სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ვახტანგ  გზირიშვილი 1988-2008წწ გარდ. 20 წლის, სამაჩბლში დაბ. სმოლენსკი რუსეთი, ცხოვრ. რუსთავი ვახტანგ  გზირიშვილი 1988-2008წწ გარდ. 20 წლის, სამაჩბლში დაბ. სმოლენსკი რუსეთი, ცხოვრ. რუსთავი ვახტანგ  გზირიშვილი 1988-2008წწ გარდ. 20 წლის, სამაჩბლში დაბ. სმოლენსკი რუსეთი, ცხოვრ. რუსთავი ვახტანგ  გზირიშვილი 1988-2008წწ გარდ. 20 წლის, სამაჩბლში დაბ. სმოლენსკი რუსეთი, ცხოვრ. რუსთავი ვახტანგ  გზირიშვილი 1988-2008წწ გარდ. 20 წლის, სამაჩბლში დაბ. სმოლენსკი რუსეთი, ცხოვრ. რუსთავი

1988-2008 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი გზირიშვილი სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ვახტანგ გზირიშვილი 1988-2008წწ გარდ. 20 წლის, სამაჩბლში დაბ. სმოლენსკი რუსეთი, ცხოვრ. რუსთავი

ვახტანგ გზირიშვილი  ბადრის ძე – კაპრალი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელი. დაიბადა 1988 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

დაიბადა 23 აპრილი 1988 წელი



8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი. რუსეთის მიწაზე შობილს რუსებმა მოუღეს ბოლო მშობლიურ ქართულ მიწაზე. ვახტანგ გზირიშვილი 1988 წელს დაიბადა, სმოლენსკის ოლქში, ქალაქ იარცევოში, იქ მისი მშობლები მუშაობდნენ მშენებლობაზე, მამა – დურგლად, დედა – მღებავად.


მათ უკვე ჰყავდათ უფროსი ქალიშვილი, ვახტანგის უფროსი ძმა კი, ერთი წლის ასაკში, ჯერ კიდევ რუსეთში წასვლამდე დაეღუპათ. ვაჟის დაღუპვის შემდეგ, ქალბატონ მარინა გზირიშვილს აღარ უნდოდა შვილის გაჩენა, მაგრამ მეუღლემ სთხოვა, გული მიგრძნობს, ესეც ბიჭი იქნება და გააჩინეო. გააჩინა, მაგრამ განგებამ არც ის შეარჩინა. საქართველოში არეულობა რომ დაიწყო, გზირიშვილებმა იარცევოდან ბინა გლდანში გადმოცვალეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. მერე იყო აფხაზეთის ომი. ბადრი გზირიშვილი გამოიძახეს და იმ ღამესვე ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. ვახო სულ ოთხი წლის იყო მაშინ. მარინა გზირიშვილი: „ომიდან 2 თვეში დაბრუნდა. ვეხვეწებოდი, რომ აღარ წასულიყო. რას ჰქვია, არ წავიდე, თითისტოლა ბავშვები იბრძვიან და მე აქ სახლში ვიჯდეო? წავიდა. წავიდა და წავიდა. ბოლოს ტელევიზიით ვნახე. ბავშვმა დამიძახა, მამიკოა


ტელევიზორშიო. მეომრებს ინტერვიუებს ართმევდნენ. კორესპონდენტმა ჰკითხა, ვის გინდათ გადასცეთ მოკითხვა, ვის და ჩემს ცოლ–შვილსო. კორესპონდენტი კადრიდან გავიდა, ეკრანზე მარტო ბადრი დარჩა: გამარჯობა მარინა, როგორ ხართ, აბა შენ იცი. ხომ ვიცი, რა მაგარი ქალი ხარ. თუ ცოცხალი არ დავბრუნდი, ვახტანგი ვაჟკაცად გამიზარდეო. ეგ იყო და ეგ, ჩამოასვენეს კიდეც მალე. 28 წლის ვიყავი, რომ დავქვრივდი. ჩემი დამხმარე არავინ ყოფილა…


ვახო თავიდან თბილისში შევიყვანე სკოლაში, მაგრამ მერე რუსთავში გადმოვიყვანე. 7 წლიდან დედაჩემი ზრდიდა მეტწილად. მე სულ კაცივით გარეთ ვიყავი, სულ იმის ფიქრში ვათენ-ვაღამებდი, რომ ჩემი შვილებისთვის ლუკმაპური მეშოვა; რომ ჩემს ვახოს სხვისი ჯიბისკენ თვალი არ გაქცეოდა… დედაჩემი ახლახან გარდაიცვალა, დარდს გადაჰყვა. სულ ეხვეწებოდა, წამიყვანეო… ვახოს ბუნდოვნად ახსოვდა მამამისი. რომ დავაჟკაცდა და 15 წლის გახდა, მაშინ მკითხა, მამაჩემი როგორი კაცი იყოო. მითხრა, მარტო ის მახსოვს, ლეკვი რომ მოგვიყვანა სახლში და შენ რომ გაუბრაზდიო. რა დღეში იყო ვახო, როგორ უხაროდა, არ მოგცემ, არ მოგცემ ლეკვსო. არ წაიყვანოო… ვახო ძალიან უთქმელი, ჭკვიანი ბიჭი იყო, ერთადერთხელ ვცემე, ისიც სხვისი გულისთვის. მეზობლის ქალს აერია, შენმა შვილმა ჩემს შვილთან პოკერებში ითამაშა ხაჭაპურზე და ლიმონათებზეო. ვახომ კი მითხრა, დამნაშავე არა ვარო, მაგრამ არ დავუჯერე. მერე მთელი ღამე ვტიროდი, პატიებას ვთხოვდი. ვახოს ცემა არ სჭირდებოდა, უთქმელად გვესმოდა ერთმანეთის. ბევრი რამ აკლდა ვახოს, მაგრამ უწიგნოდ არასოდეს დამიტოვებია. მიზეზი რომ არ ჰქონოდა, წიგნი არ მქონდა, გაკვეთილი ვერ ვისწავლეო.

მამა ბადრი გზირიშვილი გარდაიცვალა 1993 წელს აფხაზეთში


ოჯახთან ერთად

ლიტერატურა უყვარდა… სკოლა რომ დაამთავრა, მე აქ აღარ ვიყავი, 2005 წელს საბერძნეთში წავედი, შემდეგ თურქეთში გადავედი სამუშაოდ. მე სხვის შვილებს ვუვლიდი, ჩემი შვილი კი აქა მყავდა, მოუკვდა დედა… ბანკეტი რომ ჰქონდათ, ფული გამოვუგზავნე კოსტიუმისთვის, არ იყიდა, თავის დას მისცა, თქვენ გიჭირთ, არ მინდა, ბანკეტზე ისეც წავალო. მისი ბანკეტის სურათებს რომ ვუყურებ, გული მიკვდება, ყველას კოსტიუმები აცვია და ჩემს ვახოს არ აცვია… ვამზადებდი, მაგრამ ინსტიტუტში ჩაბარება აღარ მოინდომა, გული აიცრუა. 2007 წელს ჩემთან იყო ჩამოსული ორი თვით, იმის მერე თვალით არ მინახავს, მკვდარი დამხვდა აქ… კომისარიატიდან გამოძახება გამოძახებაზე მოსდიოდა თურმე, მერე უფიქრია, საკონტრაქტო ჯარში შევალო. არც მითხრა, მიმალავდა, სამი თვის თავზე გამიმხილა: დედა, მომილოცე, ჯარისკაცი გყავარო. ეს რომ მითხრა, გეგონება, გულში ხანჯალი ჩამცეს. გავქვავდი. გული სულ აფორიაქებული მქონდა.


რაღაც შიში გამიჩნდა… ომამდე ერთი თვით ადრე მითხრა: დე, კი არ გაიგიჟო თავი, მაგრამ შეყვარებული მყავს, ცოლად უნდა მოვიყვანოო. ვეხვეწებოდი, ერთი წელიც მაცალე, ბინას გიყიდით, მანქანასაც-მეთქი. ცოლს რომ მოიყვანდა, ხომ უნდა აღგვენიშნა, დაბადების დღეც არ გადამიხდია, რაც წამოიზარდა. დამიჯერა: კარგი, დედა, ერაყისთვის გვამზადებენ, რომ ჩამოვალ, მერე მოვიყვანო. ბოლოს ხუთ აგვისტოს ველაპარაკე და: ოქტომბერში, სანამ ერაყში წავალ, უნდა ჩამოგიყვანო, ნანა უნდა მოვიყვანო ცოლად, ბანკიდან კრედიტს გამოვიტან, ბინას ვიგირავებ, გეყო წვალება, ახლა მე უნდა შეგინახოო. ბოლოს მთხოვა, ნათიას უთხარი, ინტერნეტკაფეში მიგიყვანოს, „სკაიპით“ მინდა გელაპარაკო, ძალიან მენატრებიო. და იცოდე, ძალიან მიყვარხარო. ეგ იყო და ეგ. მეტი ხმა აღარ გამიგია. „ესემესებსაც“ რომ მომწერდა, ბოლოს აწერდა: დე, ძალიან მენატრები, ძალიან მიყვარხარო. ვახოს „ესემესებს“ სულ ვინახავდი, არ ვიცი, რატომ… არაფერი დამრჩა ჩემი შვილისგან, გარდა სურათებისა და ტანსაცმლისა…“ მარინა გზირიშვილმა არც იცოდა, საქართველოში ომი რომ დაიწყო. ვერ იცლიდა ტელევიზორის საყურებლად. იმხანად ქალიშვილიც იქ იყო, ბებიასმონატრებული შვილიშვილები ჩაუყვანა.


ომის დაწყების ამბავი თურქებისგან გაიგო და შოკირებული ტელევიზორს მიეჯაჭვა. შვილთან რეკვა ატეხა, 97 მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო. მარინა გზირიშვილი: „7-ში, ღამით, 8 რომ თენდებოდა, „ესემესი“ აქვს მიწერილი შეყვარებულისთვის: ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მეყვარები, ძალიან გთხოვ, დედაჩემს, ჩემ დას არ გააგებინოთ, რომ მე ფრონტის ხაზზე ვარ, თორემ მე რომ ვიცი დედაჩემის გიჟი თავის ამბავი, გამოქანდება და პირდაპირ ომში შემომივარდებაო. ომის დაწყება გავიგე თუ არა, მართლაც გამოვრბოდი, მაგრამ ავტობუსზე 9 აგვისტომდე ბილეთი არ იყო, თვითმფრინავის ბილეთის ფასი 600 ევროზე ავარდა და არც იშოვებოდა. გაგიჟებას ვიყავი.


ჩემი გოგოს მაზლიც 42-ე ბატალიონში მსახურობდა, ოღონდ უზრუნველყოფაში, ისინი ბრძოლის ველზე არ იყვნენ. ვახო მეტყვიამფრქვევე იყო და ხაზზე იყო… ჩემმა გოგომ მაზლს, ირაკლის დაურეკა, ირაკლიმ მოგვატყუა, ვაზიანში ვართო. ვითომ გული დავიწყნარე. ვიფიქრე, ალბათ, ბაზას იცავენ-მეთქი, მაგრამ ეჭვი შემეპარა, დავარეკინე, თუ ვაზიანშია, მიუტანოს ვახოს ტელეფონი, დამალაპარაკოს- მეთქი. მარინა დეიდა, ამ წუთას აქ იყო, ერთად ვჭამეთ, ხომ იცი, მე უზრუნველყოფაში ვარ, სხვადასხვა შენობებში ვართო. ესეც მომატყუა.


თურმე ერთ შენობაში არიან. მერე ირაკლის ტელეფონიც არ პასუხობდა, დროზე ავიბარგოთ-მეთქი, 9-მდე ბილეთები არ იქნებაო. მოვიდა რვა. მთელი ღამე არ მიძინია, ზეზეულად წამთვლიმა და კოშმარი ვნახე, ვითომ სამება დაბომბეს. გათენდა 8 აგვისტო, ყავა დავისხი, ისეთი სუნი მეცა, ვერ დავლიე. წყალი მოვიყუდე, წყალსაც ისეთი საშინელი სუნი ჰქონდა, კრიჭა ვერ გავხსენი, ლუკმა საერთოდ ვერ შევჭამე. მივჩერებოდი ტელევიზორს, გაუთავებლად ვრეკავდი ხან ვახოსთან, ხან ირაკლისთან. გათიშული იყო ორივეს ტელეფონი, ვაზიანი რომ დაბომბეს, საღამოს, გადავირიე, ირაკლის რომ ვერ დავუკავშირდით, ნათიამ თავის ქმარს დაურეკა, დაამშვიდა, ველაპარაკე ირაკლისო, ვახოზე მარტო იმას ამბობდა, კარგადააო, არადა ამ დროს უკვე გორის მორგში იყო და გამოყვანილი ჰყავდა ვახო. ექვსი მანქანით იყვნენ ჩასული ბიჭები, მკვდარი ვახო რომ ნახეს, საჭესთან ვერც ერთი ვერ ჯდებოდა, ძლივს წამოვიდნენ, თბილისამდე ჩამოსვლას 10 საათი მოანდომეს…“

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებამდე  ათი დღით ადრე. აჩაბეთში სამშვიდობო მისიის დამთავრების შემდეგ. ბოლო სურათი.


ვახტანგ გზირიშვილს დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა, ნამსხვრევმა ფეხი მოსწყვიტა სახსარში, არტერია დაუზიანდა, ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, მაგრამ სისხლისგან დაიცალა, ხელებში ჩააკვდა თანამებრძოლებს. დედამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი შვილი ამ ქვეყნად აღარ იყო. მარინა გზირიშვილი: „რომ ჩამოუსვენებიათ, უთქვამთ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა უთხრათ, ნათიას მაინც უთხარითო. ჩემმა სიძემ გამთენიისას დარეკა, 9 რომ თენდებოდა. გამკენწლა გულში. ნათია გარეთ გავიდა, იკივლა: „ვაიმე, გიორგი, მითხარი, რომ ეგ ტყუილია“. ეგ რომ თქვა, ერთი დავიღრიალე, ვაიმე-მეთქი, მთელი მეზობლობა გამოცვივდა, მე უკვე გრძნობა დავკარგე. ძლივს მომასულიერეს…“ ნათიას ურჩევენ, რომ არ უთხრას დედამისს შვილის დაღუპვის ამბავი. ნათია ეტყვის, რომ ვახო ფეხშია დაჭრილი. მარინა გზირიშვილი: „გამოვქანდით. მთელმა ავტობუსმა იცის თურმე ჩემი უბედურება. სამტრედიაში ჩამოგვსვა ავტობუსმა, ტაქსი დავიჭირეთ. ისიც გააფრთხილა ნათიამ, გორში არ გაუჩეროო. გორში რომ შემოვედი, დავინახე ჰოსპიტალი, აბა, სად არის დაბომბილი, გამიჩერეთ-მეთქი. არა, დედა, აქ არ არის, თბილისშია გადაყვანილიო, ძლივს მაკავებდა ნათია, მძღოლმაც მხარი აუბა, დაბომბილია, თქვენ ვერ დაინახეთო და გამოქროლეს. გამოვედით და დაიბომბა კიდეც გორი, უკან შავი ბუღი იდგა, ბომბი ჩამოაგდეს. ჩამოვედით, მე პირდაპირ საავადმყოფოში მინდოდა წასვლა, ნათიამ სახლში ავალ, ჩამოვალ და წავიდეთო. მე არ ავდივარ ნათიასთან. ველოდები. ხალხს კი მოვკარი თვალი, ნათესავებს, მაგრამ აზრი გაფანტული მქონდა, ვიდექი და ველოდებოდი ნათიას. თან ვჩხუბობდი და ვჩხუბობდი, სადაა აქამდე-მეთქი. რომ აღარ ჩამოვიდა, გადავწყვიტე ასვლა, არ მიშვებენ, ლიფტს ხუთი თეთრი უნდაო და არ მაძლევენ ამ ხუთ თეთრს. ჩემი ვახოს მამიდებს უთქვამთ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გაიგოსო და ჩამოვიდნენ. ვდგავარ ლიფტთან, გაიხსნა ლიფტი, ვხედავ ჩემს მულებს. ვუყურებ გაშტერებული, მოდი, მოდი, შე უბედუროო და მეტი აღარაფერი მახსოვს…“ მარინა გზირიშვილმა საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა – ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების. ვარკეთილში ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია შენდება ომში დაღუპული ბიჭების უკვდავსაყოფად. მარინა გზირიშვილი: „ავაშენებ ტაძარს და მონასტერში წასვლას ვფიქრობ, ვნახოთ, როგორ ვიქნები… იმასაც ვევედრები უფალს, რომ როგორმე ეს ტაძარი ამაშენებინოს და წამიყვანოს ჩემს შვილთან. ადგილი გამზადებული მაქვს ჩემი ვახოს გვერდით, ჩემი ქმარ-შვილის გვერდით. ძალიან მენატრება, იტყვიან, დრო მკურნალიაო, მკურნალი კი არა, რაც დრო გადის, უფრო ვიტანჯები. ფიქრისგან, დარდისგან და მონატრებისგან გადავიღალე… ვერავის ვერაფერს ვერ ველაპარაკები, არ მინდა, ჩემი დარდები სხვას მოვახვიო… სახლში ჩემთვის მივტირი ჩემს შვილს. ველაპარაკები მის სურათებს. სახლში რომ შემოვდივარ: დე, მოვედი, გეგონება სახლშია… მე ვიცი, რომ ჩემი შვილი უფალთანაა და ყველა ის შვილები უფალთან არიან. სიცოცხლე უნდოდათ… რა იყო, ჯერ ახალი შეშრობილი ჰქონდათ რძე ტუჩებზე. მოუკვდეს დედა. 20 წლის დაიღუპა. ჩემი იმედი… რა იქნებოდა, შემრჩენოდა, გამხარებოდა… მე ცხოვრება დავასრულე, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, თუ ვარსებობ, ვარსებობ გარეგნულად, შინაგანად მკვდარი ვარ…“

საქართველოს გმირივახტანგ გზირიშვილი! 3 - თვის. 23.04.1988 წ. დედასთან (მარინა) ერთად


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 28.10.2022
სულ რედაქტირებულია 10





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0