ნიკოლოზ (პოხრო) პაპიაშვილი 1910-1969 წწ ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ. კავთისხევი, კასპი
ნიკოლოზ (პოხრო) პაპიაშვილი (25. 08.1910 - 12. 07.1969)
ქართული ანდაზა გვეუბნება, - თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსო!..
აი, ასეთი კაცი-მეთოფე იყო კავთურისხეობელი შიო პაპიაშვილის ვაჟი, ნიკოლოზი, რომელიც ხალხმა "პოხროდ" შეასახელა და სოფლის მეხსიერებაში დარჩა ქართველი მოჭიდავის ეტალონადა და იმდაგვარად ძლიერ მბრკენად, ვისაც მეტოქენი ვერ უძლებდნენ.
კავთისხევში ოდითგანვე ჭიდაობდნენ, ნახერხიან-ჩალა-ქვიშიან წრეში სახელს იგდებდნენ და საქვეყნოდ მაღლდებოდნენ, მეფალავნეთა სახელს მეტოქედ მოსულთ ძნელად ატანდნენ და თვით ფალავანდობდნენ დედაქალაქის, საქართველოს დონეზე...
აქ დიდ ვაჟა-ფშაველასაც (ლუკა რაზიკაშვილს) კი უჭიდავია სეხნიასთან - ლუკა მონასელიძესთან...
პოხრო მათი ჯიშისა და გენის, მათებრი ჯილაგის მოდგმისა გამოდგა, ქართული ჭიდაობის მეღველფე და ნაცრის შემნახავი, სულის შემბერი...
მახლას!
აკი კავთისხევში გამართული ხალხმოზიმზიმე ჭიდაობის მომენტში გარდაიცვალა, გარდაისახა, როცა 59 წლის მოყრამდე ოდენ თვენახევარიღა უკლდა...
1969 წლის 12 ივლისს სოფლის საჭიდაო არენაზე უბნების პირველობა მიმდინარეობდა. აქ იყვნენ ტალიკი ბიჭები, სახელიანი ვაჟები...
ყველას მოულოდნელად, უცებ კვლავ ახმაურდა დოლი და ზურნა-დუდუკი : პოხროს ხსოვნის საპატივსაცემოდ "საჭიდაო" დააუკრეს. მსაჯთა დათათბირებითა და გულშემატკივართა დასტურით პოხრო პაპიაშვილის ოჯახს საჭიდაო ჩოხა გაუგზავნეს...
ბოლოს კი, უკლებლივ ყველამ, დიდიან-პატარიანად, დიდი პოხროს ოჯახს მიაშურა მისასამძიმრებლად...
15 ივლისს რაიონულ გაზეთ "განთიადში" სამგლოვიარო 2 განცხადება დაიბეჭდა. პირველში მეუღლე ეთერ მარჯანიძე და შვილები, ზერო და კობა, იუწყებოდნენ ქმრისა და მამის, ნიკოლოზ (პოხრო) შიოს ძე პაპიაშვილის გარდაცვალებას, რომ პანაშვიდი გაიმართებოდა 16-ში, ხოლო დაკრძალვა - 17 ივლისს, 3 საათზე სოფელ კავთისხევში;
მეორე განცხადებაში კი გვარის კაცები, ვახტანგ და თენგიზ პაპიაშვილები მწუხარებაში უთანაგრძნობდნენ განსვენებულის ოჯახს...