სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი გ.1822წ. ოსმალებმა ქრისტიანი მონაზონი შეიპყრეს, აწამეს და წამებული გვამი ზღვაში გადააგდეს. ხსენება ახ.სტ. 17(02) მარტი
ბმულის კოპირება

წმიდანები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

69       ბეჭდვა

მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი გ.1822წ. ოსმალებმა ქრისტიანი მონაზონი შეიპყრეს, აწამეს და წამებული გვამი ზღვაში გადააგდეს. ხსენება ახ.სტ. 17(02) მარტი

წმიდა თეოდორე აჭარელი ეკუთვნის საქართველოს უძველესი კუთხის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმიდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან.

წმიდა თეოდორე დაიბადა XVIII სს 70-80-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსულმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მიზნით უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმიდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსულმანებული ქართველი მოსახლეობის მუსულმანური ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრებას.


წმიდანის ცხოვრებიდან არ ჩანს, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მათი ოჯახი ტრაპეზენტში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ, ცნობილია, რომ წმიდა თეოდორემ უარი თქვა მუსულმანობაზე. მან მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და რადგანაც ეს ძალიან საშიში იყო, წმიდა თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში (იზმირი) არსებულ ერთ-ერთ ქართულ მონასტერს, იქვე აღიკვეცა მონაზვნად და მისი ძმის შვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე წმიდა თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გამხდარა.

1822 წელს წმიდა თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის წმიდა მთაც. სწორედ მათ შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ მოუკლავთ, მოწამის გვამი უსჯულოებს ზღვაში გადაუგდიათ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


წმინდა თეოდორე აჭარელი

..."1849 წელსა ვიხილე აქა აჭარითგან ქართუელი, დაუბრკოლებლად და კანონიერად მოუბარი ქართულად, რომელსაცა შეემოსა მონაზონებისა სახე 17 წლითაგან ცხოვრებისა თვისისა. ამას ჰყოლოდა ბიძა, გაქრისტიანებული ტრაპეზუნს, სადაც შრომობდა აბანოთა შინა მუშაკობითა და ლტოლვილი ისმირად შიშისათვის მაჰმადიანთა. მიიმალა მუნ ქართველთა მონასტრის მეტოქსა და აიძულა ძმის-წული თვისი, რათა მიეღო მასცა ქრისტიანობა.

ესრეთ ბიძა მისი, შემდგომად ქმნილი პროიღუმენად მისვე მეტოქისა, 1822 წელსა წარვიდა მთაწმინდას, რომელსაცა გარე ედგა თურქთა ლაშქარი ბრძოლისა ჟამსა ბერძენთათა ააღჰშფოთებულთა და შეპყრობილი გზასა ზედა მოკლულ იქმნა და შთაგდებულ ზღუასა. ამა ღირსსა კაცსა ეწოდებოდა თეოდორე.

ძმისწული მისი, დაჰშთენილი ობლად, სიკუდილმან ბიძისამან, ქრისტიანობისა გამო მოკლულმან, უფროს განამტკიცა სიყუარულსა ზედა ქრისტესსა.

თურქთა წარიქციეს იგი თავისსა მსახურად და შემდგომად ათი წლისა მსახურებისა, განჰსყიდა იგი მომსყიდუელმან მისმან სამისის ჭალიკის ვაჭარმან სომეხმან. მოსცა მას თავისუფლება და წარვიდა პირუელსა ბიძისა თვისისა სადგომს სმირნასვე და აქა შეიმოსა ამანცა სახე მონაზონებისა და ჰგიეს მუნ მოღუაწედ. სახელი ამისი - ნეოფიტე, მცოდნე ბერძნულისა წიგნისა და წერისა. დიდად ჰწუხდა უმეცრებისათვის ქართუელთა ენისა მწიგნობრობისა".

როგორც ჩანს, ნეოფიტე აჭარელის ბიძა, აჭარაში ძალდატანებით გამუსლიმანებული, გადახვეწილა ტრაპეზუნდში (ტრაპიზონში). აქ ხელმეორედ გაქრისტიანებულა. მაგრამ შიშობდა, მაჰმადიანებს ძალდატანებით კიდევ არ გაემუსლიმანებინათ. ამიტომ უშიშროების მიზნით, საქართველოდან შორს, სმირნაში (იზმირში) გადასულა. აქ, მაშინ, ჯერ კიდევ თავისუფლად ცხოვრობდნენ ქრისტიანები. მათ შორის ბევრი ქართველიც ყოფილა. იზმირში ქრისტიან ქართველებს თავიანთი სალოცავი ტაძარი ჰქონიათ, როგორც პ.იოსელიანი ამბობს, - "ქართუელთა მონასტრის მეტოქი" - (მეტოქი - სამყოფი, მონაცვლე, საბას განმარტებით) - დღევანდელი გაგებით - "მეტოქი" - ქართველთა მონასტრის ფილიალი.

ამ "ღირსსა კაცსა" - თეოდორე აჭარელს, ნეოფიტეს ბიძას, თავი გამოუჩენია ქრისტეს მოძღვრების ცოდნითა და სიყვარულით. მალე აურჩევიათ იგი ქართველთა მონასტრის მეტოქის, ე.ი., ქართველთა საყდრის - წინამძღვრად (პროიღუმენად). ამ მიღწევით არ დაკმაყოფილებულა თეოდორე აჭარელის მებრძოლი სული. უფლისადმი სამსახურის გასაძლიერებლად გამგზავრებულა მთაწმინდას. გადაუწყვეტია ათონის ივერთა მონასტერში დამკვიდრება. მაშინ, 1822 წელს, მძიმე ჟამი ედგა ამ წმიდა სავანეს. ოსმალეთსა და საბერძნეთს შორის სასტიკი ომი მძვინვარებდა. წმიდა ათონის მთა საბრძოლო მოქმედების ცენტრში იყო მოქცეული. ოსმალები იბრძოდნენ მის ასაოხრებლად, მისი სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად. მთაწმინდისაკენ მიმავალი თეოდორე აჭარელი მტრის გარემოცვაში აღმოჩნდა. ქრისტიანი მონაზონი შეიპყრეს, აწამეს და წამებული გვამი ზღვაში გადააგდეს.

თეოდორე აჭარელმა, "ქრისტიანობისა გამო მოკლულმან", თავისი მოწამეობრივი სიკვდილით კიდევ უფრო აამაღლა ცოცხლად დარჩენილი, იზმირში გადახვეწილი, თანამემამულეების სული; გააძლიერა მათში უფლისადმი სიყვარული. მაცხოვრის სახარების მადლი კიდევ უფრო გაღვივდა და გაცხოველდა თეოდორე აჭარელის ძმისწულის, ობლად დარჩენილ ნეოფიტეს გულში. იგი დაადგა ბიძის მიერ გაკვალულ გზას, დამკვიდრდა იზმირში არსებულ ქართველთა მონასტრის მეტოქში (სადგომში) და ბერად აღიკვეცა. პლატონ იოსელიანის თქმით, იგი იყო შესანიშნავი მწიგნობარი, განათლებული პიროვნება, მცოდნე ოსმალური და ბერძნული ენებისა. ნანობდა ქართული მწიგნობრობის უცოდინარობისა გამო. ცხადია, იგი შესანიშნავად საუბრობდა ქართულად, მაგრამ საქართველოდან შორს მყოფი, კარგად ვერ ახერხებდა ქართული ლიტერატურული ტექსტების შესწავლას... ვინ იცის, რა ღვაწლი დასდო მან ქრისტიანულ კულტურას, რა თარგმნა, რა შექმნა ორიგინალური; მაგრამ, საუბედუროდ, დღემდე არაფერი ვიცით იზმირში არსებული ქართული ტაძრის მესვეურთა მოღვაწეობის შესახებ.

მკითხველს სიხარულით გვინდა ვაუწყოთ: საქართველოს ეკლესიამ გაითვალისწინა აჭარის წარსული, ამ მხარეში უსახელოდ დარჩენილი ათასობით წამებულ ქართველთა ისტორია, ქრისტიანობის დაცვა-შენარჩუნებისათვის მათ მიერ გაწეული მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ეპიზოდები და "ქრისტიანობისა გამო" წამებით მოკლული თეოდორე აჭარელი შერაცხა წმიდანად.

"საპატრიარქოს უწყებანი" (იხ. N 43, 2002 წ. 25-31 ოქტომბერი, გვ. 5-6) გვამცნობს: "2002 წლის 17 ოქტომბერს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა.

სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. პირველ რიგში, მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ წმიდა სინოდის წევრებს წარუდგინა ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე თავდადებით მოღვაწე იმ პირთა სია, რომელთა წმიდათა დასში შერაცხვაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული". წმიდა სინოდმა დაადგინა და წმიდათა დასში შერაცხა ათი პიროვნება. მათ შორისაა - აბუსერისძე ტბელი (XIII ს.), ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX ს.), მღვდელმონაზონი თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.), ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული. მისი ხსენების დღედ დაწესდა 17 თებერვალი (ძვ. სათვალავით).

ამიერიდან, ზეციურ საქართველოში კიდევ უფრო გაბრწყინდება მისი ნათელი სული; მიწიერ საქართველოსაც, მის მშობლიურ აჭარასაც, უფრო მეტად მოეფინება ღვთაებრივი მადლი. ქრისტიანული საქართველოს განუყოფელი ნაწილის, აჭარის, უსახელო წმიდათა ისტორიაში პირველად გამობრწყინდა წმიდა თეოდორე აჭარელის სახელი.

ავტორი: შუშანა ფუტკარაძე

 წყარო-nplg.gov.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 02.03.2022
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0