"ნოდარი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაქორწინდა, 6 თვის შვილი დარჩა... ძალიან ნიჭიერი იყო, უკრაინელები უცხოეთში აპირებდნენ მის გაგზავნას" - რას ჰყვება მეგობარი დაღუპულ ქართველზე, ნოდარ ნასიროვზე?
23:22 / 09-03-2024
"ნოდარი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაქორწინდა, 6 თვის შვილი დარჩა... ძალიან ნიჭიერი იყო, უკრაინელები უცხოეთში აპირებდნენ მის გაგზავნას" - რას ჰყვება მეგობარი დაღუპულ ქართველზე, ნოდარ ნასიროვზე?
მთავარ ფოტოზე: ნოდარ ნასიროვი
რუსეთ-უკრაინის ომს "ქართული ლეგიონის" კიდევ ორი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი შეეწირა. როგორც მათი თანამებრძოლი ლაშა რუხაია გვიამბობს, ისინი სხვა ლეგიონერებთან ერთად ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, დავალებაზე. უკან გამობრუნებისას მასიურ დაბომბვაში, ფარებ ჩამქრალი ავტომობილით მოუწიათ გადაადგილება, როლის დროსაც დამწვარ "ბეემპეს" დაეჯახნენ.
ნასიროვი და გოგიაშვილი წინ ისხდნენ და ადგილზევე დაიღუპნენ, დანარჩენები გადარჩნენ. ლაშა რუხაია ამბობს, რომ გიორგი გოგიაშვილის კარგად არ იცნობდა, ნოდარ ნასიროვთან კი ჯერ კიდევ საქართველოში მეგობრობდა.
ლაშა რუხაია:
- მე და ნოდარ ნასიროვი თბილისში ერთად გავიზარდეთ. მე უკვე უკრაინაში ვიყავი, ის რომ ჩამოვიდა. გადამზადება წარმატებით გაიარა და მოხვდა უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურში. იქ სადაც "ქართული ლეგიონის" ქვედანაყოფია. ნოდარი არც ომის ვეტერანი იყო, არც სხვა ტიპის საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ძალიან მაგარი მებრძოლი დადგა. ალბათ გახსოვთ, ამ ზამთარს "ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლის რომ დაიღუპა და 9 დაიჭრა. ისიც მათ შორის იყო. ცხრავე დაჭრილი ამ ერთმა კაცმა გამოიყვანა წინა ხაზიდან. მამუკა მამულაშვილი გაოცებული მირეკავდა, ეს რა ბიჭი ყოფილაო. სიტყვებს ვერ პოულობდა, მართლაც, სულით და გულით მებრძოლი იყო. უკრაინელები უცხოეთში აპირებდნენ მის გაგზავნას, გადასამზადებლად. ახალი ტიპის იარაღის მოხმარება უნდა ესწავლა. ძალიან პერსპექტიული სამხედრო იყო. .
ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი
- წარმოშობით საიდან იყო?
- წარმოშობით ქურთი იყო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ქართველებზე არანაკლებად უყვარდა საქართველო. ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო, სამსახიობოზე სწავლობდა, მეგრულად ისე ლაპარაკობდა, ვერც კი მიხვდებოდით, რომ მეგრელი არ იყო. საოცრად კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ძალიან კარგად მღეროდა. საკუთარ ქორწილში ქართული ჩოხა ეცვა, ქართულად იცეკვა და ქართულად იმღერა. საოცრად პატრიოტი ადამიანი იყო. "ქართული ლეგიონის" მეთაურის მოადგილე ლევან ფიფია აფხაზეთიდან დევნილია და ლექსებს წერს. მას ვუთხარი ნოდარის შესახებ, ისიც წერს ლექსებს თქო. დაინტერესდა და გაეცნენ ერთმანეთის შემოქმედებას. ორივე აღტაცებული იყვნენ ერთმანეთით. მერე ლეგიონის ბიჭებმა ნახეს, როგორ უკრავდა ნოდარი ფანდურზე და როგორ მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, ყველა გაგიჟებული იყო... ჩვენი სული და გული იყო ეგ ადამიანი, ძალიან დამენანა...
- როგორც ვიცი, უკრაინაში დაქორწინდა. ?
- დიახ, უკრაინაში დაქორწინდა, ცოტა ხნის წინ. ხუთი მეჯვარე ჰყავდა და ხუთივეს ქართული ჩოხა ეცვა. მეუღლეს ქართული კაბა ჩააცვა. ქრისტიანულად იყო მონათლული. 6 თვის შვილი დარჩა. სხვათა შორის, ნოდარის საქართველოში არ ჩამოასვენებენ. მას უკრაინის გმირის სტატუსით, საპატიო ყარაულის თანხლებით, უკრაინაში დაკრძალავენ.
ნოდარ ნასიროვი მეუღლესთან ერთად
- რატომ?
- მისმა მეუღლემ მამამისს სთხოვა, რომ შვილისთვის მამის საფლავზე გასვლის საშუალება მიეცა. გაუჭირდა მამამისს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა. ჩემი ტელეფონით ელაპარაკნენ დღეს ერთმანეთს. სამშაბათს, „ქართული ლეგიონის“ ბაზაზე ბიჭები გამოემშვიდობებიან და შემდეგ გმირთა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ნოდარის მამას მამუკა მამულაშვილიც დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი უკრაინაში ჩასვლის ხარჯებს უზრუნველყოფდა.