მღვდელი ივლიანე ნესტორის ძე ჩლაიძე 1879 წელს ქუთაისის გუბერნიაში, რაჭის მაზრაში, სოფ. ბარში სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. 1900 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1900 წლის 10 სექტემბერს ზემო სვანეთში, სოფ. ცხმარის ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც ოთხი წელი ნაყოფიერად და კეთილსინდისიერად იმუშავა და 1901 წლის 19 სექტემბერს სასწავლო განყოფილების მხრიდან მადლობაც გამოეცხადა. 1902 წლის 9 აპრილს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა უცნობი ავტორის კორესპონდენცია ფსევდონიმით „მკვიდრი“, რომელიც სვანეთში მომხდარ ამბებს ამცნობდა საზოგადოებას. როგორც ჩანს, წერილში გამოქვეყნებული ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რის გამოც, 1902 წლის 28 მაისს ივლიანემ გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე თავისი წერილი გამოაქვეყნა,
სადაც იგი დეტალურად აღწერს საქმის ვითარებას. იგი, როგორც პედაგოგი, კარგად იცნობდა სვანეთში ქრისტიანობის აღმდგენელ სკოლებში არსებულ ვითარებას. მისი წერილი მნიშვნელოვან მასალას წარმოგვიდგენს, თუ როგორ მუშაობდა იმდროინდელი საგანმანათლებლო სისტემა. აი, რას წერდა იგი: „ცნობის ფურცლის“ მე-1776 N-ში დაბეჭდილია წერილი სვანეთიდგან ბ-ნ მკვიდრისა, რომელიც აუწყებს საზოგადოებას სვანეთის ამბავს. კაი დაგემართოთ, ასეთის მიყრუებულ კუთხის ამბის გაგება, როგორიც არის სვანეთი -– კარგი იყოს, მაგრამ, საუბედუროდ, ბ-ნს მკვიდრს თვითონაც არ სცოდნია კარგად ის, რაც საზოგადოებისათვის გასაზიარებლად მოუნდომებია. ამისთვის მსურს შევავსო ბ-ნ მკვიდრის წერილი და მკითხველს სინამდვილე ვაცნობო. სცდება ბ-ნი მკვიდრი, რომელიც ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების სკოლების საქმეს გვიამბობს. „ერთ ხანს ამ სკოლების საქმე კარგად მიმდინარეობდაო, მაგრამ ამ ჟამად თან და თან უკან მიდისო“. ამ სიტყვებს ბ-ნი მკვიდრი ისეთის კილოთი ამბობს, ვითომც ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების სკოლები მას ჟამსა შინა კარგად ყოფილიყვნენ დაყენებულნი, შემდეგ კი რაღაც მიზეზებისა გამო უკან-უკან წასულიყვნენ და ამ წელიწადში კი „სამს სკოლაში მასწავლებლების უყოლელობისა გამო სწავლაც-კი შეწყვეტილიყოს და ის მასწავლებელნიც, რომელნიც სხვა სკოლებში დარჩნენ, მომავალს სამოსწავლო წელს აღარ აპირებდნენ მოსვლასა“, ასე რომ, მერმის სრულებითაც უნდა შესწყდეს, ბ-ნ მკვიდრის ფიქრით ამ სკოლებში სწავლა. რამ აიძულა ბ-ნი მკვიდრი, რომ ასეთის თვალით უყურებს ქრისტ. აღმ. საზოგადოების სკოლებს, როდესაც ამ სკოლებში საქმე ძალიან კარგად მიდის და წავა ინსპექტორის მამინაიშვილის მეცადინეობით და აგრეთვე მასწავლებლების გულმოდგინე შრომით, რომელთაც ხელს უწყობს მთელი სვანეთის საზოგადოება -- თავადი და გლეხი. სვანები თქვენ
ძალიან უაზრო ხალხი არ გეგონოსთ. თუმცა განათლებით უკან არიან ჩამორჩენილნი, მაგრამ ავსა და კარგს, სასარგებლოსა და საზარალოს, იგინიც კარგად იცნობენ. კარგად არიან მიმხვდარი, თუ რა სარგებლობა მოაქვს და მოუტანს მათ ქრისტ. აღმ. საზოგადოების სკოლები, და ამით აიხსნება ის მოვლენაც, რომ ამ საზოგადოების ყველა სკოლები სავსეა მოსწავლე ბავშვებით. რამდენად შეიყვარა ხალხმა და შეეთვისა სკოლებს სჩანს იქიდან, რომ ხანშესული კაცებიც-კი დაიარებიან კვირა-უქმე დღეებში იქ, რომ წერა-კითხვა და სხვა რაიმე ცოდნა შეიძინონ. თუ სამ სკოლაში წელს შეწყვეტილია სწავლა, ამის
მიზეზი ის კი არ არის, ვითომც ამ სკოლების საქმე უკან-უკან წავიდა, როგორც ბ-ნ მკვიდრის სიტყვებიდგანა სჩანს, არამედ ამის მიზეზი ისაა, რომ ერთი სკოლა (ჩოლურში) საუბედუროდ დაიწვა, და მასწავლებელმა ვეღარ იშოვა ადგილი ბავშვებისათვის სწავლის გასაგრძობად. დანარჩენი ორი სკოლის მასწავლებელნი (იფარის და მესტიისა) მათის ერთგულისა და სასარგებლო მოღვაწეობისათვის, მათის თხოვნისამებრ, დაჯილდოებულ იქმნენ მღვდლად კურთხევით; და ესეც არ უნდა იყოს მავნებელი სკოლისათვის, რადგან ამით წაქეზებულნი მასწავლებელნი უფრო გულმოდგინეთ მოჰკიდებენ თავისს საქმეს ხელს და სკოლის საქმე უფრო წინ წავა. თუ იმას ჯავრობს ბ-ნი მკვიდრი, რომ ამ სკოლებში სწავლა შეწყვეტილიაო, ესეც არ შეიძლება ითქვას, რადგან ეს სკოლები სულ უყურადღებოდ არ არის დატოვებული და თვითო მასწავლებელი ორსავე სკოლაში არის, რომელთაც, თუ მოინდომეს და გაისარჯნენ, შეუძლიანთ კარგად წაიყვანონ სკოლის საქმე. რაც შეეხება დანარჩენ ოთხს მასწავლებელს, რომელნიც ბ-ნის მკვიდრის ფიქრით აღარ აპირებენ მომავალ სამოსწავლო წელიწადში დაბრუნებას სვანეთში, ესეც სიმართლეს მოკლებულია. საიდან
2-1 საპატრიარქოს უწყეანი N2 4-17მარტი 2021წ გვ.22
მღვდელი ივლიანე ჩლაიძე 1879-1959 (გაგრძელება)
გაიგო ბ-ნმა მკვიდრმა ეს? -– მე ვიცი, ზოგნი იმათგანი ისე გულ-მოდგინეთ ეკიდებიან საქმეს, რომ არას გზით არ მიატოვებენ თავიანთ დაწყებულს და ფეხზე დაყენებულ სკოლებს. ისეთი სიყვარული და კავშირი აქვსთ საზოგადოებასთან, რომ, სხვა არა, მარტო სირცხვილი იქნება მათთვის, თავი მიანებოს და ობლად დასტოვონ. თუ ზოგიერთს მათგანს მართლაც აქვს განზრახვა -- აღარ მოვიდეს მომავალ წელიწადში, ეს სრულებითაც არ არის სამწუხარო, რადგან ამისთანა მასწავლებელს ეტყობა გული აღერღილი ექნება თავის მოვალეობაზე და ძვირად თუ მოუტანს საზოგადოებას სარგებლობას. სჯობს, ამისთანა მასწავლებლებმა მართლაც აიღონ ხელი თავიანთ მოვალეობაზე, რადგან მათ ადგილზე შეიძლება მოვიდნენ ისეთნი, რომელნიც გამსჭვალულნი იქნებიან იმ აზრით, რომ მოუტანონ რაიმე სარგებლობა საზოგადოებას და არ იზრუნონ მხოლოდ პირადის განცხრომისათვის. ისინი უკეთ გაუძღვებიან სკოლას და საქმე მათ ხელში უკეთ წავა. ბ-ნი მკვიდრი ასე აბოლოვებს თავის წერილს: „ფრიად სამწუხარო ამბავი იქნება, თუ მართლა აგრე მოხდაო". მე-კი ვიტყვი: ფრიად სასიამოვნო ამბავი იქნება, თუ მართლა აგრე მოხდა. როგორც ეტყობა, ბ-ნი მკვიდრი,
„მკვიდრი“ - კი არა, ძალიან ძვირი სტუმარიც ყოფილა სვანეთისა“.
1904 წლის 14 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 16 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და 29 სექტემბერს ტბეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. იმავე წელს სამთისის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1904 წელს სამთისის წმ. გიორგის სახ. ახალი ეკლესიის ამშენებელი კომიტეტის პირველ წევრად აირჩიეს, რაც შემდგომში სწორედ მისი დამსახურებით დასრულდა. აი, რას წერდა მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით გაზეთ „შინაურ საქმეებში“ ბარის ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებლის გამგე სანდრო ამირეჯიბი: „პირველ წარსულ დეკემბერს (იგულისხმება 1911 წელი), დღით ხუთშაბათს, ეკურთხა ს. სამთისის წმიდის გიორგის სახელზე აშენებული ქვის ეკლესია. ეს ეკლესია შენდება 1902 წლიდან. ბევრი იშრომეს სამთისელებმა ამ ეკლესიის შენებაზედ და დღეს ეღირსნენ იგინი მის დამთავრებას. ბევრ ნაირი დაბრკოლება ეღობებოდათ მათ წინ ამ საქმეშიდ: ხან უსახსრობა, ხან მოძრაობა, ხან ზოგიერთთაგან ღალატი, ხან ოსტატის ცულლუტობა, და ხან კიდევ, ვინ იცის, რამდენი დაბრკოლებანი აძნელებდენ ამ წმიდა საქმის სისრულეში მოყვანას.
დიდი შრომა და ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში ადგილობრივ მღვდელს მ. ივლიანე ჩლაიძეს. სიმართლე რომ ვსთქვათ, მხოლოდ მისი მაცადინეობით დასრულდა ამ ტაძრის შენება, თორემ კიდევ რამოდენიმე წელიწადს გასტანდა იგი. მ. ივლიანე ჩლაიძე რომ
მოვიდა სამთისში (1904წ.) საქმე დაწყებული დახვდა, მაგრამ ცოკოლის ამოყვანისთანავე უსახსრობით მუშაობა შეჩერებული იყო იმ წელშივე მიიღო მან კომიტეტის თავჯდომარეობა, და მთელის ძალღონით შეუდგა საქმის მოწესრიგებას და გამოკეთებას. სხვა რომ არა იყოს რა, იგი ძლიერ შეაწუხა იმ გარემოებამ, რომ ხალხს მაშენებელ ოსტატისათვის კომიტეტის დაუკითხავად და გაუგებლად ეძლიათ ფული. ზოგს ჩაბარების ბარათიც არ უჩნდა და ოსტატი უარს აცხადებდა მიღებაზედ. ამ გარემოებას მისვლისა თანავე მიაქცია მან დიდი ყურადღება და აუკრძალა მრევლს ამ ნაირად კომიტეტის გაუგებლად ფულის გადახდა. დიდის მაცადინეობით შეასწორა ყოველივე ანგარიშები და საქმის წარმოება სწორ ფარგალში ჩააყენა. გარდა ამისა, მამა ივლიანეს არ აცდენია ამ საქმეში არც ფიზიკური შრომა.
მე თვით, ამ სტრიქონების დამწერი, ვხედავდი, როგორ მუშაობდა იგი. ერთ დროს, ხალხს რომ არ ეცალა, და თავის საქმეს აკეთებდა, დღიურ მუშას კი საშენი მასალა ეჭირვებოდა, თითქმის ერთ კვირას ზედგაბმით იგი ბეჭით უზიდავდა ოცდა ათი საჟენის მანძილზე სილას, ზელდა კირსა და აწვდიდა მუშას, რომ არ შეჩერებულიყო საქმის წარმოება. ამნაირი მუყაითობით მან მშვენივრად გააკეთა და მოაწყო ეკლესია. მშვენიერი, ახალ გეგმაზე გაკეთებული ხის კანკელი დაუჯდა მას 590 მან. და ისეც არის გაკეთებული, რომ ვერავითარი ამ საქმეშიდ დახელოვნებული ოსტატი მას ნაკლს ვერ უნახავს. ამ კანკელში არიან ჩასმულ ოქროს ვარაყით მოჭედილი ქართული ტიპის მშვენიერი ხატები (ღლირებული 500 მან.). ასე რომ საყდარში შესვლისათანავე მნახველი იგრძნობს ლხენას, და სიამოვნებას. მხოლოდ სერო-
2-2 საპატრიარქოს უწყეანი N2 4-17მარტი 2021წ გვ.23
მღვდელი ივლიანე ჩლაიძე 1879-1959 (გაგრძელება)
ბის ხატი მოსვლია მხატვარს ცოტა მაღალი და ჩარჩოში არ მოთავსებულა, რასაც დისსონანსი შეაქვს სიმმეტრიაში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უფალი დავით ისაკაძე, რომელსაც დაუწერია ხატები, არ უარჰყოფს თავის მოვალეობას და ამ ნაკლს შეავსებს. აგრეთვე კარგად ინებებს მ. ივლიანე, რომ საკურთხევლის იატაკს გამოცვლიდეს. ვინაიდგან იგი ასეთ ლამაზად მოწყობილ ეკლესიას არ შეეფერება.
კურთხევა ეკლესიისა ჰქონდა მინდობილი ადგილობრივ ბლაღოჩინს დეკანოზ მ. მიხეილ სხირტლაძეს, რომელმაც ოთხი მღვდლისა და ერთის დეკანოზის დახმარებით შნოიანად შეასრულა კურთხევის წესი. კურთხევას ურიცხვი ხალხი დაესწრო. ეკლესიაში რომ არ თავსდებოდენ, მთელი ეზო მოკავდა ხალხით. რამდენად ბევრი ხალხი დაესწრო ეკლესიის კურთხევას, მოწმობს ის ფაკტი, რომ რამოდენიმე მანდილოსანს სივიწროვის გამო საყდარში გული შეუწუხდა, და გარეთ გამოყვანა ვერ მოახერხეს. წირვაზედ გალობდენ მ. ივლიანეს მიერ მომზადებული ადგილობრივი გლეხები. ამ მოძღვარმა ადრევე მიაქცია ყურადღება საეკლესიო გალობას და კიდევაც შეასწავლა იგი რამოდენიმე მსურველთ, რომელნიც ყოველ კვირა უქმე დღეს მშვენივრად გალობენ საყდარში. ამით უნდა აიხსნას ის მოვლენა, რომ მის წირვაზე შედარებით ბევრათ მეტი ხალხი იკრიბება, ვიდრე იმ ეკლესიებში, სადაც გალობა არ არის. განიცადენის დროს მ. ივლიანე ჩლაიძემ მიმართა ხალხს (მრევლს) სიტყვით, რომლითაც ხალხი დიდათ ნასიამოვნები დარჩა. წირვის შემდეგ წაიკითხა მ. იოანე გიორგობიანმა მშვენიერი სიტყვა ტაძრის მნიშვნელობაზე“. 1907-1909 წლებში მღვდელი ივლიანე იყო ბარის ოლქის სამღვდელოების მხრიდან სასულიერო დეპუტატად იმერეთის საეპარქიო კრებაზე. 1907 წელს ბარის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1907 წლის 14 აპრილს ბარის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1909 წლის 17 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წლის 13 მარტს იობ ისაკაძე (აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის ერთერთი მოთავე, გარდ. 1913 წლის 25 მაისს -– გ. მ.) ქართულ პრესაში წერდა: „ბარის საზოგადოება შვიდი სოფლისაგან შესდგება: სოფ. მრავალძალი (90 კომლი), ზემო ბარი-ქვემო ბარი (257 კომლი), სამთისი (65 კომლი), მუხლი (68 კომლი), ჩონიში (9 კომლი), სორი (82 კომლი) და გადამში ოსები (39 კომლი). სასულიერო წოდების პირნი და აზნაურნი (60 კომლი). სოფლის სასამართლო არსებობს სოფ. ბარში. ამ საზოგადოებაში ოთხი შკოლა არის: ერთი სამინისტროა და სამი სამრევლო. სამინისტრო შკოლა არსებობს სასამართლოს გვერდით სოფ. ბარში. ეს შკოლა იყო ერთკლასიანი. 1908 წ. დავადგინეთ პრიგოვორი და ვითხოვეთ ორკლასიანად გადაკეთება და მეორე მასწავლებელი ხაზინის ხარჯით. ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორისაგან მივიღეთ ცნობა, დაამზადეთ მეორე კლასისათვის შენობა და როცა კრედიტი გაიხსნება, მეორე მასწავლებელს გამოვგზავნითო. 1909 წლიდან ვლას
ალექსანდრეს ძე გოცირიძემ დირექტორს სურვილი განუცხადა, - უფასოდ ვასწავლი სანამ კრედიტი გაიხსნებაო. ამ რიგათ ნოემბრის პირველიდან 1909 წ. გაიხსნა მეორე კლასი, რომლის მასწავლებლადაც იმყოფებიან ხარიტონ საგანელიძე და ვლას გოცირიძე. სამლთო სჯულის მასწავლებლათ მღვდელი ივლიანე ჩლაიძე. სამრევლო სკოლებია სორში, მუხლში და მრავალძალში. სორის შკოლა არსებობს თხუთმეტ წელიწადზე მეტი. სოფ. მრავალძალში საკუთარი ორსართულიანი ქვის შენობა ააგეს შკოლისათვის, რაც ექვსი ათასი მანეთი დაუჯდათ. ეს ფული დაიხარჯა მრავალძალის ეკლესიის შემოსავლიდან. დეკანოზმა მიხეილ სხირტლაძემ შუამდგომლობა აღძრა –- წინაშე, რომ ორი ათასი მანეთი მისცემოდა ხსენებულ შკოლას ხაზინიდან, როგორც გავიგეთ დეკანოზის თხოვნა დაუკმაყოფილებიათ. 1909 წ. მოსავალი ძალიან ნაკლები იყო, ვენახები სულ გადახმა და ვისაც შეძლება აქვს, შეუდგა მიწის გადაბრუნებას და ამერიკული ვაზის გაშენებას. 17 იანვარს 1907 წელს ყრილობამ სასოფლო სამმართველოში სხვათა შორის საზოგადოებამ ყოველ სოფელზე აირჩია სამი გლეხი და ერთი აზნაური გზების ზედამხედველად, რომ მათი ჩვენებით გზები გაგვეკეთებინა. ხალხმა სრული თანხმობა გამოაცხადა, ამოირჩიეს ყოველ სოფელზე სამი გლეხი და ერთი აზნაური, შეადგინეს პრიგოვორი და მოაწერეს ხელი. გზების კეთებას საზოგადოება გულმხურვალედ შეუდგა და კიდევაც მალე მოაწესრიგეს თითქმის ყველა გზები".
2-3 საპატრიარქოს უწყეანი N2 4-17მარტი 2021წ გვ.24
მღვდელი ივლიანე ჩლაიძე 1879-1959 (დასასრული)
მღვდელი ივლიანე 1910 წლის 16 ნოემბერს იმავე სკოლის გამგედაც დაინიშნა. 1912 წლის 12 აპრილს ბარაკონის ლვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის სახურავის გადახურვის კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1912 წელს მისი ინიციატივით სოფელ სამთისში და ბარში შეკრიბეს შეწირულება ბაგრატის ტაძრის სასარგებლოდ და გაზეთ „შინაური საქმეების“ მეშვეობით გააგზავნეს ქუთაისში. აი, რას წერდა მღვდელი ივლიანე აღნიშნული გაზეთის რედაქტორს, მღვდელ სიმონ მჭედლიძეს: „მამაო რედაქტორო ბაგრატის ტაძრის ნანგრევების ზღუდისათვის კეთილ-ინებეს და სიამოვნებით შემოსწირეს თავისი წვლილი შემდეგმა პირებმა: ბარის სახალხო ორკლასიან სასწავლებლის გამგემ სანდრო ამირეჯიბმა 1 მან.; ამავე სასწავლებლის მასწავლებელმა დავით სუპატაშვილმა 50 კაპ.; ბარის საზოგადოების მამასახლისმა სიმონ კერვალიშვილმა 1 მან.; ამავე საზოგადოების მწერალმა პარმენ ბურდილაძემ 1 მან.; გლეხმა ლუარსაბ ელისეს ძე გიორგობიანმა 1 მან.; და ფერშალმა იაკინთე მასხარაშვილმა 50 კაპ.; სულ შეგროვდა ხუთი მანეთი, რომელ ფულსაც ამასთანავე გაახლებთ და უმორჩილესად გთხოვთ გადასცეთ კუთვნილისამებრ; შემომწირველთა ვინაობა კი გთხოვთ თქვენის პატივცემულის გაზეთის „შინაური საქმეების“ ერთ-ერთ ნომერში
გამოაცხადოთ“. 1919-1922 წლებში მღვდელი ივლიანე იყო ნიკორწმინდის ეპარქიის, ბარის ოლქის მთავარხუცესი. 1922 წლის 1 ივნისს შედგენილ საბუთში იგი კვლავ მთავარხუცესად ჩანს, ხოლო 1922 წლის ივნისის ბოლოს კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს აღარ იხსენიება სამთისის ტაძრის წინამძღვრად, რადგან მიღება-ჩაბარების აქტს სამთისის ტაძრის მამასახლისი, ვინმე მუსერიძე აწერს ხელს. 1922/ 1923 წლებში და 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს ხელისუფლებამ მრავალი სასულიერო პირი დახვრიტა, ზოგიც ამ ამბის შემხედვარე შეშინდა და უარი თქვა მსახურებაზე. მათ რიცხვში იყო მღვდელი ივლიანეც, რადგან 1926 წლის 17 თებერვალს შედგენილ საქართველოს ეკლესიის, ქუთაისგაენათის ეპარქიის (1917-1977 წლებში ამ ეპარქიაში შედიოდა ნიკორწმინდის ეპარქია) სასულიერო პირთა ჩამონათვალში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. ყოფილი მოძღვარი
1959 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე - ულუმპია აბესალომის ასული (დაბ. 1885წ.) და შვილები: გიორგი (დაბ. 5.06.1908წ.), პეტრე (დაბ. 16.01.1910წ.), მელანია (დაბ. 30.04.1912წ.), უჩა, შოთა, მავრა, მარიკა.