საპატრიარქოს უწყებანი N8 4-10მარტი 2004წ გვ.20
მღვდელმონაზონი პახუმი (ერისკაცობაში პეტრე ფაფერაშვილი) წარმოშობით ახალციხიდან იყო.
ნაადრევად დაქვრივებულმა მონაზვნობის გზა აირჩია; 1870-იანი წლებიდან იგი ტიმოთესუბნის მონასტერში დაემკვიდრა და იქ სიცოცხლოს ბოლომდე, ხუთი ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მამა პახუმის დაუღალავი შრომით არაერთი თაობა აღიზარდა მან მონასტერთან დააარსა სკოლა, სადაც მახლობელი სოფლების ბავშვებს თავადვე ასწავლიდა საღმრთო სჯულსა და ქართულ წერა-კითხვა-გალობას. იგი თავისი უბრალოებითა და ჭეშმარიტი ბერული ღვაწლით საყოველთაო სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. მღვდელმონაზონი პახუმი 1925 წელს ღრმად მოხუცებული აღესრულა. იგი დაკრძლულია ტიმოთესუბნის მონასტრის ეზოში. ფოტო გადაღებულია 1880-იან წლებში. მისი მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა პახუმის შთამომავლებს ნუნუ და ნატალია რუხაძეებს.
მღვდელ-მონაზონი პახუმი — ერისკაცობაში პეტრე სვიმონის ძე ფაფერაშვილი 1837 წელს ქ. ახალციხეში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თავის მოძღვართან ისწავლა. 1855 წლის 15 ნოემბერს საფარის წმინდა საბას სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნედ განამწესეს. 1865 წლის 18 აგვისტოს შტატში დაინიშნა. 1881 წლის 14 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად შედგომა გადაწყვიტა. 1891 წლის 18 სექტემბერს საფარის მონასტერში ბერად აღკვეცეს და სახელად პახუმი უწოდეს. ამავე წლის 29 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, 1 ოქტომბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი და საფარის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1893 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ეგზარ ქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მონასტერი მოინახულა და მამა პახუმი საგვერდულით დააჯილდოვა. XX ს-ის დასაწყისში იგი ბორჯომის რაიონის ტიმოთესუბნის მონასტერში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა. მამა პახუმის დაუღალავი შრომით არაერთი თაობა აღიზარდა — მან მონასტერთან დაარსა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც მახლობელი სოფლების ბავშვებს თავადვე ასწავლიდა საღმრთო სჯულსა და ქართულ წერა-კითხვა-გალობას. იგი თავისი უბრალოებითა და ჭეშმარიტი ბერული ღვაწლით საყოველთაო სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. 1914 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული მოღვაწეობისათვის სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა პახუმი 1925 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. დაკრძალულია ტიმოთესუბნის მონასტრის ეზოში.