პოლიციის ლეიტენანტი ემზარ ვაჟას ძე ახსიაშვილი დაიბადა 1968 წლის 31 აგვისტოს ქ. თბილისში.
თბილისის 77-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა. 1987 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ავღანეთის ქარცეცხლში გამოიწვრთნა ვაჟკაცი, ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა.თვალცრემლიანი, ხანაც ღიმილით გვესაუბრება უფროსი ძმა თამაზი: ,,ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მე ვიცოდი, ავღანეთში რომ იბრძოდა, მომწერა და შემეხვეწა, მშობლებისათვის არ გამემხილა. სხვათაშორის, ემზარს, პატარაობიდანვე განსაკუთრებული ხასიათი ჰქონდა, ალალმართალი, უაღრესად კეთილი, დინჯი იყო, უსამართლოდ არც თავს დაიჩაგრავდა და სხვასაც არ დაჩაგრავდა~.
სიმართლე და პატიოსნება მისი ხანმოკლე, მაგრამ კაცური ცხოვრების მეგზური იყო. ავღანეთიდან საპატიო სიგელებითა და მედლებით ,,მებრძოლი ინტერნაციონალისტი~ დაბრუნდა. იმ პერიოდში საქართველოში სამაჩაბლოს კონფლიქტი უკვე მიმდინარეობდა. ემზარმა სიამაყით დაიწყო მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში პოლიციელად. მალე თანამშრომლების დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა და საბურთალოს რაიონის უბნის ინსპექტორად დანიშნეს. შემდეგ მიავლინეს კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში, სპეციალურ ჯგუფში, ჯერ უმცროს ინსპექტორად, შემდეგ კი ინსპექტორის თანამდებობაზე. პარალელურად მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტში. შემდეგ აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო და აქაც წარბშეუხრელად წავიდა. სხვის ომში ვიბრძოდი და საკუთარი მიწის დასაცავად როგორ არ წავალ, თბილისში რა გამაჩერებს, იარაღი კარგად ვიცი და რასაც შევძლებ, იმას გავაკეთებო, – თქვა და კაცურად აღასრულა მამულიშვილური ვალი.
თანამებრძოლები იგონებენ: ძალიან გულადი მებრძოლი იყო, არაფრის ეშინოდა, სოხუმის ერთ უბანში სნაიპერები მთელი საღამო ისროდნენ, გამთენიის ხანს ემზარმა ამ ქუჩით ჩამოიარა, ყველას შეეშინდა, მან კი მშვიდად, ღიმილით ჩაიალაპარაკა: „ჩამოხსნილია“.
1993 წლის 25 სექტემბერს საომარი მოქმედებების დროს ემზარ ახსიაშვილი ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა და რამოდენიმე საათში გარდაიცვალა. ამ დროს მისი უფროსი ძმა თამაზ ახსიაშვილი, ყოფილი „ომეგელი“, სოხუმში სხვა ფრონტის ხაზზე ებრძოდა ულმობელ მტერს, იძულებით, 27 სექტემბერს, მხრებჩამოყრილი, „გოლგოთის გზით“ დაბრუნდა შინ და გაიგო თავსდატეხილი უბედურება. ემზარი უკვე საგვარეულო სასაფლაოზე, თეთრი წყაროს რაიონის სოფ. საფრაშენში განისვენებდა.
მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა, 25 წლის გმირო ვაჟკაცო!
წყარო მარინა ნაჭყებია