2007 წლის 1 იანვარს ტყიბულის რაიონის, სოფელ წყნორისაში, გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის შტატგარეშე მღვდელმსახური, დეკანოზი კლიმენტი თადეოზის ძე კაკალიაშვილი. დეკანოზი კლიმენტი 1936 წლის 14 აპრილს სოფელ წყნორში დაიბადა. წლინახევრისა იყო, როდესაც დაუპატიმრეს მამა, მღვდელი თადეოზი და 10 წლით გადასახლება მიუსაჯეს (იხ. გვ. 20). საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, 1962-64 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. 1968 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა და მისი დასრულების შემდეგ, 1971 წლის 21 ოქტომბერს სოხუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ (შიოლაშვილი) დიაკვნად აკურ-თხა. იმავე წლის 4 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა.
1972 წლის ოქტომბრიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადმოყავთ და მოწამეთას წმ. დავით და კონსტანტინეს სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1974 წლის 21 აპრილს, თომას კვირიაკეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა რომანოზმა (პეტრიაშვილი) საგვერდულითა და სკუფიით დააჯილდოვა. 1978 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1979 წლიდან ამავე ტაძრის მღვდელმსახურია. 1980-იანი წლებში რამდენიმე წელიწადი ქუთაისის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში იმსახურა, სადაც ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1988 წლის 28 ნოემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირ-ჭაგანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად დაი-ნიშნა. ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1997 წლიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და შტატგარეშე მღვდლად ირიცხებოდა. 2003 წლის 17 ივნისიდან პენსიაზე გავიდა.