სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
თემურ ლენგის ლაშქრობები 1386-1403 წლები 8 ლაშქრობა
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

თემურ ლენგის ლაშქრობები 1386-1403 წლები 8 ლაშქრობა

თემურლენგის პირველი ლაშქრობა 1386 წელი

თემურლენგის მეორე ლაშქრობა 1387 წელი

თემურლენგის მესამე ლაშქრობა 1394 წელი გაზაფხული

თემურლენგის მეოთხე  ლაშქრობა 1394 წელი 13 სექტემბერი

თემურლენგის მეხუთე  ლაშქრობა 1399 წელი შემოდგომა

თემურლენგის მეექსვსე  ლაშქრობა 1400 წელი გაზაფხული ზაფხული

თემურლენგის მეშვიდე  ლაშქრობა 1401 წელი

თემურლენგის მერვე  ლაშქრობა 1403 წელი


გიორგი VII ( — გ. 1407ნახიდური) — საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში, ბაგრატ V-ისა და ელენე კომნენას ძე.

თემურლენგის პირველი ლაშქრობა 1386 წელი

თემურლენგის პირველი შემოსევა საქართველოში მოხდა 1386 წელს. იგი დაკავშირებულია თოხთამიშის ლაშქრობასთან აზერბაიჯანში1385 წელს თოხთამიში 90 000-იანი ლაშქრით შემოიჭრა ამიერკავკასიაში დარუბანდისა და დარიალის გადმოსასვლელებით, შარვანზე გავლით გადავიდა სამხრეთ აზერბაიჯანში და ალყა შემოარტყა ქალაქ თავრიზს, რომელიც დიდი ბრძოლითა და ვერაგობით აიღო, გაძარცვა და გაანადგურა. თემურის ისტორიკოსთა ცნობით, თოხთამიშის ლაშქარში "ურწმუნოებიც" ერივნენ – ე. ი. ქრისტიანები და, შესაძლოა, ქართველებიც. ივანე ჯავახიშვილის აზრით, თოხთამიშს ქართველებთან შეთანხმების გარეშე გაუჭირდებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გადმოსვლა დარუბანდისა და დარიალის გზით. მათ შორის აუცილებლად კავშირი უნდა არსებულიყო. ამით უნდა აიხსნას თემურლენგის მიერ თავრიზის აღების შემდეგ თბილისზე გამოლაშქრება და არა თოხთამიშის წინააღმდეგ წასვლა. 1386 წელს თემურლენგი სამხრეთ აზერბაიჯანში შეიჭრა, თავრიზი აიღო, გაძარცვა და დაარბია, თოხთამიშის მომხრეები დახოცა ან განდევნა. იმავე წლის ზაფხულის მიწურულს საქართველოსკენ გამოემართა. გზად სომხური თემები დაარბია, დიდი ბრძოლებით აიღო და დაანგრია გარნისის და სურმალუს ციხეები, შემდეგ ყარსის ციხეც აიღო და სამცხეში შემოიჭრა. იქიდან თრიალეთსა და ალგეთზე გამოვლით თბილისს მიადგა დიდი ჯარით და ალყა შემოარტყა.

ბაგრატ მეფე ელოდებოდა თემურლენგის შემოსევას და სათანადო მომზადებაც ჩაუტარებია. ქართველებს გაშლილ ველზე ბრძოლა თემურლენგის უზარმაზარ ლაშქართან მიზანშეუწონლად მიუჩნევიათ და ციხესიმაგრეების გამაგრება და იქ დახვედრა გადაუწყვეტიათ. ბაგრატ მეფე კარგად გამაგრებულ თბილისის ციხეში იმყოფებოდა. თბილისის წინააღმდეგ ბრძოლას თემურლენგი ხელმძღვანელობდა, თბილისის დამცველებს კი ბაგრატ მეფე. მისი ხელმძღვანელობით მეციხოვნეები დღეში 2-3-ჯერ გამოიჭრებოდნენ გალავნის გარეთ, თავს ესხმოდნენ მოალყეებს და დიდ ზიანსაც აყენებდნენ. თემურლენგმა თბილისის გალავნის დასანგრევად კედლის სანგრევი მანქანები და ცეცხლსასროლი იარაღი, ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, ზარბაზნები გამოიყენა რომელსაც ქალაქში და ციხეში ჩაისროდნენ და დიდი ეფექტიც მოახდინა. ბრძოლა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ბოლოს მოალყეებმა რკინის ჩელტები (დიდი ფარები) მოიმარჯვეს და თვით თემურის მეთაურობით მიიტანეს იერიში, გალავანი გადალახეს და ქალაქში შეიჭრნენ. ბაგრატი ერთხანს კიდეც იგერიებდა მტერს შიდა ციხეში, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა. თემურმა ბაგრატი, დედოფალი ანა, ბატონიშვილი დავითი და მათი მხლებლები ტყვედ აიყვანა. ბიზანტიელი ისტორიკოსის მიქელ პანარეტოსის ცნობით, ეს მოხდა 1386 წლის 21 ნოემბერს.

თემურის მოლაშქრეებმა თბილისი გაძარცვეს, მრავალი ადამიანი დახოცეს და ტყვეც ბევრი წაიყვანეს. სამეფო სახლში დაცული ცნობების მიხედვით, თემურლენგს თბილისიდან მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკაც წაუღია.

თემურლენგმა თბილისის ციხეში დიდი გარნიზონი ჩააყენა, რამდენიმე რაზმი ქართლის სხვადასხვა კუთხეში გააგზავნა დასარბევად და ნადავლის შესაგროვებლად, თავად კი მთავარი ლაშქარით აღმოსავლეთისაკენ წავიდა. გზად, ყარაიის ველზე, გამარჯვების აღსანიშნავად, დიდი ნადირობა მოაწყო. შემდეგ კავკასიონის სამხრეთ კალთებს შეუყვა და იქაური მოსახლეობა დაარბია. თემურის მთელმა ლაშქარმა ჯერ ქალაქ კაბალაში მოიყარა თავი, შემდეგ მდინარე მტკვარი გადალახა, ბარდავი უბრძოლველად დაიკავა და ყარაბაღში დადგა გამოსაზამთრებლად. თემურლენგის ბანაკში იმყოფებოდა ტყვედ წაყვანილი ბაგრატ მეფე თავისი ოჯახითა და ამალით.

თემურლენგის პირველი ლაშქრობისას აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ შარვანი გადარჩა დარბევა-აოხრებას. შარვანის მმართველი შარვანშაჰი შეიხ იბრაჰიმ დერბენდი (1382-1417 წწ.) დიდი საჩუქრებითა და მორჩილებით ეახლა თემურს და ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა. სამაგიეროდ მას დაევალა მოლაშქრეობა თემურის მხარეზე. საქართველოს ყოფილმა ყმადნაფიცმა ქვეყანამ იძულებით თემურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ რამდენიმე ლაშქრობაშიც მიიღო მონაწილეობა.

თემურ ლენგის მეორე ლაშქრობა 1387 წელი

თემურლენგმა ტყვედ აყვანილ ბაგრატ მეფეს თავისი პირველი ლაშქრობისას ჯერ კიდევ თბილისში შესთავაზა გამაჰმადიანება, სამაგიეროდ დიდ წყალობას დაპირდა. ყარაბაღში კი, როცა ბაგრატი დარწმუნდა, რომ ამის გარეშე თავს ვეღარ დააღწევდა ტყვეობას, მოჩვენებით მიიღო მაჰმადიანობა და თემურის "წყალობაც" დაიმსახურა – დამტკიცებულ იქნა საქართველოს მეფედ. თემურმა ბაგრატ მეფე და მისი გამაჰმადიანებული ამალა საქართველოში გამოისტუმრა და მოსახლეობის გამაჰმადიანება დაავალა, თნ 12 000-იანი ლაშქარი გამოაყოლა, რომელიც ბაგრატის დამხმარე იქნებოდა ამ საქმეში. ბაგრატმა მოახერხა შიკრიკის, აზნაურ რუს ეგნატაშვილის ფარულად გაპარება ბანაკიდან. ბაგრატი შვილებს უთვლიდა, ჯარით დახვედროდნენ და გაეთავისუფლებინათ მეფე ტყვეობიდან. გიორგი ბატონიშვილი მარჯვე ადგილას ჩაუსაფრდა, მოულოდნელად თავს დაესხა თემურის ლაშქარს და მთლიანად გაანადგურა. მეფე და მისი ამალა განთავისუფლებულ იქნა.

ამ ამბების გაგებამ. ცხადია, თემურლენგი მეტად აღაშფოთა, მაგრამ შუა ზამთრის გამო გამოლაშქრება შეუძლებელი იყო. ამიტომ ზამთარი ყარაბაღში გაატარა, 1387 წლის ადრე გაზაფხულზე, მარტში, როცა ჯერ კიდევ თოვდა და წვიმდა, მთელი მისი დიდი ლაშქრით საქართველოს დასასჯელად გამოემართა. ქართველები, რა თქმა უნდა, მოელოდნენ ხელახლა შემოსევას და სათანადო სამზადისიც ჩაუტარებიათ. ხალხი ციხესიმაგრეებში და კავკასიონის მთებში გახიზნეს და ჯარიც გაამზადეს სალაშქროდ. ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და დიდი ზიანიც მიაყენეს, მაგრამ ბოლოს ჯარის სიმრავლემ სძლია და თემურლენგმა გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა თემურმა საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლო – ჯერ კიდევ ბევრი კარგად გამაგრებული ციხე იყო ასაღები, თანაც დარუბანდის გზით აზერბაიჯანში კვლავ შემოიჭრა თოხთამიშის ლაშქარი და თემური იძულებული გახდა საქართველოდან გასულიყო. თოხთამიშის ეს ლაშქრობა, როგორც ჩანს ქართველებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თემურმა თოხთამიშს თავისი ვაჟი, მირანშაჰი დაადევნა, რომელმაც თოხთამიში დაამარცხა და განდევნა ამიერკავკასიიდან. შემდეგ თემურმა ნახჭევანში კარგად გამაგრებული ალინჯის ციხის აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ალყაშემორტყმულ ციხესთან თავისი ჯარის ნაწილი დატოვა, თავად კი შუა აზიაში დაბრუნდა. 1394 წლამდე თემური საქართველოში აღარ გამოჩენილა.

თემურლენგის მესამე ლაშქრობა 1394 წელი

1387 წლის ლაშქრობის შემდეგ თემურლენგი 1394 წლამდე საქართველოში აღარ გამოჩენილა. თემურლენგმა აზიაში და ირანში "წესრიგის" დამყარების შემდეგ რამდენიმეჯერ თოხთამიშის წინააღმდეგ ილაშქრა. 1391 წლის 18 ივნისს დიდი ბრძოლა მოხდა თემურლენგსა და თოხთამიშის არმიებს შორის კუნდუხჩასთან ჩისტიპოლსა და სამარას შორის. აღნიშნული ბრძოლა თემურლენგის გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ შუა აზიაში დაბრუნდა და დაიწყო მზადება ახალი ლაშქრობისათვის ირანისა და მისი მიმდებარე ქვეყნების, მათ შორის ამერკავკასიის დასაპყრობად.

1392-1393 წწ. თემურლენგმა ილაშქრა და ააოხრა ცენტრალური ირანის ქალაქები, შემდეგ ბაღდადისირია და ა. შ. 1394 წლის გაზაფხულზე მოადგა სამხრეთ საქართველოს და ოთხი სარდალი 40 000-იანი ლაშქრით გააგზავნა სამცხე-საათაბაგოს დასრბევად. სამცხიდან დაბრუნებული ლაშქარი კოლის ველზე შეუერთდა თემურლენგის მთავარ ლაშქარს. სამცხის ლაშქრობის მიზანი, როგორც ჩანს უნდა ყოფილიყო ნადავლის მოპოვება და მთავარი ლაშქრის მომზადება ახალი უფრო დიდი ლაშქრობისათვის, რომელიც შედგა იმავე წლის შემოდგომაზე არაგვის ხეობაში თვით თემურლენგის მეთაურობით.

თემურლენგის მეოთხე  ლაშქრობა 1394 წელი 13 სექტემბერი

1394 წელს 13 სექტემბერს თემური დიდი ლაშქრით კოლის ველიდან თრიალეთისა და ქვემო ქართლის გამოვლით არაგვის ხეობისკენ გაემართა. გზადაგზა ყველაფერს ანადგურებდა, მოსახლეობას ძარცვავდა და ხოცავდა. დიდი ბრძოლები გაიმართა არაგვის ხეობაში. როგორც ჩანს, თემურის მიზანი იყო დარიალის გასასვლელის ხელში ჩაგდება, რათა საბოლოოდ აღეკვეთა ქართველთა მოკავშირე ჩრდილოეთ კავკასიელი მოლაშქრეების გადმოყვანა და თოხთამიშის შესაძლო შემოსევა. საქართველოში თემურის ყოველი გამოჩენისთანავე თოხთამიში ცდილობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში შემოჭრილიყო. ასე მოხდა ამჯერადაც. თემურლენგმა მთიელთა დიდი წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო დარიალის ხელში ჩაგდება. იგი იძულებული გახდა მთიდან დაშვებულიყო, თბილისზე გავლით შაქისკენ გაემართა. ამ დროს თემურმა შეიტყო, რომ თოხთამიში დერბენდის გზით შარვანში შეჭრილიყო და იქაურობას აოხრებდა. თემური სწრაფად გაემართა ამ მიმართულებით, მაგრამ ბრძოლას თავი აარიდა და კვლავ უკან დაბრუნდა. მისი ლაშქარი მდინარე მტკვრის პირას, მაჰმუდ-აბადს, დაბანაკდა და დაიწყო მზადება თოხთამიშის წინააღმდეგ დიდი ლაშქრობის მოსაწყობად. თემურისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ამიერკავკასიას და, მათ შორის საქართველოსაც, ვერ დაიმორჩილებდა თუ თოხთამიშს არ დაამარცხებდა.

1395 წლის გაზაფხულზ თემური დარუბანდის გზით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავია. თოხთამიშიც მომზადებული დახვდა. ბრძოლა მოხდა მდინარე თერგის პირად, რომელშიც თემურლენგმა გაიმარჯვა. გადაწვა და გაანადგურა ოქროს ურდოს დედაქალაქი სარაი-ბერქე და სხვა ქალაქები, რის შემდეგაც უკან დაბრუნებულმა დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომელთაც კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან, დაუნგრია ქრისტიანული ტაძრები და ძალით მიაღებინა ისლამი.

თემურლენგი დერბენდის გავლით შარვანში მივიდა და იქ დაბანაკდა. მან ირანი და მისი მიმდებარე ქვეყნები, რომელთა შორის საქართველოც იგულისხმებოდა, თავის ვაჟს – მირანშაჰს დაუმტკიცა. 1397 წელს თემურლენგი სამარყანდში დაბრუნდა და დაიწყო მზადება ინდოეთში გასალაშქრებლად.

თემურლენგის მეხუთე  ლაშქრობა 1399 წელი შემოდგომა

1398 წელს თემურლენგი ინდოეთთან ომით იყო დაკავებული. ამით ისარგებლეს ამიერკავკასიის ხალხებმა და აჯანყდნენ. გიორგი მეფემ (1393-1407) კავშირი დაამყარა ჯალაირიანთა დინასტიის წარმომადგენლებთან, რომელნიც ჯერ კიდევ აგრძელებდნენ ბრძოლას თემურის წინააღმდეგ. ჯალაირიანთა ერთ-ერთი ბატონიშვილი თაჰერი ნახჭევანში, ალინჯის ციხეში იყო ალყაშემორტყმული უკვე 10 წელი. უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა მეციხოვნეებმა მეფე გიორგის სთხოვეს დახმარება. გიორგი მეფეს სთხოვა ასევე დახმარება აჯანყებულმა შაქის მმართველმა სიიდი ალიმაც.

გიორგი მეფემ საქართველოს ლაშქარი შემოიკრიბა, ჩრდილოეთ კავკასიელებიც მოიშველია და სიიდი ალისთან ერთად ალინჯის ციხეს შეუტია. გიორგი მეფემ მოალყეები დაამარცხა და განდევნა. ციხე ახალი მოლაშქრეებითა და იარაღით გააძლიერა და სურსათ-სანოვაგით მოამარაგა. თაჰერი საქართველოში წამოიყვანეს. უკან გამობრუნებულებს მირანშაჰის მიერ გამოგზავნილი ლაშქარი შემოეყარათ. ქართველებმა ისინიც დაამარცხეს (სიიდი ალი ამ ბრძოლაში დაიღუპა).

ამიერკავკასიის აჯანყების შესახებ ცნობა თემურლენგს ინდოეთშივე მიუვიდა. 1399 წელს უკვე სამარყანდში დაბრუნებულა და დაუწყია მზადება შვიდწლიანი ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ლაშქრობის მთავარი მიზანი საქართველოს საბოლოო დაპყრობა და გამუსლიმანება, ან მისი განადგურება იყო.

შუა აზიიდან წამოსული თემურლენგი 1399 წლის ბოლოს მოვიდა ამიერკავკასიაში და ყარაბაღის ველზე დაბანაკდა. აქ მას ეახლა შარვანშაჰი იბრაჰიმი და შაქის მმართველი სიიდი ახმედი, რომელსაც აპატია მამამისის აჯანყება, შაქის მმართველად დაამტკიცა და ორივეს საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა უბრძანა.

თემურმა თავისი ლაშქრის ყოველი ათეულიდან სამი რჩეული მებრძოლი გამოიყვანა და ასე შეადგინა 100 000-იანი არმია, რომელთაც უბრძანა 10 დღის საგზლის წაღება. მათ მიემატა შარვანისა და შაქის ჯარებიც. ეს დიდი ლაშქარი შეიჭრა ჰერეთ-კახეთში, რომელსაც სპარსულ წყაროებში ხიმშიას ხევი ეწოდება. [1] ამ ლაშქრობის მიზანი ნადავლისა და საკვებიოს მოპოვება უნდა ყოფილიყო.

თემურის ლაშქარი ჰერეთში შეიჭრა ტყიანი გზით. ჯარისკაცები ცულებით იკაფავდნენ გზას. 20 დღის განმავლობაში განუწყვეტლივ თოვდა. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ხიმშიას ლაშქარი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ბრძოლა ერთი თვე გაგრძელდა. თემურის მოლაშქრეები ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს. ჩეხავდნენ ხეხილს, ვენახებს, კაკლის ხეებს. ბოლოს დიდთოვლობაში, საქონლის საკვების სიმცირის გამო, იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ ლაშქრობა და უკან დაბრუნებულიყვნენ. მტრის ჯარმა ჰერეთიდან დიდძალი ქონება გამოიტანა. განსაკუთრებით ბევრი იყო ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები. აგრეთვე საკვები პროდუქტები. ჰერეთიდან გამისული ლაშქარი ყარაბაღში შეუერთდა მთავარ ბანაკს. თემურმა საქართველოში ახალი მეექვსე ლაშქრობისათვის დაიწყო მზადება.

თემურლენგის მეექსვე  ლაშქრობა 1400 წელი გაზაფხული ზაფხული

1399-1400 წლის ზამთარი თემურლენგმა ყარაბაღში გაატარა. საკვების მომარაგებისა და ლაშქრის შევსების შემდეგ თემურლენგი 1400 წლის გაზაფხულზე საქართველოსკენ გამოემართა და საზღვართან დაბანაკდა. გიორგი მეფეს (1393-1407) ელჩი გამოუგზავნა და მორჩილება და ბატონიშვილ თაჰერის გაცემა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს აოხრებით იმუქრებოდა

ვიკიციტატა„მე ვარ მეფე შენი და მოვედ ჩემდა და შემომრიგდი და მოგცემ საბოძვარსა მრავალსა და დიდად პატივ გცემ; უკეთუ არა მორჩილ მექმნები, უბრძანებ ლაშქართა ჩემთა და მოვაოჴრებ სრულიად ქუეყანასა შენსა.“

სპარსული წყაროების მიხედვით გიორგი მეფემ მოციქულს "უხეში პასუხი" გასცა. ქართლის ცხოვრების გაგრძელების მიხედვით გიორგის ელჩისათვის განუცხადებია:

ვიკიციტატა„მე შენისა უმცირესი არავარ და არცა გძალუძს მოოჴრება ქუეყანისა ჩემისა და, ვინათგან უთქუამს, უკეთუ არა აღასრულოს საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი.“

გიორგი მეფის ამ ზედმეტად "გაბედულმა" პასუხმა, ცხადია, უაღრესად პატივმოყვარე თემურლენგი დიდად განარისხა. ის მთელი თავისი უზარმაზარი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა. მისი მიზანი საქართველოს მთლიანი განადგურება იყო. გიორგი მეფესაც დიდი სამზადისი ჩაუტარებია. მობილიზებული იყო "ყოველი საქართველო", დამხმარე ჯარი გადმოიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიიდანაც.

თემურლენგისა და ქართველთა ლაშქარი გოგჩის ტბასთან შეებნენ ერთმანეთს. ქართველთა ლაშქარს უკეთესი პოზიცია ეჭირა. ქარიანი დღე იყო და მტერს პირდაპირ სახეში აყრიდა მტვერს. ქართველებმა პირველივე შეტევისას თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტრის მეწინავე რაზმი. თუმცა თემურის ლაშქარი დიდად სჭარბობდა ქართველთა ლაშქარს. მთელი დღის ბრძოლის შედეგად მოღლილ ქართველებს საღამოს ახალი დიდი ძალებით შემოუტია თემურლენგმა. ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და ქვემო ქართლის მთებში, ციხესიმაგრეებსა და გამოქვაბულებში გამაგრებულიყვნენ. თემურლენგის მეომრები თოკებზე გამობმული კალათებით ეშვებოდნენ გამოქვაბულების წინ და ისრებით ცეცხლმოკიდებულ ჩვრებს შეისროდნენ. ასე გამოაირეს ქვემო ქართლის მთიანი ნაწილი. შემდეგ თბილისს მოადგნენ და დიდი ბრძოლებით ისიც აიღეს. თემურს გიორგი მეფის შეპყრობა სურდა და ყველაფერს აკეთებდა ამისათვის. მან სპეციალური რაზმები დაადევნა გიორგის. გიორგი მეფე ბრძოლით იხევდა უკან. მოწინააღმდეგეები ისე ახლო-ახლო იბრძოდნენ ერთმანეთთან, რომ გიორგის ამალის ზოგიერთი წევრი ტყვედაც კი ჩაიგდეს მონღოლებმა. გზადაგზა მტერი ანადგურებდა ეკლესიებს, ციხესიმაგრეებს, საცხოვრებელ სახლებს, ნათესებს, ხეხილის ბაღებს. ასე გავლეს მხრანი და მისი მიდამოები.

შემდეგ ქსნის მიდამოებში შეიჭრნენ. ქსნის ერისთავი ვირშელი ნახჭევანის ლაშქრობის მონაწილე იყო. როგორც ჩანს იქიდან წამოყვანილი ტყვეები ქსნის ხეობაშიც ყოფილან. თემურის ქსინს საერისთავოში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი მათი გათვისუფლებაც ყოფილა. ვირშელი ქნოღოს ციხეში გამაგრდა და დიდი წინააღმდეგობაც გაუწია მომხდურებს. მტერმა ვიწრო ხეობაში დიდი ლაშქრის გაშლა ვერ მოახერხა და იზულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო, თუმცა ქსნის ხეობას ძალზედ დიდი ზარალი მიაყენა. ქსნის ხეობის შემდეგ მონღოლები ქართლში შეიჭრნენ. ქართლის მთავარი ჯანიბეგი დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დამორჩილებოდა, თუმცა მისი სამფლობელო აოხრებას მაინც ვერ გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ჯანიბეგის სამფლობელოშიც ყოფილა ნახიჭევანიდან წამოყვანილი მუსლიმანი ტყვეები.

შემდეგი დიდი ბრძოლა გაიმართა გორის ციხესთან. ქართველთა წინააღმდეგობის მიუხედავად თემურლენგმა ციხე მაინც აიღო. გიორგი მეფე კვლავ ბრძოლით იხევდა უკან, თემურლენგი კი გზად ყველაფერს ანადგურებდა. შვიდი დღის განმავლობაში იცავდნენ ქართველები კარგად გამაგრებულ ძამის ციხეს, რის შემდეგაც გიორგი მეფე იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხე, ალყა გაარღვია და დასავლეთისაკენ დაიხია. თემურის ჯარმა იქაურობა ააოხრა და მოსახლეობა უმოწყალოდ გაჟლიტა. ბოლო ბრძოლა გიორგი მეფემ ლიხის ქედის მიდამოებში გაუმართა მტერს. გიორგი მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. თემურლენგმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა.

ამის შემდეგ იგი სამცხეს შეესია, გაძარცვა და ააოხრა. ტყვეებიც მრავლად მოაგროვეს. იქიდან თრიალეთის გამოვლით თეძმის ხეობაში ჩავიდნენ და იქაურობაც გაძარცვეს და ააოხრეს, მათ შორის რკონის მონასტერიც. შემდეგ ქვათახევის მიდამოებიც დაარბიეს, მონასტერს კი ცეცხლი წაუკიდეს და იქ თავშეფარებული ხალხი, მათ შორის ბერ მონაზვნები გამოწვეს. ამის შემდეგ მცხეთაში შევიდნენ და სვეტიცხოველი გაძარცვეს და დაანგრიეს. დიდი ბრძოლები გაიმნართა არაგვის ხეობაშიც. არაგვის მოსახლეობამაც დიდი ზარალი განიცადა. აქედან თემურლენგი სამხრეთით კოლის მინდვრისაკენ გაემართა, გზად ფანასკერტის ციხე აიღო, მისი მიდამოები გაანადგურა და კოლის მინდორზე დაბანაკდა.

თემურლენგის მეშვიდე  ლაშქრობა 1401 წელი

საქართველოდან თემურლენგის წასვლის შემდეგ გიორგი მეფე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და შინაური საქმეების მოწესრიგებას შეუდგა. გიორგი მეფემ და ვირშელ ქსნის ერისთავმა დალაშქრეს და დასაჯეს დვალები, რომლებმაც ისარგებლეს თემურლენგის შემოსევით და ქსნის ხეობა დაარბიეს და გაძარცვეს.

1401 წელს თემურლენგის ჯარებმა, როგორც იქნა ათი წლის ალყის შემდეგ აიღეს ნახჭევანში ალინჯას ციხე. იმავე წელს თემურლენგი საქართველოს საზღვრებს მოადგა აღმოსავლეთიდან და შამქორში დაბანაკდა.

შამქორში თემურლენგს გიორგი მეფის ელჩი კონსტანტინე ბატონიშვილი ეახლა დიდი საჩუქრებით და მეფის სახელით ზავ შესთავაზა. თემურლენგი ოსმალეთის წინააღმდეგ ომისათვის ემზადებოდა და ამიტომ ზავი მისთვის სასურველი იყო. ზავის პირობის მიხედვით საქართველო კისრულობდა ხარკს, ჯარის გარკვეული რაოდენობის გამოყვანას, ქართველებს არ უნდა შეევიწროვებინათ მუსლიმანები და სხვა. სამაგიეროდ, თემურლენგი უსაფრთხოებას აღუთქვამდა საქართველოს. ზავი დაიდო 1401 წლის სექტემბერში. თემურლენგი გამოსაზამთრებლად ყარაბაღში დადგა. გაზაფხულზე თემურლენგის დიდი ლაშქარი ოსმალეთისაკენ გაემგზავრა. გზად თორთუმის ციხეს მიადგა, რომელშიც 200-მდე ქართველი მეციხოვნე იყო გამაგრებული, ხუთი დღის ბრძოლის შემდეგ აიღო და დაანგრია, მეციხოვნეები კი გაწყვიტა.

თემურლენგის მერვე  ლაშქრობა 1403 წელი

1402 წლის 28 ივლისს ანგორასთან თემურლენგმა სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის სულთანი ბაიეზიდ I და ტყვედ იგდო იგი. დაარბია ოსმალეთის ქალაქები, ოსმალთა სახელმწიფო გაყო ოთხ ნაწილად და ბაიეზიდის შვილებს დაუნაწილა. "ოსმალეთის საკითხის" მოგვარების შემდეგ თემურლენგმა კვლავ საქართველოსთვის მოიცალა.

1403 წლის გაზაფხულზე თემურლენგი საქართველოსკენ გამოემართა და ყარსში დაბანაკდა. ამ ლაშქრობის მიზეზად თემურის ისტორიკოსს, ნიზამ ად-დინ შამის დასახელებული აქვს 1401 წლის ზავის შეუსრულებლობა. თემურლენგმა თავის მორჩილ ვასალს, შარვანშაჰ შეიხ იბრაჰიმს დაავალა აღმოსავლეთიდან შესეოდა საქართველოს.

ასეთ ვითარებაში გიორგი VII კვლავ მოლაპარაკებებით სცადა შემოსევის თავიდან აცილება. ელჩად კვლავ თავისი ძმა კონსტანტინე გააგზავნა სათანადო საჩუქრებით. მაგრამ თემურლენგმა მოლაპარაკება არ ისურვა და არც საჩუქრები მიიღო, მეფეს კი ბერი ეგნატაშვილის სიტყვებით, შემოუთვალა:

ვიკიციტატა„უკეთუ გინდა წაუხდენლობა ქვეყნისა ამის, მოდი ჩემთანა, გათათრდი, და თუ გათათრდები, არცა გთხოვ ხარკსა... და უკეთუ არ გათათრდები, დაიდევ ხარკი ჩემი... და მოგცემ ქვეყანასა მაგას, და, როგორც განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშვიდობით, რამეთუ იგიცა შენის სჯულისა იყო.“

გიორგი მეფე დროის გაყვანას ცდილობდა, რომ ხალხს მოსავლის აღება აღება-დაბინავება მოესწრო. თემურმა არ დააცალა. სწრაფად შემოიჭრა საქართველოში, ქვემო ქართლში შევიდა და ალგეთის ხეობაში მდებარე ბირთვისის ციხეს შემოარტყა ალყა. ბირთვისის ციხე 75-მეტრიან მაღალ ციცაბო კლდეზე იყო აგებული. კარგად გამაგრებულ ციხეს იცავდა ციხისთავი და 30 დიდებული და "სხუანი აზნაურნი და მსახურნი". ციხე კარგად იყო მომარაგებული საკვებით, წყლით და ღვინითაც კი. ციხისათვის ბრძოლას თვით თემური ხელმძღვანელობდა. ციხის ახლოს მაღალი სამეთვალყურო კოშკი ააგეს, ციხეს კედლის სანგრევი მანქანები მიუყენეს და ლოდებს უშენდნენ. ციხის მიუვალობაში დაიმედებულმა მეციხოვნეებმა საჭირო სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს. ამით ისარგებლეს მოალყეებმა და ღამით, როცა ჯარის მიერ ხელოვნურად ატეხილი ხმაურით დაღლილმა მეციხოვნეებმა ჩაიძინეს, ციცაბო კლდეზე მეციხოვნეები ავიდნენ და თოკის კიბე აიტანეს. კიბით 33 მებრძოლი გადავიდა ციხეში, მათ შეძლეს ციხის გალავნის კარის გაღება, რომელშიც მოალყეები შეცვივდნენ. ქართველები ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ მტრის სიმრავლემ სძლია. უმეტესობა ბრძოლაში დაიღუპა, ციხისთავი და რამდენიმე დიდებული ტყვედ შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. ციხისთავის ცოლი, თემულენგის ბრძანებით, შარვანშაჰს აჩუქეს. თემურმა ბირთვისი და მისი მიდამოები ერთ-ერთ თავის სარდალს გადასცა და დაავალა იქაურობის ქრისტიანთაგან გაწმენდა. ეს მოხდა 1403 წლის 12 აგვისტოს.

ბრძოლის დამთავრების შემდეგ თემურლენგმა ყურულთაი მოიწვია, რომელზედაც დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა დაადგინეს. თემურლენგმა გადაწყვიტა საბოლოოდ მოეთხარა საქართველო და მის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე მისულიყო. იმერეთში გადასასვლელი გზები მთიანი და ტყით დაფარული იყო. მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის პირობებში მტრის ლაშქარი ნელა მიიწევდა წინ. გზადაგზა მათ გააანადგურეს მრავალი სოფელი, ეკლესია-მონასტერი, ბაღ-ვენახები და სხვა. სულ 700-მდე ობიექტი. იმერეთში სექტემბერში დაწყებული ლაშქრობა დეკემბრამდე გაგრძელდა. მნიშვნელოვანი ზარალი მოსდიოდა თემურის ლაშქარსაც, ამას ემატებოდა მოლაშქრეთა და სარდალთა უკმაყოფილება გაუთავებელი ლაშქრობებით. მოსალოდნელი იყო იმერეთში გადასასვლელი გზების ჩაკეტვაც. ყოველივე ამის გათვალისწინებით თემური იძულებული გახდა 12 დეკემბერს ბრძოლა შეეწყვიტა. ამ დროს "ძეგლი ერისთავთა"-ს ავტორის ცნობით:

ვიკიციტატა„ლაშქარი მათი ქუთათისამდე იყო მიწევნილი...“

თემურლენგი ფაქტობრივად თვითონ გამოვიდა ზავის დადების ინიციატორად. მან თავის ბანაკში ტყვედმყოფ ქართველ სარდლებს აგრძნობინა, რომ გიორგი მეფის თხოვნის შემთხვევაში არ იქნებოდა დაზავების წინააღმდეგი. ამ ცნობის მიღების შემდეგ გიორგი მეფემ ელჩები გააგზავნა თემურთან ასევე დიდი საჩუქრებით. ეს იყო თემურის სახელზე მოჭრილი ათასი ოქროს ფული, ათასი ცხენი, ძვირფასი ქსოვილები, ოქროსვერცხლისა და ბროლის ფიალები, თვრამეტმისხლიანი მანათობელი ლალი და ბევრი სხვა. დაიდო ზავი რომლის თანახმად გიორგი მეფე კისრულობდა ხარკის გადახდასა და მაშველი ჯარის გამოყვანას. რაც შეეხება თემურლენგის ადრინდელ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ გიორგი მეფე თავად უნდა გამოცხადებულიყო თემურლენგთან და მორჩილება აღეთქვა, ახლა ამაზე საუბარი აღარ ყოფილა. ეს ზედმეტად პატივმოყვარე თემურისათვის უსიამოვნო ვითარება იყო, მაგრამ იგი იძულებული გახდა ამას შეგუებოდა.

ზავის დადების შემდეგ თემური თავისი ლაშქრით იმერეთიდან გადმოვიდა და აღმოსავლეთისაკენ გაემართა. გზად, მიუხედავად ზავისა, თბილისი და მისი მიდამოები დაარბია. თემური ყარაბაღის გავლით სამარყანდს გაემართა.

თარიღი აღებულია ბრძოლების დამთავრება 12 დეკემბერი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.08.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0