სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
საინტერესო იგავი დედობაზე, სოლომონ ბრძენი
ბმულის კოპირება

სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

88       ბეჭდვა

საინტერესო იგავი დედობაზე, სოლომონ ბრძენი

დედა   იაკობ პაპიაშვილის შემოქმედება

ეს თქმულება პაპისაგან გამიგონია, სოლომონის მეფობის ხანაში მომხდარა, — ასე დაიწყო ამბის მოყოლა მოხუცმა მწყემსმა, რომლის თეთრი წვერი ახლად მოსული თოვლივით ბრწყინავდა შავ ნაბადზე. უზარმაზარ, თეთრ ლოდზე ჩამომჯდარიყო იგი აზვირთებული მდინარის პირას. თავზე ნაცრისფერი ბოხოხი ეხურა და მხარზე მიყრდნობილი მსხვილი კომბალი მარჯვენა ხელით ეჭირა. მის გარშემო ახალგაზრდა მწყემსები ისხდნენ, გულისყურით უსმენდნენ მოხუცს.

ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. მდინარე გაცოფებული ცხოველივით მოღმუოდა ლოდებშუა, მოიბრძოდა, ბობოქრობდა.

— ტყუილა როდი შეარქვეს ბრძენი სოლომონს, — ამბობდა მოხუცი, — თეთრი მტრედები ზეთისხილის რტოთი პირველად მისი მეფობის დროს აფრინდნენ ცის კაბადონზე; იქნებ განგების ნებაც ეს იყო, სოლომონი ხომ ბიბლიური სახელია და ქართულად „მშვიდობას“ ნიშნავს. ჰაი, გიდი, იმ ზღაპრულ ხანაში სამართალს კაცი ფულით ვერ იყიდიდა. უზენაესი მსაჯული თვითონ მეფე იყო და აბა, ქრთამს ვინ შეჰბედავდა.

სამოცდაათ ენაზე ლაპარაკობდა სოლომონი, წარმოთქვა სამი ათასი იგავი და შეთხზა ხუთი ათასი საგალობელი და ყოველი მათგანის აზრი ისე დამძიმებულიყო სიბრძნით, რომ მთელი ზღვისპირეთის ოქრო-ვერცხლი ვერ გადასწონიდა. მეფობის პირველსავე წელს აკრძალა მან ყრმათა და ქალწულთა მსხვერპლად შეწირვა. მეფის რისხვამ წალეკა ადამიანთა სამსხვერპლო. დედას აღარ აშინებდა ბავშვის შობა, არავის ჰქონდა უფლება მისი ჩვილი მსხვერპლად მიეტანა ღვთაების გავარვარებულ ხახაში. ამიტომ შეაჩვენეს ხელმწიფე მღვდელთმოძღვრებმა და წარმართმა ქურუმთუხუცესებმა, მაგრამ სოლომონი მათ როდი ეპუებოდა.

ჰოდა, იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა და მსოფლიოს მოედო სოლომონის სიბრძნის ამბავი. რკინის ქალამნებით მიდიოდნენ და მიდიოდნენ მისი სასახლისაკენ ჭეშმარიტების საპოვნელად ღარიბნი თუ მდიდარნი.

ერთხელ, გაზაფხულზე, როცა სოლომონს „იომ-მიშფატი“ (1) ჰქონდა დანიშნული, მისი უერთგულესი მრჩეველი და ყალააცაბა ბენაია (2) ლიბანის მაღნარის ბეთ-დინში (3) ორ ქალს შეუძღვა.

სპილოს ძვლისაგან გამოთლილ და ოქროთი მოვარაყებულ ტახტზე იჯდა სოლომონი. ტანზე ძოწეული ემოსა, შავი სირმებით გაწყობილი ქსოვილი ფერადოვან ნაქარგებში იჩქმალებოდა. ჩასხმული ვაჟკაცი იყო, მხრებგაშლილი, თმა-წვერი გვარიანად შევერცხლოდა. ტახტზე ასვლა შვიდი საფეხურით შეიძლებოდა; თითოეულს კიდეებში, აქეთ-იქით, ლომები ედგნენ დარაჯად: თოთხმეტი გოროზი მხეცის მოდუნებული სხეული გართხმულიყო ძვირფას ხალიჩაზე, აღმოსავლელი მხატვრების ხელით რომ იყო ნაქარგი.

მეფემ თავი ასწია.

ქალი, რომელსაც ჩვილი ბავშვი მკერდზე ძალუმად მიეკრა, თვრამეტი წლისა იქნებოდა; უბრალო, სადად შეკერილი კაბა ეცვა, მხრებზე შავი თმები ეყარა, ვაზის ლერწივით ასხეპილი ყელი აეღირა, შეშფოთებული სახე ჰქონდა, მზერა დანასავით მჭრელი; იგი მთელი სხეულით თრთოდა.

მეორე, ასე ოცდაათი წლის ქალი, ფარჩა-აბრეშუმში გახვეული, ყელზე ბრილიანტისთვლიანი ოქროს ჯაჭვი რომ ეკიდა, სამეფო ტახტს მიუახლოვდა, ნაძალადევი, ყასიდი მოკრძალებით თავი დახარა და მეფეს მოახსენა, — ასე და ასეო, დიდვაჭრის მეუღლე ვარო, იმიტომ გეახელით, რომ ამ გომბიომ შვილი წარმტაცაო. ეგ უბედური ჩემს მეზობლად ცხოვრობს, ღარიბია, არავინ იცის ვისგან დაორსულდა, მამამისმა სახლიდან გააგდო; იმ ავბედით ღამეს შემთხვევით ორივემ ერთ ბებიაქალთან მოვილოგინეთ, ჰოდა, მძინარემ შვილი ლოგინში გასრისა, ამაზე ჭკუა აერია საწყალს, ადგა და ღამით ბავშვი შემიცვალა. შეძრწუნებული ბებიაქალი ასე გაიძახოდა, — რა ვთქვა არ ვიციო, თქვენი ბიჭები თითქმის ერთდროულად დაიბადნენ და ერთმანეთს ტყუპისცალებივით ჰგავდნენო. ურჩევნია ამ ბედდამწვარმა ღატაკმა ჭკუას მოუხმოს, დამიბრუნოს ჩემი ბიჭი და ოქრო-ვერცხლით ავავსებ.

ერთი სიტყვით, ისეთები გადმოალაგა, მეფის ნათელი სახე ავის მომასწავებელი ღრუბელივით მოიქუფრა. მისმა დაჟინებულმა მზერამ ახალგაზრდა ქალი, ისედაც ფერმიხდილი, უნებურად აალაპარაკა:

— ტყუის, მეფეო, უღვთოდ ტყუის! ბავშვი ჩემია. ღმერთმა ხომ იცის, არ მომიპარავს იგი. – ეს სიტყვები სასოწარკვეთილი, გულისშემძვრელი ხმით იყო თქმული, რის გამოც მეფემ სინანულით გაიფიქრა:

„სამართალი ფიჭის თაფლი არ არის, რომ მისი სიტკბოთი ყველას აამო“. |

გასაჭირში ჩავარდა სოლომონი, აქეთაც დედა, იქითაც დედა. მართალია ერთი — ღარიბი და გატანჯული, მეორე – მდიდარი და კმაყოფილი, მაგრამ, გინდ ასე თქვი, გინდ ისე, ორივე დედაა და ორივე ერთ ბავშვზე გაიძახის — ჩემიაო. მოდი და განსაჯე, როგორი განსასჯელია!

— ამბობ, არ მომიპარავსო, იქნებ უქმრობასაც ტყუილად გწამებენ? — ეკითხება ბავშვიან ქალს.

— არა, ეგ მართალია, ქმარი არა მყავს.

— ვინ არის ბავშვის მამა?

— მწყემსია, უბრალო!  — ახლა სად არის?

— არ ვიცი.

სოლომონი ერთხანს დუმდა, მერე ახალგაზრდა ქალს დაკვირვებული, გამომცდელი მზერა შეავლო და დაშაქრული ხმით უთხრა:

— მარტოხელას ბავშვის გაზრდა გაგიჭირდება, დათმე ეგ პატ არა ბიჭი, ვერა ხედავ, სამაგიეროდ ოქრო-ვერცხლს გპირდებიან, გამდიდრდები.

— შვილს ცოცხალი თავით არ დავანებებ; ვიშრომებ, ვიშიმშილებ, გავზრდი! მაშინ მეფემ პირქუშად უთხრა:

— რადგან ჩემი რჩევა არ შეისმინე, მიპასუხე: ღამით, ლოგინში პირმშო რომ გასრისე, ნუთუ გაანჩხლებული ბალღის ღნავილი არ გესმოდა?

— ოჰ, მეფეო, გემუდარებით, ნუ დაუჯერებთ საშინელ ცილისწამებას, რა დამაძინებდა, თავს ვევლებოდი ჩემს პატარას, ვაკვირდებოდი, სახით მამას ხომ არ ჩამოჰგავს-მეთქი. ძალიან, ძალიან მსურდა, რომ ჰგვანებოდა. თვალწინ მედგა ჩემი მზეჭაბუკი.

სოლომონის თვალებში წამით უცნაური სხივი გაკრთა, მზეჭაბუკი საიდან სადაო, განა ბავშვის მამა უბრალო მწყემსი არ არისო, გაიფიქრა, უბრძანა, ეამბნა ყველაფერი, რაც თავს გადახდა.

— გასულ გაზაფხულს, მაისის მიწურულს ქალაქიდან არც ისე შორს, ბებიასთან გამგზავნეს. ზაფხულს, ჩვეულებრივ, იქ ვატარებდი. მისი პატარა კოხტა სახლი მთის ფერდობზე დგას, მდინარის პირას. იქვე, მახლობლად წყაროს წყალიც ჩამოდის, ცივი და ანკარა. მიყვარს სოფელი, განსაკუთრებით ზაფხულში. მზე ნათელია და დიდი, ნამდვილი საოცრებაა. გამთენიისას ვიღვიძებდი და უმალ მთისკენ გავრბოდი მზესთან შესახვედრად! მივიწევდი მაღლა, სულ მაღლა.. გული მიგრძნობდა, მოვიდოდა იგი, ვისაც დიდი ხანია ველოდი.

წინათგრძნობა ამიხდა, გამოჩნდა ჩემი მზეჭაბუკი. იმ დღეს ლურჯად ხასხასებდა ივნისის კრიალა ზეცა… მთის ფერდობზე ბილიკს მაღლა მივუყვებოდი. ერთგან შევდექი და მიდამოს გადავხედე. სოფლის ბოლოში თეთრი ფარა მოიზლაზნებოდა. უცებ სალამურის ხმა შემომესმა. ვიღაც ჯადოქარივით აკვნესებდა ლერწამს. ჰანგი იყო ახლობელი და ლაღი. სალამური მე მიხმობდა. მწყემსებს ყმაწვილი გამოეყო, ჩემსკენ გამოემართა. ვიცანი; ერთი წლის წინ იქეთ გამგზავრებისას, წყალი მომთხოვა, მე არ დავზარდი და დოქით წყაროს წყალი მივაწოდე; შეიძლება ვეღარ გნახოო, ჩაილაპარაკა როცა წყურვილი მოიკლა და უკანვე გაბრუნდა. მაგრამ აი, წელიწადი გავიდა და კვლავ გამოჩნდა.

ვაჟს ახოვან ტანზე უბრალო ჯვალო შემოტმასნოდა. ვიწრო, უხეში შარვლის ტოტები პაჭიჭებში ჩაეტნია, მზით შერუჯულ შუბლზე გიშრისფერი თმები გადმოყროდა, თვალებში ნაკვერჩხლები უელავდა. ალბათ ისევ წყაროს წყალი თუ მოისურვა მეთქი; მთიდან გადმოვფრინდი. მასთან გავჩნდი. სახე აელეწა, მეც ცეცხლი მომეკიდა.

ხელზე ხელი წამავლო.

— მომთაბარე ვარ, გოგო. ვინ იცის ბედი სად გადამისვრის; დღეს აქა ვარ, ხვალ იქ. იმადაც გითხარი შეიძლება ვეღარც გნახო-მეთქი.

ამათვალ-ჩამათვალიერა და სულშეგუბებულმა ძლივს ამოღერღა:

— რამოდენა გაზრდილხარ!

ქალმა თავი ჩაღუნა. ბავშვი არ ტიროდა, მაგრამ მაინც მიეალერსა, ხელებში დაარწია, იავნანაო, ვარდოვ ნანაო, — ჩუმად, ხმატკბილად ჩაუღიღინა.

— იმ დღეებს რა დამავიწყებს, დიდო მეფეო, დუღდა გული, ელოდა, ელოდა… სამი თვის მერე იალაღს სიყვითლე შეეპარა. ცხვარი ვერ ძოვდა უხეშსა და ხმელ ბალახს. წავიდა ჩემი მწყემსი, გაჰყვა თეთრ ქარავანს. გული ჩამწყვიტა, მაგრამ არა ვნანობ, დაილოცა მისი მშობელი… — მერე კილოშეცვლილი ხმით დასძინა: — ჩემი ბიჭი ალიკვალი მამაა, შემოევლოს ჩემი სიცოცხლე, არავის დავაჩაგვრინებ. — თქვა და ახლა წამწამებდახრილი ოდნავ ხმადაბლა ალაპარაკდა:

ორიოდ თვეში მუცელი მენძრა. ნაყოფის პირველმა განძრევამ ძალიან გამახარა, თუმცა ის დღე ჩემთვის არ ყოფილა ბედნიერებით გაცისკროვნებული. რაღა დაგიმალოთ, თვალწინ მამაჩემის გოროზი გამოხედვა დამიდგა და ერთბაშად მოვარდნილმა შიშის ნიაღვარმა ჩაკლა დედის სიხარული. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს დავუწყე ძებნა, მაგრამ საითაც არ გავიხედე, საითაც არ მივაპყარ ფიქრი, არსაიდან არ ჩანდა ხსნა, ისეთი ვერაფერი მოვისაზრე, რაც მამის რისხვას მაშორებდა; იმედი გადამეწურა და გადავწყვიტე თავი მომეკლა. ოჰ, მეფეო, სიკვდილისა ვის არ ეშინია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავდი. კლდის პირს მივადექი, ერთი ნაბიჯიღა იყო საჭირო და… სწორედ იმ წამს ბავშვი ისე აფართქალდა მუცელში, როგორც განწირული ჩიტი. მივხვდი, მას სიცოცხლე ეწადა და ვერ გავიმეტე ეს პაწაწინა, უცოდველი არსება, ნაყოფი ჩემი ბრმა გულისთქმისა; ბედს შევურიგდი.

სინამდვილე რომ შეიტყო, მამა საშინლად განრისხდა და სახლიდან გამაგდო. დედაჩემმა შემიბრალა, საწყალი აქეთ ეცა, იქეთ ეცა, ბოლოს იმდენი მოახერხა, მეზობელ უბანში მყუდრო ოთახი დამიქირავა და იქ მალულად მივლიდა.

ერთხელ, მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, ღამით, ბურანში მყოფს უცნაური ხმა მომესმა. მე მეძახდნენ. თვალი გავახილე. ადამიანის მსგავსი არსება ცეცხლისმაგვარი ფრთებით სასთუმალთან ჩამომჯდარიყო, შიშისაგან თვალები დავხუჭე. ყვირილი მინდოდა და ენა არ დამემორჩილა, განძრევა მინდოდა და ვერ შევძელი. ერთხანს გარინდებული ვიწექი, მერე ნელ-ნელა გავხსენი ქუთუთოები. მომეჩვენა იმავე ადგილას იჯდა. დავაკვირდი. პირისახით თითქოს მე ჩამომგავდა, ოღონდ შედარებით ფერმკრთალი იყო, მომხიბლავად მიღიმოდა. ალბათ, მიხვდა, გრძნობაზე რომ მოვედი და სასთუმალთან დაიხარა, ცეცხლოვანი ფრთა ლოყაზე ალერსიანად მომისვა, რაღაც მანიშნა. ვერ გაუგე, რა უნდოდა, იმ დღიდან გამიშინაურდა, შუაღამისას გამოჩნდებოდა ხოლმე, ხან თავთით დამიჯდებოდა, ხან კიდევ ფრთებს გაშლიდა, ოთახში მსუბუქად დაფარფატებდა, თან ღიმილით მანიშნებდა — გავყოლოდი…

მალე ბებიაქალთან გადამიყვანეს. იქ ჯოჯოხეთური ტკივილები დამეწყო. ის იყო, სიმწრით წამოდგომა დავაპირე, რომ მოჩვენება კვლავ გამოჩნდა. ალისფერ ბაგეზე ნეტარების ღიმილი

უკრთოდა, თავი მხარზე დამადო; მეალერსებოდა, მამშვიდებდა. ტკივილი თანდათან მომეშვა, ბავშვის მოძრაობა ახლა ყრუ იყო, შებოჭილი. და… ჰოი, საკვირველებავ, მოჩვენებამ ენა ამოიდგა:

— ნუ გეშინია, საცოდავო, მოვედი, რათა გადაგარჩინო. სიცოცხლეში ტანჯვა-წამება გელის და მინდა გიხსნა. მე… სიკვდილის ანგელოსი ვარ, მეგობარო. წამოდით შენა და შენი შვილი ჩემთან; იმ მხარეში, სადაც მე ვცხოვრობ, სიმშვიდეა და სიმყუდროვე; იქ ყველაფერი იდუმალი და დიადია, როგორც თავად სიკვდილი. ნუ გეშინია, ნუ… დამიჯერე, ცხოვრება ათასნაირ უბედურებათა ქაოსია, მარადიული შფოთი და ვნებათაღელვაა, და რადგან ბოლო მაინც სიკვდილია, მე მომენდე, ასე უმჯობესია ორთავესთვის.

ნექტარივით ტკბილი ენა ჰქონდა; ვგრძნობდი, ნელ-ნელა ვიძირებოდი მისი შავი თვალების უფსკრულში. მერე… მზე ვიხილე, მხოლოდ ერთი წამით იქმნა ნათელი; ამან მიშველა, არაბუნებრივი კივილით შევძარი იქაურობა. და… გაბმული ტირილი გავიგონე. ძალაგამოცლილი სასთუმალზე მივესვენე თუ არა, ბებიაქალმა მომახარა, — ბიჭიაო და ბავშვი გვერდით მომიწვინა…

სოლომონი ყურადღებით ისმენდა უცნაური სიყვარულის ამბავს, მაგრამ მოსმენა ერთია და ჭეშმარიტების დადგენა მეორე; როცა ახალგაზრდა ქალმა ამბის თხრობა დაასრულა, მოსამართლემ ასწია შევერცხლილი გოროზი თავი და ხელი საფეთქელთან მიიტანა, გაიხსნა ზღაპრულ სიბრძნეთა სამყაროს კარი და…

— ბენაია, ამ საცოდავს ბავშვი გამოართვი, შუაზე გაჰკვეთე და ლომებს მიუყარე, თორემ ხომ ხედავ, უსაქმურობისაგან მიეძინათ მხეცებს.

ხმა ცივი და შეუვალი იყო.

მეფის ბრძანებას ვინ გადასვლია და… ყალააცაბა თავჩაღუნული გაემართა გაფითრებული ქალისაკენ, ბავშვი უნდა წაერთმია. იმ წუთში, როცა დიდვაჭრის ცოლს ცბიერმა ღიმილმა გადაჰკრა, ახალგაზრდა ქალი სოლომონთან მიიჭრა, ბავშვი ფერხთით დაუწვინა და შესძახა:

— მეფევ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ დანაშაულს. ბავშვი… არ არის ჩემი. დაუბრუნეთ იგი ნამდვილ დედას!

ამგვარი ფანდით სოლომონმა ადვილად გამოიცნო ვინ იყო ბავშვის დედა; ყველაფერი ცხადი გახდა და მეფეს ისღა დარჩენოდა გამოაშკარავებული დამნაშავე დაესაჯა, მაგრამ მთავარი აქ სხვაა, რაც შემდეგ მოხდა. როცა მეფის ბრძანებით მცველებმა დიდვაჭრის ცოლი დარბაზიდან გაიყვანეს, ახალგაზრდა ქალი ანაზდად თავის კეთილისმყოფელთან მიიჭრა, ჩაიჩოქა, უნდოდა მისთვის მუხლები დაეკოცნა, მაგრამ სოლომონმა იგი მყისვე წამოაყენა.

— დედას ღვთის წინაშეც არ ეკუთვნის მუხლის მოდრეკა!

— რა გქვია?

— სულამითი, მეფევ ბატონო.

— ბენაია, დე, იყოს ვაჟი სულამითისა სოლომონის ძე! — მოულოდნელად ხმამაღლა წარმოთქვა მან, — მიეცი მათ ერთი ტალანტი ოქროთი სახელმწიფო ხაზინადან, მე ვასაჩუქრებ! უხმე აგრეთვე სულამითის მამას, აგრძნობინე, კაი ყმა ქვეყნისთვის ოქროზე ძვირად რომ ფასობს და უბრძანე, დაეხმაროს ქალიშვილს ბავშვის აღზრდაში. — თქვა მეფემ, — დიდვაჭრის ცოლი მკაცრი სასჯელის ღირსია ცილისწამებისათვის; მაგრამ ქალია, თან დედობაც სწადია; ამიტომ განაჩენი შეუმსუბუქდება. მიბრძანებია! უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში შეარჩიეთ ორი ბიჭი, ვინც თვითონ ინდომოს; იშვილოს, დაე ორივენი გაზარდოს! — მეფემ მარჯვენა ხელი შემართა, — განაღეთ ბჭენი დარბაზისანი, — ბრძანა მან, — გზა მიეცით ქალს — დედას! მუხლი მოიყარეთ მის წინაშე, ფეხქვეშ დაფნის რტოები დაუფინეთ!

ახალგაზრდა დედის სახიდან მზემ გამოაბრწყინა, იგი ბავშვით ხელში დარბაზიდან გადიოდა. სასახლის მცველნი, მუხლმოდრეკილნი, დედის ფეხქვეშ დაფნის რტოებს აფენდნენ…

ასე დაასრულა მოხუცმა მწყემსმა ძველთაძველი თქმულება.

— პაპა ყარამან, — ჰკითხა მას ახალგაზრდა მეცხვარემ, — ის მზეჭაბუკი ადამის ჯილაგისა ხომ იყო, კაცო, ნუთუ სულამითს არ მოძებნის?

— ჰაი, ჰაი, რომ მოძებნის, მოძებნის და… თუმცა უკვე გვიანია, დანარჩენს ხვალღამ გიამბობთ, ჩემო შევარდნებო, — თქვა მოხუცმა და კომბალს დაებჯინა…

ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. მდინარე გაცოფებული ცხოველივით მოღმუოდა ლოდებშუა, მოიბრძოდა, ბობოქრობდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.03.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0