებლი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და, საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო. ვუსამძიმრებთ მათ, ვუსამძიმრებთ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, მრევლს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს და შევთხოვთ უფალს, თვისი წყალობა და შეწევნა არ მოაკლოს მეუფე სერგის უკვდავ სულს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ამინ!

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

4

წ ი ნ ა თ ქ მ ა

ღმერთის შესაცნობად ადამიანისათვის ერთადერთი საშუალება სიკეთეა, – ბრძანებს ანტონი დიდი. სწორედ ამ ერთადერთ და ყველაზე ქმედით საშუალებას იყენებდა ჩვენი მეუფე, მიტროპოლიტი სერგი, რათა დახმარებოდა ადამიანებს ღმერთის შეცნობაში.

მეუფეს არ ახასიათებდა ხანგრძლივი საღვთისმეტყველო საუბრები უბრალო ადამიანებთან, ის მათ გულებთან მისასვლელ გზას ეძებდა მუდამ და ეს გზა ყოველთვის უზომო სიკეთე და ქველმოქმედება იყო. ვფიქრობთ, მეუფეს ამ გზით სიარულში ღვთის უდიდესი სიყვარული და მისი საყვარელი წმინდანი, დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი შეეწეოდა. ვინც მეუფეს ახლოს იცნობდა, ეცოდინება, რომ მას წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა და ჭაბუკობიდან

5

მოყოლებული, ყოველ ოთხშაბათს აუცილებლად კითხულობდა დიდი მღვდელმთავრის დაუჯდომელს. ეს ტრადიცია დღემდე არ წყდება ნეკრესის ეპარქიაში.

მოგეხსენებათ, წმიდა ნიკოლოზი უშურველად და უანგაროდ ეხმარებოდა არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ ყველას, განურჩევლად რწმენისა და წარმომავლობისა.

აი, ასეთივე მღვდელმთავარი გვყავდა ჩვენ მეუფე სერგის სახით, რომელიც, თავისი საყვარელი წმინდანის მსგავსად, საოცარი ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩეოდა. მეუფეს საოცრად ეხერხებოდა უიმედობითა და უღმერთობით დამძიმებული ადამიანების სულიერად გაცოცხლება და რწმენაზე მოქცევა. ამას ის ადამიანების თანაგრძნობითა და დიდი სიყვარულით ახერხებდა.

სიმბოლურია, რომ მეუფის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოცემულ წიგნს, რომელშიც მის მიერ წარმოთქმული ქადაგებები, წერილები და ინტერვიუებია შეკრებილი, სწორედ „თანაგრძნობა“ ჰქვია. ქრისტიან ადამიანს პირველ რიგში თანაგრძნობის უნარი უნდა ჰქონდესო, – ამბობდა მეუფე.

საყოველთაოდ ცნობილია ასევე მეუფე სერგის სტუმართმოყვარეობა არიან ადამიანები, რომლებიც ერთადერთხელ შეხვდნენ მეუფეს ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს ავიწყდებათ ის შეხვედრა, უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ის დღე გამორჩეული და დაუვიწყარია მათ ცხოვრებაში სწორედ მეუფის წარმოუდგენელი უშუალობის, უბრალოებისა და სტუმართმოყვარეობის გამო.

სამწუხაროდ, მეუფე სერგის


6

მიწიერი მსახურება 2021 წლის 19 სექტემბერს მოულოდნელად დასრულდა, მაგრამ ის გრძელდება ზეციურ სამყაროში, რადგან ღვთის ერთგული მსახურები არ კვდებიან, ისინი მარადიულ ცხოვრებაში ინაცვლებენ და იქიდან განაგრძობენ მოყვასზე ზრუნვასა და შეწევნას. ამაში მეუფე სერგის მრავალი სულიერი შვილი თუ პატივისმცემელი უკვე თავად დარწმუნდა. დღეს ჩვენ ორი მიზეზით გვსურს მეუფე სერგის მიერ აღსრულებული კეთილი საქმეების გახსენება. პირველი მიზეზი ისაა, რომ თავის სიცოცხლეში მეუფე მათ შესახებ საუბარს ყველას უკრძალავდა, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ამ სიკეთეებს, როგორც ქრისტიანული ცხოვრების ძვირფას მაგალითებს, დღესაც შეუძლია მრავალი ჩვენგანის სულიერად განსწავლა. როგორც მამა გაბრიელი იტყოდა, სიყვარული ისწავლება, და ჩვენ ის შეგვიძლია ვისწავლოთ მეუფე სერგის მიერ დატოვებული ცოცხალი მაგალითებითა და ცხოვრების წესითაც.

7

მოყვასის სიყვარული

„საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისგან არის; და ყოველი, რომელსაც უყვარს, ღვთისაგან არის შობილი და იმეცნებს ღმერთს; რომელსაც არ უყვარს, ვერ შეიცნო ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:7–8) ალბათ ყველას გახსოვთ მეუფის სიტყვები: „ღმერთი პატრონია“. გაუხარდებოდა მეუფეს რამე და იტყოდა: „ღმერთი პატრონია“ და ამით გვახსენებდა, რომ ყველა სიკეთის მომცემი ღმერთია; გაუჭირდებოდა მას ან მის გვერდით ვინმეს რამე და მეუფე იტყოდა: „არა უშავს, მამაო, ღმერთი პატრონია“ ან „არა უშავს, დედაო, ღმერთი პატრონია“ და ისევ ასე გახსენებდა, რომ ღმერთია ჩვენი პატრონი და არაფრის არ უნდა გვშინებოდა. თავადაც მუდამ სხვებზე ზრუნავდა და სხვებს პატრონობდა, რადგან „სიყვარული ქველმოქმედია“ (1 კორ. 13:4).

8

2002 წლის ზამთარში, დიდი გაჭირვების დროს, შეშა გამოგველია სახლში. ფინანსური პრობლემების გამო ყიდვასაც ვერ ვახერხებდით. ღვთის ანაბარა დარჩენილნი შეშის ღერებს ვითვლიდით. ერთ დღესაც ჩემს სახლთან ეპარქიის სატვირთო მანქანა ჩერდება და მძღოლმა  მეუფე სერგის მიერ გამოგზავნილი შეშა მოგვიტანა. ამ დროს მეუფემ არ იცოდა ჩემი გაჭირვების შესახებ, თან დაუბარებია დიდი თოვლია და მამა ავთანდილს შეშა სჭირდებაო. ეს იყო დიდი სასწაული და მოულოდნელი სიხარული, რადგან არავისგან არ ველოდით არაფერს.

დეკანოზი ავთანდილ ჯავშანაშვილი

რამდენიმე წლის წინ ოჯახში ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა, იყო საკვებისა და გადასახადების პრობლემა, შებინდებისას მეუფის კურთხევით მოვიდა მისიდისშვილი გიორგი, რომელმაც კონვერტი გადმომცა. როცა გავხსენი, აღმოჩნდა თანხა 500 ლარის ოდენობით. ეს ისეთი დიდი სასწაული და სიხარული იყო, რომ მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც ცრემლები მოგვადგა. რა თქმა უნდა, მეუფემ არ იცოდა ჩემი გაჭირვების შესახებ, რადგან ჩემით ამის შესახებ არასოდეს არ მითქვამს. მადლობა შევწირე უფალს და მეუფეს ამ წყალობისთვის.

დეკანოზი ავთანდილ ჯავშანაშვილი

9

ერთხელ მეუფე საზღვარგარეთ იყო და ღამე ურეკავს გიორგის: `მიდი, ფული მიუტანე მაგათ~. გიორგიმ დაგვირეკა: `ხომ მშვიდობა გაქვთო, ისე რეკავსო...~ ჩვენ კი არაფერი გვითქვამს, ისე გავახსენდით უცებ. სასწავლებელი რომ დავამთავრე, გამომიშვა ჩემს მხარეში მსახურებისთვის და ყოველთვე ფულს გვირიცხავდა ხელფასივით, სანამ მანდ რამე შემოსავალი გაგიჩნდებათო. შვილის ნათლიობა რომ ვთხოვე, კახეთში კი არ ჩამაყვანინა ბავშვი, დაიღლებაო, ამხელა ადამიანი თავად ჩამოვიდა ნათლობისთვის.

მღვდელი ლევან ჯიქური

მეუფე ხედავდა ადამიანის შინაგან სამყაროს და ყველაზე მეტად იმას ცდილობდა, რომ ადამიანებს სულის ცხონებაში დახმარებოდა. როდესაც პირველად შევხვდი მეუფეს და გამესაუბრა, რაღაც განსაცდელი მქონდა ამ დროს და სანამ მე ვეტყოდი რამეს, თვითონ მითხრა შენ ამ განსაცდელის გამო მოხვედიო და დამარიგა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მეუფე იყო ძალიან მიმტევებელი, იყო მკაცრიც, მაგრამ მას ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული ყველას მიმართ და ეს სიყვარული ფარავდა მის სიმკაცრეს. მეუფე ცდილობდა თავისი მაგალითით ესწავლებინა ჩვენთვის

10

ცხონების გზა. ყველაფერში ღვთის ნებას ეძებდა და მთლიანად უფალს იყო მინდობილი. ძალიან აფასებდა ადამიანში მადლიერების გრძნობას, გვეტყოდა ხოლმე, უფალი თხოვნას რომ შეგისრულებთ, ერთი სანთელი მაინც უნდა დაუნთოთო.

მონაზონი ზოილე (გურული)

მაშინ სტუდენტი ვიყავი, მეუფემ რომ შემომხედა და თქვა: „ბავშვი გამხდარა, ალბათ თბილისში არაფერს ჭამსო“. მაშინვე თაფლი მაჩუქა და ყოველთვიური სტიპენდია დამინიშნა. რაც მაშინ ვიგრძენი, იმის გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ ამ შემთხვევამ ძალიან იმოქმედა ჩემს მომავალ ცხოვრებაზე. როგორც შემდგომ გავიგე, მეუფემ წინასწარ განჭვრიტა და თქვა, რომ მე მონასტერში წავიდოდი, რაც ასრულდა კიდეც.

მონაზონი ისიდორა (ტურაშვილი )

ერთხელ მეუფეს ვუთხარი წმინდა სერაფიმე საროველის წიგნს ვკითხულობთ ტრაპეზზე-მეთქი და იმ ადგილას რომ მივედით, სადაც წმინდა სერაფიმე თავის დედებს ეუბნება: დედაო, საჭმელი გაქვთ? დედაო, ლობიო გაქვთ? დედაო, ეს გაქვთ, დედაო ის გაქვთ? - ყველამ ერთმანეთს შევხედეთ და გაგვეცინა, თქვენც ხომ ასე იცით თქმა-მეთქი. მან კი შემომხედა და მითხრა: ეჰ, სად წმინდა სერაფიმე და სად მეო. ჩვენთვის ისეთივე მოსიყვარულე და მზრუნველი მამა იყო მეუფე სერგი, როგორიც დივეევოს დედებისთვის წმინდა სერაფიმე.

მორჩილი ქეთევან დოლენჯაშვილი


11

როცა მეუფემ გაიგო, რომ მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, ჩემებს ძროხა აჩუქა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ. მე უკვე მონასტერში ვიყავი, მეუფე კი დედას ხშირად ფულსა და პროდუქტებს უგზავნიდა.

მორჩილი ქეთევან დოლენჯაშვილი

ვერსად ისე იმედიანად, თავდაჯერებულად და უზრუნველად ვერ იგრძნობდი თავს, როგორც მეუფე სერგის მფარველობის ქვეშ. თითქოს რაღაც საფარველით იფარავდა თავის სულიერ შვილებს, ნათესავებსა თუ ნაცნობებს და სადაც არ უნდა წასულიყავი, მასთან ერთად თუ მის გარეშე, თავს უსაფრთხოდ, მშვიდად და უზრუნველად გრძნობდი. ერთ დიდ, ძლიერ კლდედ იდგა ყოველი ხილული თუ უხილავი მტრის წინააღმდეგ და შენამდე არ უშვებდა. ისე ზედმიწევნით იცოდა თითოეული ადამიანის სულის ნიუანსები, რომ გეგონა შენს სულში ცხოვრობდა. ისე ბუნებრივად და ზუსტად გრძნობდა შენს ტკივილს, თითქოს შენთან ერთად გადაეტანოს ყველა განსაცდელი. არ გწყინდებოდა მასთან საუბარი, მასთან ერთად ყოფნა და, სამწუხაროდ, ახლა უკვე მასზე საუბარი. სიყვარულიც საოცარი იცოდა. მისთვის ყველა ადამიანი ერთნაირად ახლობელი და ძვირფასი იყო. მას ყველა ერთნაირად უყვარდა, თითოეული იმას ფიქრობდა, რომ მეუფეს ის განსაკუთრებულად უყვარდა და განსაკუთრებით ახლობელი იყო მისთვის. ეს საოცარია!.. მადლობა შენ! ჩემო ტკბილო, თბილო და ჩემი და ჩემი შვილის სულების გადამრჩენელო

მამა – მეუფე სერგი!

სამორჩილე ლალი შანშიაშვილი

12

მეუფეს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

მადლობა ღმერთს, ოპერაცია კარგად დამთავრდა და მშვიდობით ჩაიარა ყოველივემ... მეუფე აღმოჩნდა ტკბილმოუბარი, კრძალვით შევდიოდი ყოველთვის მის პალატაში, ვცდილობდი მეტი დრო გამეტარებინა მასთან, რათა მესმინა მისი ბაგეებიდან ამოსული ტკბილი სიტყვებისთვის... მეუფე ზრუნავდა სტაციონარში მყოფ ავადმყოფებზე და წუხდა, რომ ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებასო, მაგრამ მაინც დაასაჩუქრა ყველანი. მეუფის ინიციატივით და მეუფის მორჩილის დახმარებით მოხდა პაციენტების რაოდენობის დაზუსტება და მეუფემ ყოველ მათგანს დიდი სიყვარულით საჩუქრები გადასცა.

ლაშა ღუღუნიშვილი, ქირურგი

13


ცხოვრებისეული ეპიზოდები

1998 წლის გაზაფხულზე მეუფემ ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აღდგენა დაიწყო. ტაძარს კომუნისტების პერიოდიდან თავისი ფუნქცია დაკარგული ჰქონდა და სამხედრო საწყობად იყო გადაკეთებული. მეუფეს თავის კელიაში „ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი~ ჰქონდა, რომელსაც სთხოვდა ამ ტაძრის აღსადგენად ძალა მიეცა. ამასთან, არც ფინანსები გვქონდა. მეუფემ მითხრა, რომ ყოველდღე მელოცა ღვთისმშობლის პარაკლისი და იღუმენ მარკოზისთვის (ლოზინსკი) პანაშვიდი გადამეხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ჩვენს ანგარიშზე სამოცდახუთი ათასი ამერიკული დოლარი ჩარიცხეს ტაძრისათვის, ასე რომ, მეუფის ლოცვით გამოაჩინა ღმერთმა სახსრები ტაძრის აღსადგენად. მადლიერების ნიშნად მეუფემ თავისი პირადი კელიის „ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი“, რომელსაც ევედრებოდა ამ ტაძრის აღდგენას და რომელიც მას ძალიან უყვარდა, ტაძარს შესწირა და ის დღესაც ტაძარში შუა ანალოღიაზეა დაბრძანებული.

დეკანოზი თევდორე ხუციშვილი

14

მეუფე სერგისთვის მთავარი იყო, რომ ადამიანისთვის სულის ცხონება ესწავლებინა. მე მეუფესთან 24 წელი ვიყავი და მადლობელი ვარ უფლისა და მეუფის, რაც ამ წლებში ვისწავლე. ვაღიარებ იმასაც, რომ ხშირად ვაბრაზებდი. ერთხელ გრემში სხვადასხვა ჯიშის ქათმები მოვიყვანე, თავიდან მეუფესაც უხაროდა, მაგრამ მერე ხალხმა ძალიან შეაწუხა, ზოგჯერ ღამეც ურეკავდნენ მეუფეს და ჯიშიანი ქათმის კვერცხებს სთხოვდნენ. ძალიან რომ შეაწუხეს, ერთ დილას გრემში მობრძანდა და კარგად მეჩხუბა: კურთხევის გარეშე რატომ მოიყვანე ეს ქათმებიო. მე, რა თქმა უნდა, დავიბოღმე და თვითონაც შემატყო, რომ ძალიან ვნერვიულობდი. შენდობა კი ვთხოვე, მაგრამ მაინც დაძაბული დავშორდით ერთმანეთს. ჩხუბის შემდეგ არ დამირეკავს მეუფესთან, მეორე დღეს თვითონ მირეკავს და მეუბნება: – ჰო, აბა, მამაო, რას შვრებით? როგორ ხართ? მე ვუთხარი: დამლოცეთ მეუფე, კარგად. თქვენ როგორ ბრძანდებით-მეთქი. შემდეგ მეუბნება: – მამაო, უწმინდესთან ვარ, საპატრიარქოში, აქ ფრინველებზე ჩამოვარდა საუბარი და პატრიარქს აინტერესებს ჩვენ რა ჯიშის ქათმები გვყავს. აბა, დაელაპარაკე უწმინდესს ტელეფონზე. მე, რა თქმა უნდა, დავიბენი, მერე ძლივს ამოვილუღლუღე: – დამლოცეთ, თქვენო უწმინდესობავ!

და შემდეგ ყველაფერი მოვახსენე, თუ რა ჯიშის ფრინველები გვყავდა. აი, ასეთი სიყვარულის მქონე პიროვნება იყო მეუფე სერგი. გეჩხუბებოდა რაღაცაზე, მაგრამ შემდეგ უცებ იცოდა ადამიანის გამოყვანა მწუხარებიდან და გამხნევება.


მღვდელ–მონაზონი იოანე (ბალიაშვილი) გრემის მონასტრის წინამძღოლი. დაბადებულია 25 დეკემბერი 1984 წელს სოფელი მშვიდობიანი ლაგოდეხი

ახალი ნაკურთხი ვიყავი მღვდელ-მონაზვნად და ერთმა მღვდელმა მითხრა, მამაო, პანაშვიდების დროს სამაჯურები არ არის საჭირო, შეიძლება მარტო ოლარი გეკეთოსო. მეც ასე ვაკეთებდი, მარტო ოლარით ვიხდიდი პანაშ-

15

ვიდებს. რამდენიმე დღეში მეუფე ვნახე სიზმარში და მეუბნება: – მამაო, რა არის, სამაჯურებს რატომ აღარ იკეთებო? ისე მკაცრად მომცა შენიშვნა, რომ მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ღვთის შეწევნით, სამაჯურების გარეშე არცერთი პარაკლისი და პანაშვიდი არ გადამიხდია.

მღვდელ–მონაზონი იოანე (ბალიაშვილი)

მეუფე სულ იმას გვასწავლიდა, რომ ყველაფერში ღვთის ნება დაგვენახა. ის მუდამ ღმერთს და ღვთის ნებას ახსენებდა, სულ ცხონებასა და სულის ხსნაზე გვესაუბრებოდა. მაშინ ბევრს ვერაფერს ვხვდებოდით, რადგან მოზარდები ვიყავით, მაგრამ ვუსმენდით და ნელნელა რწმენა გვემატებოდა. მეუფე ასევე გვასწავლიდა, რომ აღსარება აუცილებლად გულწრფელი უნდა ყოფილიყო და არაფერი არ უნდა დაგვემალა. ერთხელაც ყველაფერი იმდენად გულწრფელად დავწერე, რომ ვიფიქრე მეუფე ძალიან გაბრაზდებოდა და გამაგდებდა, მაგრამ როდესაც ჩემი აღსარება წაიკითხა, სახე გაებადრა და გახარებულმა მითხრა: აი, შე გოიმო, ასეთ აღსარებებს თუ დაწერ, მონაზონი გახდები და კარგი ადამიანი იქნებიო. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, მე ვტიროდი, მეუფემ კი დამასაჩუქრა და თავისი ხელით მომზადებული კერძით გამიმასპინძლდა, მოგვიანებით კი მისი ნათქვამი ასრულდა და მონაზონი გავხდი.

იღუმენია მართა (კერესელიძე)

16

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე მეუფეს ერთი განადგურებული ცოლ-ქმარი ესტუმრა, მათ შვილს თავი მოუკლავს და მეუფესთან სურდათ შეხვედრა. მეუფემ ისინი მიიღო და როცა მათი გასაჭირის შესახებ შეიტყო, თავისთან მიხმო და მითხრა: დაჯექი, დედაო, მოისმინე ჩვენი საუბარი, შენ ეს უნდა იცოდე, რადგან დაგჭირდებაო. მეუფის სიტყვები ძალიან გამიკვირდა, თუმცა იქვე ჩამოვჯექი და ყურადღებით ვუსმენდი მათ საუბარს, თუ როგორ არიგებდა და ანუგეშებდა გაუბედურებულ მშობლებს. ამ საუბრის შემდეგ ძალიან მალე მეუფე გარდაიცვალა. ტაძარში მის

ჩასასვენებელთან ვიდექი და ჩემ გარშემო რა ხდებოდა, არაფერი მესმოდა. უცებ ვიღაც მკლავზე ჩამომეკიდა, გოდებდა, გმინავდა, ცახცახებდა და შემომტიროდა, მიშველე, დედაო, ვიღუპებიო. ჩემი თავი გამჭირვებოდა, თანაც ტაძარი ეპისკოპოსებითა და მღვდლებით იყო სავსე და ვიფიქრე, მე ვის რა უნდა ვუშველო-მეთქი, მაგრამ მაშინვე მეუფის სიტყვები გამახსენდა, გაჭირვებულის ტკივილი ყოველთვის გულთან მიიტანეთ და თანაგრძნობა გამოხატეთო... აღმოჩნდა, რომ ამ ქალის შვილმა თავი მოიკლა, ახლა ესეც თავის მოკვლას ცდილობდა და ტაძრამდე ძლივს მოიყვანეს... ამ დროს მე თვითონაც ძალიან მიჭირდა, მაგრამ უცებ ის შეხვედრა და მეუფის სიტყვები გამახსენდა, „ყურადღებით მოისმინე, დედაო, დაგჭირდებაო“ რომ მითხრა და იმ ქალს მოვეხვიე... და რაც მაშინ მეუფისგან მოვისმინე, ახლა ამ შვილმკვდარი დედისთვის მომიწია იმ ყველაფრის თქმა. ღვთის დიდი წყალობითა და მეუფე სერგის შეწევნით, დღეს ეს ადამიანი ეკლესიაში დადის და უფლის ერთგულია.

იღუმენია მართა (კერესელიძე)

17

ერთხელ, ზამთარში, გამათბობელი დაზიანდა, გაიყინა რადიატორები და საოცრად ციოდა კელიებში. აბა, ვის ვეტყოდით ჩვენი გასაჭირის შესახებ და ვურეკავთ მეუფეს. მეუფემ გვითხრა, რომ ამ საქმის მცოდნე არის ჩამოსული და გამოვაგზავნიო. ისიც მოვიდა, უყურებს, ათვალიერებს გამათბობელს, მაგრამ მიზეზს ვერ იგებს. ვართ დადარდიანებულები. გავიდა ცოტა ხანი და გამათბობელი ჩვეულებრივ, თავისით ჩაირთო, ძალიან გავიხარეთ და ღვთის ამ დიდი შეწევნის გამო სიხარული ზედმეტად ემოციურად და ცოტა თავშეუკავებლადაც გამოვხატეთ. უცებ რეკავს მეუფე და მეუბნება: დედაო, თქვენ მანდ რა დღეში ხართო! გაკვირვებულმა ვკითხე, თქვენ რა იცით, მეუფე– მეთქი და მიპასუხა: ვიცი კი არა, თუ გინდა, იმასაც გეტყვი ვინ ხართ მანდაო!

იღუმენია თ.


18

ერთხელ მეუფე ასეთ ისტორიას მოგვიყვა: ერთ კაცს თუთიყუში ჰყავდა მოშინაურებული. გამოფრინდა ეს თუთიყუში და დახტის ეზოში. ამ დროს კატა ეპარება, მაგრამ თუთიყუში გაზეპირებულ სიტყვებს დაუსრულებლად იმეორებს: „უფალო, შემიწყალე“, „უფალო, შემიწყალე“... უცბად საიდანღაც ძაღლი გამოჩნდა და კატა გააგდო. ნახეთ, თუკი ასე მექანიკურად წარმოთქმულ სიტყვებს ასეთი დიდი ძალა აქვს, გულით და შეგნებულად ნათქვამ ლოცვას რამდენად უფრო დიდი ძალა ექნებაო?! – გვითხრა მეუფემ.

იღუმენია თ.

ერთ-ერთი დედაო იხსენებს: 2011 წელს მეუფე სერგიმ ერთ-ერთ მონასტერში ოთხი მონაზონი აღკვეცა. აღკვეცის შემდეგ, ტრაპეზის დროს, მეუფემ, თითქოს სასხვათაშორისოდ, თქვა: აი, წინამძღვრებიც აღიკვეცნენო. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, მართლაც, აღკვეცილ მონაზონთაგან ერთ-ერთი, მონაზონი იოანა (ბურდიაშვილი) ჭაბუკიანის მონასტრის წინამძღვარი (ამჟამად იღუმენია) გახდა.

19

მეუფეს ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი ნიჭი ჰქონდა, იყო უზომოდ მოწყალე. ხშირად მოდიოდა ჩვენთან, რუსთავში, ეპარქიაში საეკლესიო ნახშირის წასაღებად (იმ პერიოდში საეკლესიო ნახშირს მამაჩემის, ალექსანდრეს გარდა, ვერავინ ვერ აკეთებდა. ეს მისი მიგნება იყო და ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით ამზადებდა მას), წასვლის წინ კი გაწეული სამსახურისთვის თანხას ორმაგად იხდიდა (გადახდაზე უარის თქმას აზრი არ ჰქონდა). მამაც, თავის მხრივ, იმაზე მეტს ატანდა, ვიდრე მეუფე ითხოვდა. „რატომ წუხდებით, პაპა (სიყვარულით ასეც მიმართავდა ხოლმე), ამდენი არაა საჭირო, ეს რა გამოვიდა, მე ხომ ვიცი რამხელა შრომა სჭირდება ამ საქმესო.

ხშირად ეკლესიაში მომიტანდა თავის გამოცემულ სასულიერო შინაარსის წიგნებს, ბროშურებს, უანგაროდ გადმომცემდა გასავრცელებლად და მეტყოდა, დაურიგე ხალხს, წაიკითხონ, იქნებ ვინმეს გული გაუთბეს და ეკლესიაში მოვიდესო... დეკანოზი გიორგი გორგიძე მეუფის ქველმოქმედება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ხორციელი მოწყალებით, მას თან ახლდა სულიერი საკვების გაცემა, ამიტომ მის მანქანაში ყოველთვის ეწყო დასაწყისი ლოცვები და „ჩვენთან არს ღმერთი“, სხვა სასულიერო ლიტერატურასთან ერთად, რომელთაც უბრალო ხალხს ურიგებდა სრულიად უსასყიდლოდ, სასულიერო პირებს კი ათობით შეკვრას ატანდა, რათა ხალხისთვის უფასოდ დაერიგებინათ.

ბერ-დიაკონი აბიბოსი (გველესიანი)

20

ერთხელ მეუფესთან მივედით მონასტრის ძმობა, მინდოდა მეუფისთვის მეთხოვა საბარძიმე ღვინო, მაგრამ მერიდებოდა მეთქვა და არ ვეუბნებოდი. მეუფე ბრძანდებოდა თავის რეზიდენციაში და სხვა მამებიც იყვნენ ჩვენთან ერთად. უცებ შემომხედა და მეუბნება: „სტოპა“, შენ რაღაცა გინდაო. გათამამებულმა უკვე ხალისით ვუთხარი – საბარძიმე ღვინო-მეთქი. – გამოუტანეთო, და ასე გახარებული და დასაჩუქრებული გამომიშვა მონასტერში.

 მღვდელ-მონაზონი სტეფანე (კვირტია)

ერთხელ ძალიან ლამაზი შალი ჩამოუტანეს მეუფეს. როცა ციოდა, მუხლებზე ეფარა ხოლმე. რომ დავინახე, იმდენად მომეწონა, გულში გავიფიქრე, ნეტავ მეც მქონდეს ასეთი-მეთქი. მეც მეუფესავით მცივანა ვარ და ის შალი იმიტომ მომინდა. ცოტა ხანში შემომხედა და გამომიწოდა: ეს შალი შენ, ნინუცო (ასე მეძახდა ხოლმე). გიყურებდა და ხვდებოდა რას ფიქრობდი და რა გინდოდა. რა მოგცეთ, რა გაგატანოთო, – სულ ეს ეკერა პირზე. ბედნიერი ვარ, რომ მისი ცხოვრებით ვცხოვრობდით მე და გიო.

ნინო შუშტაკაშვილი

მახსოვს, ერთხელ რაღაც სურვილის შესრულება მინდოდა ძალიან, მაშინ ბავშვი ვიყავი და ბავშვურად, მეუფეს სიცოცხლეშივე, როგორც წმინდანს, ისე ვთხოვე. იმდენად შეუძლებელი მეგონა ამის შესრულება, მაგრამ... სულ რაღაც ორ საათში ეს სურვილი შემისრულდა. მაშინ მივხვდი, რომ მეუფე უბრალო ადამიანი არ იყო. ის ხშირად გვეუბნებოდა: „თუ რომელიმე თქვენგანი გადაწყვეტს, რომ წმინდანი გახდეს და ამას სერიოზულად მოინდომებს, დამიჯერეთ, ამქვეყნადვე შეუძლია მიაღწიოს ამას და გახდეს წმინდანი“.

მორჩილი მაკრინე თამაზაშვილი


21

ისეთი განცდა მქონდა, რომ მეუფე მუდმივად ჩვენთან

იყო, ჩვენი ყველაფერი იცოდა და დღემდე ასეა. მორიგ

ჯერზე, ქინძმარაული რომ გამომატანა ცოტა ჩემს მეგობარ გიორგის გავასინჯე და ისე მოეწონა რომ გადაირია.

გავიდა ალბათ ერთი თვე ან მეტიც და მცხეთაში ზაფხულის საღამოა, რესტორანში ვსხედვართ მეგობრები, დაახლოებით ღამის 10 საათია. უცებ გიორგი იხსენებს მეუფის

ქინძმარაულს. ის რა მაგარი რამე იყო მეტი აღარ გაქვსო?

გავიდა რამდენიმე წუთი და მეუფე მირეკავს: თბილისში

ვართ, აუცილებლად გამოდი, ღვინო და გოზინაყი წაიღეო.

მეგობრები ძლივს დავარწმუნე, რომ მე არ მითხოვია.

ღამის პირველი იყო დაწყებული ალბათ მცხეთიდან რომ

წამოვედით, გავუარე და ღვინო, გოზინაყი და ჩურჩხელები გამომატანა, ჩემთვისაც და გიორგისთვისაც გამზადებული ჰქონდა.

იოსებ მათეშვილი

22

მეუფე წინასწარ გრძნობდა სულიერი შვილის ხიფათს.

16 წლის ვიყავი, როდესაც, ერთხელ, ჩვეულებისამებრ,

წირვის დროს, ზიარების შემდეგ, მივულოცე დღესასწაული და ძალიან მკაცრად შემომხედა და მკაცრი ტონით

მითხრა: ნიკოლოზ... რამე ისეთ ცოდვას ხომ არ სჩადიხარ

შენ? მე ვუთხარი: არა, მეუფე, არა. მან მიპასუხა: ძალიან

ცუდი აურა წამოვიდა შენგან და ეს შემთხვევით არ ხდებაო... მართლაც, მეუფემ რაზეც მიმითითა, სამ დღეში იმ

ცოდვაში ჩავვარდი. ჩემი აზრით, წინასწარი ხედვით იყო

დაჯილდოებული.

ერთხელაც, პასპორტის ასაღებად მივდიოდი

და ფული უკვე გადახდილი

მქონდა. მეუფემ გამომიწოდა ფული და აჰა, წაიღე,

იქ დაგჭირდებაო, მითხრა.

მე, რა თქმა უნდა, ვიმეტიჩრე და რამდენჯერმე უარი

ვუთხარი. მან მაინც გამატანა. რომ მივედი, ჯარიმა ყოფილა გამოწერილი ჩემზე,

დროულად რომ არ გავიტანე პასპორტი. შერცხვენილი მივედი მეუფესთან

და ვუთხარი ეს ამბავი, მან

გამიღიმა და მითხრა: – აბა,

რო ჯიუტობდიო, ხანდახან

უნდა დაგვიჯერო რაღაცებიო.

სულიერად დიდი და რწმენით აღსავსე იყო ჩვენი

საყვარელი მეუფე სერგი. მახსოვს, ერთხელ ჩამოვიდა და

წუხდა: სარწმუნოება საერთოდ აღარ არისო. ერთ-ერთ

სასულიერო პირს ვუთხარი, წვიმა ხელს გვიშლიდა და

გადასახე ჯვარი და გააჩერე წვიმაო, მან კი გაიცინაო...

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეგონა, მეუფემ ხუმრობით უთხრა

23

და რომ გაგვეხალისებინა, ვუთხარით, ეტყობა, რომ

გაეხუმრეთ, მაგიტომ გაგიცინათო და ჰოო, ჰოო და

მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. მე, რა თქმა

უნდა, ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და ვხვდებოდი, რომ

მეუფე არ გახუმრებია იმ სასულიერო პირს. მართლაც,

ერთ დღეს არხში ბოგირებს ვდებდით და ძალიან მწარე

წვიმა მოდიოდა, წვრილი და ჩქარი, შეგვაწუხა ძალიან, ხან

მანქანა დაბუქსავდა, ხან ტრაქტორი ვეღარ მოძრაობდა,

თან ჩვენც ვსველდებოდით. მეუფეც ამ წვიმაში გარეთ

იჯდა და ხელმძღვანელობდა ბოგირის ჩადებას. წვიმამ

რომ ძალიან შეგვაწუხა, მეუფემ ცისკენ აიხედა, ორივე

ხელით ჯვარი გადასახა და თქვა: კაი, ახლა, ნუ გაგვიწყალე

გულიო და წვიმამაც გადაიღო.

მორჩილი ნიკოლოზ კიკვაძე

მეუფის თანამესენაკე


ყოფილ მე-8 საავადმყოფოში შევხვდი პირველად მეუფეს. ჩვენს განყოფილებაში რამდენიმე დღით

რჩებოდა. იმ დროს რთული

ვითარება იყო, უშუქობა, სიცივე, თუმცა წყალი თითქმის

ყოველთვის გვქონდა. საოცარი რაღაც ხდებოდა –

მაინც და მაინც მაშინ, როცა

მეუფე მოდიოდა ჩვენთან,

რამდენიმე დღით წყლის

მოწოდება წყდებოდა. ბოლოს მეუფემ საჩუქრად გადმოგვცა წყლის რეზერვუარი,

რომელიც ჩვენს განყოფილებას შეფერხების შემთხვევაში სამი-ოთხი დღე

24

ჰყოფნიდა.

ერთხელაც მეუფე

სერგი უნდა მოსულიყო. წინასწარ შევამოწმე

რეზერვუარი. წყლის

მარაგი იყო და თავაწეული დავხვდით მეუფეს.

ჰოი, საოცრება! მეუფე

სერგი პალატაში მოვათავსეთ თუ არა, წყალი შეწყდა. გავხსენით

რეზერვუარის ონკანი და

ისიც ცარიელი აღმოჩნდა. ძალიან ვინერვიულე.

დამიძახა და ღიმილიანი

სახით დამამშვიდა: არ

ინერვიულო, ბადრი, მე

ასე ხშირად მემართება.

ერთხელ საბერძნეთში,

ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მაინც და მაინც ჩემს ნომერში არ მოდიოდა წყალიო.

 ერთხელ ოპერაციაზე შევდიოდი. რთული ოპერაცია

იყო. ჯერ მეუფესთან შევედი, ჩვეულად დამლოცა. დავიწყე

ოპერაცია. ყველაფერი კარგად მიდიოდა. მოულოდნელად,

საოპერაციოს გვერდით, ინტენსიურ პალატაში, მეუფე

შემოიყვანეს ანაფილაქსიური რეაქციით. მე პაციენტს ვერ

მივატოვებდი, თუმცა ყველაფერი მესმოდა. ჩვენი მედპერსონალის, ციცინო ჯალაბაძისა და ჩვენი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ქალბატონი ლია დალაქიშვილის,

დროული და კვალიფიციური ჩარევით მეუფე გადარჩა.

ოპერაციის შემდეგ მეუფეს ვუთხარი, თქვენი იმედი მქონდა, რომ ოპერაციის დროს თქვენი ლოცვა დამეხმარებოდა და ეს რა მიქენით-მეთქი. ბავშვური გულუბყვრილობით

მითხრა: ნუ გეშინია, იქიდან უფრო დაგეხმარებოდიო.

 ბადრი გვაძაბია, ქირურგი

25

მეუფე სერგის პირველად ექიმის ამპლუაში შევხვდი, თხუთმეტი

წლის წინ, ენდოკრინოლოგიის ეროვნულ

ინსტიტუტში. შემოწმების შემდეგ ვუთხარი, რომ დამატებითი

კვლევები და ხანმოკლე სტაციონარული

მკურნალობა აუცილებელი იქნებოდა. მე

ეპარქიაში საქმეები

მაქვს და აქ ვერ გავჩერდებიო, მიპასუხა.

მივხვდი, რომ ადვილი არ იქნებოდა მისი გადარწმუნება.

მცირედი ხუმრობანარევი კამათის შემდეგ სპონტანურად ვუთხარი: „თქვენ მეუფე ხართ ყვარელში და ეკლესიაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კლინიკაში მეუფე

მე ვარ და უნდა დამიჯეროთ“. ამის პასუხად სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა, შემდეგ კი წავიდა ისე,

რომ არაფერზე შევთანხმებულვართ. წასვლიდან ნახევარ

საათში ჩვენს საერთო მეგობარს გზიდან დაურეკა: „იმ

შენს კლინიკის მეუფეს უთხარი, მოვდივარ, სამკურნალოდ უნდა დავწვეო“. მეუფე სერგიზე ზრუნვა ჩემთვის, ჩემი

მეუღლისა და მთლიანად კლინიკისთვის დიდი პატივი იყო.

მაშინ დაიწყო ჩვენი სიყვარულით და ზრუნვით აღსავსე

ურთიერთობა. წლების მანძილზე ხშირად იხსენებდა იმ

პირველ დიალოგს და სხვების გასაგონად `ლუბლიანას

მეუფეს~ მეძახდა.

 ელენე გიორგაძე

 ენდოკრინოლოგიის ეროვნული

ინსტიტუტის დირექტორი

26

ერთხელ მეგობარი შემხვდა ქუჩაში. მოკითხვის შემდეგ

მითხრა: დღეს მეუფე სერგის დაბადების დღეა, იცი, როგორ გაუხარდება თუ მივალთო. ძალიან მინდოდა მეუფესთან ახლოს შეხვედრა და წავყევი. შეხვედრისას ისეთი

უშუალო იყო, თითქოს დიდი ხნის ნაცნობობა გვქონდა –

მოგვიკითხა, ძალიან ყურადღებით მოგვისმინა, გვესაუბრა და დაგვასაჩუქრა. შეხვედრიდან რომ საჩუქრებით

გამოვედით, მერე მივხვდით, ჩვენ დაბადების დღეზე უსაჩუქროდ მივედით და იქიდან საჩუქრებით გამოვედით.

ლელა კუპრაშვილი

პედაგოგი

გავიხსენებ 2017

წელს, დამიდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე

და ეს იყო ყველაზე დიდი განსაცდელი ჩემს

ცხოვრებაში. მეუფე

სერგიმ დამლოცა და

მკითხა, მიფიქრია თუ

არა ოდესმე სიკვდილზე

და მეშინია თუ არა სიკვდილის. მე დავიბენი,

რადგან ამაზე არასდროს მიფიქრია და

ვუთხარი კიდეც. მან

მითხრა: თამრო (ასე

მომმართავდა მეუფე),

სიკვდილის არ უნდა

გვეშინოდეს, ისე უნდა

იცხოვრო, რომ გარდაიცვალოო.

მალევე მეუფე სერგის

27

ლოცვა-კურთხევით გადავფრინდი თურქეთში, იქიდან

დაბრუნებული ცოტა ხანში ისევ შეუძლოდ გავხდი. კვლავ

დავურეკე მეუფეს და ვუთხარი, რომ მასთან შეხვედრა,

ლოცვა–კურთხევის აღება და მადლობის გადახდა მინდოდა, რადგან, ვფიქრობდი, რომ თურქეთში წასული ჩემი

გართულებული ჯანმრთელობის გამო ცოცხალი ვეღარ

დავბრუნდებოდი. მან მითხრა, რომ ეპარქიაში არ იყო,

დამლოცა და დამამშვიდა. რამდენიმე საათში კი ჩვენი

მოძღვრის საშუალებით გავიგეთ, რომ მეუფე ჩვენთან მობრძანდებოდა. მობრძანდა მეუფე. მე შევჩივლე, მეუფეო,

აწი ვეღარასდროს გნახავთ და მადლობას გიხდით, რაც

ჩემთვის გაგიკეთებიათ-მეთქი. მეუფემ – აბა, ახლა მოწიე თავიო და თავში ჩამიკაკუნა (იცინის), აი, შენ ეგრე, ვინ

გითხრა, რომ ვეღარ მნახავო?! დამლოცა და მითხრა: თამრო, აი, მე შენ საჩუქარი მოგიტანე, რომელიც დაგიცავს და

გადმომცა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი,

მითხრა, მალევე დაბრუნდები სრულიად ჯანმრთელიო,

სახლში კი ვერ შემოვალ, დრო არ მაქვს, არ გეწყინოთო...

ასეც მოხდა. სტამბულის ჰოსპიტალში ექიმმა მითხრა,

რომ ახალი ქიმიოთერაპიისთვის ხელახლა უნდა გადაემოწმებინათ ანალიზები. ცოტა ხანში გამოდის ექიმი და

მეუბნება, სასწაული მოხდა, თქვენ აღარაფერი გჭირდებათ, ყველაფერი კარგად არისო. მაშინ მივხვდი, რომ ეს

ყველაფერი მეუფე სერგის დამსახურებით იყო და იმ ხატის შეწევნით, რომელიც მან მომიბრძანა და რომელიც

დღემდე ყველა განსაცდელის დაძლევაში მეხმარება.

თამარ ჯანხოთელი

პედაგოგი

28

მეუფის ამქვეყნიური ცხოვრების

ბოლო დღეები

მეუფის ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს იხსენებს მისი თანამესენაკე, მორჩილი ნიკოლოზ კიკვაძე:

2021 წლის 31 აგვისტო. მეუფეს სასწრაფო ოპერაცია

გაუკეთდა ნაღველზე. ნარკოზიდან რომ გამოვიდა, პალატის კარი შეხსნილი იყო და ერთ-ერთი პაციენტი გარეთ

ახველებდა. მეუფე წუხდა: ნეტა რატომ ახველებს? წამლები აქვს? მიდი, ბიჭო, გაიგე, რამე ხომ არ სჭირდება...

მერე ყვირილის ხმა მოესმა, პაციენტი ყვიროდა. მეუფე

ისევ გულდამწვარი ყველას ეკითხებოდა: რამე ხომ არ

უჭირს? იქნებ ფული არა აქვს და მაგიტომაა განერვიულებულიო და ა.შ. რა თქმა უნდა, მეუფემ გვაყიდინა სურსათ–

სანოვაგე და მის სართულზე ყველასთვის თავისი წილი

პარკებით დაგვარიგებინა. ამ დღეს მეუფემ შენიშვნა

მომცა, ეს რა ადიალა წამოგიღიაო, დასჭირდა პირსახოციც, მაგრამ არც ის გვქონდა თან. რამდენიმე ხნის შემდეგ მეუფეს უწმიდესის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები

მოართვეს და ამ მოსაკითხში, ტკბილეულსა და ბევრს სხვა

29

რამესთან ერთად, იდო უწმინდესის მიერ გამოგზავნილი

პირსახოცი და ადიალა.

გამოგვწერეს ექვს დღეში და იმ დღესვე მეუფე თავის

საყვარელ ეპარქიაში ჩამობრძანდა. როდესაც თბილისიდან ყვარელში ჩამოვედით, მაშინვე მამებს უთხრა: – ამაზე

დიდ განსაცდელს ელოდეთ...

მალევე, რამდენიმე დღეში, ტესტი ავიღეთ და კოვიდი დაგვიდასტურდა, შევედით უკვე კოვიდით ბოჭორიშვილის კლინიკაში. მეუფემ დაიწყო დარეკვები, თითქოს

ხალხს ემშვიდობებოდა. ეს ერთ-ერთმა მეუფემაც აღნიშნა, ისე მესაუბრა მეუფე სერგი და ისეთი ამბები გამახსენა, დავფიქრდი, ხომ არ მემშვიდობებაო... ძალიან მშვიდად

იყო. თითქოს არც დარდობდა. ღმერთს მინდობილი დიდი

მიტროპოლიტი თურმე დღეებს ითვლიდა. მე გავუღიმებდი

და ვამხნევებდი: – მეუფე, კოვიდსაც მოვიხდით და ეგაა,

ყველაფერი გაგვიადვილდება უკვე-მეთქი... ის გაიღიმებდა და მეუბნებოდა: ჰო, ნიკოლოზ, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვისო.

მალევე დამძიმდა მისი მდგომარეობა და რეანიმაციაში

მეორე დღეს აგვიყვანეს, ისევ მშვიდად განაგრძობდა

მკურნალობას, აუღელვებლად ითმენდა დაბალი სატურაციის დისკომფორტს, ასვლისთანავე, მიუხედავად

თავისი ძალიან გართულებული ჯანმრთელობისა, დაიწყო ხალხზე ზრუნვა: აბა, ექთნებს ჩვენი ღვინო არ გავასინჯოთო? აბა, თაფლი არ გავასინჯოთ? მე, რა თქმა

უნდა, ამ ყველაფრის თავი არ მქონდა, ფაქტობრივად,

მეუფე ნელ-ნელა ხელებში გვაკვდებოდა და ვეუბნებოდი:

კი, მეუფე, გავასინჯებთ ცოტა ხანში... სატურაცია რომ

ეცემოდა, უკვე მეუფე გადაიყვანეს სიპაპზე, მაგრამ ვერ

შველიდნენ. მეუფე მშვიდად იწვა და თვალები დახუჭული

ჰქონდა, თვალებს როგორც კი გაახელდა და დამინახავდა,

დამიძახებდა: – ნიკუშ, თაფლი მოიტანეთ? მე კი ვპასუხობდი: – გთხოვ, მეუფე, ახლა მაგის დრო არ არის, ყველაფერს მოვიტანთ, სულ ყველაფერს. ის დახუჭავდა თვალებს და შემდეგ გახელაზე ისევ იმავეს მეკითხებოდა.

30

ჩემთვის კატასტროფა იყო ამის ყურება, დამიძახებდა:

ნიკო, ეს ვალი გაისტუმრე, ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ –

თითქოს მიბარებდა. ძლივს გავიდა ერთი ღამე, მაგრამ

შედეგი – ნული. სატურაცია 70-ს ჩამოსცდა და ქვემოთ

მოდის. კიდევ გაისმა ხმა: მორფი და აპარატი მზად არის.

გული მეკუმშებოდა ამ ყველაფერზე. დამიძახა, რას

აპირებენო. მე ვუთხარი, აპარატზე უნდა შეგაერთონმეთქი. მიპასუხა: – ჰოო, მაგისთვის ამომიყვანეს აქ მეო...

ექიმი რომ შემოვიდა, ღამე იყო. გარეთ გადი, ნუ დაესწრები

შეერთებასო. მე მეუფეს ვეღარ შევხედე, თავი ჩავღუნე,

ჩემი ტირილი რომ არ დაენახა და გარეთ გავედი...

მეუფე ცოცხალი ბოლოს იქ ვნახე. ის 19 სექტემბერს

გარდაიცვალა, მის ნანატრ რიცხვში. ეს დღე მას განსაკუთრებულად უყვარდა (მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულის დღე).

მადლობა ღმერთს, რომ წილად მხვდა მისი მოვლა. მადლობა მეუფე სერგის, რომ ადამიანად ჩამომაყალიბა... ჩემთვის ის წმინდა ბერი იყო, წმინდა მიტროპოლიტი. დამლოცე, ჩემო საყვარელო მეუფე სერგი, ჩემთვის მისაბაძი

31

სამაგალითო სასულიერო პირი ხარ.

მეუფის გარდაცვალების დღეს უცნაური რამ შეემთხვა მის დისშვილს, გიორგი მანგოშვილს. გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე გიორგის ჩაეძინა... ამ

დროს ხედავს, რომ მეუფის მიტრის ჯვარი გადატყდა და

მუცელში შეერჭო. „ეს იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა,

რომ ამ ტკივილმა გამომაღვიძა“, – იხსენებს გიორგი. რამდენიმე წუთში კი ტელოფონმაც დარეკა და შემზარავი ამბავი აუწყეს თბილისიდან: მეუფე სერგი გარდაიცვალაო.

სხვა შემთხვევებიც, როგორც ჩანს, მეუფის გარდაცვალების შესახებ მიანიშნებდა სულიერ შვილებს,

თუმცა მაშინ არავის სურდა ამის არც დანახვა და არც

დაჯერება. მეუფემ კი, ალბათ, ყველაფერი შესანიშნავად

იცოდა, მაგრამ უფრთხილდებოდა მათ და ცხადად არ ამბობდა სათქმელს: რაღაცას გეტყოდით, მაგრამ ვერ დაიტევთ, დაიწყებთ თქვენებურადო, – უთქვამს ბოლო შეხვედრის დროს დედებისთვის და სხვა თემაზე გადაუტანია

საუბარი. მამა იოანე კი იხსენებს: მეუფეს შინაურული საუ-

32

ბრების დროს ნათქვამი აქვს,

ვიცი როდის გარდავიცვლებიო, სამების გამოცხადებაზეც გვესაუბრებოდა. ჩვენ

ვეუბნებოდით, თუ შეიძლება,

გვითხარით უფალმა რა გითხრათ გამოცხადების დროსო,

მეუფე კი ამ დროს კატეგორიული ტონით გვპასუხობდა: – არა, ის რაც უფალმა

მითხრა, საიდუმლო არისო.

ჩვენ არ ვიცით რა უთხრა

უფალმა მეუფეს, ეს ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა.

საოპერაციოდ რომ შეჰყავდათ მეუფე, როცა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა

დასჭირდა (ნაღვლის ბუშტის

შეტევის გამო), მთელი ეპარქიის ბერ-მონაზვნები საავადმყოფოს დერეფანში გამწკრივებულან და ლოცვას აღავლენდნენ მისთვის. მეუფეს კი მისთვის დამახასიათებელი

იუმორით უკითხავს: – რა იყო, ბოლო გზაზე მაცილებთო?

არადა, ვინც მეუფეს იცნობდა, იცის, რომ ის ტყუილად

არაფერს ამბობდა.

ოპერაციის მეორე დღეს მეუფე ყველას უყვებოდა:

წუხელ სიზმარში საწოლი ჩამიტყდა და ჩავვარდი, ნიკოს

ვეძახდი და არსად ჩანდაო, შემდეგ კი გიორგი არჩუაძისთვის უთქვამს სიცილით: იცი, რა ვნახე, დამესიზმრა, რომ

ჩემს გასვენებაში ცისკარა (დავით ცისკარიშვილი) იყო

თამადაო. ნაოპერაციები კი გიოს (მანგოშვილი) ეუბნება: ბიჭო, კინაღამ არ მოვკვდიო! გიო შეპასუხებია, დაგიფაროს, მეუფე, ღმერთმაო, მეუფემ კი: – რა იყო, იქიდან,

იცი, რამდენ რამეს გაგიკეთებდი, იქიდან უფრო მოგხედავდიო! ჩვენ სიკვდილის ხსენებაც კი გვაშინებს, მეუფეს

კი სიხარულით შეეძლო ეთქვა: „გასვლა და ქრისტესთან

33

ყოფნა ათასწილ უმჯობესია“ (ფილ. 1: 23). ზეციურ სამყაროში გადანაცვლების შემდეგ 2021 წელი უმძიმესი წელი აღმოჩნდა ჩემთვის; სიკვდილი ძალზე გაშინაურდა! 19 სექტემბერს, მიქაელ მთავარანგელოზის სასწაულის ხსენების დღეს, მოვიდა თავზარდამცემი ამბავი _ გარდაიცვალა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი! გასრულდა ამქვეყნიური სიცოცხლე კაცისა, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე გულით და სულით ზეცაში იყო!

მეუფე სერგი _ სამყაროს უზარმაზარი მლოცველი და ადამიანთა გადარჩენისათვის მახვილშემოსილი მეომარი...

წლების მანძილზე, ჩვენი მამა-შვილური ურთიერთობის კვალი, მთელი ცხოვრება წარუშლელი იქნება ჩვენში! მან იტვირთა და გადამატანინა სულკურთხეული დედაჩემის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება! მან იტვირთა, თავის დროზე, ჩემი უამრავი ტკივილი და ძნელბედობა!

მან გვიჩვენა, როგორია სასულიერო პირის ჯვრის სიმძიმე, როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები! ის იყო უბრალო და მარტივი! ის იყო ზნემაღალი და მოსიყვარულე!


34


ის იყო ზღვარდაუდებლად გულმოწყალე ადამიანი! ის ბრძანდებოდა დიდი მლოცველი ბერი...

მადლობა, ჩემო ტკბილო მეუფევ, იმ დიდი შრომისათვის, რაც ჩვენთვის იღვაწეთ ამ უმადურ წუთისოფელში!

ჩემო განუზომელო მწუხარებავ და ტკივილო, როგორი მწველია შენი სამარე _ საგულმტკივნეულო და უმძიმესი ჭრილობაა!!! ამიერითგან, ლაგოდეხის ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, არა მარტო

ღვთისმშობლის უწმიდესი ხატის საბრძანებელია, არამედ სამყაროს უზარმაზარი მლოცველის, სასწაულთმომქმედი ბერის, მიტროპოლიტი სერგის ძვალთშესალაგის სამკვიდროა!

ღვთისგან შეყვარებულო, ღვთივდიდებულო მიტროპოლიტო სერგი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის !..

დეკანოზი ილია ჩიკვაიძე 24 იანვარი, 2022 წელი

35

აქამდე საჯაროდ ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, გარდაიცვალა და ახლა გავბედავ ვთქვა... ეჰ, მეუფე, რომელი ერთი დავწერო, რომელ ერთზე გადაგიხადოთ მადლობა. დაგვრჩა ეს მოგონებები, თქვენი ნაჩუქარი ნივთები და მათღა ვეფერებით…, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, იმიტომ ვტირით, რომ ჩვენი თავი გვეცოდება თქვენ გარეშე, თორემ თავად სადაც ხართ, ძნელი მისახვედრი არაა. რაც თქვენ აკეთეთ, მეუფე, ამაზე მეტი რა უნდა მოასწროს ადამიანმა, რომ წმინდანი გახდეს, არ ვიცი. მაშ, ჩვენ სულ უიმედოდ ვყოფილვართ. ახალგაზრდობიდან ბერი ხართ, გააცოცხლეთ უამრავი მიტოვებული მართლმადიდებლური კერა, აღზარდეთ არაერთი ეპისკოპოსი, მღვდლებს, ბერებსა და მონაზვნებს, არ ვიცი, თუ ვინმე დაითვლის.

გახსენით სემინარიები, გიმნაზია, საბავშვო ბაღი, გამოსცემდით და უფასოდ არიგებდით უამრავ საეკლესიო ლიტერატურას, აცმევდით, აჭმევდით გაჭირვებულებს, მკურნალობის ფულს უხდიდით ავადმყოფებს, რამდე-

36

ნი სასწარკვეთილი, ცოდვილი გადაარჩინეთ, არაფრის მცოდნენი ხალხად აქციეთ, ცხოვრება მოუწყვეთ... როცა გუშინ თქვენს სხეულთან მივედი, მეუფე, ვერ გავბედე მეთქვა „ღმერთო, აცხონე“, პირიქით, ისევ თქვენ გთხოვეთ დახმარება და შეწევნაც მაგრძნობინეთ.

მღვდელი ლევან ჯიქური

გამოთქმა ,,ცა თავზე ჩამოექცა და მიწა ფეხქვეშ გამოეცალაო“ გაგებული მქონდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა ჩემს თავზე მაშინ გამოვცადე, როცა მეუფის გარდაცვალების შესახებ გავიგე, ეს იყო ყველაზე საშინელი, ყველაზე მტანჯველი დღე ჩემს ცხოვრებაში... გადის რაღაც პერიოდი და ჩვენს ოჯახში პატარა, სამი წლის მარიამი გაგვიხდა ავად, აღმოაჩნდა სიმსივნე თავში, ჩვენს დიდ ტკივილსა და განსაცდელს (მეუფის გარდაცვალებას) დაემატა კიდევ ერთი დიდი განსაცდელი. ამ ამბავში საოცარი იყო სწორედ ის, რომ გამოჩნდა, თუ როგორ გააგრძელა მეუფემ ზეციური სამყაროდან ჩვენი ნუგეში და გვერდში დგომა. ჯერ კიდევ ოპერაციამდე ერთ-ერთ დღეს მარიამმა გამოაცხადა, მეუფე პაპამ

თავზე მაკოცაო, ოპერაციის დილას კი, როცა გაიღვიძა,

მიიხედ-მოიხედა და ტირილი დაიწყო: - სად წავიდა მეუფე

პაპა? - მეუფე პაპა ცაშია, - როცა უთხრეს, უფრო ატირდა.

- არ არის ცაში, ახლა აქ იყო და სად წავიდა? მკურნალობის

პერიოდში თითქმის ყოველი დილა იწყებოდა მეუფე პაპას

ძებნით. სასწაული იყო, რომ მარიკუნა, სიზმრად თუ ცხადად – არ ვიცით, მეუფეს ხედავდა და ბავშვის პირით ჩვენც

37

გვანუგეშებდა, მეც თქვენთან ვარ, ყველაფერი კარგად

იქნებაო და მართლაც, ოპერაციამ, რომლის შედეგებზე

ექიმები პასუხს არ აგებდნენ და იმედებს არ იძლეოდნენ,

ჩაიარა ყოველგვარი გართულებების გარეშე და სიმსივნე

აღმოჩნდა კეთილთვისებიანი, რის შემდეგაც ყველანაირი

ჩარევის გარეშე გაგრძელდა რეაბილიტაცია. ეს იყო დიდი

სასწაული ჩვენთვის - სასწაული, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ მარტო არ ვართ და მეუფე ისევ ჩვენ გვერდითაა...

მაია მჭედლიშვილი

მეუფის დის შვილიშვილი

ვირუსის გამო საავადმყოფოში მომიწია დაწოლა. იქ

ვნახე ერთი ქალი. ჩანდა, რომ მატერიალურად უჭირდა,

მისი ქმარიც იქ იწვა და შედარებით მძიმე მდგომარეობაში

იმყოფებოდა. ამ დროს საავადმყოფოში გაუთავდათ წამალი, რომელიც სუნთქვას უადვილებდა პაციენტებს. დავინახე როგორ ტიროდა და სთხოვდა ეს ქალი ექიმს წამალს

თავისი მეუღლისთვის. კაცს სუნთქვა უჭირდა და მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა, ექიმი კი ცოლს

უხსნიდა, რომ ეს წამალი აფთიაქშიც აღარ იშოვებოდა.

ეს რომ მოვისმინე, პალატაში შევედი, დავწექი, თავზე

გადავიფარე და ტირილი დავიწყე. მეცოდებოდა ეს ქალი,

რომელიც ვერაფრით შველოდა თავის საყვარელ ადამიანს. ვტიროდი და მეუფეს ვთხოვდი: – მეუფე, ვიცი, რომ

გესმის ჩემი. ვიცი, რომ ღმერთთან ხარ, გთხოვ, დაეხმარე

ამ ქალს. თხოვე ღმერთს უშველოს, ხომ გიყვარდა ადამიანების დახმარება ... ასე ვჩურჩულებდი ჩემთვის.

ამ დროს გავიგე, რომ ერთი-ერთი პაციენტი თბილისში

წაიყვანეს, დამლაგებელმა კი მის საწოლზე რაღაც წამალი იპოვა, რომელიც მას დარჩა, აიღო და ექიმს აჩვენა,

ექიმმა სიხარულით დაუძახა გაჭირვებულ ქალს, რომელიც პალატის გარეთ ტიროდა და უთხრა: ეს ის წამალია,

შენს მეუღლეს რომ სჭირდება. წადი და ნახევარი ჩააწვეთე, ბევრი არ შეიძლება. გახარებული ქალი მადლობას იხ-

38

დიდა. შემდეგ პალატაში გაიქცა და წამალი ქმარს მისცა.

კაცი რამდენიმე წუთში უკეთ გახდა. მე ამ ყველაფერს

შორიდან ვუყურებდი, მივხვდი რაც მოხდა და მადლობა

შევწირე ღმერთს და მეუფე სერგის ასეთი სწრაფი შეწევნისათვის.

ნოდარ სირბილაშვილი

გრემის სემინარიის სტუდენტი

მეუფე პაპა

ერეკლე ორი წლისაც

არ იყო, როდესაც მეუფე

გაიცნო და იმ დღის შემდეგ ერეკლე და მეუფე

პაპა უერთმანეთოდ არ

ყოფილან. მეუფე ძალიან

ანებივრებდა სათამაშოებით, ტკბილეულითა და

თავისი სიყვარულით, თუ

ნახვას ვერ ახერხებდა,

მაშინ ურეკავდა და დიდი

სიყვარულით ჰკითხვდა

ხოლმე: „პაპას რომ მოენატრე, რა ქნას ახლა აბა?“

ერეკლეც დაუძახებდა:

„მოვალ მალე“ და ბედნიერი ელოდა იმ წუთს,

როცა მეუფესთან წავიდოდა. „პაპა მომეფელა“ – ბედნიერი იძახდა და სწუხდა კიდეც, რომ პაპას რაღაც სტკიოდა და წამალს სვამდა.

ბოლოს მეუფე ოპერაციის შემდეგ ნახა. როგორც

მოგვიანებით გავიგეთ, მეუფეს ერეკლესთვის უთქვამს:

პაპას ბევრ სანთლებს ხომ დაუნთებო. ერეკელეც, თურმე,

თავის დაკვრით ეთანხმებოდა. როცა მეუფის ავადმყოფობის შესახებ გავიგეთ, დავიწყეთ ლოცვა, მის ნაჩუქარ კე-

39

ლაპტარს ვანთებდით. ლოცვის შემდეგ მის ჩაქრობას რომ

გადავწყვეტდი, ერეკლე ყოველთვის ტირილს იწყებდა და

„იყოს, იყოს, პაპა კარგად იყოს“ - ამ სიტყვებით იატაკზე

წვებოდა. მაშინ მისი საქციელი ძალიან მიკვირდა...

მეუფე ერეკლესთან ურთიერთობას დღემდე არ

წყვეტს, რასაც ერეკლეს საქციელიც მოწმობს: სრულიად

მოულოდნელად, თამაშის დროსაც, უეცრად გაახსდენდება და იტყვის: „პაპა ტირის, სანთელი ავუნთოთ“, გაიქცევა

პაპას სურათთან და ავანთებთ სანთელს, შემდეგ კი სახეგაბრწყინებული გაიცინებს და იტყვის: „პაპა იცინის“.

ეს ნათლად მოწმობს, რომ პაპა აგრძელებს ერეკლესთან

„ძმაკაცობას“. ჩვენც ვცდილობთ მეუფისთვის მიცემული

პირობა შეასრულოს და როგორც ერეკლე ამბობს, „პაპა

გაათბოს“ თავისი ანთებული სანთლებით...

 მეუფის ყველაზე პატარა ძმაკაცი

ერეკლე ჩახვაშვილი

ერთხელ, მორჩილების

დროს, ეზოში გულში გავიფიქრე, რომ „ურიკა~, რომელსაც ვიყენებდი, უკვე

ძალიან დაძველდა და

მეუფე რომ ფულს მაჩუქებს,

ახალს ვიყიდი-მეთქი, ეს

მერეც რამდენჯერმე გავიფიქრე, მაგრამ... სულ მალე

მეუფე გარდაიცვალა.

ურიკა კი არა, ყველაფერი

დამავიწყდა, მაგრამ სულ ცოტა ხანი გავიდა და ეზოში

გასულს ზუსტად ისეთი ურიკა დამხვდა, როგორიც მინდოდა, წარწერით „მეუფე სერგისგან“, რომელიც მეუფის

საფლავიდან მოსულ დედა მართას მოუტანია. მე მივხვდი,

რომ სწორედ მეუფემ დაადო გულზე დედაოს ურიკის ყიდვა, სხვანაირად ამ სიტუაციაში მისი ყიდვა არ გაახსენდ-


40

ებოდა. ჩემი სიხარული უსაზღვრო იყო, რადგან მეუფემ

მაგრძნობინა, რომ მართალია ფიზიკურად ჩვენ გვერდით

აღარ არის, მაგრამ სულიერად კიდევ უფრო ახლოს არის

ჩვენთან, უფრო უკეთ იცის რა გვჭირდება და ყველაფერში

დაგვეხმარება. ამ ერთი შეხედვით უბრალო ფაქტმა მომცა

ძალა, რომ შევებრძოლო იმ უდიდეს ტკივილსა და სიცარიელეს, რაც მეუფის მოულოდნელმა დაკარგვამ დატოვა

ჩემს გულში.

მონაზონი ისიდორა (ტურაშვილი)

41

ამონარიდები მეუფის ქადაგებებიდან და

სულიერი შვილებისათვის მიცემული

რჩევებიდან

ძალიან ძნელია ეპისკოპოსობა, მით უმეტეს ამ ბოლო

ჟამს… ნათქვამია, მორწმუნე ადამიანს შვიდი ეშმაკი დასდევს, მღვდელს – თორმეტი, ბერს – ოცდაცამეტი, ეპისკოპოსს – ათი ათასიო, მაგრამ უფალი დიდია.

ძალები აღარ გაქვს, ცარიელი და განადგურებული

ხარ, უიმედოდ, აღარც სიცოცხლე და აღარც ცხოვრება არ

გიხარია... აი, ამ დროს ყველაფრისათვის მადლობა უთხარი ღმერთს. განსაცდელის დროს მადლიერება მოწამეობის ტოლფასია. ეს ლოცვა პირდაპირ ღმერთთან მიდის და

გეწირება.

როცა გრძნობ, რომ ლოცვის ძალა და მადლი გეკარგება, სანამ მთლიანად დაკარგავ ძალას, გაიქეცი მონასტერში სამი დღით და აღიდგინე ძალები. მონასტერი ამისთვისაა.

42

აუცილებელია მოძღვრის კურთხევა ყველა მნიშვნელოვანი საქმის წინ და დაგლოცავს უფალი.

სიმდაბლეს კი ნუ ეძებ, ღვთის ნება ეძიე. არ უნდა სთხოვო ღმერთს დამამდაბლეო. შენ ითხოვ, ღმერთი უშვებს

განსაცდელებს, მერე ვერ უძლებ და ცოდვაში ვარდები. არ

არის საჭირო გამოწვევა. საკმარისია შინაგანად იცოდე,

რომ ეგეთი ხარ, მაგრამ ნუ ებრძვი... თუ საჭიროა, ღმერთი ოდესმე გაგათავისუფლებს, იმიტომ, რომ ეს სიამაყეა,

გინდა, რომ ახლავე მოგაშოროს (ვნება), მერე შეიძლება

სხვა რამეებს ვერ გაუძლო... ღმერთს უნდა მიენდო, მდაბალი უნდა იყო. შენ რა იცი რა სურს ღმერთს.

ჩვეულებრივ, როცა ღმე -

რთი მადლის მოცემას აყოვნებს, მოგვიანებით გაცი -

ლებით მეტს გვაძლევს.

ამბობენ სადაც წვრილია

გაწყდესო – ეს ცუდია! აბა,

გაწყდეს... ყოველთვის ყველაფერს ჯობია მოთმინება!

ერთ – ერთ მონაზონს ძალები გამოეფიტა, მონასტრიდან წასვლაზეც კი დაეწყო ბრძოლები. მეუფემ

ყველა მიცვალებულის მოხსენიება შეაწყვეტინა და მასაც

ბრძოლები შეუმსუბუქდა. შემდეგ ურჩია ლოცვებში თითო-თითო სახელი დაემატებინა და ყურადღებით დაკვირ-

43

ვებოდა, ვისი ხსენების შემდეგ გაუმძაფრდებოდა ბრძოლა. აღმოჩნდა, რომ თვითმკვლელისთვის ლოცულობდა.

ქრისტიანმა თავისი ნება უნდა დაუმორჩილოს ღვთის

ნებას თავისივე კეთილდღეობისათვის, მაგრამ ბევრი

ცხოვრებას ისე ატარებს, რომ არ ფიქრობს საუკუნო სასუფეველზე.

განა რომელიმე ჩვენგანისათვის უცხოა ის სენი,

განკითხვა რომ ჰქვია?! განა ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში

ისეთი დღე, რომ ვინმე არ განგვეკითხა?! რატომ მოგვიმრავლდნენ ასე „ყოვლისმცოდნე“ ადამიანები?! განვიკითხავთ ბერს, მღვდელს, მთავრობის წარმომადგენლებს,

მაგრამ თუ რაიმე საქმე მოითხოვეს ჩვენგან, მაშინვე

უკან ვიხევთ. მხოლოდ განკითხვებში ვიჩენთ მოშურნეობას. სწორედ ამ განკითხვების ბრალია ჩვენში სიყვარული რომ ჩაკვდა. საქართველოში მხოლოდ სიყვარული თუ

დააბრუნებს მშვიდობას.

ალბათ ბევრმა არ იცის,

რომ მღვდელს აღსარების

გამხელის უფლება არა აქვს.

მას ამისათვის ჯოჯოხეთი

ემუქრება. ამიტომ მღვდელი

მოსაკლავადაც რომ წაიყვანონ აღსარებას მაინც არ

გასცემს, მაგრამ ასევე უნდა

მოიქცეს ის, ვინც აღსარებას

აბარებს. მოძღვრის რჩევა

და ნათქვამი არც მან უნდა აქციოს ჭორაობის საბაბად.

არაფერს არ უნდა მოჰყვეს არავისთან, ახლობლებთანაც

კი, იმის შესახებ, რაზეც აღსარებისას იყო საუბარი.

44

სტუდენტობის დროს, სემინარიაში რომ ვსწავლობდი

(ზაგორსკში), პრობლემა მქონდა მოძღვართან დაკავშირებით, იქ ვინმე უნდა ამერჩიოა. პატრიარქთან მივედი და

რჩევა ვკითხე ამასთან დაკავშირებით. მაშინ უწმიდესმა

ილია II-მ დამარიგა როგორ უნდა ამერჩია მოძღვარი. იმის

ცოდნა, რაც უწმიდესმა მაშინ მირჩია, მხოლოდ სულიერ

ხალხს აქვს. მითხრა, ამოირჩიე სამი მოძღვარი და სული

თვითონ იპოვის რომელია მათგან შენიო. უბრალოდ, ეს

სამი არის მონაცემები და ამის მიხედვით უნდა ამოარჩიოო:

I როდესაც მიხვალ მოძღვართან და იმაზე დაიწყებს ლაპარაკს, რაც შენ ძალიან გაინტერესებს, თუმცა მან არაფერი

იცის ამის შესახებ და თავისდაუნებურად იწყებს საუბარს,

ე. ი. ის შენი მოძღვარია; II როცა ძალიან მაგრად გაგიხარდება შინაგანად და III როცა რაღაც საკითხი გაინტერესებს ცხოვრებაში, ვერ წყვეტ და შენდობის ლოცვას რომ

წაგიკითხავს, გამოხვალ და ის რაღაც გაგეხსნება.

45

ნუ იჩქარებთ მოძღვრის განკითხვას. ჩვენ ხშირად ვერ

ვწვდებით იმას, რასაც ისინი გვეუბნებიან. ნურც სალაპარაკოდ გახდით მის ნათქვამს. იქონიეთ სიბრძნე და გულში

შეინახეთ აღსარებაზე ნათქვამი. ხომ გაგიგიათ: სიტყვა

ვერცხლია, დუმილი კი ოქრო. საერთოდ, ბევრი ლაპარაკი

საქმეს უფრო აფუჭებს, ვიდრე აკეთებს.

მთავარი ის კი არ არის, რამდენი სცოდე ან რამდენი

კარგი გააკეთე. ღმერთი რიცხობრივად ამას არ ითვლის.

მთავარია, როგორი სინანული გაქვს და ღმერთს როგორ

გაჰყვები შემდეგ.

სიკვდილი ჯერ ცაში წყდება, შემდეგ კი დედამიწაზე

ხდება.

მორწმუნის სულიერი საკვები განსაცდელებია.

ყველაზე მთავარი დედამიწაზე არის ლოცვის სწავლა

ანუ უნდა მოხდეს შენი ნების შეერთება ღვთის ნებასთან.

ღმერთთან ურთიერთობა და კონტაქტი არის მთავარი

აზრი ამქვეყნიური ცხოვრებისა.

შვილი არ მიიღებს დედ-მამის დარიგებას მაშინ, როცა

ისინი თავად არ ასრულებენ მას.

ხომ ხშირად გიგრძვნიათ ხატთან მისულებს, რომ არ

იცით რა სთხოვოთ მას. უმეტესად, როგორც წესი, ითხოვთ

46

თქვენი ან ახლობლების კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას,

მატერიალურ კეთილდღეობას.

ყველაზე დიდი კი ამქვეყნად

სწორი ლოცვის უნარია. ჩვენ

უფლისგან უნდა ვითხოვდეთ

ცოდვათა შენდობასა და სიბრძნეს, მისი ნების მორჩილნი რომ ვიყოთ. განა ღმერთმა

უკეთ არ იცის რა სჭირდება

ჩვენს სულს ცხონებისათვის.

ვისაც უნდა უფლის ნების

გატარება, მას ყველაფერი

მიეცემა.

საერთოდ, იცოდეთ, არც სიძვისათვის თავის დანებებაა ისე ძნელი, არც ლოთობისთვის, გაცილებით ძნელია

იმ წყენის დავიწყება, რომელიც სხვისგან მოყენებული

შეურაცხყოფით ჩასახლდა ჩვენში. ქრისტიანობა კი სულ

იმას მოგვიწოდებს, არაფრით არ ჩავიდოთ ასეთი წყენა

გულში, არ განვიმსჭვალოთ სიძულვილით არავისადმი.

თუ კაცი შინაგანად ვერ პატიობს სხვას წყენას, მის ქრისტიანობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

_ მეუფე, სიხარული დავკარგე, არაფერი არ მახარებს.

_ ეს იმიტომ, რომ ადამიანმა დაივიწყა ღვთის ნება.

ადამიანი უდიდეს სიხარულს მხოლოდ მაშინ განიცდის,

როცა მისი ნება რომ დაემთხვევა ღვთის ნებას. ამაზე

დიდი სიხარული არ არსებობს ამქვეყნად. ამიტომ უნდა

ვისწავლოთ და იმის კეთებას კი არ უნდა ვესწრაფოდეთ,

რაც ჩვენ გვინდა, არამედ იმისას, რაც ღმერთს სურს.

47

ღმერთი ღრუბელი არაა, არც რაღაც სათამაშო ნივთი,

ღმერთი არის ცოცხალი არსება, რომელიც უბრალო „ვაი,

ღმერთო, მიშველეზეც“ კი რეაგირებს.

ადამიანმა უნდა დაიწყოს

ეკლესიური ცხოვრება და

იყოს გულწრფელი, რათა

დაიჯეროს ღვთის არსებობა.

ადამიანი დედამიწაზევე

ირჩევს მომავალ სამყოფელს.

მოძღვრისთვის სულიერი

საკვები არის თავისი სულიერი შვილის სულიერი გადარჩენა და მისი სულიერი

გაზრდა.

როდესაც ღმერთთან არ არის ადამიანი, ვერასდროს

ვერ ჩერდება, უფრო და უფრო მაღალ თანამდებობებზე

ოცნებობს და ამისკენ ისწრაფვის მთელი თავისი ცხოვრება. ასეთი ადამიანი ვერ პოულობს თავის ადგილს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის თავის სულს ვერ ავსებს ღმერთით.

ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და

ღვთისმშობელს გული არ უნდა ვატკინოთ ლგბტ პრაიდის

ჩატარებით.


48

ადამიანმა ჭორი არ უნდა დაიჯეროს, სანამ თავისი

თვალით არ დაინახავს. ამიტომ, გენაცვალე, ამ ჭორების მოსმენას, ჩაიკეტეთ თქვენს გულებში და ილოცეთ:

„წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო,

შეგვიწყალენ ჩვენ“ და ღმერთი ყველაფერს გამოაჩენს.

ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ყველაზე დიდი ვაჟკაცობაა,

თქვენ რომ ვინმე გმტრობთ და ამ მტრობას მტრობით არ

უპასუხებთ.

ყველა ქრისტიანმა იცის, და თუ არ იცის, უნდა იცოდეს,

რომ განსაცდელი მაშინ მოდის, როცა ცოდვას ჩავდივართ,

ამიტომ სწორედ ამ ცოდვის ფესვები უნდა მოვიძიოთ, მოვინანიოთ და განვიწმინდოთ.

ღმერთს ძალიან უყვარს მადლიერი ადამიანი.

მორწმუნე ადამიანმა

მოღუშული სახით არასდროს არ უნდა იაროს.

თავს უნდა მოერიო და

გარეგნულად არ უნდა გამოამჟღავნო, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

49

მორწმუნეები ნუ მოიწყენთ, დღევანდელი სიდუხჭირე

სასოწარკვეთაში ნუ ჩაგვაგდებს, განსაცდელებმა არ დაგვათმობინოს სული და მტკიცედ ვიდგეთ ჩვენს სარწმუნოებაზე. გახსოვდეთ უფალი და ის ჯილდო, რომელიც მოთმინებით გადატანილი განსაცდელისათვის იქ გველოდება.

ახლა ცოტას თუ სწამს ლოცვისა, ცოტას თუ შეუძლია

ყოველი გასაჭირისას ღმერთს მიმართოს.

ეცადეთ, რომ თქვენი ნება დაუმორჩილოთ ღვთის ნებას, ღმერთს ნუ დაუწყებთ ბრძოლას, შეიძლება რთული

იყოს გასაკეთებლად, მაგრამ უფლის ნება უნდა შეასრულოთ.

მორწმუნე ადამიანს შეუძლია მთელი რაიონი აცხოვნოს.

იტვირთეთ ერთმანეთი და შეავედრეთ ერთურთი

ღმერთს, რათა დაითრგუნოს ეშმაკი და იზეიმოს მართლმადიდებლობამ.

50

ნეკრესელი

მიტროპოლიტი

სერგი

(ჩეკურიშვილი)

ბიოგრაფია

მიტროპოლიტი სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი, დაიბადა 1959 წლის 13 აპრილს

ქ. რუსთავში. ის ცხოვრობდა და იზრდებოდა ჭყონდიდელის დასახლებაში, ნეკრასოვის ქუჩაზე. 1975 წელს დაამთავრა რუსთავის მე-6 საშუალო სკოლა. გატაცებული იყო

სპორტით, კერძოდ ფეხბურთით. წლების განმავლობაში

თამაშობდა რუსთავის „მეტალურგში“, იყო საქართველოს

ჭაბუკთა ნაკრების წევრი.

1981 წლიდან მეუფემ სწავლა განაგრძო უკრაინაში,

ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ამავე პერიოდში, როგორც თავად იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში, მან

განიცადა კლინიკური სიკვდილი, რომლის დროსაც იხილა

სამოთხე და ჯოჯოხეთი... სწორედ ამ ხილვის შემდეგ მოექცა მეუფე სარწმუნოებაზე და გახდა ღრმად მორწმუნე

ადამიანი.

1985 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ზურაბ ჩეკურიშვილმა სწავლა განაგრძო

მოსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1986 წლიდან იგი

მორჩილად გადავიდა მოსკოვის წმიდა სამების სერგის

51

ლავრაში, სადაც აღიკვეცა ბერად (1987 წელს) და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ეწოდა

სახელად სერგი (წმინდა სერგი რადონეჟელის საპატივცემულოდ). წმინდა სერგის ლავრაში ბერად აღკვეცილი სერგი იზრდებოდა უხუცესი ბერების გარემოცვაში (მას ურთიერთობა ჰქონდა არქიმანდრიტ ნაუმთან, არქიმანდრიტ

კირილესთან...) და მათგან სწავლობდა ბერობასა და სულიერ მოძღვრობას.

1988 წელს საქართველოში დაბრუნებულ

ბერ-დიაკონ სერგის კათოლიკოს-პატრიარქმა

ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და ახალგაზრდა

მღვდელ-მონაზონი საფარის მამათა მონასტერში

გაამწესა. მღვდელ-მონაზონმა სერგიმ საფარაში

ბევრი იღვაწა რწმენისა

და ცოდნის ასაღორძინებლად. 1991 წელს იგი

აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 1992 წელს იქნა ხელდასხმული

ეპისკოპოსად და დაინიშნა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მმართველად. ამავე ეპარქიაში, საფარის

მონასტერში, მეუფის დიდი მონდომებით, გაიხსნა წმინდა

გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია,

სადაც მრავალი სასულიერო პირი გამოიზარდა მისი სულიერი ხელმძღვანელობით, მათ შორის ეპისკოპოსებიც.

მეუფე სერგი თავის ცოდნას სიხარულით უზიარებდა ყველას და ჭეშმარიტად, მოღვაწე ბერებად და სულიერ მოძღვრებად ზრდიდა მათ. ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის

ეპარქიაში, მეუფის ლოცვა–კურთხევით გაიხსნა მრავალი

ტაძარი და მონასტერი, იკურთხა სასულიერო პირები,

გამოიცა გაზეთი „საფარა“, იბეჭდებოდა წიგნები და სუ-

52

ლიერად აღორძინდებოდა ეპარქია. სასულიერო წიგნებსა და ბროშურებს მეუფე სერგი სიცოცხლის ბოლომდე გამოსცემდა და უსასყიდლოდ არიგებდა.

1995-2002 წლებში მეუფე სერგი იყო საქართველოს საპატრიარქოს სატელევიზიო გადაცემათა შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი. 1996 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 1997 წლიდან დაინიშნა ახლად აღდგენილ ნეკრესის ეპარქიაში, სადაც მისთვის დამახასიათებელი სიყვარულითა და ენერგიით გააგრძელა მოღვაწეობა. ამის შედეგია ის, რომ 1998 წელს ლაგოდეხში მეუფე სერგიმ აღადგინა ყაზანის საკათედრო ტაძარი, რომელიც საბჭოთა პერიოდში პარაშუტების საწყობად იყო ქცეული, 2000 წელს კი აღადგინა გრემის მამათა მონასტერი, შემდეგ – ნეკრესის მამათა მონასტერი და ასე, თანდათან, აღადგენდა და ხსნიდა ეკლესია-მონასტებს, საგანმანათლებო დაწესებულებებს (მაგალითად, ყვარელში გახსნა

გიმნაზია, ხოლო 2009 წელს გრემში დააფუძნა აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარია. ამავე სასწავლებლის ბაზაზე, 2014 წ. ჭაბუკიანში (შემდგომ ლაგოდეხში) გახსნა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი გოგონებისათვის, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ხატწერას, გობელენის ხელოვნებას, თექას, ქარგვას, ხეზე კვეთას, გალობასა და მედავითნეობას). თავდაპირველად მეუფეს სამი სასულიერო პირი დახვდა ნეკრესის ეპარქიაში, დღეისათვის კი აქ ორმოცდაათზე

53

მეტი სასულიერო პირი მოღვაწეობს. ამგვარად აღესრულებოდა მეუფე სერგის მიერ ნეკრესის ეპარქიის სულიერი აღორძინება.

2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე სერგის მიებოძა მიტროპოლიტის წოდება, ხოლო 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით, 2013 წელს კი მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო – წმინდა ნიკოლოზის ორდენი.

მეუფე სერგის მინიჭებული აქვს ასევე რამდენიმე

ქალაქის (კერძოდ: ყვარლის, ლაგოდეხისა და ახალციხის) საპატიო მოქალაქის წოდება.

დიდია მეუფის წვლილი საქართველოში ბერმონაზვნური სკოლის განმტკიცების საქმეში. გავიხსენებთ მის სიტყვებს: „ოთხმოციან წლებში, როცა ბეთანიის მონასტერში ვიყავი მორჩილი, მაშინ დავინახე, თუ როგორ სჭირდებოდა საქართველოს ბერ-მონაზვნები და გადავწყვიტე სემინარიაში ჩამებარებინა და ღირსეული ბერი გავმხდარიყავი.“

მიტროპოლიტი სერგი იყო ჭეშმარიტად ღირსეული და მისაბაძი სასულიერო პირი. სამწუხაროდ, 2021 წლის 19 სექტემბერს, მეუფე სერგი, სრულიად მოულოდნელად, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ლაგოდეხში, მის მიერ აღდგენილ ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.


54


55

წიგნის გამოცემაზე მუშაობდნენ:

დიდ მადლობას ვუხდით წიგნის გამოცემაში გაწეული

ფინანსური დახმარებისათვის მეუფე სერგის მეგობრებს.

მღვდელ-მონაზონი დავითი (კირკიტაძე)

მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (წიქარიშვილი)

მორჩილი ნიკოლოზი კიკვაძე

ეკატერინე ქორიძე, ფილოლოგიის დოქტორი

ნიკოლოზ ხარებავა

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მასალები მოგვაწოდა

და დახმარება გაგვიწია წიგნის გამოცემაში

გამოსაცემად მომზადდა ნეკრესის ეპარქიაში

ღმერთი გაგახარებთ!




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2024
სულ რედაქტირებულია 24





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0