აქვე გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სოფლის ისტორიიდან ძალიან საინტერესო და საამაყო ინფორმაცია:
ტვილდიანი გიორგი ბათუს ძე დაიბადა 1870 წლის 9 სექტემბერს გლეხის ოჯახში.
1896 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარია.
1896 წლის 28 აგვისტოს ორბელის სამინისტრომ სკოლის მასწავლებლად დანიშნა.
1897 წლის 28 ოქტომბერს გადაიყვანეს მასწავლებლად იფარის საეკლესიო სამრევლო სკოლაში, რომელიც კავკასიაში მართმადიდებული ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებას ეკუთვნოდა, სადაც 1899-1902 წლებში უსასყიდლოდ ხელმძღვანელობდა ამ სკოლასთან არსებულ ბავშვთა თავშესაფარს, რისთვისაც 1900 წელს აღნიშნული საზოგადოების საბჭოსგან გამოეცხადა მადლობა.
1902 წლის 24 მარტს გურია-სამეგროლოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და განმწესებული იქნა ბეჩოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში.
1903 წლის 11 აპრილს გადაიყვანეს ქვედრიშის მთავარანგელოზთა ეკლესიაში.
1909 წლის 5 თებერვალს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1907 წლის 7 დეკემბრიდან 1910 წლის 1 იანვრამდე ასწავლიდა ქვედრიშის სკოლაში. 1910 წლის 10 სექტემბერს დაინიშნა ამავე სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად. 1911 წლიდან ცაგერის ქალთა სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელია, ხოლო 1912 წლიდან ცაგერის ვაჟთა ორკლასიანი სკოლის პედაგოგია.
1914 წლის 29 მაისს ქუთაისის სახალხო სკოლის დირექციამ მრავალწლიანი დამსახურებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გამოუცხადა.
მეუღლე ნადეჟდა თაგვაძე (დაბ. 08.01.1880წ.) შვილები ლიდია (დაბ.15.03.1898წ.); ნინო (23.03.1901წ), ილია (დაბ. 20.07.1904წ.), მაკრინე (დაბ.23.06.1910წ.) დავითი (დაბ.13.06.1912წ.)
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური არქივი. ფ489,აღწერა 1,საქმე #57592;
ქუთაისის ცენტრალური არქივი,ფ21 ან 1 ს.24633 ფ 4-5, ს.25543.ფ 21-22
ლიტ: კეზევაძე მ. „ეგზარქოსობისდროინდელი ლეჩხუმისა და სვანეთის ეკლესიები და მღვდლები“ , ქ.ქუთაისი, 2007წ. გვ.10; გვ. 28
ქვედრიშის მთავარანგელოზთა ეკლესია აგებული და ნაკურთხი იყო 1904 წელს .
ეკლესია ქვის იყო , რომელსაც ცალკე მდგომი ხის სამლოცველო ჰქონდა.
ინფორმაციული მასალის მოძიებისთვის და მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ნუგზარ ჭიჭიკოს ძე ტვილდიანს!