არქიმანდრიტი (შიო) სპირიდონ პეტრეს ძე ძიძავა 1882-1960წწ
დაიბადა 1882 წელს სენაკის რაიონის სოფ. ხორში. სწავლობდა სენაკის სასულიერო სასწავლებელში, ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1910-1913 წლებში მასწავლებლობდა საეკლესიო სკოლაში. 1914-1921 წლებში სენაკის რაიონის სოფელ ეკის ეკლესიის მღვდელია. 1922-1927 წლებში ნოქალაქევის სკოლის მასწავლებელია. 1927-1943 წლებში იძულებით განმოსილია. 1943 წლიდან გარდაცვალებამდე სოფელ მენჯის ეკლესიის წინამძღვარია.
არქიმანდრიტი შიო (ძიძავა)
საქართველოს საპატრიარქოს საარქივო მასალებისა და ზეპირი გადმოცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა, მიახლოებით აღგვედგინა არქიმანდრიტი შიოს (ძიძავა) ბიოგრაფია.
არქიმანდრიტი შიო (ნათლობით - სპირიდონ ძიძავა) 1882 წლის 1 ივნისს, სამეგრელოში, სენაკის მაზრის სოფელ ხორშში, მღვდელ პეტრე ძიძავას ოჯახში დაიბადა. მისი ორივე ბაბუა (მამის და დედის მხრიდან) მღვდელი იყო. 1897 წელს სპირიდონ ძიძავამ ქალაქ სენაკში სამეგრელოს ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ ჯერ ქუთაისის, მერე კი დონის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც 1908 წელს დაასრულა. 1913 წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამეგრელოს სხვადასხვა სამრევლო სკოლაში. 1913 წლის აგვისტოში ქ. ფოთში გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სპირიდონ ძიძავას ხელი დაასხა ჯერ დიაკვნად და მალევე მღვდლად. მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, მღვდელი სპირიდონი სენაკის მაზრის სოფელ უფლისკარში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შტატიან მღვდლად დაინიშნა. მამა სპირიდონმა საკუთარი ხარჯებით ტაძართან სამრევლო სკოლა დააარსა, სადაც სრულიად უსასყიდლოდ ბავშვებს წერა-კითხვასა და სხვა საგნებს ასწავლიდა. ამის პარალელურად, ორი წლის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა ოთხწლიან სკოლას ახლომდებარე სოფელ ეკში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922-1923 წლებში, საქართველოში მოხდა ტაძრების მასობრივი ნგრევა და დახურვა. იმ დროისათვის უკვე დაქვრივებულმა და თავისი ტაძრიდან გამოძევებულმა მამა შიომ საბჭოთა ხელისუფალთ უარი განუცხადა, დაეწერა ხელწერილი მღვდელმოქმედების შეწყვეტის თაობაზე. მალე მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მატერიალური სახსრების უქონლობის გამო, იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა და სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის შვიდწლედში პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. 1923 წელს მართლმადიდებლური ტაძრების ნგრევის საქმეში ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, მამა სპირიდონი, როგორც "პედაგოგიური მოღვაწეობისთვის უღირსი" პიროვნება, ნოქალაქევის სკოლიდან დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, 1923-1927 წლებში იგი მაინც ასწავლიდა აფხაზეთის სოფელ ამტკელში, მის მიერვე დაარსებულ ოთხწლიან სკოლაში, საიდანაც ასევე დაითხოვეს ქრისტიანული სარწმუნოების მტკიცე აღმსარებლობისთვის. 1927 წელს მამა სპირიდონი იძულებული გახდა, სოფლის მეურნეობისთვის მიეყო ხელი. 1929-1943 წლებში იგი სენაკის რაისაბჭოს კომუნალურ სამშენებლო კანტორაში მუშაობდა შავ მუშად.
ავტობიოგრაფიაში იგი იხსენებს, რომ დავალებული სამუშაოების კეთილსინდისიერი შესრულებისთვის უფლება მიეცა, კვირაში ორი დასვენების დღით ესარგებლა; ამის წყალობით იგი შაბათ-კვირას, როგორც თავად აღნიშნავს, "შინაურულად" აღასრულებდა ღვთისმსახურებას და ასევე სხვადასხვა საეკლესიო წესს მორწმუნეთა თხოვნით, რისი წერილობითი ნებართვაც ჰქონდა მიღებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძისგან (თუმცა ტაძარში ოფიციალურად ჯერ არ მსახურობდა). 1943 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მამა სპირიდონი სამღვდელო მსახურებაში ოფიციალურად აღადგინა და "მთავარანგელოზთა კუნძულის" სავანის იღუმენია ფავსტოს (შუშანია) თხოვნითა და ბათუმისა და ჭყონდიდის მინტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე) ლოცვა-კურთხევით, იგი მღვდლად დაინიშნა აღნიშნულ სავანეში, სადაც 1949 წლამდე მსახურობდა.
1951 წლის 22 მარტს მამა სპირიდონი ბერად აღკვეცეს და ღირსი შიო მღვიმელის სახელი უწოდეს. აღკვეცის წესი აღასრულა ილორის მონასტრის წინამძღვარმა, ღირსი ალექსის (შუშანია) სულიერმა შვილმა, არქიმანდრიტმა იოაკიმემ (შენგელაია). ბერობის მიღების შემდეგ მღვდელ-მონაზონი შიო თეკლათის დედათა მონასტერში მსახურობდა (სხვადასხვა ცნობით, შეიძლება დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ არაოფიციალურად იგი იქ ღვთისმსახურებას უკვე 1940-იანი წლების დასაწყისიდან აღასრულებდა).
1954 წლის აპრილში, სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, "მთავარანგელოზთა კუნძულის" სავანეში, მღვდელ-მონაზონ შიოს იღუმენის წოდება მიენიჭა და თეკლათის მონასტრის მღვდელმსახურად დადგინდა.
1954 წლის 25 მარტს ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე), კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის (ფხალაძე) სახელზე დაწერილ შუამდგომლობაში მღვდელ-მონაზონ შიოს იღუმენის წოდებით დაჯილდოების თაობაზე, მოჰყავს მოკლე ბიოგრაფიული ცნობა მის შესახებ. მეუფე ეფრემი აღნიშნავს, რომ 1923 წლიდან მამა შიო ძიძავა მღვდლად მსახურობდა სოფელ უფლისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 1943 წლამდე იგი "მასწავლებლად მუშაობდა და მღვდლად მსახურობდა სამეგრელოს სხვადასხვა ადგილებში". ეს მნიშვნელოვანი ცნობა შეიძლება გამოგვადგეს მტკიცებულებად იმისა, რომ მამა შიო დევნის წლებში შეურყვნელად იცავდა თავის სამღვდელო ღირსებას და ფარულად განაგრძობდა ღვთისმსახურების აღსრულებას.
1963 წელს, ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოს ილიას (შიოლაშვილი) შუამდგომლობით, იღუმენ შიოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1966 წელს კი იგი წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ მამა შიო იყო ღირსი ალექსის (შუშანია) სულიერი შვილი, თუმცა ამ ფაქტის შესახებ სხვა მრავალი გადმოცემა და გამოკვლევა მოწმობს. კერძოდ, შემონახულია ღირსი ალექსის აღსაზრდელების - იღუმენია ფავსტოს და სქემმონაზონ აკეფსიმეს (შუშანიების) მონათხრობი: "ერთხანს ხმა გავრცელდა, რომ მამა შიო გარდაიცვალა; იგი მართლაც საკმაოდ დიდხანს აღარ გამოჩნდა, ამიტომ ღირსმა ალექსიმ მას დაუსწრებლად წესი აუგო".
მამა შიო რომ ნამდვილად ღირსი ალექსის (შუშანია) სულიერი შვილი იყო, ასევე ამტკიცებს მხცოვანი არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი). ეს ფაქტი მან თავისი მოძღვრისგან, ილორის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოაკიმესგან (შენგელაია) შეტყო. არსებობს ასევე სხვა უტყუარი მოწმობებიც.
არქიმანდრიტ შიოსთან დაკავშირებით აგრეთვე არსებობს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შესანიშნავი მოგონებები*.
აი, ასე იხსენიებს პატრიარქი ილია II თავის მოძღვარს: "საოცარი მოძღვარი მყავდა - მამა შიო ძიძავა. ის არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ და მოძღვრის შესანიშნავი თვისებები ახასიათებდა. ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე ჩემთან ჯერ ბათუმში, შემდეგ - სოხუმში და აღსარებებს იბარებდა. როდესაც შემატყობდა, რომ რომელიმე ცოდვის გამო მეტად ვღელავდი, ხელს მომხვევდა და გამამხნევებდა: "ილოცე, მეუფეო და ნუ განიცდი, მეც შემმთხვევია მსგავსი რამ". ვიცი, ამ სიტყვებით მანუგეშებდა და მას ასეთი ცოდვა არ გამოუცდია. იმდენად კეთილშობილი და დიდსულოვანი ადამიანი იყო, რომ ჩემს გასამხნევებლად იმას იბრალებდა, რაც არასოდეს ჩაუდენია. ბოლოს, აღსარებას რომ დავასრულებდი, ისევ მომეხვეოდა და მეტყოდა: "მეუფეო, ახლა უკვე ანგელოზი ხარ. ღმერთმა შეგინდო შენი შეცოდებანი". ძალიან მიხაროდა ასე რომ ამბობდა...
...იგი ქ. სენაკში ცხოვრობდა. მიწის ნაკვეთში პატარა სახლი ედგა. სახლს სულ ერთი ოთახი ჰქონდა, რომელშიც წყვილი საწოლი, მაგიდა და ორიოდე სკამი ედგა. სახლი კეთილმოწყობილი არ იყო და არც სხვა ავეჯი ჰქონდა მამა შიოს. სახლის კარს არასოდეს კეტავდა. ერთხელ ჩემთან სოხუმში ჩამოვიდა; შევნიშნე, რომ იღუმენის ჯვარი ჯაჭვზე კი არა, შავ ბაფთაზე ეკიდა. ვკითხე: "რა მოუვიდა თქვენს ჯვარს, მამაო?" მიამბო: მამა შიოსთან სახლში მეზობლის ქალი შევიდა, ეტყობა, მისი ჯაჭვი მოეწონა და ნახევარი მოწყვიტა; ჯაჭვის მეორე ნახევარი კი თავად მამა შიომ მიუტანა იმ მეზობელს და უთხრა, - ეტყობა, ძალიან გჭირდებათ..." როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავის მოძღვარს იხსენებს, მასში განსაკუთრებით მოწყალებისა და უპოვარების სათნოებებს გამოჰყოფს. მამა შიოს პიროვნებაში ხშირად იმავე თვისებებს ასახელებდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მას პირადად იცნობდნენ. ამბობენ, რომ როდესაც მამა შიო ნათლობას ან სხვა საეკლესიო წესებს აღასრულებდა და ამისთვის შესაწირს აძლევდნენ, იგი უმალ ყველაფერს გლახაკებს ურიგებდა. მისი მოწყალების შესახებ ბევრმა იცოდა და ზოგჯერ ბოროტადაც სარგებლობდნენ ამით.
შემონახულია სენაკელი ღმრთისმსახურის, აწგანსვენებული დეკანოზ ზურაბ ცხვარაძის მოგონება, რომელიც მას თვით მამა შიოსგან ჰქონდა მოსმენილი: როდესაც 1924 წელს საქართველოში ანტისაბჭოური აჯანყებების ტალღამ იმძლავრა, მამა სპირიდონი, ისევე როგორც სხვა მღვდელმსახურთა უმრავლესობა, მხარს უჭერდა აჯანყებულებს. ქალაქ სენაკშიც იყო დიდი გამოსვლები, რომელთა მონაწილენიც ხელისუფლებამ მკაცრად დასაჯა, მრავალი ადამიანი იქნა დაპატიმრებული და დახვრეტილი. დაპატიმრებულთა ერთ ჯგუფში, რომელიც დასახვრეტად წაიყვანეს, მამა სპირიდონიც აღმოჩნდა. ყველა დახვრიტეს მის თვალწინ. მისი ჯერი რომ დადგა, რატომღაც შეყოვნდნენ, შემდეგ გაათავისუფლეს და უთხრეს: "წადი და ხალხი მონათლე". მან შესძახა: "ამას რას მიკეთებთ?! ისინი ცათა სასუფეველში გაგზავნეთ, მე კი მიწაზე მტოვებთ?!" აი, ასე, სასწაულებრივად გადარჩა იგი, რის შემდეგაც ფარულად მღვდელმოქმედებდა თეკლათის დედათა მონასტერში და ღირსი ალექსის "მთავარანგელოზთა კუნძულის" სავანეში ყველაზე მძიმე 40-იან და სავარაუდოდ, ასევე 30-იან წლებში. მამა შიო მედგრად იტანდა დევნას, მძიმე განსაცდელსა და შევიწროებას.
არქიმანდრიტ შიოს გარდაცვალების წინა დღეს უკანასკნელად ესაუბრა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მან მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. ამის შესახებ ბევრჯერ უამბია თავად კათოლიკოს-პატრიარქს. მიტროპოლიტი ილია სოხუმიდან სენაკში ჩავიდა, რომ აღსარება მიეღო და ეზიარებინა თავისი მძიმედ ავადმყოფი მოძღვარი. ზიარების შემდეგ მამა შიო ხელზე მიეფერა მეუფე ილიას და მიუალერსა: "ჩემი პატრიარქი". კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მაშინ ეს სიტყვები მის მძიმე მდგომარეობას მიაწერა და შეუსწორა: "არა, მამა შიო, თქვენ ცდებით, მე პატრიარქი კი არა, სოხუმის მიტროპოლიტი ილია ვარ". "პატრიარქი ხარ, პატრიარქი", - გაუმეორა მამა შიომ ისე, რომ მისი ხელი არ გაუშვია და ეალერსებოდა.
მამა შიო იმავე ღამეს გარდაიცვალა, მეუფე ილიას სენაკიდან გამგზავრების შემდეგ. ეს მოხდა 1969 წლის 18 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის კვირიაკეში. არქიმანდრიტი შიო (ძიძავა) დაკრძალულია თეკლათის დედათა მონასტერში.