კოტე (კონსტანტინე) ვალიკოს ძე როგავა დაიბადა 09 ივნისი 1968წელს ზუგდიდში, გარდაიცვალა 15 ოქტომბერი 2015 წელს. დაკრძალულია თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე.
ეკლესიის ერთგული შვილი და შემომწირველი კონსტანტინე როგავა,
ბევრ ადამიანს ახსოვს მათთვის კოტესგან ჩუმად გაკეთებული სიკეთე.
არ დარჩა სამრევლო ტაძარი თუ მონასტერი, რომლისთვისაც კონსტანტინეს ფინანსური თუ სხვა სახის დახმარება არ აღმოეჩინოს. საქართველოს ყველა კუთხეში, უამრავ ტაძარში დაგხვდებათ კონსტანტინეს საყვარელი ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომლებსაც ჩარჩოში სვამდა და სწირავდა ტაძრებს. მას ლეგენდარული კონსტანტინე შეარქვა ნატა ქურდოვანიძემ. მართლაც ლეგენდები დადიოდა კოტეს სიკეთესა და ხელგაშლილობაზე. მისი მეუღლე და უერთგულესი მეგობარი - ირინა გოგოხია სიცილით იხსენებს როგორ ქრებოდა მათ ოჯახში ნივთები და შემდეგ, როგორ აღმოაჩენდა ხოლმე რომელიმე მონასტერში საკუთარ სკამებსა თუ ჭურჭელს, მანქანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ხანდახან ცოტა ზედმეტებიც კი მოსდიოდა და არსენა მარაბდელივით მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა. ეს კეთილი ბუნება მას ბავშვობიდან მოსდევდა თურმე. ცხონებული ბ-ნი ვალიკო როგავა, მამამისი იხსენებდა,ბავშვობაში როგორ უყრიდა ხოლმე ჩუმად აივნიდან კოტე თავის ახალთახალ ძვირფას ტანსაცმელს გაჭირვებულ მეგობრებს.
შეიძლება ბევრმა არც კი იცოდეს კოტეს უმნიშვნელოვანესი დამსახურებების შესახებ ერის წინაშე. მისი თაოსნობითა და ინიციატივით (მან თვითონ გამოითხოვა პატრიარქისგან ეს კურთხევა) მოხდა 2008 წლის ომში დაღუპული მეომრების ცხედრების გადმოსვენება სამაჩაბლოდან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს ხდებოდა ყოველდღიურად რამოდენიმე თვის განმავლობაში. ამ დროს ცხინვალში ჩასვლა დიდი ხიფათის გარდა, იყო საკმაოდ მძიმე საქმიანობა, რადგან ჩვენი მეომრების ცხედრები უკვე დიდი ხნის დაუმარხავი და საშინელ მდომარეობაში ხვდებოდათ. კოტეს და მამა ტარიელს ფიზიკურად უწევდათ ამ ყველაფრის გაკეთება ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე. ღმერთმა შეუწიროთ მათ ეს შრომა!
უწმიდესის კურთხევით კონსტანტინეს აშენებულია თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის ტაძარიცა და მამათა საცხოვრებელი კომპლექსიც. ბოლომდე დასრულება ვეღარ მოახერხა, რადგან მის ცხოვრებაში განსაცდელები ჯაჭვის რგოლებივით მიჰყვა ერთი მეორეს.
კონსტანტინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ბოდბის მონასტრის კეთილმოწყობაშიც, თითქმის ყველა მშენებლობის პროცესში იღებდა მონაწილეობას რამდენადაც შეეძლო.
დიდი ტაძრის პირველი ხატი “მსწრაფლშემსმენელი” ტაძრის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე შემოსწირა, თითქოს გრძნობდა, რომ ტაძრის გახსნას ვერ მოესწრებოდა. როცა ფინანსური მდგომარეობა მეტის გაკეთების საშუალებას აღარ აძლევდა, პურით ან ტკბილეულით გაავსებდა მანქანის საბარგულს და ასე ხელდამშვენებული მიდიოდა ხოლმე რომელიმე მონასტერში.
ყველზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის იყო, რომ კონსტანტინემ, მას შემდეგ, რაც მორწმუნე გახდა, თავი ბოლომდე მიუძღვნა ეკლესიას. მან ბევრი რამ ნახა თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე - დიდი პატივიც და უპატიობაც, სიყვარულიც და უსიყვარულობაც, სიმდიდრეც და სიგლახაკეც, მაღალი თანამდებობაც და უმუშევრობაც, მსხემობაც, პატიმრობაც, და ბოლოს, უმძიმესი ავადმყოფობაც, რომელმაც შეიწირა კიდეც მისი სიცოცხლე. ის მისთვის ჩვეული სიმამაცით იტანდა ყველა განსაცდელს, წარმატებისას კი არასოდეს ყოყლოჩინობდა.
ის დააკლდა მის საყვარელ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, ეკლესიას! ყველაზე მეტად კი დააკლდა მის უწმინდესობას, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა კოტე.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს კონსტანინეს - მამაცი, ყველასთვის საყვარელი და გამორჩეულად კეთილი ადამიანის სული.
მეუღლე ირინა გოგოხია