სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ონისიმე დავითის ძე ხიზანიშვილი 1869-1930წწ დეკანოზი

1869-1930 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ხიზანაშვილი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

107       ბეჭდვა

ონისიმე დავითის ძე ხიზანიშვილი 1869-1930წწ დეკანოზი


დეკანოზი ონისიმე ხიზანიშვილი 1869-1930

„კეთილი და ხალხის გულშემატკივარი კაცი“

დეკანოზი ონისიმე დავითის ძე ხიზანიშვილი 1869 წელს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრაში მედავითნის ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1888 წლის 6 დეკემბრიდან ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტერთან გახსნილ სასწავლებელში ყველა საგნის პედაგოგად დაინიშნა. 1889 წლის 9 ოქტომბერში წინანდლის წმ. გიორგის სახ. ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1890 წლის 20 ივლისს სტიქარი უკურთხეს. 1891   წლის 12 მარტს თიანეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1891 წლის 7 ივლისს გორის ეპ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. მამა ონისიმე ჩინებული პედაგოგი გახლდათ. წლების მანძილზე იგი დაუზარელად იღვწოდა მომავალი თაობების აღზრდისათვის. ამისთვის მას არაერთი მადლობა აქვს მიღებული. თიანეთში იმ პერიოდში იყო ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მიერ დაარსებული სკოლა, სადაც დიდად ისახელა
თავი მოძღვარმა. 1895 წელს ქართული პრესა მის შესახებ წერდა: „ადგილობრივი მთავარ-დიაკონი ონისიმე ხიზანიშვილი თითქმის ორი წელიწადი ასწავლიდა საღმრთო სჯულს კოშორიძის მაგიერად და არაფერი ჯილდო კი არ ეძლეოდა ამ შრომისათვის. სინდისის ქვეშ უნდა ვსთქვათ, რომ ხიზანიშვილი მეტად ბეჯითად ეკიდებოდა ამ კეთილ საქმეს: შეგირდებმა მშვენივრად შეისწავლეს საღმრთო ისტორია, რაც ცხადად დამტკიცდა ეგზამენებზედ გამოცდის დროს. მაგრამ მთავარს ხიზანიშვილსაც მოსწყინდა ეს უსარგებლო შრომა, გული აუცრუვდა და იმანაც შესწყვიტა შეგირდების სწავლება. ან კი ვინ დაემდურება, პირიქით, იმ შრომისა და ღვაწლისათვის, რაც მან სკოლას დასდო, დიდის მადლობის ღირსია“. 1895 წლის 30 მაისს დიაკვანი ონისიმე გორის
„ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში გადაიყვანეს. 1895 წლის 9 სექტემბერს იმავე ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გალობის პედაგოგად დაინიშნა. 1897 წლის 14 თებერვლიდან საღვთო
სჯულის სწავლებაც მასვე შეუთავსეს, ხოლო იმავე წლის 15 ივლისს დამტკიცდა ამ პოსტზე. მისი აქტიური და ენერგიული სამსახური შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქართული პრესისთვის, სადაც პატარა სტატიაც დაიწერა: „გორი. აქ გამოჩნდა ერთი კეთილი და ხალხის გულშემატკივარი კაცი, მამა ო. ხიზანიშვილი. ო. ხიზანიშვილი მთავარია
(იგულისხმება -–- დიაკვანი -- გ.მ.) და დიდი ყურადღება დაიმსახურა აქაურის საზოგადოებისა თავისის მშვენიერის სწავლა-ქადაგებით. ხიზანიშვილი ქადაგებს ძალიან ხშირად, თავისს ქადაგებაში ხალხს უხსნის ქრისტეს სწავლას და ეხება ზნეობრივ და გონებრივ მხარეს ჩვენის დაბალის საზოგადოებისას; ამასთანავე, ქადაგებას ამბობს წმინდა ქართულის ენით, ყველასთვის ადვილად გასაგებად. ხალხი მადლიერია და გახარებული ამ ამბით. მრავალი მლოცველი დაიარება იმ ეკლესიაში, სადაც ხიზანიშვილი დაესწრება ხოლმე. გორი ფრიად ჩამორჩენილი ქალაქია ყველაფრით. აქ არ მოიპოვება არც სამკურნალო, არც სამკითხველო, არც სხვა ამგვარი დაწესებულება,. აქაური მცხოვრებნი ჭორაობასა და ერთმანეთის კიცხვაში ატარებენ დროს. ამიტომ
გამუდმებული სწავლა-ქადაგება მამა ხიზანიშვილისა ამისთანა ადგილას, ფრიად სასიამოვნო მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიყვარული, შრომა და მეცადინეობა ასეთის კაცისა ნაყოფს მოუტანს ხალხს, კეთილ აზრებს ჩაუნერგავს და ცოტად თუ ბევრად ნათელს მოჰფენს გორის წყვდიადით მოცულ არე-მარეს“.




1897 წლის 26 ივნისს იგი გორის საკათედრო ტაძართან არსებული მშენებარე ორგანყოფილებიანი სამრევლო სკოლის აღმშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს, სადაც დიაკვანმა ონისიმემ ასევე გამოიჩინა თავი. ოქტომბრის დასაწყისში სკოლა უკვე მზად იყო. შენობა ორი დიდი ოთახისგან შედგებოდა. მისი აგება 1300 მან. დაჯდა. 1897 წლის 5 ოქტომბერს გამზადებული სკოლა დიდი ზარზეიმით აკურთხეს. გაზ. „ივერია“ გამოეხმაურა ამ ამბავს: „სკოლის კურთხევაზედ მოწვეულ იქმნენ ყველა გორის დაწესებულებათა წარმომადგენელნი და მოსამსახურენი... წირვაზედ გალობდნენ ამავე სკოლის მოსწავლე ქალნი რუსულად გალობის მასწავლებელ მთავარდიაკვან მ. ონისიმე ხიზანიშვილის ლოტბარობით. წირვის შემდეგ შეიკრიბნენ ახლად აგებულის სკოლის შენობაში სა-



27-1  საპატრიარქოს უწყებანი N27 7-20 ნოემბერი2019წ გვ.17
დეკანოზი ონისიმე ხიზანიშვილი 1869-1930 (გაგრძელება)

კურთხებლად. პარაკლისის დაწყებამდე ბლაღოჩინმა მ. ტატიშვილმა რუსულად წარმოსთქვა სიტყვა, რომლითაც განუმარტა იქ დამსწრე საზოგადოებას სკოლის წინმსვლელობა. შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა ქართულად მთავარ-დიაკვანმა მ. ონისიმე ხიზანიშვილმა, რომლითაც დიდად ნასიამოვნები დარჩნენ მსმენელ-მაყურებელნი. მ. ხიზანიშვილს საზოგადოდ არა ერთხელ წარმოუთქვამს მშვენიერი ქადაგება ეკლესიაში. მის ქადაგებას სიამოვნებით ისმენენ მლოცველნი, რადგან მდაბიო ხალხს მარტივად ესმის მისი გარკვეული ლაპარაკი. ამასთანავე სასიამოვ- ნოდ გვრჩება ის გარემოება, რომ მ. ხიზანიშვილს გორის საკრებულო ტაძრის სკოლის ქალთაგან მგალობელთა გუნდი ჰყავს, რომელიც გალობს ქართულად და რუსულად“. 1897 წლის 30 ნოემბერს სკოლაში გაწეული ღვაწლისათვის დიაკვან ონისიმეს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1898 წლის 12 მაისს, 1899 წლის 16 თებერვალსა და 1900 წლის 5 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) პედაგოგიურ დარგში ნაყოფიერი სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1900 წლის 6 მაისს სახალხო განათლების დარგში მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის სიგელი გადასცა. 1901 წლის 5 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და კარალეთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაადგინეს. 1904 წლის 3 თებერვალს გორის ღვთისმშობლის „ოქონის“ სახ. ტაძარში მედავითნის შტატში გადაიყვანეს. 1906 წლის 6 თებერვლიდან იმავე ეკლესიასთან არსებული ქალთა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1906 წლის 12 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1908 წლის 25 ნოემბერს სკუფია უბოძეს. 1908 წლის 30 ივლისს გორის სანთლის ქარხნის სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1914 წლის 28 თებერვალს ხეითის
მიქაელ მთავარანგელოზის სახ, ტაძარში გადაიყვანეს. 1915 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1915 წელს პირველ მსოფლიო ომის დროს ვარშავასთან ახლოს მოკლეს თავადი სვიმონ ალექსანდრეს ძე მაჩაბელი. კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე ჩაქრა ნაადრევად და ისიც უცხო მიწაზე. გარდაცვლილის ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს და მშობლიურ სოფელში მიასვენეს. პანაშვიდზე მღვდელმა ონისიმემ აღნიშნა: „ღვთისმშობელი დედის წყლულება-იარანი თავის ძის ჯვარცმაზედ განიკურნა იმით, რომ ქრისტემან განამართლა სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვა და ცხოვრების მინიჭება.. ღმერთმა ინებოს, რომ
დღევანდელი დღე ჩვენი დედების რჩეული და საუკეთესო შვილების განგმირვით მოსპობილიყოს კაცის სისხლის ღვრა, რომელიც არ შეესაბამება მეოცე საუკუნეს“. 1916 წელს მღვდელი ონისიმე I მსოფლიო ომში კაპელანად წავიდა. უპატრონოდ დარჩა მისი გახსნილი სკოლაც. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ლიახვის
მარცხენა ნაპირას მდებარე სოფლები მეტად ჩამორჩენილია ყოველიფერით უკან. აქ არის სოფლები: სვერი, ქემერტი, ძარწემი და ხეითი. ამ სოფლებში წერა-კითხვის მცოდნე სამთლით საძებარია. სოფ. ქემერტში სკოლის დაარსებაც გადაწყვეტილია. განაჩენი ხალხმა დაადგინა, მაგრამ ჯერ ვერ ეღირსნენ სკოლას. სოფ. ხეითის
მღვდელმა ონისიმე ხიზანიშვილმა სკოლა გახსნა და ჩინებულად იყო დაყენებული სწავლის საქმე, თითონვე ასწავლიდა, მაგრამ ნივთიერ
ხელმოკლეობის გამო თვით ეს მღვდელი სამხედრო სამსახურში შევიდა, სკოლა კი უპატრონოდ დარჩა“. 1919 წლის 29 მარტს საქართველოს | ცხენოსანი პოლკის კაპელანია და ამ პოლკის მეთაური, გენერალ-მაიორი რატიშვილი, ბრიგადის გენერალ ერისთავის წარდგინებით, კათოლიკოს-პატრი-

27-2  საპატრიარქოს უწყებანი N27 7-20 ნოემბერი2019წ გვ.18
დეკანოზი ონისიმე ხიზანიშვილი 1869-1930 (გაგრძელება)

არქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) მღვდელ ონისიმეს ერთგული სამსახურისათვის დეკანოზად დაჯილდოებას სთხოვს, რაზედაც უწმინდესი ლეონიდე პასუხობს: „საქართველოს ეკლესიაში ყოველგვარი ჯილდოები მოსპობილია. ვსწუხვარ, რომ მოკლებული ვარ ამ ღირსეული მღვდლის დაჯილდოებით სიამოვნებას“. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ გაუქმდა ჯარში კაპელანების ინსტიტუტი და მღვდელი ონისიმე ურბნისის ეპარქიაშიი „ცერონისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1923 წლის 2 სექტემბერს შეიკრიბა ურბნისის წმ. სტეფანე პირველდიაკვნის სახ. ტაძრის სამრევლო საბჭო და მღვდლად აირჩიეს სოფ. ცერონისის სამრევლოს მღვდელი ონისიმე დავითის ძე ხიზანიშვილი. იმავე წლის 29 ოქტომბერს საკათოლიკოსო საბჭომ იგი წინამძღვრად დაამტკიცა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1922/ 1923 წლებში და 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს ხელისუფლებამ მრავალი სასულიერი პირი დახვრიტა, ზოგიც ამ ამბის შემხედვარე შეშინდა და უარი თქვა მსახურებაზე. მათ რიცხვში უნდა იყოს დეკანოზი ონისიმეც, რადგან 1925 წლის 27 ნოემბერს შედგენილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების სიაში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. როგორც ჩანს, მან საერო ასპარეზზე გააგრძელა მოღვაწეობა. ყოფილი მოძღვარი 1930 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს 21 ნოემბერს ქ. გორის ერთ-ერთ სასაფლაოზე. მისი მეუღლე იყო მარიამ მიხეილის ასული (დაბ. 1871წ.); შვილები: ვლადიმერი (1891-1961წწ., დაამთავრა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1916 წელს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემია, მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში), არჩილი (1893-1960წწ., დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი, მუშაობდა თბილისის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში), თამარი (დაბ. 1900წ.), ქეთევანი (დაბ. 1902წ.).



ასევე სასულიერო პირი გახლდათ მისი უმცროსი ძმა, მღვდელი თადეოზ ხიზანიშვილი, რომელიც 1876 წელს დაიბადა. 1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1896 წლის 19 დეკემბერს წილკნის ღვთისმშობლის შობის სახ.ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1898 წლის 13 აპრილს ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1901 წლის 11 აგვისტოს გორის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში განამწესეს. 1902 წლის 24 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა. (1903წლის 11 სექტემბერს გორის
 ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1909 წლის 14 თებერვალს გორის მაზრის VI ოლქის სამთავარხუცესო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1911 წლის 16 იანვარს გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების
სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1914 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა პიტირიმმა (ოკნოვი) მღვდლად დაასხა ხელი და თორტიზას ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესა. 1918 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა და ამ დროს
ხეითის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1925 წლის 27 ნოემბერს, 1926 წლის 23 მაისსა და 1928 წლის 30 მარტს კვლავ ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. იმ პერიოდში შეთავსებით ემსახურებოდა ახლო მდებარე 12 სოფელსაც. 1926 წლის 23 დეკემბერს ცხინვალი-ნიქოზის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ვასილ ხიდაშელი ურბნისის საეპარქიო კანცელარიას სწერდა: „ხეითის მღვდ. ხიზანიშვილს უჭირავს სამი მოქმედი  ეკლესია. წმ. ოდიკისა და დაწესებული ხარჯების შესახებ მრავალგზის მივმართე წერილობით  და უფრო მეტჯერ სიტყვიერად (ცხოვრობს ჩემს მახლობლად), მაგრამ იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევს ჩემს მიმართვებს. უკანასკნელი გაუგზავნე ამა წლის 19 ოქტომბერს. ოდიკის შეძენის შესახებ გადაჭრით და აღელეიბით მითხრა: „მე არაფერს არ გადავიხდი და არც წერილობით პასუხს მოგცემ, შენ რაც გინდა ის მისწერე მთავრობასო“,. 1927 წლის 24 აგვისტოს ურბნელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა (ჭელიძე) გორის საკათედრო ტაძარში ჩაატარა ურბნისის-მაწყვერის საეპარქიო კრება, სადაც თავადვე იყო თავმჯდომარე, ხოლო კრების მდივნად მლვდელი თადეოზი იქნა არჩეული. იმავე კრებაზე საქართველოს მეოთხე საეკლესიო კრებაზე დამსწრე დელეგატად გამოარჩიეს, თუმცა შემდგომში კრებაზე მხოლოდ ოთხი კაცი

27-3  საპატრიარქოს უწყებანი N27 7-20 ნოემბერი2019წ გვ.19
დეკანოზი ონისიმე ხიზანიშვილი 1869-1930 (დასასრული)

გაიგზავნა. 1929 წლის ოქტომბერში მღვდელი თადეოზი ცხინვალი-ნიქოზის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1929 წლის 13 ნოემბერს მლვდელი თადეოზი ურბნელ ეპისკოპოს სვიმეონს (ჭელიძე) სწერდა: „მოგახსენებთ, მეუფეო, რომ ჩვენ გახლდით მიწვეული ერედვში, ქრისტიანული წესის შესასრულებლად ამა წლის ნოემბრის 4-ში, იქიდან რომ დავბრუნდით მე და მედავითნე მიხ. გვარამაძე, გზაში დაგხვდა ორი კაცი, ე. ი. გზის პირას ისხდნენ და რომ მიუახლოვდით, წამოდგნენ ფეხზე და გვითხრეს: „თქვენ კიდევ არ იშლით ამ ერედვში სიარულსო?!“ მე ვუთხარი, ვინც მეძახის მე მასთან მივდივარ და თქვენ რა გინდათ, მე ხომ თქვენთან არ მოვდივარ-მეთქი. ეს თქმა იყო და დამიშვეს კეტი თავში. დარტმისაგან დავეცი ძირს და შეუბრალებლივ მცემეს როგორც მე, აგრეთვე მედავითნე. მას შემდეგ ავად გახლავართ, რადგან თავი გატეხილი მაქვს და სახეც დასიებული, რამაც შეაგვიანა თქვენი მეორე ნახევრის
გადასახადის გამოგზავნა, მაქვს ექიმის მოწმობა. მივმართე აქაურ პროკურორს წერილით, მაგრა,მ ზედაც არ დახედა და უკანვე მომცა, გაიგე,  ვინცა გცემა და პირდაპირ სასამართლოში მიეცი ეგ ქაღალდიო. ამასთან ერთად, გეგზავნებათ საჩივრის  ასლი, რომელშიაც ნაჩვენებია, თუ  ვინ იყო ამის მომქმედი და ვსთხოვე, რომ ის დაეჭირა და თვითონ ეთქმევინებინათ, თუ ვინ იყვნენ, რადგან  მათი ინიციატივით იყო მოწყობილი ეს საქმე; თვით არ გამოჩნდა და სხვები ჩამისაფრა გზაში. ეს გახლავთ, სოფ. ერედვში მცხოვრები გიგა ალექსის ძე ტარიელაშვილი, რომელიც ზაფხულიდან მიკრძალავს იქ სიარულს ქრისტიანული წესების
შესასრულებლად. მოგახსენეთ რა ყოველივე ესე, გთხოვთ მაინც იშუამდგომლოთ, სადაც ჯერ არს, რომ  მოეთხოვოს პასუხი და თუ მართლა ჩვენ არა შეგვიძლია რა, მაშინ სამუდამოდ მოგვხსნას მთავრობამ.  ფულსაც ამ მოკლე ხანში გადმოვგზავნი“. 1929 წლის 17 ნოემბერს, თავის მხრივ, ეპისკოპოსმა სვიმეონმა საკათოლიკოსო სინოდს მისწერა ამის  თაობაზე, თუმცა იმჟამინდელ უღმერთო ხანაში პატრონი და მშველელი არავინ იყო. 1930 წლის 3 ოქტომბერს  მღვდელი თადეოზი აღარ იხსენიება განაწამები მოძღვარი 1935 წლის 30 მარტს გარდაიცვალა. იგი 4 აპრილს დაკრძალეს. ჰყავდა მეუღლე დარეჯან მიხეილის ასული გოგიჩაშვილი (დაბ. 1880წ.) და შვილები: ვახტანგი (1902-1965წწ.), ირაკლი (დაბ. 1908წ.), დავითი.




ონისიმე ხიზანაშვილი

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცერაძე, ღვთისწყალობა ღვთისწყალობას ძე ცერაძე, გალაქტიონ გრიგოლის ძე ცერაძე, იოსებ გრიგოლის ძე ცერაძე, მიხეილ დოროთეოსის ძე წინამძღვრიშვილი, მარიამ გიორგის ასული წინამძღვრიშვილი, ნიკოლოზ (ტარიელის) გაბრიელის ძე ჭონიშვილი, ზაქარია ივანეს ძე ხახიშვილი და მღვდელი ონისიმე ხიზანაშვილი.

ხიზანაშვილი ონისიმე. 1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცერაძე, ღვთისწყალობა ღვთისწყალობას ძე ცერაძე, გალაქტიონ გრიგოლის ძე ცერაძე, იოსებ გრიგოლის ძე ცერაძე, მიხეილ დოროთეოსის ძე წინამძღვრიშვილი, მარიამ გიორგის ასული წინამძღვრიშვილი, ნიკოლოზ (ტარიელის) გაბრიელის ძე ჭონიშვილი, ზაქარია ივანეს ძე ხახიშვილი და მღვდელი  ონისიმე ხიზანაშვილი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.10.2023
ბოლო რედაქტირება 10.02.2026
სულ რედაქტირებულია 10





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0