სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
იყალთოს სამონასტრო კომლექსი ავტ. ნიკოლოზ ბოტკოველი იყალთოს სამონასტრო კომლექსი ავტ. ნიკოლოზ ბოტკოველი
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ბოტკოველი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

იყალთოს სამონასტრო კომლექსი ავტ. ნიკოლოზ ბოტკოველი

ნიკოლოზ გიორგის ძე ბოტკოველი დაბადებულია 04 აგვისტო 1990 წელს იყალთო (თელავი). დამთავრებული აქვს გრემის მამათა მონასტერთან არსებული სასულიერო სემინარია


საბაკავლო ნაშრომი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი და ღირსი მამები ზენონი და არსენი

ხელმძღვანელი: კუტალაძე მაკარი (ივანე) ავთანდილის ძე  მღვდელ მონაზონი.  დაბ 1985წ. თერჯოლა. ლომისციხის მამათა მონასტერი, ნეკრესის ეპარქია 2024წ 

2021წ.

ს ა რ ჩ ე ვ ი

შ ე ს ა ვ ა ლ ი 2

თავი I. იყალთოს  სამონასტრო კომპლექსის ადგილმდებარეობა და დაარსების ისტორია 4

თავი II. ღირსი ზენონი „სუეტი შუენიერისა მორჩილებისა“ 6

თავი III. წმინდა არსენ იყალთოელის ცხოვრება და მოღვაწეობა 9

დ ა ს კ ვ ნ ა 26

ბიბლიოგრაფია 28


შ ე ს ა ვ ა ლ ი


წინამდებარე საბაკალავრო ნაშრომი წარმოადგენს იყალთოს მონასტრის ისტორიისა და   გამორჩეული ღირსი მამების – ზენონ და არსენ იყალთოელების – ცხოვრება-მოღვაწეობის ასახვას, რომლებიც  დღეისათვის იქვე განისვენებენ და რომელთაც უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვით საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე.

იყალთოს მონასტერი VI –XVII სს.-ებში წარმოადგენდა მძლავრ სამონასტრო და საგანმანათლებლო კერას, აქ მოღვაწე წმინდა მამათა (განსაკუთრებით  კი ზენონ და არსენ იყალთოელების) ცხოვრებისა და შემოქმედების სიღრმისეული შესწავლა დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საშური საქმეა. ღმერთმა თავისი სახიერებითა და კაცთმოყვარეობით ღირსი მამების სახით საქართველოს (განსაკუთრებით სოფ. იყალთოს) უდიდესი წყალობა მომადლა... აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ სოფელ იყალთოში ისტორიულად სამოცამდე ტაძარი და სამლოცველოა აღრიცხული. ვფიქრობთ, ეს ყოველივე მართლაც სათანადოდ დასაფასებელია ღვთისადმი უდუდესი მადლიერების განცდით. 

ჩვენი საბაკალავრო ნაშრომის სათაურია „იყალთოს სამონასტრო კომპლექსი და  ღირსი  მამები  –  ზენონი  და  არსენი“ და შედგება სამი თავისაგან: თავი I. იყალთოს  სამონასტრო კომპლექსის ადგილმდებარეობა და დაარსების ისტორია. თავი II. ღირსი ზენონი – სუეტი შუენიერისა მორჩილებისა. თავი III.  წმინდა არსენ იყალთოელის ცხოვრება და მოღვაწეობა. 

პირველ თავში შევეხებით  სამონასტრო კომპლექსის დაარსების ისტორიას, რომელიც ზენონ იყალთოელის სახელს უკავშირდება. მონასტერი დაარსდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე VI ს. მეორე ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ–ერთის, ღირსი ზენონ იყალთოელის, მიერ. გადმოცემის თანახმად, წმინდა ზენონთან იყალთოში მობრძანებულა წმინდა ანტონ მარტყოფელი, რომელიც განუშორებლად თან დააბრძანებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. 

მეორე თავში განვიხილავთ ღირსი ზენონ იყალთოელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, თუ როგორ შემობრძანდა ანტიოქიის უდაბნოში მოღვაწე ღმერთშემოსილი მამა, წმინდა იოანე ზედაზნელთან და მის მოწაფეებთან ერთად, საქართველოში. ასევე ვსაუბრობთ მის მოციქულებრივ მოღვაწეობისა და იყალთოში მის საბოლოოდ დამკვიდრების შესახებ.

მესამე თავს ვუთმობთ  საქართველოს ეკლესიის მნათობის, ქართული და ბერძნული ენის საოცარი მცოდნის, მთარგმნელისა და ეკლესიათა განმანათლებლის, ღირსი არსენ იყალთოელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თხრობას. როგორც ცნობილია, წმინდა არსენი   კეთილმსახური მეფის,  დავით აღმაშენებლის, სულიერი მოძღვარი და ერთგული თანამებრძოლიც გახლდათ. მეფე იმდენად ენდობოდა ღირს მამას და ისეთი მორჩილება ჰქონდა მოძღვრისა, რომ „თავის იმედსა (სასოს) და განმანათლებელს“ უწოდებდა, თავად არსენიც დიდ პატივს მიაგებდა მეფეს და  „ღვთივდაცულ და კეთილმსახურ მეფედ“ სახელდებდა მას. ამავე თავში ვრცლად ვსაუბრობთ წმინდა არსენის გელათისა და იყალთოს აკადემიებში საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ.  აღსანიშნავია მისი ღვაწლი რუის–ურბნისის კრების მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხების მოგვარების თვალსაზრსითაც, რასაც მან საფუძვლად დაუდო  დიდი სჯულის კანონის თარგმნა. დიდ მამას სხვა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება თუ დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის ნაშრომიც უთარგმნია ბერძნული ენიდან, რომელთაც თან ერთვის საგულისხმო და  საყურადღებო ანდერძ–მინაწერები.  ყურადღებამისაქცევია მისი ორიგინალური ნაშრომები და ჰიმნოგრაფიულ კრებულები. როგორც ვხედავთ, დიდია ღირსი არსენის მოღვაწეობის სფერო და მასშტაბები. სწორედ ამ დიდი და განუზომელი ღვაწლის წარმოჩენა  გვსურს  ჩვენი საბაკალავრო ნაშრომით, თუმცა ვაცნობიერებთ იმასაც, რომ   ღირსი მამის ღვაწლს სრულად ვერ გადმოვცემთ თავისი განუზომელი სიდიადის  გამო, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ არ არის  სრულყოფილად შესწავლილი ყველა ის მასალა, რომლებიც დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და სხვადასხვა სიძველეთ-საცავში.



თავი I. იყალთოს  სამონასტრო კომპლექსის ადგილმდებარეობა და დაარსების ისტორია

ალავერდის ეპარქიის ეკლესია-მონასტერთაგან მნიშვნელოვანია ქ. თელავის მახლობლად, 7 კმ. დაშორებით მდებარე სოფ. იყალთოს სამხრეთით, ცივგომბორის კალთებზე განფენილი იყალთოს სამონასტერო კომპლექსი, რომელიც ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. 

მონასტრის ადგილმდებარეობა ფრიად თვალწარმტაცია, რადგან გარშემო მას აკრავს მწვანით მოსილი მთები, ხოლო დასავლეთით – იყალთოს ხევი, რომელიც გამოდის ჭილობან-ნიაურის მთიდან. აქ ჰავა და კლიმატი ფრიად ჯანსაღი და სასარგებლოა. ამრიგად, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მნახველზე ყოველთვის წარუშლელ  შთაბეჭდილებას ტოვებს. 

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი დაარსდა VI ს. მეორე ნახევარში, როდესაც ქართლში სირიიდან მობრძანდა 13 წმინდა ასურელი მამა. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელით ზენონმა, „შეჰმზადა ქუაბი იყალთისა სამკვიდრებელად ღმრთისა მოღუაწეთა და მოწესეთათვის“ და აქ დაიწყო საქრისტიანო მისიონერული მოღვაწეობა  მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად (ღირსმა მამა ზენონმა მონასტერი დააფუძნა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე).  ღირსი ზენონის გარდაცვალების შემდეგ მონასტრის ძმობამ მისი საფლავის გარშემო ააშენა მცირე ზომის ტაძარი, მოგვიანებით კი დიდი შესანიშნავი ტაძარი „ღვთაება“ ანუ მაცხოვრის ფერისცვალების სახელობისა. მონასტრის შორიახლოს ტყით დაფარულ მიდამოებში ძმობამ ააშენა სამლოცველო-სავანეები განმარტოებისა და დაყუდებული ცხოვრების წესის მსურველი მონაზვნებისათვის. ამრიგად, იყალთო და მისი შემოგარენი  მოიფინა იმდენი სატაძრო და საცხოვრებელი ნაგებობებით, რომ მოსახლეობაში დღესაც შემორჩა ხსოვნა–გადმოცემა, რომ „იყალთოში სამოცი ეკლესიაა ერთის გამოკლებით“.  აი, აქ, ადრეფეოდალიზმის ეპოქაშივე გაჩაღდა კულტურული და სამონასტრო ცხოვრება, რამაც XII ს.-ში განაპირობა სასულიერო-ფილოსოფიური აკადემიის დაარსებაც. ფერისცვალების ტაძრის აღმოსავლეთით ყოვლადწმინდა სამების სახელობის პატარა ტაძარი დგას, რომელიც განეკუთვნება ღირსი მამის, ზენონის, მოღვაწეობის ხანას (VI ს.) და ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად ითვლება. ტაძრის ქვეშ მონასტრის მთავარი საძვალეა განთავსებული. მთავარი ტაძრის სამხრეთით პირვანდელი სახით შემორჩენილია დარბაზული ტიპის მცირე ზომის XII ს.-ის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ერთნავიანი ეკლესია. ამ ეკლესიის გვერდით მდებარეობს იყალთოს აკადემიის გრძელი, ორსართულიანი, რიყის ქვით ნაშენი ნაგებობა.


თავი II. ღირსი ზენონი „სუეტი შუენიერისა მორჩილებისა“

ღირსი ესე ხსენებისა, საკვირველი და ყოვლად ქებული მამა ჩვენი ზენონი დაიბადა ქვეყანასა შუამდინარეთისასა, მახლობლად ანტიოქიისა. მან ადრიდანვე მიატოვა სოფლის დიდება და პატივი განხრწნადი, თავისვე ქვეყანაში იწყო ცხოვრება სამონაზვნო. იგი დაემოწაფა სანატრელსა მოძღვარსა და ბრწყინვალე მნათობს, იოანეს, რომელიც V-VI საუკუნეებში მოღვაწეობდა ანტიოქიის უდაბნოში. ღმერთშემოსილი წმიდა იოანე აღასრულებდა ურიცხვ სასწაულს, ჰკურნავდა მრავალი სენითა და უძლურებით შეჭირვებულ ადამიანებს.  

წმინდა ზენონი დაუცხრომლად ემსახურებოდა ღმერთს: სიმდაბლით და მორჩილებით აღასრულებდა წინამძღვრის რჩევა-დარიგებებს. იგი ღვთის განგებით ღირს იქმნა თანააღრაცხილიყო თავის სულიერ მამასა და ძმებს შორის, რომელთაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით უნდა ექადაგათ – განემტკიცებინათ თავის წილხვედ ივერიაში მაცხოვრის მოციქულებისა და წმინდა ნინოს მიერ ნაქადაგები ქრისტეს რწმენა – ქრისტიანობა. ღირსმა ზენონმა „დაუტევა მამული თვისი, თანამოგზაურ ექმნა მოძღვარსა და სულიერ ძმათა გზასა მას ძნელსა უცხო ქვეყნისასა“. 

წმინდა მამებმა მშვიდობით მოაღწიეს ქართლს, დედაქალაქ მცხეთაში თაყვანი სცეს „უფლის კვართს“ და წმინდა ადგილებს. კათალიკოს ევლავიოზის კურთხევით მამები დასახლდნენ ზედაზნის მთაზე. ნეტარი იოანე ორი წლის განმავლობაში განამტკიცებდა მოწაფეებს მარხვითა და ლოცვით. შემდეგ ყოვლადწინდა ღვთისმშობლის კურთხევით მამები წარგზავნა ქართლისა და კახეთის მიდამოებში საქადაგებლად. ღირსმა იოანემ დალოცა, აკურთხა და დამოძღვრა მოწაფეები, მათ თან გაატანა სანუგეშოდ მოწამეთა წმიდა ნაწილები. მოძღვართან განშორების შემდეგ, წმ. ზენონი კახეთს დაემკვიდრა. იგი მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს, დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანობას ზემო კახეთის  მთიანეთში და მოაქცევდა ქართველებს წარმართობის გზიდან. იგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მათ რწმენაში განმტკიცებასა და გადარჩენას. 

ღირსმა მამამ ღვთის მინიშნებით დაბა იყალთოში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე მონასტერი აღაშენა, მასთან მრავლად იწყეს სვლა განმარტოებით ცხოვრების მსურველებმა. სულ მალე მის გარშემო შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი კრებული  მონაზონთა. წმინდა მამა ყველას განსწავლიდა უფლის მცნებათა აღსრულებასა და მოყვასის სიყვაულში, ასწავლიდა კეთილზნეობრივ ცხოვრებას, ჰკურნავდა მრავალი სენით დასნეულებულთ და აყენებდა ცხონების გზაზე. მან ფართოდ გაშალა მოციქულებრივი და სამონასტრო მოღვაწეობა. 

იყალთოს მონასტერი მრავალთათვის იქცა სულიერ მასაზრდოებელ წყაროდ. ღირს მამას ამ მაღალი „ანგელოზებრივი“ მსახურებისთვის მოუხდა უამრავი განსაცდელის თავსდება ბოროტ ძალთაგან აღძრული ხილული თუ უხილავი სახით კვეთებისა, ცილისწამებისა, დევნა–შევიწროებისა. მან წმინდა ჯვრის მფარველობით ახოვნად იტვირთა დღე-ღამის სიმძიმე და იქმნა  კეთილი მუშაკი ქრისტეს ვენახისა, შემწირველი ურიცხვი სულისა ქრისტეს ღმღთისადმი სულად სუნნელებისად. წმინდა ზენონს ღვთისგან ეუწყა დღე ამსოფლიურ, მშფოთვარე ცხოვრების დატევებისა, შერთვა მრავალსა კრებულსა წმიდათასა. შეკრიბა მოწაფეები, აკურთხა, დაარიგა, დაუდგინა მათ წინამძღვარი და მშვიდობით შეჰვედრა სამწყსო, ერი ქართველთა და სული თვისი უფალსა ყოვლისა დამბადებელსა. 

მოწაფეებმა მისი წმინდა, მრავალმოღვაწე გვამი დაკრძალეს მის მიერვე დაარსებულ მონასტერში. დიდია ღვაწლი და დამსახურება  ღირსი ზენონისა ქართული ეკლესიის წინაშე, რამეთუ იგი იქმნა სვეტი შეურყეველი მორჩილებისა, მოთმინებისა, სიმტკიცისა და უამრავ სათნოებათა საუნჯე, მეოხი და მფარველი ყოველთა შეჭირვებულთა. მას გარდაცვალების შემდეგაც არ დაუტოვებია სამწყსო თვისი უნუგეშებლად რადგან მისი წმინდა საფლავიდან უხვად აღმოეცენება წყარო კურნებისა და ნიშებ-საკვირველებანი. 

ღირს ზენონს,  „მწვანვილოვანს ზეცისას, მკვიდრს წყალსა განსასვენებელისას და იყალთოს შუენებას“,  საქართველოს წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ახალი სტილით 29 ოქტომბერს. 


თავი III. წმინდა არსენ იყალთოელის ცხოვრება და მოღვაწეობა

სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენს მშობლიურ ეკლესიასა და ერს ბურჯად და მესაჭედ  მომადლა მრავალი ღვაწლით გაბრწყინვებული დასი წმინდანთა, რომელნიც, ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულით ნასაზრდოვებნი,იღვწოდნენ, ქმნიდნენ, აჩუქურთმებდნენ, თავიანთ ნააზრევ-განცდილს შთამომავლობას უნარჩუნებდნენ, როგორც უტყუარ ნიშან–სვეტს ჩვენი სახელოვანი წარსულის უკვდავსაყოფად, რათა ვიცოდეთ, წმინდა ილია მართლის სიტყვებით რომ ვთქვათ, „რანი ვყოფილვართ“ და „რანი ვართ“, სად გვიხნავს, სად გვითესია და რა მოსავალი მიგვიღია. 

ამ სულისკვეთებით წმინდანთა შორის დიდად გამოირჩევა „ჩვენ, ქათველთათვის, ფრიად ჭირთა თავსმდებელი, ყოვლად სანატრელი და საუკუნოდ მოხსენიებული“ წმინდა არსენ იყალთოელი. იგი გახლდათ „მოძღვარი სამეცნიერო“ წმინდა დავით აღმაშენებლისა.  „დიდი საქართველო“ შექმნა დავითმა თავის ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად, რომლთა შორის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა „სასოს და განმანათლებელს დავითისა ბერსა არსენის“,  რომლის ცხოვრება-მოღვაწეობასაც აქვე განვიხილავთ. ღირსი მამის ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად: მისი მოღვაწეობის პირველი ნახევარი დაკავშირებულია ჯერ იყალთოს, შემდეგ კი საზღვარგარეთის სამონასტრო კერებთან, კერძოდ: ბიზანტიის მანგანის სასულიერო აკადემიასთან, შავი მთის კალიპოსის და იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრებთან, მეორე ნახევარი კი საქართველოში არსებულ გელათის, შიომღვიმის და იყალთოს სავანეებთან. 

ღირსი და ღმერთშემოსილი მამა არსენი წარმოშობით კახეთიდან იყო. იგი დაიბადა „დაბასა შინა იყალთოს“, დაახლოებით მე-11 საუკუნის შუა წლებში. აქედან მიიღო მან ზედწოდება „იყალთოელი“. მამამისს ერქვა ვაჩე, ის იყო იყალთოს შეძლებული თავადთაგანი. მცირეწლოვანი არსენი აღსაზრდელად მიაბარეს იყალთოს მონასტერში, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა აღმოსალეთ საქართველოში. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, წმინდა გიორგის მონასტერში არსებულ მანგანის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1044–1047 წწ. იყო დაარსებული იმპერატორ კონსტანტინე  IX მონომახის მიერ. იგი იმ დროისათვის წარმოადგენდა დასავლეთსა და აღმოსავლეთში განთქმულ უმაღლეს სასწავლებელს, სადაც მოღვაწეობდნენ ბიზანტიური რენესანსის ბრწყინვალე წარმომადგენელნი – მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი. აქვე იყო მოძღვრად სახელგანთქმული მწერალი და იურისტი იოანე ნომოფილაქსი.

კ. კეკელიძის დაკვირვებით, „მხოლოდ მანგანის აკადემიაში შექმნილსა და განმტკიცებულ ტრადიციებს შეეძლო აღეზარდა არსენის პიროვნებაში ის ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და იურისტი, რომელიც გამოსჭვივის შემდგომში მის მიერ ნათარგმნ თხზულებებში და იყალთოს სასულიერო აკადემიის სასწავლო მეთოდიკაში“.  მართლაც, არსენმა  იქ სწავლის დროს შეიმეცნა ყველა მოწინავე იდეა, რომლითაც საზრდოობდა მაშინდელი განათლებული საზოგადოება ბიზანტიაში, მიიღო ღრმა და საფუძვლიანი სასულიერო, ფილოსოფიური და იურიდიული განათლება, კერძოდ: ანტიკურ-წარმართული, ძველი და ახალი აღთქმის საღვთისმეტყველო ფილოსოფია, ასევე ბერძნული, ასურული და არაბული ენები,სწავლის პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. აკადემიის დასრულების შემდეგ იგი გადავიდა ანტიოქიის მახლობლად, სირიაში მდებარე შავი მთის წმიდა სვიმეონ საკვირველმოქმედის ქართველთა მონასტერში, იქ ის დაემოწაფა ღირს ეფრემ მცირეს, რომელიც XI საუკუნეში წინამძღვრობდა მწიგნობრულ-ლიტერატურულ შემოქმედებას ქართველთა მიერ დაარსებულ სავანეებში. 

არსენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით შეუდგა სამწერლო-მთარგმნელობით მოღვაწეობას. ეფრემი დიდად აფასებდა მის ნიჭს და შემოქმედებას, ქართული და უცხოური ენების სრულად ცოდნას, როდესაც ის მის მესამე ნაშრომს, „გური, სამონ და აბიბოს წამების“ ქართულ თარგმანს გაეცნო, ძალზედ მოეწონა, შეიტანა ის მეტაფრასულ  კრებულში და ასეთი შენიშვნა დაურთო: „წმიდანო სამნო მოწამენო სამებისა ყოვლად წმიდისანო, მისსა მიმართ მეოხებითა თქუენითა და ლოცვითა ბერისა ჩუენისა ანტონისათა მითუალულ ყავთ მესამე ესე ნაყოფი ჩუენისა ყოვლად განათლებულისა მეუფისა არსენისი და კნინისა ამის წილ ძღუნობისა მიჰმადლეთ ნათესავსა ჩუენსა წარმართებაი თარგმნობისა მისისაი, რამეთუ შეუძლებელი კაცთაგან მისდა და მის მიერ თქუენდა შესაძლებელ არს. ამას, გლახ, ეფრემ იტყვის მცირე მონაი მისი და უფროისღა მოძღუარი“.  

ამის შემდეგ არსენი იხსენიება წმიდა იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ ქართული თარგმანის ანდერძში. აქ ეფრემ მცირე  ევედრება ქრისტეს მოყვარეთ: „ლოცვა ყავთ... გაბრიელისთვის, რომლისა ბრძანებითა ითარგმნა წმიდაი ესე წიგნი, და კეთილთა მოღვაწეთა ჩემთა და განმაძლიერებელთა, ამას თანა მზრდელთა და მსახურთა არსენი იყალთოელისა, იოანე და იოანე ხუცესთა, სტეფანესთვის და კნინისა და უფროის ყოველთა ჩემ საწყალობელისა რეცა თარგმნისა ეფრემ მცირისათვის“. 

ამ მინაწერიდან ირკვევა, რომ არსენი თავის მოძღვარს უწევდა დიდ მორალურ–პრაქტიკულ დახმარებას თარგმანების ქართულად შესრულებაში, რადგან ეფერემი მას უწოდებს „მზრდელსა და მსახურს“, ასევე  ის იყო მისი თანამესენაკე, სამონასტრო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ მორჩილი ყოველთვის თან ახლდა მოძღვარს. 

ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობის შემდეგ და „ჟამთა სიავის“  გამო ეფრემი და მისი თანამოღვაწენი იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ „სვიმეონწმიდის სავანე“ და გადასულიყვნენ შავ მთაზევე მდებარე კალიპოსის ქართველთა მონასტერში, რომელიც იმ დროისთვის წარმოადგენდა ქართველთათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სულიერ-კულტურულ კერას. მათ იქაც გააგრძელეს ჩვეული ინტენსიური მთარგმნელობითი საქმიანობა. XI ს.-ის მიწურულს მოძღვრის აღსრულების შემდეგ წმიდა არსენი განეშორა შავი მთის ქართველთა სავანეებს, იგი დაბრუნდა კონსტანტინეპოლს მანგანის მონასტერში. მან განაახლა მასშტაბური და დამოუკიდებელი მთარგმნელობით-ლიტერატურული საქმიანობა. თარგმნა ანასტასი სინელის „წინამძღვარი“ (ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი, რომლითაც იწყება ცნობილი კრებული „დოღმატიკონი“.  თხზულების ანდერძში ნათქვამია: „დაესრულა წინამძღვარი წმინდისა ანასტასი სინელისაჲ კონსტანტინეპოლის მონასტერსა წმიდისა გიორგისა მანგანას.“  ამავე მონასტერში თარგმნა, როგორც სამართლიანად შენიშნავს კ. კეკელიძე, გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფი“, რომელიც მოიცავს ისტორიულ თხრობას ადამიდან ვიდრე თეოდოსი დიდის მეფობამდე ( 379 – 395 წ.წ. ). იგი შედგება ცხრა წიგნისაგან, სწორედ ეს ფასდაუდებელი ნაშრომი შეიქმნა შემდგომში ქართველთათვის ერთადერთ სახელძღვანელოდ მსოფლიო ისტორიის გასაცნობად. ამ თზულების ანდერძში ვკითხულობთ: „დაესრულა ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა... ნუ დამივიწყებთ ქრისტეს-მოყვარენო ძმანო და მამანო უღირსსა მონასა თქვენსა არსენის, რომელმან ესე ბერძულისაგან ქართველთა ენად ვთარგმნე“. 

წმინდა მამა მანგანის მონასტერში დიდხანს არ დარჩენილა, რადგან XII ს.-ის დასაწყისში წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის, მოწვევით დაბრუნდა საქართველოში.  იგი დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში, რომელიც იმ დროისთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ ძლიერ სამონასტრო-სამწერლო კერას აღმოსავლეთ საქართველოში.  მის მიმართ ყოველთვის დიდ მზრუნველობას იჩენდნენ საქართველოს მეფენი და დიდებულნი, რადგან მონასტერი დიდ ზეგავლენას ახდენდა ქართველების სულიერ და კულტურულ განვითარებაზე. იქ მისვლისთანავე ღირსი მამა დასახლდა მღვიმის ერთ სოხასტერში (სადაყუდებულოში), რომელიც მთავარი მონასტრიდან მდებარეობდა მოშორებით, მოაწყო ის საჭირო ინვენტარ-წიგნებით, რაც ხელს შეუწყობდა თარგმნისას. დავით მეფის ხელშეწყობითა და დახმარებით წამოიწყო სამონასტრო-სამწერლო, საზოგადოებრივ-მთარგმნელობითი და ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობა. 

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ წმ. არსენი მალევე იქნა მეფე დავითის სულიერი მოძღვარი და სახელმწიფო მრჩეველი, თითქმის ოცდახუთი წლის განმავლობაში იგი ერთგულად ედგა მეფეს გვერდით და უწევდა მას როგორც სულიერ, ისე მორალურ მხარდაჭერას. უნდა აღინიშნოს, რომ მათი ერთობლივი თანამოღვაწეობა ქართული კულტურის ისტორიაში დიდად საინტერესო, მნიშვნელოვანი და უბრწყინვალესი ფურცელია, რადგან წმინდა არსენის ნიჭი და შემოქმედებითი პოტენციალი გაიშალა მეფე დავითის მფარველობით, ხოლო მის მიერ საეკლესიო-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-ზნეობრივი რეფორმები გატარდა სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით. 


დავითი არსენს უწოდებდა „სასოსა და განმანათლებელსა თვისსა“, ხოლო არსენი დავითს – „მბრძანებელს“, „კეთილად მსახურსა“ და „ღმრთივ-დაცვულსა მეფეს“, მიმსგავსებულს „სახიერებასა ღმრთისასა“.  

XII ს.-ის დასაწყისში წმინდა დავით მეფე და მისი თანამოღვაწენი ემზადებოდნენ სახელმწიფო-პოლიტიკური და საეკლესიო რეფორმებისთვის. ამისთვის მათ ესაჭიროებოდათ ისეთი სჯულიერი და სანდო ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით გარკვეული იქნებოდა არა მარტო დოგმატურ-პოლემიკურ, არამედ საერო-სამეცნიერო და იურიდიულ საკითხებშიც. იმ დროისთვის ასეთ მოღვაწედ მოიაზრებოდა ღირსი არსენი, რომლის საღვთისმეტყველო-თეოლოგიურ და პრაქტიკულ მიდგომებს როგორც სამეფო ხელისუფლება, ისე საეკლესიო იერარქია დიდად აფასებდა. ხსენებულ რეფორმათა გატარების აუცილებლობას განაპირობებდა შემდეგი ორი გარემოება: პირველი იყო ის, რომ მეთორმეტე საუკუნის დამდეგს, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფოს შექმნამ და ქართული სამეფოების გაერთიანებამ კვლავ დააყენა საკითხი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობისა, თუ რა ურთიერთმიმართება და ურთიერთდამოკიდებულება უნდა არსებულიყო ორივე ინსტიტუტს შორის. მეორე გარემოება ეხებოდა ეკლესიაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, კერძოდ: წეს-წყობილების მოშლის საკითხსა და თვითდადგინებულ სამღვდელო პირთა უმსგავსო ქმედებებს, რაც დიდ წინააღმდეგობაში მოდიოდა საეკლესიო სწავლებათა და სამართალთან მიმართებაში. ამ ვითარებათა აღმოსაფხვრელად საჭირო იყო საეკლესიო კრების მოწვევა, სადაც განხილული იქნებოდა აღნიშნული საკითხები. კრების მოწვევამდე კი, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებათა შესაბამისი ახალი შემუშავებული საზოგადო განჩინება, რომელსაც კრება მიიღებდა და დაამტკიცებდა, შემდეგ კი დაიცავდა და პრაქტიკულად განახორციელებდა. იმ დროისთვის ცნობილი იყო წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი „მცირე სჯულისაკანონი“, რომელიც თავისი შედგენილობის არსით და სტრუქტურით ვერ ესადაგებოდა დოგმატურ-სახელმწიფოებრივ საფუძვლების სიღრმისეულ მომზადებას, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ პრობლემური საკითხების გადაწყვეტისას. 

ამრიგად, საჭიროება მოითხოვდა ახალ იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც შესაბამისი იქნებოდა სახელმწიფოებრივ-საეკლესიო წყობილების, სამღვდელმსახურო წესებისა და მრევლის ზნე-ჩვეულებათა მოსაწესრიგებლად. ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთა გადასაწყვეტად და ნაკლულევანებათა შესავსებად წმინდა არსენმა ბერძნულიდან ქართულ ენაზე თარგმნა ბიზანტიური სამართლის დოკუმენტი. პატრიარქ ფოტი კონსტანტინეპოლელის (IX ს.) „თოთხმეტტიტლოვანი“ „ნომოკანონი“ (ბერძნ. „დიდი სჯულისკანონი“), რომლითაც ხელმძღვანელობდა მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყარო ეკლესიის მართვა-გამგეობისას. 

ეს დოკუმენტი შეიცავდა როგორც საეკლესიო, ისე ბიზანტიის იმპერატორთა, ძირითადად იუსტინიანე I (527 – 565) მიერ შედგენილ სამოქალაქო კანონმდებლობის წიგნიდან გამოკრებილ იმ კანონებს, რომლებიც საეკლესიო იურისპრუდენციის საკითხებს ეხებოდა. ის VI საუკუნიდან ვიდრე IX საუკუნემდე თანდათან ივსებოდა საეკლესიო კრებათა დადგენილებებით და საეკლესიო მოღვაწეთა მიერ კანონიკური ეპისტოლეებით. კონსტანტინეპოლის 920 წლის საეკლესიო კრებამ ნომოკანონის ეს რედაქცია მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ კოდექსად აღიარა. ამ ძეგლის ქართულად მთარგმნელის ვინაობას გვამცნობს გრიგოლ ჩახრუხაჲსძე, მე-14 ს. მოღვაწე, რომელიც ბერად იყო შემდგარი ჯვრის მონასტერში. იგი ხელნაწერის ანდერძში იუწყება, ჩემ მიერ საგულდაგულოდ გადაწერილი „ქრისტიანეთა წინამძღვარი დიდი ესე და სამოქალაქო სჯულის კანონი საუკუნოდ მოხსენებულისა და ჩვენ ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავს მდებელისა არსენი იყალთოელისა“ მიერ არს თარგმნილიო.  

როდესაც დასრულდა კრების წინა მოსამზადებელი საორგანიზაციო საკითხები, რომლის შედგენა-რედაქტირებაშიც ღირსი მამა იყო მთავარი ინიციატორი, მეფე დავითმა 1103 წელს  რუისისა და ურბნისის საეპისკოპოსოების საკათედრო ტაძრებში  მოიწვია გაფართოებული საეკლესიო კრება. კრების მთავარი მიზანი იყო, რომ ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია,  აღმოფხვრილიყო ქართულ ეკლესიაში არსებული დარღვევები, კერძოდ: კატეგორიულად აკრძალულიყო ხელდამსხმელის მიერ ქრთამის ან ფასის აღება, ჩვილ ქალ-ყრმათა გვირგვინის კურთხევა, მართლმადიდებელი ქრისტიანისა და მწვალებლის შეუღლება, ქორწინების მსურველთა დაუსწრებლად მათი გვირგვინის კურთხევა, საეკლესიო ქონების ფლანგვა-მიტაცება. 

ქართლის ცხოვრების მემატიანე ასე აფასებდა კრების მიმდინარეობას და შედეგს: დავით მეფემ მოიწვია „კათალიკოსნი, მღვდელმთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღვარნი და მეცნიერნი“ და დაავალა მათ საეკლესიო საქმეთა მოწესრიგება. მათაც „დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცდომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, უღირსად გამოჩინებულნი განკვეთნეს და შეაჩუენეს, გარდამოსთხინეს საყდართაგან, დაღათუ ძნელღა იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რამეთუ უწესოდ დაეპყრნეს საყდრები და მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი და სათნონი ღმრთისანი დაადგინნეს და ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა“.  ამ კრების წინამძღვარი იყო იოანე ქართლის კათალიკოსი, ხოლო მდივანი – არსენ იყალთოელი. მასში ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესად წოდებული. განჩინება, რომელიც კრებამ მიიღო და დაამტკიცა, შეადგინა არსენ იყალთოელმა სახელწოდებით „ძეგლისწერაი წმინდისა და ღმრთივშეკრებულისა კრებისაი“. ეს ძეგლისწერა ერთ-ერთი საუკეთესოა სასულიერო ხასიათის ქართულ სამართლის წყაროებს შორის, მასში ძველი აღთქმის წიგნების სპეციფიკური ხედვითა და ქრისტიანული ღირებულებებით თავდაპირველად განსაზღვრულია ადამიანის ღირსება და მისი ადგილი სამყაროში, ხოლო შემდეგ კი საეკლესიო კანობებია წარმოდგენილი.


ამდენად, რუის-ურბნისის ძეგლისწერა შედგება 4 ნაწილისაგან: 1. შესავალი; 2. კანონები; 3. მეფე დავითის შესხმა და 4. ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერი და მოსახსენიებელი. სახელმწიფო კარის გარიგება მოიხსენებს ოთხ ბერს თანამდებობათა მიხედვით, რომელნიც შეადგენდნენ ასევე საქართველოს ეკლესიის სინოდს: გიორგი მწიგნობართუხუცესს, იოანე საქართველოს კათალიკოსს, ევსტათი აფხაზეთის კათალიკოსს და მოძღვართ-მოძღვარს, არსენ იყალთოელს. ასევე მათ შეეძლოთ გადაეწყვიტათ სახელმწიფო საკითხები. თავის მხრივ ეკლესიამაც მრავალი საეკლესიო ფუნქცია გადასცა სახელმწიფოს – „დარბაზის კარს“. ამ ეპოქის მემატიანე წერს: „მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა  ლოცვისასა და ყოველსა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცდომელსა და ყოვლად შვენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებას ლოცვისა და მარხვისასა“. აქ მხოლოდ ეკლესია–მონასტრები კი არ იგულისხმება, არამედ საეპისკოპოსოებიც. ამრიგად, სახელმწიფოს მიერ კი არ მოხდა ეკლესიის სრული დამორჩილება, არამედ შეიკრა მმართველობითი კავშირი სამეფო ხელისუფლებასა და უმაღლეს საეკლესიო მთავრობას შორის, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა თეოკრატიული მმართველობის მსგავსი ქართული სახელმწიფო ანუ ეს იყო „მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მონარქიული სახელმწიფოს მეთაური წარმოადგენდა იმავდროულად მის რელიგიურ მეთაურს“.  

მე–12 საუკუნის დასაწყისში შიომღვიმის მონასტერში, სხვა სამწერლო კერებთან შედარებით, შეიქმნა გაცილებით უკეთესი პირობები მთარგმნელობითი შემოქმედებისთვის.  ამ სავანისადმი საგანგებო მზრუნველობა გამოიჩინა წმიდა დავით აღმაშენებელმა, რადგან მემღვიმე მამებმა შეიპყრეს და მეფეს გადასცეს მეამბოხე ძაგან ერისთავი, რომელმაც დევნილობისას მონასტერს შეაფარა თავი. იმ დროისთვის ღირსი  არსენი უკვე  დამკვიდრებული იყო შიომღვიმეში და შრომობდა თარგმანებაზე. მეფემ მონასტრის ერთგულების ნიშნად ბრძანა დიდი საკრებულო ტაძრის აღშენება „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობაზე“, რის გამოც მან შეადგინა 1123 წელს ანდერძი, სადაც ბრძანებს: „მყის მოუწოდე არსენის ბერსა და განვუცხადე სათნოჲ ჩემი და ვარწმუნე აღშენებად ეკლესიაჲ საშუალ მონასტრისა სახელსა ზედა ყოვლად–წმიდისა ღმრთის-მშობელისასა და მომადლებითა მისითა სრულად ვიხილე“. 

ღირსი მამა ეკლესიის მშენებლობის დროსვე შეუდგა შიო-მღვიმის ძმათა საკრებულოსთვის სამონასტრო ცხოვრების სრულყოფას. ამ მიზნით მან განიზრახა ახალი ტიბიკონის შედგენა-რედაქტირება. შიო-მღვიმის ანდერძში დავით მეფე წერს: „მიბრძანა სასომან ჩემმან – ბერმან არსენი და თჳთ სულიერმან ბერმან, მოძღვარმან ჩემმან იოანე, რათამცა წესსა ზედა სჳმონწმიდისასა დავასხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი“. მე დავრთე ნება და სულ მალე „მათ მიერ აღწერილი ვიხილე ყოვლად შუენიერად უცთომელი გზა და წესიერი ცხორებაჲ და ანგელოზებრივი მოქალაქობაჲ“. მისი ტექსტი ამ დრომდე მოღწეულია ერთ-ერთი უნიკალური ხელნაწერით (H 1349), რომელიც საუკუნეების განმავლობაში შიო-მღვიმის სავანეში იყო დაცული. ამ ტიბიკონის ახალი რედაქცის შემუშავებულ იქნა იოანე კათოლიკოსისა და არსენის მიერ. სწორედ ღირსი მამა იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ქართულ ეკლესიაში მიმდნარე წეს-განგებათა ცვლილებებისა. ტიბიკონის აღნუსხვა იწყება ღამისთევის განგებით, შემდეგ დაწვრილებით აღწერილია საეკლესიო წირვა-ლოცვის წესები და სამონასტრო ცხოვრების სავალდებულო ნორმები, რომელთა დაცვა-აღსრულება მოეთხოვებოდათ შიო-მღვიმეში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს. ღვთისმსახურების წესის შესახებ დავით მეფე იმავე ანდერძში ბრძანებს: „ვითა აწ არსენის გაუწესებია ყოველთა კჳრათა ღამე ყოველ ღამისთევა, ნუვინ შეცვლის ამა წესსა. იქვე იმასაც იუწყება: „რომელსა დღესა ჩემი განყოფაჲ იქმნას ჴორცთა ამათგან უბადრუკთა და მრავალმცოდველთა, ღამისთევაჲ და ლოცვაჲ ყონ ყოველმან სიმრავლემან და მას დღესა ჟამის-წირვაჲ ჩემთჳს აღესრულებოდის“. ეს აღაპიც არსენის მიერ შედგენილ განგების შესაბამისად სრულდებოდა მეფის საფასით აგებულ ტაძარში. ამავე განგების მიხედვით, არსენს დავითის ბრძანებით მწუხრის ლოცვის ერთ–ერთ მუხლად ჩაურთავს ასეთი სავედრებელი: „აცხოვნე, უფალო... მერმეცა გევედრებით კეთილად-მსახურისათჳს და ღმრთივ–დაცულისა მეფისა ჩვენისა სიმტკიცისა, ძლევისა დამყარებისა, სიმრთელისა, ცხორებისა და ცოდვათა მიტევებისა მისთჳს და რათა უფალი ღმერთი ჩუენი უმეტეს შეეწიოს და წარუმართოს ყოველსა შინა და დაუმორჩილნეს ქუეშე ფერჴთა  მისთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი“. 

მეფე დავითმა დიდი ძალი ადგილ-მამულნი, ქონება-ძვირფასეულობა შესწირა შიომღვიმის სავანეს და ახლად აგებულ ტაძარს თვალ-მარგალიტით შემკული ხატები, ბროლის ბარძიმ-ფეშხუმი, სასანთლეები, კანდლები და სხვ. საღვთისმსახურო ჭურჭელი, რომელთა განლაგება-განაწილება არსენისთვის მიუნდვია. „კანდელები, რომელი მე მომიჴსენებია და არსენის დაუდგამს, ნუმცა ვის უკადრებია გამოღებაჲ“.  ამრიგად, ღირსი არსენი გახდა მემღვიმე მამების ხელმძღვანელი ყოველ სამონასტრო-სააღმშენებლო, საღვთისმსახურო და სამწერლო მოღვაწეობისას. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავის ცხოვრების ხანგრძლივი შემოქმედებითი და მთარგმნელობითი მოღვაწეობის პერიოდი შიომღვიმის სავანეში გაატარა, აქ მან დაასრულა „დოღმატიკონის“ თარგმნა, რომელიც ჯერ კიდევ მანგანის მონასტერში ყოფნის დროს დაიწყო. იგი ასე აფასებს ამ კრებულის პირველ წიგნს „წინამძღვარს“ და მისი სახით მასში შემავალ თხზულებათა მნიშვნელობას ეკლესიის ყოფიერებაში: იგი „ნამდვილვე სეხნად სახელისა თჳსისა წინამძღვარი არს წმიდისა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაჲ, და თუალი, რომლითა ხედავს, და პირი, რომლითა ზრახავს, და სასმენელი, რომლითა ესმიან ღმერთშემოსილთა მამათა უცთომელნი მოძღვრებანი, და საყნოსელი, რომლითა იყნოსს სუნნელებასა ღმრთივსულიერთა ყუავილისასა, და მარჯვენე მკლავი, რომლითა ესრვის და სდევნის სამწვალებლოთა მჴეცთა გესლიანსა სიბოროტესა“.

წმინდანის ამგვარ შეფასებას ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ იმ დროისთვის და ახლაც წარმოადგენს ჩვენი ეკლესიის თვალსაზრისსა და მყარ პოზიციას. არსენს ჰყოლია დამხმარე მწიგნობარნიც. ერთ–ერთი მათგანია იოანე ბერი, რომელიც მას შრომების გადაწერაში ეხმარებოდა. დოგმატიკონის ერთ თხზულებას ბოლოში მიწერილი აქვს წითურად: „ესე მე ესრედ ვიოფლე აქამომდე, უნდომან არსენ, მეცა მიერვე ვამეორე იოანე“. ასევე მას აქვს ერთი საყურადღებო მინაწერი, რომელიც დაუცავს კრებულის ყველა სრულ ნუსხას. „არსენისა მისრული მღჳმეს იტყჳს დავით მეფე: მე მაშინდელი კაცი ვარ, ოდეს არსენი დაროჯიდი ჭამა (გახუხულ პურს ჭამდა), მარჯვენესა გვერდსა ზედა წვა, ნოსელსა (იგულისხმება წმ. გრიგოლ ნოსელი) და დოღმატიკონსა აწამებდა (ადარებდა დედანთან) და ცჳლისა სოფია–წმიდასა იგივე მარტოი იქმოდა, ნუ ვინ დააგდებთ, არამედ დაწერეთ“. 

დავით მეფეს ეს ფაქტი სასიამოვნო მოსაგონრად უცვნია, აქედან ირკვევა წმინდა არსენის მკაცრი ასკეტური ცხოვრება და მისი პასუხისმგებლობა თარგმნილ თხზულებათა დედანთან მიმართებაში. იგი  ეწეოდა დაძაბულ სამწერლო შემოქმედებას, ძირითადად წერდა ღამით. მას ასევე გადაუწერია „მრავალთავი“ (H 1367), რომელიც, მკვლევართა დაკვირვებით, მისი ავტოგრაფი უნდა იყოს.  

ხელნაწერს დართული აქვს ავტორ–გადამწერის მინაწერები: „იყალთელსა ლოცვიდი“ (72 r) „წმიდაო ღმრთისმშობელო, დაბადებულო იოვაკიმ და ანნაჲსგან! მეოხ მეყავ წინაშე ძისა შენისა ფრიად ცოდვილსა არსენის დღესა მას საშინელსა სასჯელისასა“ (159 r), „წმიდაო პირველდიაკონო სტეფანე და აწ პირველო მოწამეთა შორის! მეოხ მეყავ ღმრთისა ფრიად ცოდვილსა არსენის“ (203 r), „წმიდაო ბასილი მღდელთმოძღვარო! ვითარცა მის დედაკაცისა ცოდვათა ჴელით წერილი აღჴოცე, ეგრეთვე ჩემ ცოდვილისა არსენისიცა აღჴოცე (229 r). ერთგან არის ასეთი მინაწერიც: „აჰა, ქაღალდო, დაგსუარე!“ ეგრეთვე უძილსა მე გარდამკურია დასტი, შენცა იჭირვოდი“. ამ ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს ღირსი მამის განუზომელი თავმდაბლობა, უბრალოება და დიდი მოშურნეობა, რადგან ღამე შრომითა და უძილობით დამაშვრალს, რომელსაც მელნის ჭურჭელი გადაბრუნებია, ქაღალდისთვის უთქვამს: არა უშავს, რომ დაგსვარე, დაე, შენც გაიჭირვე ჩემნაირადო. მრავალთავი წარმოადგენს ძველ ქართულ ჰომილეტიკურ კრებულს, სადაც გაერთიანებულია საუფლო, ღვთისმშობლისა და სხვა დიდ დღესასწაულთადმი  მიძღვნილი ქადაგებები, რომელნიც არსენს საგანგებოდ შეურჩევია შიომღვიმის კომპლექსში მდებარე ტაძართა დღესასწაულთათვის. მაცხოვრის ნათლისღების, ჯვართამაღლების და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების. აქვე მოთავსებულია რამდენიმე აგიოგრაფიული საკითხავი, წმინდანთა წამებანი და ცხოვრებანი, სასწაულთა აღწერანი, შესხმანი და სხვა. 

არსენმა შიო-მღვიმის მონასტრის კრებულის თხოვნით დაწერა ახალი მეტაფრასული თხზულება ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ცხოვრებისა და  მოღვაწეობის შესახებ, რომელშიც წმინდანის შესახებ თხრობა ყოვლითურთ მოწესრიგებული და ქრონოლოგიურად დალაგებულია.  ამდენად, ღირსმა მამამ თავს იდო დიდად საშური და საჭირო საქმის აღსრულება, მან თავის ნაშრომს დაურთო საგულისხმო ანდერძი: „წმიდანო მამანო და ძმანო! ამისთჳს ვიკადრე თჳთ მის წმიდისა მეოხებათა თანა შეწევნითა და თქუენთა ბრძანებათა მოსწავებითა მე უნდომან მტვერმან ფერხთა თქვენთამან ყოვლად უდებად ცხორებულმან და პატივისა არარაჲსა ღირსმან არსენი მონაზონმან, აღწერად ცხორებასა მის წმიდისა ნეტარისასა მშობელთა მისთა თანა აღზრდით, სლვათა და შრომათა, ღვაწლთა და ქადაგებათა და სასწაულთა შემდგომითი შემდგომად“.  მან მანამდე არსებული რედაქციები დამუშავა, შეასწორა და შეავსო სხვა ისტორიული წყაროებიდან, აგრეთვე წმინდანთა მიერ თქმულ გამონათქვამთაგან. ამრიგად, ჩამოყალიბდა ახალი რედაქცია წმ. ნინოს ცხოვრებისა დაბადებიდან მის აღსრულებამდე. ეს ნაშრომი ასევე დამუშავებულ იქნა არსენის მიერ ჰიმნოგრაფიულ დონეზე.  არსენ იყალთოელი მოხსენიებულია, როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქტიტორი და განმაახლებელი, დავით აღმაშენებლისა და იოანე კათალიკოსის გვერდით (ამის შესახებ გვაუწყებს იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის აღწერილობისას თავის „მიმოსვლაში“ ტიმოთე მთავარეპისკოპოსი), მათი შრომითა და მეცენატობით აღდგა და განახლდა 1103-1105 წლებში, თურქ-სელჯუკთა მიერ დარბეული, წმინდა მიწაზე მდებარე ჯვრის ქართველთა მონასტერი. ტაძრის კედელის მხატვრობა რესტავრირებულ-განახლებულია არსენის ჯერ-ჩინებით და განრიგით, იერუსალიმელ ძველ-ქართველ მოღვაწეთა სინკლიტი (IV-XI საუკუნეთა) წარმოდგენილია შემდეგი თანმიმდევრობით ჩრდილოეთ კედლის I, II და III არეებზე: პალესტინელ-ქართველი მოწამენი, მოძღვარნი, მღვდელმთავარნი და თვით ქტიტორთა ფრესკები.  ეს დიდი გალერეა არსენისეული კომპოზიციით აფართოებს წარმოდგენას ჩვენს წარსულზე, საქართველოს და ქართველ მოღვაწეთა წვლილზე შუა საუკუნეთა პალესტინის კულტურის განვითარების ისტორიაზე. 1106 წლიდან მეფე დავითმა დაიწყო გელათის მონასტრის და სასულიერო აკადემიის აღმშენებლობა. მან უამრავი სიმდიდრე და ადგილ-მამულნი შესწირა ახლად დაარსებულ მონასტერს. რამაც  ხელი შეუწყო მის წიაღში დაფუძნებულიყო უმაღლესი სასულიერო და სამეცნიერო აკადემია. ისტორიული სიგელ-გუჯრებიდან დგინდება, რომ  მშენებლობის ხელმძღვანელობა კათალიკოს იოანესთან ერთად არსენისთვის მიუნდვია. მონასტერი ნელა და საფუძვლიანად შენდებოდა. 1125 წლისთვის ის ჯერ კიდევ არ იყო სრული სახით დასრულებული. ამის შესახებ დავითი წერს: „ხოლო დამრჩა მონასტერი, სამარხავი ჩემი და საძვალე შჳლთა ჩემთა, უსრულად და წამყვა მისთჳსცა ტკივილი სამარადისო. აწ შჳლმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულ-ყოს ყოვლითურთ საუკუნოდ სალოცავი ჩემთჳს და მისთჳს და მომავალთა ჩემთათჳს. რომელი მიმიცია, მისგან  ნურას მოაკლებს და ადგილნი, რომელნი მიშოვებიან, უმკჳდრონი და უმამულონი, მათგანნიცა, ვითარცა ბერმან არსენი და კათალიკოზმან გამოაჩინონ, მეფემან დიმიტრი მიცემითა წერილითა  და სიგელითა განასრულონ  ყოვლითურთ უნაკლოდ“.  აქედან გამომდინარე, არსენის, როგორც მეფის ნების აღმსრულებლის, ღვაწლი გელათის სააღმშენებლო საქმიანობაში გარკვევით ვლინდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავარი ტაძრის მოხატვისას მხატვართათვის აკადემიური ხელმძღავენლობა გაუწევია მასვე, რადგან ზოგიერთი სიუჟეტი ფრესკებისა ასახავს მსოფლიო საეკლესიო კრებათა სახისმეტყველებას, რომელთა ისტორიის შესახებაც გადმოსცემს ის „დოღმატიკონში“. დაახლოებით 1114 წლიდან გელათის სასულიერო აკადემიამ დაიწყო ფუნქციონირება, ეს იყო ბიზანტიური ტიპის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც იქცა „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა, და კანონათ ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად“.  აკადემიის პირველ რექტორებად იწოდებიან არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი. ზუსტი ცნობა არსენის გელათური მოღვაწეობის შესახებ არ მოიპოვება,  თუ რამდენ ხანს მოღვაწეობდა და რა სახის ნაშრომები დაწერა იქ, თუმცა შესაძლებელია მას გადმოეთარგმნა „დოღმატიკონის“ ზოგიერთი ტრაქტატი. ის დროდადრო იმყოფებოდა გელათში და ეწეოდა პედაგოგიურ-ლიტერატურულ შემოქმედებას. 1125 წელს აღესრულა  წმინდა კეთილსახური მეფე დავითი. მან გარდაცვალებამდე იხმო თავისი მოძღვარი არსენი და მისი თანდასწრებით სამეფო გვირგვინი გადასცა თავის ძეს დემეტრე უფლისწულს, ამ დროსვე ჩაიწერა არსენმა დავით მეფის ანდერძი, რომელიც ზეპირად „წარმოუთხრა მოძღვარსა თვისსა არსენის“. სწორედ ღირსი მამის მიერ ეუწყა ეს ანდერძი საზოგადოებას, როგორც მეფის უკანასკნელი  ბრძანება და სურვილი, ამასთანავე, აქედან „მჟღავნდება დავითის ღვთისმოსავი და მისადმი მადლიერებით აღსავსე სული“. არსენი დიდად დაამწუხრა ღვთისა და მოყვასის, ეკლესიისა და ერის მოყვარული მეფის   გარდაცვალებამ, რომლის დღეგრძელობისთვისაც მოუკლებლად ლოცულობდა ახლადაშენებულ ტაძრებში. მან მეფისადმი თავისი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გამოხატა იმით, რომ „სახელმწიფო კართან შეთანხმებით“ დაწერა მაღალმხატვრული შესრულებით „დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“ „ვის  ნაჭარმაგევს მეფენი“...  სადაც მოკლედ და ხატოვნად არის  გადმოცემული მეფე დავითის უდიდესი ღვაწლი და დამსახურება საქართველოს წინაშე.  ღირსმა არსენმა თავის მოღვაწეობის უკანასკნელი პერიოდი  გაატარა იყალთოში. მან მეფე დავითის გარდაცვალებისა და მისი ანდერძის აღსრულების შემდეგ მიატოვა სამეფო კარი, შიომღვიმე-გელათის სავანეები და დაბრუნდა მშობლიურ იყალთოს მონასტერში, მან ღირსი მამის, ზენონის  მიერ დაარსებულ მონასტერში განავითარა და განამტკიცა სამონასტრო-სამწერლო, სამეურნეო-სააღმშენებლო და შემოქმედებითი ცხოვრება. იმ დროისთვის იყალთოს მონასტერში არსებობდა საღვთისმეტყველო  სასწავლებელი, სადაც მრავალი მოზარდი იღებდა დაწყებით განათლებას და იზრდებოდნენ ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.  არსენმა ამ სასწავლებელს მიანიჭა უმაღლესი აკადემიის ხარისხი და თავადვე იტვირთა მისი ხელმძღავენლობა.  ამრიგად საფუძველი დაედო იყალთოს უმაღლესი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას და განისაზღვრა ამ სამწერლო კერის დანიშნულება-მნიშვნელობა საუკუნეთა განმავლობაში, როგორც სულიერ, ისე პრაქტიკულ-მატერიალური  მიმართულებით, ეკლესიისა და ეროვნულობის თვითმყოფადობის შენარჩუნება-განმტკიცებაში, რადგან აქ საღვთისმეტყველო და სხვადასხვა დისციპლინათა სწავლებასთან ერთად ყოველთვის სათანადო ყურადღება ექცეოდა  საქართველოს ეკლესიის და ერის ისტორიის სწავლებას.

იყალთოს აკადემია, მსგავსად გელათისა, იყო ბიზანტიური ტიპის სასწავლებელი. ორივე მათგანში თითქმის ერთანირი სასწავლო პროგრამა იყო დანერგილი, ძირითადად: ტრივიუმ (გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა) და კვადრიუმის (ფილოსოფია, რიტორიკა, გრამატიკა, ასტრონომია) ციკლის შესწავლას ითვალისწინებდა, თუმცა იყალთოში გარდა აღნიშნული საგნებისა დამატებით ისწავლებოდა გამოყენებითი მეცნიერების დარგებიც: აგრონომია (მევენახეობა-მეღვინეობა), მეტალურგია (მჭედლობა), კერამიკა (მეკეცეობა), ფარმაკოლოგია და სხვა. არქიტექტურის მხრივ კი, იყალთო უფრო გრანდიოზული და მრავალფუნქციონალურია. ამრიგად, ამ ორი უდიდესი სასწავლებლის ჩამოყალიბებაში არსენ იყალთოელის ღვაწლი და შრომა დიდად დასაფასებელი და მრავლის მთქმელია, იგი მრავალრიცხოვან ძმათა შორის წარმოსთქუამდა ღვთივსულიერ ქადაგება-სწავლებას. სწორედ ამ აკადემიებში (გელათსა და იყალთოში) განათლებამიღებულნი სულიერად ასაზრდოებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა მაცხოვრებლებს. ჩვენს ისტორიოგრაფიაში სამწუხაროდ არ მოიპოვება წერილობითი ცნობა იყალთოს აკადემიის დაარსების კონკრეტული თარიღისა და არსენის იქ ნათარგმნი წიგნების და თხზულებათა განსაზღვრის შესახებ,  თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ აკადემიაში ფართოდ იყო გაჩაღებული მწიგნობრულ-სამწერლო მოღვაწეობა: ითარგმნებოდა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება ბერძნულიდან, მრავლდებოდა ხელნაწერები, იქმნებოდა ძვირფასი ნუსხები და ლიტურგიკული კრებულები. არსებობს ზეპირი გადმოცემა და თქმულება (გადმოცემა და თქმულება კი ჩვენთან „წმინდა პატრიარქ კირიონის თანახმად, თითქმის ისტორიაა“), რომ იყალთოს მონასტრის ძველ და მდიდარ წიგნთსაცავში ყოფილა დაცული წმინდა არსენის ნაშრომები და ნაწერი წიგნები, რომელნიც ჯერ-ჯერობით ამ დრომდე ცნობილი არ არის.  

რაც შეეხება აღმშენებლობით ღვაწლს, მისი იქ ცხოვრება-მოღვაწეობის ჟამს განახლდა და გაფართოვდა იყალთოს მონასტრის სატაძრო-საგანმანათლებლო, სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობანი, ასევე მის ანსამბლში შემავალი ყველა ტაძარი თუ სამლოცველო-სკიტი, რომელთაგან აღსანიშნავია ღირსი შიოს მონასტერ-ქვაბები  და წმინდა სტეფანე პირველმოწამის სამნავიანი ბაზილიკა.   ამრიგად, ღირსი არსენის იქ მოღვაწეობის დროს და  შემდგომშიც, იყალთოში  სამონასტრო და საგანმანათლებლო ცხოვრების დონემ განვითარების უმაღლეს საზომს მიაღწია.  მისი ღვთივსათნო მიწიერი ცხოვრება XII-ის პირველ ნახევარში, დაახლოებით 1130-იან წლებში, დასრულდა. იგი გახდა ზეციური სამეფოს მკვიდრი და მეოხი ყოველთა მისადმი მვედრებელთა. მისი წმინდა, მრავალი ღვაწლით  გაბრწყინებული სხეული თავის ანდერძის თანახმად დაკრძალეს იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, ღირსი ზენონის მახლობლად, „მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში“. ის მართებულად იქნა ზენონთან ახლოს .

განსვენებული, რადგან ამ ორი უდიდესი მამის მოღვაწეობით გაბრწყინდა იყალთოს მონასტერი: ზენონმა სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარა საფუძველი, არსენმა კი საგანმანათლებლოს. მათ სულიერების უმაღლეს ხარისხს დაუღალავი შრომით, ლოცვით, მარხვით და მორჩილებით მიაღწიეს. არსენს თავისი თანამედროვენი ახასიათებენ, როგორც  „თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათა“ და ყოვლად განთქმულს „საღმრთოთა წიგნთა თარგმანსა და საქართველოს ეკლესიათა მნათობს.” 


ეს დახასიათებანი სრულიად ესადაგება მის თავდადებულ მსახურებას ღვთისა და მოყვასის მიმართ, რადგან ის ყოველმხრივ ცდილობდა საღვთო მადლით სავსე სიტყვები მიეტანა თანამემამულეთა გულებამდე.  ნამდვილად დიდია მისი ღვაწლი და დამსახურება ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს  წინაშე. მან მართლაც კაცთაგან შეუძლებელი საქმე შეძლო ღვთის დიდი შემწეობითა და წმინდანთა მეოხებით. ჩვენ ღირსი მამის ღვაწლს სრულად ვერ აღვწერთ და გადმოვცემთ თავისი განუზომელი სიდიდის  გამო, თანაც ჯერ კიდევ სრულფასოვნად არ არის მისი სამწერლო ნაშრომები მეცნიერულ დონეზე შესწავლილი, რომელნიც დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და სხვადასხვა სიძველეთ-საცავებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა ერთი ნაწილი და ივანე ლოლაშვილიც არსენ ბერს, არსენ მონაზონს და არსენ კალიპოსელს წმინდა არსენთან აიგივებენ, რაც უფრო ღვაწლმრავალს ხდის მის სამწერლო შემოქმედებას. საქართველოს სამოციქულო ეკლესიმ ღირსი არსენი აღსრულებიდან მალევე შერაცხა წმინდანთა დასში და მისი ხსენების დღედ 6 (19 ) თებერვალი დაადგინა.


დ ა ს კ ვ ნ ა


წარმოდგენილ საბაკალავრო ნაშრომში ჩვენ ვისაუბრეთ იყალთოს სამონასტრო კმპლექსის ადგილმდებარეობისა და დაარსების ისტორიაზე. ღირსი ასურელი მამის ზენონ იყალთოელის მიერ. ასევე მისი ცხოვრება – მოღვაწეობისა და მონასტრის მნიშვნელობაზე როგორც სამონასტრო, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. განვიხილეთ ღირსი არსენ იყალთოელის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეტაპები როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამონასტრო კერებში (შავი მთა, ანტიოქია, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი), ისე საქართველოში არსებულ სავანეებსა (შიო მღვიმე, გელათი, იყალთო) და სახელმწიფო კარზე დავით აღმაშენებლის გვერდით, რაც ხაზს უსვამს მეფისა და ღირსი მამის ჰარმონიულ თანამოღვაწეობას. 

ღირსმა მამამ უდიდესი შრომა გასწია და განამდიდრა საქართველოს ეკლესია ორიგინალური და ნათარგმნი  საეკლესიო ლიტერატურით, რომელთაგან გვსურს გამოვყოთ შემდეგი:

1. დიდი სჯულისკანონი 

2. დოღმატიკონი 

3. ხრონოგრაფი

4. წმ. იოანე დამასკელის გარდამოცემა 

5. წმ. ანდრია კრიტელის სინანულის კანონი

6. წმ. მოწამეთა – სიმონ, გურისა და აბიბოს წამება

7. მრავალთავი 

8. ძეგლისწერა წმინდისა და ღვთივშეკრებულისა კრებისა (რუის–ურბნისის 1103 წ.  კრება)

9. საბაწმინდის ტიბიკონი (შიო მღვიმის მონასტრისათვის თარგმნილი) 

10. დავით მეფის (აღმაშენებლის) ეპიტაფია – („ვის ნაჭარმაგევს მეფენი...“)

11. წმინდა ნინოს მეტაფრასული თხზულება 


საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ღირსმა არსენიმ დიდი სჯულისკანონის თარგმნით ნიადაგი შეამზადა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩასატარებლად. ეს ფაქტი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ წმინდა მამა საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო  არა 1114 წელს, როგორც ეს მეცნიერებაშია მიღებული, არამედ მინიმუმ 10 –12 წლით ადრე. 

წმინდა არსენ იყალთოელმა სრულყო სამონასტრო წეს-განგება და  ტიბიკონი შიო-მღვიმის მონასტრისათვის, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო მრავალი მონასტრის  წეს-განგებას. 

აღსანიშნავია არსენ იყალთოელის აღმშენებლობითი საქმიანობა ყველა იმ სამონასტრო კერასა თუ სავანეში, სადაც კი წმინდა მამას უმოღვაწია, მაგ. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში,   შიომ-ღვიმეში, გელათსა თუ იყალთოში.  ღირსი მამა გამორჩეულია ასევე თავისი სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და მსოფლმხედველობით, შემთხვევითი არ არის, რომ არსენი დავით აღმაშენებლის  თანამოაზრე და სულიერი მოძღვარია, როგორც ჩანს, ღირსეულთა შეხვედრამ და ერთობლივმა სწორმა და ღვთივსათნო მოღვაწეობამ დიდწილად განაპირობა მათი დროის საქართველოს აღზევება როგორც სულიერ, ისე საერო ასპარეზზე. 

დაბოლოს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მიერ არჩეული თემის დამუშავების  დროს მრავალი საინტერესო საკითხი გამოიკვეთა, მაგალითად, ბევრი რამ შეიძლებოდა თქმულიყო იყალთოს მონასტერში სხვადასხვა დროს მოღვაწე სასულიერო პირების, ამ მონასტერში დაცული სიწმინდეების, აქ არსებულ შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და აღმოჩენების, ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მონასტრის წარსულისა და აწმყოს...   შესახებ,  თუმცა, საბაკალავრო ნაშრომის  ფორმატიდან გამომდინარე, ამჯერად მხოლოდ ერთი მიმართულებით – იყალთოს სამონასტრო კომპლექსისა და ღირსი მამების, ზენონისა და არსენის მოღვაწეობის აღწერით შემოვიფარგლეთ. 



ბიბლიოგრაფია


1. ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ქართული რედაქციები, ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით / გამომც. ილია აბულაძე; რედ. ა. შანიძე.  თბილისი : სტალინის სახ. თბილისის სახლმწიფო უნ-ტის გამომცემლობა, 1955.

2. დიდი სჯულის კანონი. (1975 ). რედ. ე. გაბიძაშვილი. თბილისი. 

3. კეკლიძე, კ. ძველი ქართული ლიტ. ისტორია, 1. თბილისი, 1980.

4. ლოლაშვილი, ივ. არსენ იყალთოელი: ცხოვრება და მოღვაწეობა. რედ. ალ. ბარამიძე. თბილისი: მეცნიერება, 1978. 

5. „გრიგოლ ჩახრუხაისძის ვინაობისთვის“, ლიტერატურული საქართველო  (30 ოქტომბერი): 1964.

6. მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. თბილისი:  ალილო, 2009. 

7. მოხილუა წმინდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა, ტიმოთესგან ქართლისა მთავარ-ეპისკოპოსისა. თფილისი: სტამბა  კავკასიის ნამესტნიკის კანცელარიისსა, 1852. 

8. საქართველოს იმედი, წიგნი 9 (2013). თბილისი: გამომცემლობა,,პალიტრა L.

9. „ქადაგება, წარმოთქმული აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის მიერ იყალთოს ფერისცვალების ტაძარში“.  ალავერდი  N16 (2017): 9.

10. ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი.  შემდგ.: დეკ. ზაქარია მაჩიტაძე, მანანა ბუკია და მაკა  ბულია. რედ. ავთანდილ მიქაბერიძე. 2003.  

11. ყაუხჩიშვილი, ს.  ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისაი.  თბილისი. 1920.

12. Ал. Цагарели, Памятники грузинской старины в Святой Земле и на Синае (Москва: Советская энциклопедия, 1962), 62.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.10.2024
ბოლო რედაქტირება 20.10.2024
სულ რედაქტირებულია 5





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0