ვლადიმერ ივანეს ძე ბექაური (დ. 27 დეკემბერი, 1882, სოფ. კიტოხი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 თებერვალი, 1938)
— ქართველი გამომგონებელი, რევოლუციონერი-ორგანიზატორი. საბჭოთა კავშირის „განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო სპეციალური დანიშნულების სამხედრო გამოგონებებისათვის“ ვლადიმერ ბექაურის ხელმძღვანელობით.
ვლადიმერ ბექაური1882 წელს თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის სოფელ კიტოხში ივანე ბექაურისა და ეკატერინე ნოზაძის ოჯახში დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და უმარჩენლოდ დარჩენილი ოჯახი იძულებული გახდა ხაშურის მაზრის სოფელ ალში დედის ნათესავებთან გადასახლებულიყო. ვლდიმერ ბექაურმა 1899 წელს დაამთავრა ხაშურის რკინიგზის სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის მიხეილის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგაც (1903 წ.) მთელი ცხოვრება მიუძღვნა რევოლუციურ და საგამომგონებლო საქმიანობას.
1903-1904 წლებში ტექნიკოსად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მე–13 სამშენებლო უბანზე. მისი ხელმძღვანელობით ხარაგაულსა და ძირულას სადგურებს შორის, სოფელ ლაშესთან გაყვანილი იქნა 64 მეტრი სიგრძის გვირაბი. გვირაბის შესასვლელთან მარცხენა კედელზე ქვაზე ამოკვეთილი იყო ვ.ი. ბექაურის ინიციალები. 1904 წელს ტრასის მიმოკვლევის ტექნიკოსია ჯულფა–თავრიზის ხაზის მშენებლობაზე, ხოლო მომდევნო წელს კაუჩანძი–ჩუნჯულინის გზის მშენებლობის მეთვალყურე ტექნიკოსი.
1905 წლის რევოლუციის დღეებში ვლადიმერ ბექაური ხაშურში მუშაობდა და აქტიურად მონაწილეობდა ხაშურის საორთქმავლო დეპოს მუშათა გამოსვლებში. ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტის დავალებით, ხაშურელთა მებრძოლი რაზმისთვის დაამზადა ბომბები და თვითნაკეთი ზარბაზანი, რომელიც 1905 წელს რკინიგზის მუშებმა კაზაკებთან შეტაკების დროს გამოიყენეს ხაშურის სადგურის რაიონში. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ვლადიმერ ბექაური არალეგალურად ცხოვრობდა და პოლიციას ხელში რომ არ ჩავარდნოდა თავი აარიდა სამხედრო სამსახურს. 1907 წელს საცხოვრებლად ჯერ ციმბირში, შემდეგ პეტერბურგში გადავიდა, სადაც ცოლად შეირთო ლიადია ვალსტრემი (პულიტოვოს ქარხნის წარმოშობით შვედი მჭედლის ქალიშვილი), რომელთანაც ერთი ქალიშივილი – ნინო შეეძინა.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე ბექაურების ოჯახი შემთხვევითი შემოსავლებით ცხოვრობდა, რასაც ვლადიმერი წვრილ–წვრილი ტექნიკური გამოგონებებისა და ნახაზებისთვის იღებდა. სამხედრო უწყების არაშორსმჭვრეტელი მოხელეების მიერ ვერ იქნა ჯეროვნად შეფასებული სამხედრო ხასიათის გამოგონებები, თუმცა ამის გამო ბექაურს ხელი არ აუღია თავის გატაცებაზე. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი მთელი რიგი გამოგონებები, მათ შორის აღსანიშნავია, ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდეს გემანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში.
1919 წლის 30 ივნისს ვ. ი. ლენინმა ხელი მოაწერა რუსეთის სფსრ სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტს, რომლითაც დამტკიცდა დებულება გამოგონებათა შესახებ. 1921 წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით და პირადად ლენინის მიერ ხელმოწერილი მანდატით შეიქმნა „განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო სპეციალური დანიშნულების სამხედრო გამოგონებებისათვის“ ვლადიმერ ბექაურის ხელმძღვანელობით. სამუშაოებისათვის გამოყოფილი იქნა 150 ათასი შვეიცარიული ფრანკი და ბექაურს დაუქვემდებარეს 27 ინჟინრისა და 50 მუშა–ხელოსნისგან შემდგარი ჯგუფი. ბიუროს სამუშაოთა თემატიკა ეხებოდა ნაღმების, ტორპედოების წარმოებას, წყალქვეშა ცურვას, კავშირგაბმულობას, საპარაშუტო ტექნიკასა და სხვა დარგებს. აქ ამუშავებდნენ აგრეთვე ტორპედოებს წყალქეშა ნავებისათვის, განსაკუთრებულ ფუგასებს, რადიოს საშუალებით მართულ კატარღებს. ვლადიმერ ბექაურმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო–სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია.
1922 წელს ვლადიმერ ბექაური გაემგზავრა გერმანიაში, ესტონეთსა და შვეციაში მის მიერ გამოგონებული სისტემის – სასიგნალიზაციო აპარატურის დამზადების შეკვეთის შესასრულებელი სამუშაოებისადმი თვალის სადევნებლად.
1929 წლისათვის წითელმა არმიამ მიიღო ბიუროს მიერ დამზადებული 11 ახალი სახის იარაღი, 24 სახეობა კი გადიოდა გამოცდას. უშუალოდ ვლადიმერ ბექაურს ეკუთვნოდა შემდეგი სახის კონსტრუქციები: პარაშუტის ავტომატური გახსნის მოწყობილობა, პარაშუტის დროის გარკვეულ მონაკვეთებში გასახსნელად (1922 წ.); მოწყობილობა ტორპედოს მოცემული ტრაექტორიით მოძრაობისა და აფეთქებისათვის (1924 წ.), ფარული რადიოსიგნალიზაციის ხელსაწყო, მანძილზე მართვის ხელსაწყო მცურავი კატარღებისათვის (1926 წ.) და სხვ.
საბჭოთა კავშირში რადიომაუწყებლობის სადგურების შექმნის შემდეგ მ. ფრუნზემ ვლადიმერ ბექაურს დაავალა, ეხელმძღვანელა აფეთქებებისათვის რადიოსიგნალის საშუალებით. 1925 წელს შედგა საცდელი აფეთქება – ფუგასებამდე მანძილი შეადგენდა 25 კილომეტრს, მალე ეს მანძილი 170 კილომეტრამდე გაიზარდა და რადიოთი მართული ასაფეთქბელი ხელსაწყო 1929 წელს ჩაბარდა სამხედრო წარმოებას სახელწოდებით „ბემი“ (ბექაურისა და მისი თანაშემწის პროფესორ მიტკევიჩის გვარების პირველი ასოების მიხედვით).
1932 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველი ნაღმების რადიოთი მართვის საჯარისო ქვედანაყოფი. 1936 წლის 10 მარტს ტექნიკის ახალი ნიმუშებით წითელი არმიის შესაიარაღებლად დიდი სამუშაოების წარმატებით შესრულებისათვის ვლადიმერ ბექაური შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა. 1941 წელს II მსოფლიო ომის დასაწყისში როდესაც საბჭოთა ჯარები უკან იხევდნენ და გერმანელები იკავებდნენ რუსეთისა და უკრაინის ქალაქებს, ყველგან შეინიშნებოდა ერთი მოვლენა – დროდადრო ხდებოდა შენელებული მოქმედების ნაღმების აფეთქება, თანაც გერმანელების მიერ დაკავებულ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე. გერმანელებმა შენელებული მოქმედების ნაღმების აღმოჩენა–გაუვნებელყოფისათვის მთელი ერთი წელი დაკარგეს და კიდევ ერთი წელი საკუთარი წარმოების მოდელების შესაქმნელად, თუმცა რადიონაღმების წარმოება მათ ვერ ააწყვეს და ამ ნაღმების გამოყენება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეძლეს. რადიოფუგასების უშუალო შემოქმედი ვლადიმერ ბექაური კი, რომლის მიერ შექმნილ იარაღს „ბექაურის საღობურე ნაღმი“ ეწოდებოდა, ამ დროისთვის უკვე ცოცხალი აღარ იყო.
1937 წელს ვლადიმერ ბექაური გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს. რეაბილიტირებული იქნა 1956 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ.
ვლდიმერ ბექაურის ქალიშვილი – ნინო იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკდემიის ი. პ. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 30-ზე მეტი სამცნიერო შრომის ავტორი ნერვიული სისტემის ფიზიოლოგიის დარგში. ნინო ბექაურმა შეიმუშავა ირიდოციკლიტების განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს თვალის ხანგრძლივი სპირტონოვოკაინის რეტრობულბარული ანესთეზიის წესი (გამოქვეყნებულია გამოგონებათა 1960 წლის N22 ბიულეტენში), რისთვისაც საავტორო მოწმობა მისცეს.