ადრე თუ გვიან ყველა იმპერიას უდგება პოლიტიკური აღმავლობისა თუ დაცემის პერიოდი.
ერთ დროს წითელმა საბჭოთა იმპერიამაც თავისი ძლიერებისა და დიდების ზენიტს მიაღწია და ქვეყნის კერპადქცეულმა ლიდერმა იოსებ სტალინმა ლამის მუჭში მოიქცია პროლეტარული ინტერნაციონალიზმის იდეის ქვეშ გაერთიანებული ხალხთა თვალუწვდენელი მასები. "მიტინგზე თავმოყრილი მასის წინაშე ხელმღვანელი პირი გაიძახოდა - "გაუმარჯოს წითელ ხომალდს, რომელიც ისტორიის ქარიშხლიან ოკეანეს კომუნიზმისკენ მიაპობს!" და მსმენელთაგან გაისმოდა - "მადლობა და უკვდავება ამ ხომალდის მესაჭეს ამხანაგ სტალინს, რომლის გენია მსოფლიოს პროლეტარიატის კეთილდღეობის გარანტიაა!!!" ამას მრავალათასიანი მიტინგის "ვაშაა!" მოსდევდა და არა იმიტომ, რომ ერთეულთა გარდა არავის სწამდა მომავალი კომუნიზმისა, რამედ ციმბირის შიშის გამო!" (მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მოგონებიდან).
იმ ავადმოსაგონარ წლებში საზოგადოების ჯანსაღ ფენას ყველაზე მეტად გაუჭირდა. განსაკუთრებით კი სამღვდელოებისა და შემოქმედებითი ინტელიგენციის ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა ღირსების გრძნობა, რადგან მათთვის უცხო იყო და მიუღებელი ბრბოს ფილოსოფია. ისინი არასდროს დაუშვებდნენ გამხდარიყვნენ სხვისი დირიჟორობით მართული ეგზალტირებული მასის შემადგენელი ნაწილი.
ყველა წამოწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სიახლე ეწოდოს, როცა იგი არ არის თავსმოხვეული და მისი დამკვიდრება ტრადიციათა უგულებელყოფისა და წარსულის უპატივცემულობის ხარჯზე არ ხდება. სხვა შემთხვევაში იგი ძალადობაა, რომელიც ყველა დროში მიუღებელი და დასაგმობია.
მთავარი ბოლშევიკური სლოგანები ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ და ფუნდამენტურ ისტორიულ ფასეულობებს დრომოჭმულ, მავნე ტრადიციად მოიხსენიებდა, აიძულებდა ხალხს სარწმუნოებისა და საუკუნობით დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების უარყოფას. კომუნისტური მატერიალიზმის ცრუ პროპაგანდით ცდილობდა სულიერების ფანტასტიკის სფეროდ წარმოჩენას და სარწმუნოების გარეშე ცხოვრების დაკანონებას; "გაუმარჯოს რელიგიის, სამღვდელოების და ეკლესიების მოსპობას!", "ძირს რელიგია!", "გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას და საბჭოთა მთავრობას, რომელიც ებრძვის ყოველგვარ ცრუმორწმუნეობასა და ბოროტებას!" მსგავსი შინაარსის ლოზუნგებსა და მოწოდებებში სარწმუნოება, როგორც ხედავთ, ცრურწმენასთან და ბოროტებასთან იყო გაიგივებული.
ერთეული გამონაკლისების გარდა, ვინ გაბედავდა მაშინ, წინ აღდგომოდა ამ კამპანიას, რომელიც ეკლესიების მიწასთან გასასწორებლად და მორწმუნე საზოგადოების გასანადგურებლად იყო მიმართული.
სულით ხორცამდე შეძრწუნებული სამღვდელოება ამაოდ ცდილობდა რაიმე გამოსავლის პოვნას. 1923 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოსი დავითი (კაჭახიძე) მიხა ცხაკაის სწერდა: "მე თქვენ გიცნობდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვსწავლობდი თბილისის სემინარიაში. როცა თქვენ მოსწავლეთა შორის სთესდით სოციალიზმის თესლსა... სუფთა რელიგია თავისთავად, სრულიადაც არ უშლის ხელს კომუნისტური ურთიერთობების დამყარებას, მით უფრო, სახარებისეული ქრისტიანობა. არა ჯერ არს მღვდელთა და ღვთისმეტყველთა ნაკლულოვანება-შემოდებათა გადატანა თვით სარწმუნოებაზე! ადამიანისა და კაცობრიობის დღევანდელი ფსიქიკა აუცილებლად მოითხოვს დაკმაყოფილებულ იქნეს მისტიკურ-რელიგიური მოთხოვნილება.
კომუნიზმის გაძლიერებისთვის უმჯობესია, საბჭოთა მთავრობამ უმაღლესი საერო მთავრობის #25 დეკრეტი სარწმუნოების შესახებ დაიცვას, ხოლო თუ საეკლესიო წესებში და სამღვდელოებაში რაიმეა დასაგმობი, მიზეზი თვით რელიგიაში - ქრისტიანობაში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ თვით სამღვდელოებაა "გასაჩოთქი". იქნებ ე.წ. გასაჩოთქ სამღვდელოებაში ეპისკოპოსი იმათ უფრო გულისხმობდა, რომელთაც ვერ გაუძლეს დროის ცდუნებას, სულიერს მატერიალური ამჯობინეს, ანაფორასა და ღვთისმსახურის სახელს ამოფარებულნი, ხელისუფალთა ბრმა იარაღად იქცნენ ეკლესიის დასასუსტებლად და გასანადგურებლად?..
მათგან განსხვავებით, სასულიერო პირთა ღირსეული ნაწილი ვერ ურიგდებოდა ქვეყნად გამეფებულ უზნეობას და ცდილობდა, ხმა მიეწვდინა სოფლსაბჭოების, რევკომების და ხელისუფლების უფრო მაღალ ეშელონებში მოკალათებული ხელმძღვანელი პირებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ პროტესტს არავითარი შედეგი არ მოჰქონდა, რადგან წერილის ადრესატები სრულებითაც არ თვლიდნენ თავს ვალდებულად, რაიმე სახის ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ სასულიერო პირთა და მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნებზე.
თელავის მაზრის სოფელ ახალი გავაზის მღვდელი რაჟდენ თურქაძე რევოლუციურ კომიტეტს ატყობინებდა: "სოფელ ახალი გავაზის ეკლესია, რომელშიც მე ვასრულებდი მღვდელმსახურებას, ადგილობრივმა მილიციამ სამკითხველოდ გადააქცია და ამით სამლოცველო მომისპო. ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ რევკომს, მომცეს ნება, სოფელ ახალ გავაზში ავასრულოთ მღვდელმსახურება ეკლესიის გარეშე, სასაფლაოზე, მიცვალებულთა დასასვენებელში". საეჭვოა, მაშინ ვინმეს შეეწყნარებინა მამა რაჟდენის თხოვნა. ეკლესიები სწორედ იმიტომ იხურებოდა, რომ ღვთისმსახურება არ ჩატარებულიყო, ასეთ გადაწყვეტილებებს კი სწორედ რევკომებში იღებდნენ.
"საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის 1921 წლიდან დაწყებული დარბევა დიდი ინტენსივობით გრძელდებოდა 20-30-იან წლებში, - აღნიშნავს პროფესორი ვახტანგ გურული, - დაინგრა, დაიხურა და გაიძარცვა ეკლესია-მონასტრები. მღვდლებს აუკრძალეს მსახურება. საბჭოთა ხელისუფლება დიდი სისასტიკით ებრძოდა ბავშვების მართლმადიდებლური წესით მონათვლას.
ნათლობის შემთხვევაში მკაცრად ისჯებოდნენ მღვდლები, ბავშვის მშობლები, ნათლიები. ამის გამო ბევრ ოჯახში მოუნათლავი იყვნენ 10-15 წლის ასაკს მიღწეული ბავშვები. მორწმუნეთათვის ეს დიდ ტრაგედიას წარმოადგენდა. ამ ძნელბედობის ჟამს უფლისგან დაკისრებული მისიის აღსრულებას განაგრძობდა ბევრი მღვდელმსახური. ასეთი სარისკო ნაბიჯის გადადგმა უმეტეს მათგანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა".
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როცა გაგუნაშვილების ოჯახმა რუსეთის საპატრიარქოდან წერილი მიიღო. "წერილში გამოთქმული იყო თხოვნა გადაგვეგზავნა ოჯახში არსებული დოკუმენტები და ფოტომასალა საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მღვდლის ნიკოლოზ გაგუნაშვილის შესახებ, რომელიც ჩვენი დიდი ბაბუა იყო, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სვეტა გაგუნაშვილმა-ჰენფრსონმა, რომელიც თავისი წინაპრის, დეკანოზ ნიკოლოზ გაგუნაშვილის პატივსაცემად ინგლისელი მეუღლის გვართან ერთად დედამისის ბაბუის გაგუნაშვილის გვარსაც ატარებს, - ჩვენ მართლაც დავიწყეთ მასალების შეკრება, მაგრამ ომის დროს საქართველოში ვიმყოფებოდით და ისეთი დღეები გამოვიარეთ, არავითარი სურვილი აღარ მქონდა, ოჯახში არსებული მასალები მოსკოვში გადამეგზავნა".
როგორც ქალბატონმა სვეტამ გვიამბო: დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილი XIXს-ის 60-იან წლებში დაბადებულა. სასულიერო პირად მისთვის ხელი დაუსხამს წმინდა მღვდელმთავარს, ალექსანდრე ოქროპირიძეს.
"დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი, რომ ბაბუას ახლობლობა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი გახლდათ. ერთხანს მიმოწერაც ჰქონიათ. მოგვიანებით, როცა ილიას ნაწარმოებები აუკრძალავთ, სასთუმალთან ინახავდა თურმე მის ნაწერებს დაUჩუმად კითხულობდა. თავის გვართან დაკავშირებით ასეთი რამ მოუყოლია: "გაგუნა ცნობილი ყაჩაღი ყოფილა, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა, მაგრამ შემდეგ მოუნანიებია თავისი საქციელი და რადიკალურად შეუცვლია ცხოვრების წესი. ჩვენი გვარი მისი სახელიდან ყოფილა წარმომდგარი. შაჰ-აბასის დროს ჩვენი საგვარეულოს წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ირანის ლაზეთში გადასახლებულაო".
ვიდრე სასულიერო პირი გახდებოდა, ბაბუა ცნობილი თამადა და კარგი მომლხენი ყოფილა. ამიტომ ხშირად იწვევდნენ სუფრის გასაძღოლად. ერთხელ ღვინო ისე მოჰკიდებია, ცხენით მიმავალს გზაზე ჩასთვლიმა თურმე. "რომ გამომეღვიძა, უფსკრულის პირას ვიყავი მიმდგარი. ერთი ქვა რომ ჩამოვარდნილიყო, ცხენი დაფრთხებოდა, გადავიჩეხებოდით უფსკრულში და ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს ვეღარავინ გვიპოვიდა. მაშინაც ღმერთმა გადამარჩინაო", - უთქვამს ბებიაჩემისთვის. ახალგაზრდობაში დიდი სურვილი ჰქონია, ექიმი გამოსულიყო და ევროპული განათლების მისაღებად გერმანიაში წასულა, მაგრამ მისი პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. მამის, დავით გაგუნაშვილის დაჟინებული თხოვნით, რომელიც თვითონაც მღვდელი იყო და უნდოდა, შვილიც მის გზას გაჰყოლოდა, სასულიერო სემინარიაში ჩააბარა მისაღები გამოცდები და სემინარიის სტუდენტი გახდა.
მამა ნიკოლოზს ოთხი შვილი ჰყოლია: დავითი, აკაკი, ნინო და სოფიო. ჩვენს ოჯახში მიღებული ტრადიციის თანახმად, ამ გვარის გამგრძელებლები მონაცვლეობით ნიკოლოზსა და დავითს არქმევენ შთამომავლებს ჩვენი სასულიერო წინაპრების სახელთა უკვდავსაყოფად. დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილის მოგვარსახელე, რომელიც 60 წლისაა, ამჟამად ისლანდიაში ცხოვრობს. მან თავის შვილსაც, რომელიც უკვე მეხუთე თაობაა, დავითი დაარქვა", - გვიამბო ქალატონმა სვეტამ და ვინაიდან თავად არ მიუწვდებოდა ხელი, მოეძიებინა საპატრიარქოს არქივში არსებული დოკუმენტური მასალა, ჩვენ გვთხოვა ამ საქმეში დახმარება. საპატრიარქოს არქივში მართლაც ინახება მამა ნიკოლოზის პირადი საქმე, რომელშიც მისი მოღვაწეობის ადრეული პერიოდის რამდენიმე დოკუმენტია მოთავსებული.
თუ რა უმძიმეს პირობებში უხდებოდა მას ცხოვრება და თავისი საღმრთო დანიშნულების აღსრულება, კარგად ჩანს 1917 წლის 20 ოქტომბერს მისი მეუღლის ქ-ნი მარიამის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი კირიონისადმი გაგზავნილ წერილში:
"მღვდლის მეუღლის, მარიამ კირილეს ასული გაგუნაშვილის უმორჩილესი თხოვნა.
ჩემი მეუღლე ნიკოლოზ დავითის ძე გაგუნაშვილი იმყოფება მღვდლად სოფ. კისისხევში - თელავის მაზრა.
სხვა და სხვა პირებმა აამხედრეს სოფელი ჩემი ქმრის წინააღმდეგ, ასე რომ წინადადება აქვს მიცემული დატოვოს სოფელი, რასაც ძალაუნებურად უნდა დასთანხმდეს და სისრულეში უნდა მოიყვანოს.
რადგანაც, ახალი განკარგულებით, სოფლის ნებართვა არის საჭირო მღვდლის ამა თუ იმ სოფელში განწესებისთვის, ამისათვის ჩემი ქმარი აწი რჩება უადგილოდ. შესანახი ჰყავს რამდენიმე პირი: ერთი შვილი ქალთა საეპარქიო სასწავლებელში სწავლობს, ერთი - სამხედრო ბეგარას იხდის. თუ მალე არ იშოვნა სახსარი ცხოვრებისა, შიმშილით სიკვდილი მოგველის.
ამისათვის უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, მოახდინოთ შესაბამისი განკარგულება, რათა ჩემს ქმარს, ნიკოლოზ გაგუნაშვილს მიეცეს საჭირო მოწმობა იმისა, რომ ნება ჰქონდეს კერძო სამსახურში შესვლისა ან კიდევ უბრძანოთ, რათა თქვენთან იყოს გადმოყვანილი, თქვენს მფარველობის ქვეშ და მით აგვაცდინოთ შიმშილისგან სიკვდილი".
წერილის პასუხად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შესაბამისი რეზოლუციით დააკმაყოფილა მარიამ გაგუნაშვილის თხოვნა, რის საფუძველზეც მამა ნიკოლოზს ნება დართეს კერძო სამსახურის შეთავსებისა, თუმცა როგორც მაღალყოვლადუსამღვდელოესის, თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდესადმი გაგზავნილ მამა ნიკოლოზოს წერილშია აღწერილი, კისისხევის ფერისცვალების ეკლესიაზე თავდასხმა და დარბევა კვლავაც გრძელდებოდა. ხელისუფალთა მიერ წაქეზებული სასულიერო პირების ძმების ტ. და ნ. ბ-ების ხელით მამა ნიკოლოზისთვის ძალით ჩამოურთმევიათ ბეჭედი, საეკლესიო ქონება და დოუმენტაცია, იანვრის თვეში დაურბევიათ და გაუძარცვავთ მისი სახლ-კარი, რის გამოც ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა და საქართველოს საპატრიარქომ სასამართლოს მიმართეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად და დამნაშავე პირთა გამოსავლენად, მანამდე კი ტ. და ნ. ბ-ებს ჩამოერთვათ მღვდელმოქმედების უფლება.
თუ როგორ დასრულდა საქმის გამოძიება, საპატრიარქოს არქივში ამის ამსახველი დოკუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი ბრალდებული სასულიერო პირი ტ. ბ. 30-იანი წლების რეპრესიების დროს დახვრიტეს.
სვეტა გაგუნაშვილის ინფორმაციით, მამა ნიკოლოზისთვის მრევლს დიდი სჯულისკანონი უჩუქებია და ერთი პერიოდი იგი ამ საგანს სასულიერო სემინარიის სტუდენტებს უკითხავდა. უწმინდეს და უნეტრეს კალისტრატეს (ცინცაძე) დაპატიმრებამდე იმპერატორ პეტრე პირველის ჯვრით დაუჯილდოებია. ვინაიდან უცხო ენები იცოდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დაუპატიმრებიათ როგორც უცხოელებთან საიდუმლო კავშირში მხილებული და წამების არაერთი მეთოდი გამოუყენებიათ მის წინააღმდეგ. მამა ნიკოლოზს დიდხანს ამყოფებდნენ წყალში წელს ქვემოთ, რასაც სერიოზული ზიანი მიუყენებია მისი ჯანმრთელობისთვის და ვინაიდან ასაკოვანი იყო, დიდი სურვილის მიუხედავად, ვეღარ შეძლო სასულიერო მოღვაწეობის გაგრძელება, რადგან სიარული ძალიან უჭირდა. როცა შვილიშვილს უკითხავს, ხომ შეგეძლო ციხიდან ისე გამოსულიყავი, რომ ამდენი წამება თვიდან აგეცილებინაო, მამა ნიკოლოზს უთქვამს: "არ შემეძლო ღმრთის უარყოფა, რადგან სინდისს, რომელიც ღვთის ხმაა ადამიანში, ვერასდროს გადავაბიჯებდიო". მე 1945 წელს, მისი დასაფლავების დღეს, მომნათლესო, - გვითხრა ქალბატონმა სვეტამ.
მამა ნიკოლოზ გაგუნაშვილის დაკრძალვას თელავში დასწრებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე.
დღემდე გამოუქვეყნებელი მამა ნიკოლოზის ფოტოები, რომლებიც ქალბატონმა სვეტლანა გაგუნაშვილმა მოგვაწოდა, პირველად იხილავს დღის სინათლეს ჩვენი ჟურნალის მეშვეობით.
დეკანოზი ნიკოლოზ დავითის ძე გაგუნაშვილი 1868 წელს თელავის მაზრაში დიაკვნის ოჯახში დაიბადა. 1881-1885 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1885-1891 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1891 წლის 15 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და თბილისის წმ. მარინეს სახ. ტაძარში განამწესა. პარალელურად იმავე ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულისა და გალობის მასწავლებლად დაინიშნა. 1892 წლის 13 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ანაგის წმ. ნინოს სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1896 წლის 1 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 6 იანვარს ანაგის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე ვერცხლისფერი მედლით დაჯილდოვდა. 1898 წლის 25 აპრილს კონდოლის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს.
1902 წლის 1 აპრილს სკუფია უბოძეს. 1906 წლის ოქტომბერში ელიზავეტოპოლის რკინიგზის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში განამწესეს. 1910 წლის 27 ივლისს, თბილისის მაზრაში, გერგერის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში დაადგინეს, სადაც 1910 წლის 23 აგვისტომდე იმსახურა. 1911 წლის 25 იანვარს გორის მაზრაში, სოფ. მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაადგინეს. 1915 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. სამწუხაროდ, მისი მეტეხიდან წასვლა მრევლის საჩივრის საფუძველზე მოხდა, რაც შემდგომშიც რამდენჯერმე განმეორდა. 1915 წელს ქართულ პრესაში ვკითხულობთ: „საჩივარი მღვდელზე: 3 მაისს ეპისკოპოს ანტონის სოფ. მეტეხში ადგილობრივმა მრევლმა საჩივარი მიართვა თავიანთ მღვდელ გაგუნაშვილზე, რომელიც ხალხის სიტყვით ძალიან უწესოდ იქცევა“. გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) საქმის ვითარებას გაეცნო. იგი დარწმუნდა, რომ მოძღვრისთვის სასარგებლო იქნებოდა სხვა სამრევლოში გაეგრძელებინა სამსახური. ამიტომ იმავე წლის 31 ივლისს, მან მღვდელი ნიკოლოზი გომის წმ.
იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანა. 1915 წლის 12 ოქტომბერს სიღნაღის მაზრაში, ქვემო მაჩხაანის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1916 წლის 16 მარტიდან თელავის მაზრაში, კისისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარშია, კისისხევის სამრევლოშიც მძიმე პირობებში უწევდა
მსახურება,რაც კარგად ჩანს 1917 წლის 20 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი კირიონისადმი (საძაგლიშვილი) გაგზავნილ წერილში, რომელიც მის მეუღლეს ეკუთვნის: „ჩემი მეუღლე, ნიკოლოზ დავითის ძე გაგუნაშვილი, იმყოფება მღვდლად სოფ. კისისხევში, თელავის მაზრა, სხვადასხვა პირებმა აამხედრეს სოფელი ჩემი ქმრის წინააღმდეგ, ასე რომ, წინადადება აქვს მიცემული, დატოვოს სოფელი, რასაც ძალაუნებურად უნდა დასთანხმდეს და სისრულეში უნდა მოიყვანოს. რადგანაც, ახალი განკარგულებით, სოფლის ნებართვა არის საჭირო მღვდლის ამა თუ იმ
სოფელში განწესებისთვის, ამისათვის ჩემი ქმარი აწი რჩება უადგილოდ. შესანახი ჰყავს რამდენიმე პირი: ერთი შვილი ქალთა საეპარქიო სასწავლებელში სწავლობს, ერთი -–– სამხედრო ბეგარას იხდის. თუ მალე არ იშოვნა სახსარი ცხოვრებისა, შიმშილით სიკვდილი მოგველის. ამისათვის უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, მოახდინოთ შესაბამისი განკარგულება, რათა ჩემს ქმარს, ნიკოლოზ გაგუნაშვილს მიეცეს საჭირო მოწმობა იმისა, რომ ნება ჰქონდეს კერძო სამსახურში შესვლისა ან კიდევ უბრძანოთ, რათა თქვენთან იყოს გადმოყვანილი, თქვენს მფარველობის ქვეშ და მით აგვაცდინოთ
შიმშილისგან სიკვდილი". წერილის პასუხად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა შესაბამისი რეზოლუციით დააკმაყოფილა მარიამ გაგუნაშვილის თხოვნა, რის საფუძველზეც მამა ნიკოლოზს ნება დართეს კერძო სამსახურის შეთავსებისა, თუმცა, როგორც მაღალყოვლადუსამლვდელოესის, თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდესადმი გაგზავნილ მამა ნიკოლოზის წერილშია აღწერილი, კისისხევის ფერისცვალების ეკლესიაზე თავდასხმა და დარბევა კვლავაც გრძელდებოდა. მას დაპირისპირება მოუვიდა ადგილობრივ სასულიერო პირებთან, ძმებ ტიმოთე და ნიკოლოზ ბაკურაძეებთან.
მათ მხარი დაუჭირა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც, რომელთაც მამა ნიკოლოზისთვის ძალით ჩამოურთმევიათ ბეჭედი, საეკლესიო ქონება და დოკუმენტაცია, იანვრის თვეში დაურბევიათ და გაუძარცვავთ მისი სახლ-კარი, რის გამოც ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) და საკათალიკოსო სინოდმა სასამართლოს მიმართეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად და დამნაშავე პირთა გამოსავლენად, მანამდე მღვდელ ბაკურაძეებს ჩამოერთვათ მღვდელმოქმედების უფლება. მიუხედავად ამისა, მლვდელი ნიკოლოზი კისისხევში ვეღარ აგრძელებს სამსახურს. 1919 წელს იგი კაჭრეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. მანამდე იქ მღვდელი გიორგი ბოჭორიძე
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ნოემბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილი 1868 –– 1945 (გაგრძელება)
(შემდგომში -- ცნობილი მკვლევარი და ისტორიკოსი გ.მ.) მსახურობდა, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით (1918 წლის დეკემბერი) სამრევლო დატოვა და სწავლა უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, ისტორიის განხრით დაიწყო. სამწუხაროდ, ამ სამრევლოშიც ვერ აეწყო მისი საეკლესიო სამსახური. 1921 წლის 6 ოქტომბერს კაჭრეთის რევკომი ალავერდელ ეპისკოპოს პიროსს (ოქროპირიძე) სწერდა: „ვაცნობებთ თქვენ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომ კაჭრეთის სამრევლოს მღვდლის გაგუნაშვილის წინააღმდეგ აღძრული იყო საჩივარი მისი არასაკადრის
ყოფაქცევისა გამო. გამოძიებამ გამოააშკარავა ყოველივე მისი არა საკადრისი საქციელი და მრევლი იმედოვნებდა, რომ გაგუნაშვილი გაძევებულ იქმნებოდა კაჭრეთის სამრევლოდან. გარდა ამისა, რადგან მღვდელი გაგუნაშვილი არ შეეფერება თავის წოდებას და მოძულებულია მრევლის მიერ, ამისთვის მას, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვრის თვეში გამოეცხადა, რომ მას მრევლი თავის მღვდლად აღარ სცნობს და წინადადება მიეცა დაეტოვებინა მრევლი. მიუხედავად ამისა, მღვდელი გაგუნაშვილი აქამომდე განაგრძობს მრევლში ცხოვრებას, რაიცა იწვევს მრავალ უსიამოვნებას მცხოვრებთა
შორის. მრევლის დაჟინებითი მოთხოვნილების გამო, მღვდელ გაგუნაშვილს სექტემბრის თვეში კაჭრეთის რევკომის მიერ უკანასკნელად გამოეცხადა დატოვოს კაჭრეთის მრევლი და გადავიდეს სხვაგან. გაუწყებთ რა ამას კაჭრეთის რევკომის თანახმად,
მრევლის სურვილისა, გთხოვთ თქვენ, მღვდელი გაგუნაშვილი გადაიყვანოთ კაჭრეთის სამრევლოდან და მის ადგილზე დანიშნოთ სხვა მღვდელი“. ეპისკოპოსმა პიროსმა იმავე წლის 8 ოქტომბერს ამ წერილს
შემდეგი რეზოლუცია წააწერა: „ჩემთან არ მოსულა არავითარი გამოძიება გაგუნაშვილზე. ეხლა ვნიშნავ სასწრაფო გამოძიებას და თუ დაუმტკიცდა საჩივარი კანონიერი სიცხადით, მაშინ საქმეს მიეცემა კანონიერი მსვლელობა“. 1923 წელს მღვდელი ნიკოლოზი სამკერდე ოქროს
ჯვრით დაჯილდოვდა. 1924 წლის იანვარში იგი ქვემო კურდღელაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში მსახურობდა. 1924 წლის 15 იანვარს საეკლესიო წესების დარღევისათვის მას 6 თვითშეუჩერეს მღვდელმსახურება და სხვა სამრევლოში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, სასჯელის გასვლის შემდეგ იგი კვლავ ქვემო კურდღელაურში დატოვეს, რაც დასტურდება 1928 წელს ალავერდელ ეპისკოპოს სტეფანეს (კარბელაშვილი) წერილიდან, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელი ნიკოლოზ გაგუნაშვილი გამწესებულია ქვემო კურდღელაურში და დიდი ხანია თხოულობს ზევით კურდღელაურსაც, რომელიც დეკანოზ იოანე შოშიაშვილს ჰქონია. და შემდეგ იქ მიტროპოლიტ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) რეზოლუციით გაუმწესებია დეკანოზი ლევან ვარდიაშვილი. საბჭოს წევრები მოითხოვდნენ, ვინც გინდათ ის დაგვინიშნეთ, ოღონდ წირვა-ლოცვა არ დაგვაკლოსო. დეკანოზ ვარდიაშვილის გადასვლით საქმე გართულდა საშინლად და დროებით დაინიშნა დეკანოზი მათე ალბუთაშვილი. მღდელი გაგუნაშვილი თხოულობს გადაწერას კისისხევის სამთავარხუცოში და დეკანოზმა ეპიფანემ განაცხადა, გადაწერილ იქნეს სადაც თხოულობსო“. 1931 წლის 12 აპრილს მღვდელმა ნიკოლოზმა ალავერდელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (ცინცაძე) ზემო კურდღელაურის სამრევლოს შეერთება სთხოვდა ქვემოსთან, როგორც ეს იყო დეკანოზ იოანე შოშიაშვილის გარდაცვალებამდე, 1927 წლის 22 სექტემბრამდე, რაზედაც თანხმობა მიიღო. 1932 წლის 5 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის, თანახმად ალავერდის საეპარქიო საბჭოს დადგენილებისა, უწმინდეს კალისტრატემ იგი დედაეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დეკანოზის წოდებით დააჯილდოვა. 1934 წლის 27 სექტემბერს საკათოლიკოსო სინოდის წევრნი, დეკანოზმი იოანე ცქიტიშვილი და ბენიამენ კანდელაკი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, ალავერდის ეპარქიაში სარევიზიოდ გაემგზავრნენ (1930-1950
წლებში ალავერდის ეპარქიას შეთავსებით განაგებდა უწმინდესი კალისტრატე -– გ.მ.). მათ შთაბეჭდილებები წერილობითი ფორმით შეადგინეს და პატრიარქს წარუდგინეს. აი, რას წერდნენ ისინი: „თქვენი უწმიდესობის ბრძანებით, ჩვენი მისიის მიზანი
იყო, გავმგზავრებულიყავით ალავერდის ეპარქიაში ალავერდის ტაძრის ,,ჯვართამაღლების“ დღესასწაულზე დასასწრებათ. ამ ტაძარში და ეგრეთ წოდებულ ,თეთრი გიორგის“ ეკლესიაში შეგვესრულებინა ღვთისმსახურება. დაგვეთვალიერებინა აღნიშნულ ტაძრებთან ერთად შუამთის ტაძარი, იყალთოს და თელავის ეკლესიები და გზადაგზა ის ეკლესიები, რომელზედაც ხელი მიგვიწვდებოდა. თვალი გადაგვევლო მათ ქონებაზე, საქმეთა წარმოებაზე. გავცნობოდით მორწმუნეთა სარწმუნოებრივ დონეს, ღვთისმსახურების მსვლელობას,
სამღვდელოების მორალურ და ეკონომიურმხარეს.
მათ მოქმედებებს, ურთიერთშორის განწყობილებას და მათ მოპყრობას სამრევლოებთან. თელავში დაგვხვდა ეპარქიის მთავარხუცესი დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი. მასპინძელმა მხიარულად მიგვიღო, მაგრამ გამოსთქვა უკმაყოფილება, რომ არ მობრძანდა თქვენი უწმიდესობა, მორწმუნენი კი აღტაცებით მოგველოდნენ. ამის შემდეგ ჩვენი თხოვნით დეკანოზმა ღვინიაშვილმა დაუგზავნა ბარათები საბჭოს წევრებს სხდომაზე მოსასვლელად. შემდეგ დეკანოზი ბენიამენი და დეკანოზი ლეონტი წავიდნენ თელავის უგეპეუში. ღვინიაშვილმა გააცნო უგეპეუს თავჯდომარეს სამღვდელოების არანორმალურად დაბეგვრა და სთხოვა,
რომ დაბეგრილ ყოფილიყვნენ შემოსავლის მიხედვით. თავჯდომარე დაგვპირდა ყოველივეს შესრულებას. საღამოს სხდომაზე მოვიწვიეთ სოფელ კურდღელაურის მოძღვარი ნიკოლოზ გაგუნაშვი-
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ნოემბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილი 1868 –– 1945 (დასასრული)
ლი, რომელსაც გარედან მოწვეული წიგნის მკითხველი უჩიოდა ხელფასის მიუცემლობას. სამწუხაროდ, სხდომა არ შედგა. არ გამოცხადდა საბჭოს უმრავლესობა, არ გამოცხადდა არც დეკანოზი მათე ალბუთაშვილი. სამაგიეროდ გამოცხადდა დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილი. მასზედ გაკეთებული განცხადება მედავითნის მიერ უსაფუძვლო აღმოჩნდა, ამიტომ იგი გამართლებული დარჩა. მაგრამ დეკანოზი გაგუნაშვილი, როგორც მოძღვარი, თავის სიმაღლეზე არ მდგარა, მიუხედავად სემინარიის განათლებისა და გარეგნული წარმოსადეგი საღი შეხედულებისა. გაირკვა, რომ ხშირად, როცა სწირავს წიგნის მკითხველს არ იწვევს, რომ სასყიდელი არ მისცეს. დეკანოზი ცქიტიშვილი ეკითხება:მამაო, არც სააღდგომო წირვისთვის მოგიწვევია მედავითნეო? პასუხი: აღდგომას სულ არ მიწირავსო, რადგან ცუდი დრო არის და ღამისთევის წირვა-ლოცვის ჩატარება მეშინიაო. კითხვა: გათენებისას ვსწირავდი მამაო, და ამაზე სამრევლოს წინასწარ ვაუწყებდიო. პასუხი: რას ბრძანებთ, მამაო, პირველად მესმის ჩემს სიცოცხლეში, რომ აღდგომას დილის წირვა შესაძლებელი ყოფილაო. აქედან სჩანს, რომ დეკანოზი ნიკოლოზი ძლიერ ჩამორჩენილი მოძღვარი ყოფილა. წინადადება მიეცა, რომ დილით იგი თავის ეკლესიისაკენ ერთ-ერთ ჩვენგანს გაჰყოლოდა დასათვალიერებლად. მეორე დღეს ადრე გამოცხადდა და დეკანოზი იოანე წაჰყვა. ტაძარი სრული და კარგია, სუფთათაც აქვს. ცოტა რამ შესწორება შევიტანეთ, ნივთები თავთავის ადგილზე დავაწყვეთ. ტაძარი შუა სამრევლოშია აგებული, ეზო ვრცელი და სუფთა აქვს. სამრევლო 700 კომლი ჰყოლია და ძვირად რომ მათ შორის საეკლესიო წესი უმღვდელოდ სრულდებოდეს. განწყობილებაც სამრევლოსთან ცუდი არ ჰქონია და არც ეკონომიურად უჭირს“. 1934 წლის 27 დეკემბერს კურდღელაურის მრევლმა ითხოვა დეკანოზ ნიკოლოზის სამრევლოდან გადაყვანა, თუმცა უწმინდესმა კალისტრატემ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. 1935 წლის
მაისში უკვე თავად დეკანოზმა ნიკოლოზმა ითხოვა თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარში მეორე მღვდლის ადგილი, თუმცა იგი იმჟამად დაკავებული იყო. 1937 წლის 30 აგვისტოს ახალსოფლის სამრევლოში გადასვლა ითხოვა, რაც ასევე ვერ განხორციელდა. 1937-1938 წლის რეპრესიებს ვერ გადაურჩა მხცოვანი მოძღვარი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იგი დაუპატიმრებიათ როგორც უცხოელებთან საიდუმლო კავშირში მხილებული და წამების არაერთი მეთოდი გამოუყენებიათ მის წინააღმდეგ. მას დიდხანს ამყოფებდნენ წყალში წელს ქვემოთ, რასაც სერიოზული ზიანი მიუყენებია მისი ჯანმრთელობისთვის და ვინაიდან ასაკოვანი იყო, დიდი სურვილის მიუხედავად, ვეღარ შეძლო სასულიერო მოღვაწეობის გაგრძელება, რადგან სიარული ძალიან უჭირდა. ეს მოხდა 1940 წელს. იგი იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და მღვდელმსახურება შეეწყვიტა. ნატ ანჯი მოძღვარი 1945 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თელავის საერო სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე -- მარიამ კირილეს ასული და შვილები: დავითი, აკაკი, ნინო და სოფიო.