ჩემი მამა-პაპა წარმოშობით ფშავიდანაა, - მიამბობს მამა გიორგი ბაღიაური, - ღვთის სიყვარული და კრძალვა ყოველთვის ჰქონდათ. ათეისტურმა რეჟიმმა მთაში, საბედნიეროდ, ვერ შეაღწია.
ბავშვობაში, მახსოვს, დედა როგორ აღნიშნავდა ხოლმე რელიგიურ დღესასწაულებს. ალბათ ამან გარკვეული კვალი დატოვა ჩემში. რაც დრო გადიოდა, მინდოდა, უფრო მეტი გამეგო სარწმუნოებაზე, დავახლოებოდი ეკლესიას.
მანქანათმშენებლობის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჯარში გამიწვიეს. შემდეგ სასულიერო სემინარიისკენ გამიწია გულმა. მე და მამა მიქაელი, ახლა სოფელ ასურეთის ტაძრის წინამძღვარი, მეგობრები ვართ. მას მანგლისში აქვს სოფელი და ერისკაცობაში იქ შემთხვევით მეუფე ანანიას რეზიდენციაში მისულა. მეუფეს სასულიერო სემინარიაში ჩაბარება შეუთავაზებია. მაშინ მამა მიქაელმა უარი უთხრა. მამა მიქაელს ვთხოვე, მეუფე დამხმარებოდა ოცნების ასრულებაში. პირველად მეუფეს 1993 წელს შევხვდი და მისი მორჩილი გავხდი. 1994 წელს ჩავაბარე სასულიერო აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო პედაგოგიურ ინსტიტუტში ანთროპოლოგიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდი მეუფის გვერდით გავატარე.
1998 წელს დავოჯახდი. 2004 წლის აგვისტოში მეუფეს სასულიერო პირად კურთხევა ვთხოვე. 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას, გავხდი დიაკვანი. 2005 წლის 21 სექტემბერს კი, ღვთისმშობლის შობას, მეუფემ მღვდლად დამასხა ხელი.
მესამე წელია, რაც კოდის წმინდა ნინოს ტაძარში ვმსახურობ. ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან დავიწყე. ჩემამდე აქ მამა აბელ ბუცხრიკიძე მსახურობდა. მისი ხელით გაკეთდა ყველაფერი, რასაც ხედავთ. მე რომ მოვედი, მრევლი გაფანტული დამხვდა. დაახლოებით ორი წელი შეჩერებული იყო ღვთისმსახურება. ტაძარში თითო-ოროლა ადამიანი დადიოდა. მადლობა ღმერთს, თანდათან ყველაფერი შეიცვალა და მრევლიც გვიმრავლდება. უმეტესად ახალგაზრდები დადიან და აქტიურობენ.
მოძღვარი დიდ როლს ასრულებს ადამიანის მოქცევაში. თუ გულს გადაუშლი და სიყვარულს დაანახებ, აუცილებლად მოგენდობა და სიყვარულზე სიყვარულით მოგიგებს. ძალიან მიხარია, რომ მრევლი ერთმანეთს თანდათან უახლოვდება.
უწმინდესისა და მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით ჩვენს ეპარქიაში მანგლისის ღვთისმშობლის ხატი დაბრძანდებოდა. უნდა გენახათ, როგორი სითბოთი და სიყვარულით გვხვდებოდა მოსახლეობა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ სვანეთიდან ჩამოსახლებულები. მათ სოფლებში გამორჩეული სიყვარული აქვთ ეკლესიისა. დიდი სურვილი აქვთ, მათ სოფელში მოქმედი ეკლესია იყოს და მოძღვარი აღავლენდეს მსახურებას.
ღვთისმშობლის ტაძრის მოლოცვამ ბევრი სასწაული დაგვანახა. ბერძნების სოფელ წინწყაროში დღეს სვანები და აჭარლები ცხოვრობენ. როგორც კი შევაბრძანეთ ხატი იქაურ ტაძარში, მირონი წამოუვიდა. ალექსეევკის ძველ ტაძარში შევაბრძანეთ თუ არა მანგლისის ღვთისმშობელი, იქაურ ხატებს დაედინათ მირონი. და ეს ჩვენს თვალწინ მოხდა. ბუნებრივია, ხალხზეც მოქმედებს ამგვარი სასწაულები. რწმენაში უფრო ძლიერდებიან. ყველანაირი სიხარულისა და სიკეთის წყარო ხომ სულიწმინდის მადლია. ვისაც მადლი ექნება, სიხარულს მიიღებს. თუკი გული ღია გაქვს ამ მადლისთვის, დიდ სიხარულს იგრძნობ.