არქიმანდრიტი იოანე ერისკაცობაში იასონ ქარსელაძე 1864 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ლაილაშის სასწავლებელი; დაოჯახდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე დაქვრივდა. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ ბერად შედგომის სურვილმა ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მიიყვანა, სადაც 1891 წლის 30 ოქტომბერს მორჩილად დაადგინეს. 1894 წელს ლახეშის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა. იასონმა თავისი სახსრებით სოფელში სამრევლო სკოლა დააფუძნა, სადაც რამდენიმე წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა ბავშვებს. 1899 წლის 17 ოქტომბრიდან მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის მორჩილია. გურია-სამეგრელოს ეპარქიას იმჟამად განაგებდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე). გამოცდილ მღვდელმთავარს შეუმჩნეველი არ დარჩენია მორჩილის მოშურნეობა.
1900 წლის 4 მარტს მორჩილი იასონი ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა, იმავე წლის 25 მარტს კი დიაკვნად აკურთხა. ხოლო 1901 წლის 25 მარტს მღვდლად დაასხა ხელი. ალექსანდრე ეპისკოპოსს დიდი ღვაწლი მიუძღვის მონასტრების განახლებაში. მან საკუთარი ხარჯებით აღადგინა დანგრევის პირას მყოფი შიო-მღვიმის, მცხეთის ჯვრის, თიანეთის წმინდა არჩილის მონასტრები. მეუფე ალექსანდრეს მზრუნველობაში იყო წმიდა იოანე ზედაზნელის მონასტერიც. სწორედ აქ, 1902 წლის 12 იანვარს განწესდა მღვდელ-მონაზონი იოანე. თავდადებულმა და მშრომელმა ბერმა მალევე დაატყო მონასტერს მზრუნველი ხელი. ეპისკოპოს ალექსანდრეს წარდგინებით მამა იოანე 1904 წლის 23 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1906 წელს ზედაზენის მონასტრის წინამძღვრის იღუმენ გერასიმე გაბუნიას ავადმყოფობის დროს, მამა იოანე დროებით მმართველად დაინიშნა. მამა იოანეს დიდი დამსახურებაა ზედაზნის მონასტრიდან სოფელ ავჭალამდე ორკილომეტრიანი საეტლე გზის გაყვანა, რომელიც მან თავისი საკუთარი შრომით, სხვების დაუხმარებლად განახორციელა. შეაკეთა ზედაზნის მონასტრის დანგრეული კოშკი, გაალამაზა მონასტრის გარშემო პატარა მინდორი და ბუჩქნარი. ეს ყველაფერი მან საკუთარი ხარჯებით გააკეთა. ასევე მცხეთის მხრიდან გაიყვანა მონასტერში მისასვლელი მეორე გზა. ყოველივე ამ დამსახურებათა გამო, იგი 1907 წლის 10 ივნისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ხოლო მოგვიანებით, 1913 წლის 23 მაისს თბილისის ამაღლების სახელობის ეკლესიაში საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) იღუმენის წოდება მიანიჭა, ენქერითა და წინამძღვრის კვერთხით დააჯილდოვა. 1918 წლის ოქტომბერში ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გერმანე (იაშვილი) მარტყოფის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და მონასტერი უწინამძღვროდ დარჩა. ამავე წლის 27 ნოემბერს მონასტრის ხაზინადარი მღვდელმონაზონი ნეოფიტე (ვარდოსანიძე) ურბნისის ეპისკოპოსს დავითს (კაჭახიძე) თხოვნით მიმართავს, რათა სასწრაფოდ დაინიშნოს ახალი წინამძღვარი მონასტერში. 1919 წლის 3 იანვარს, კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, ზედაზენის მონასტრის წინამძღვარი იღუმენი იოანე ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. წინამძღვრად დანიშვნისთანავე მამა იოანემ უღმერთოთა მიერ დარბეული მონასტრის საძმოს შემოკრება დაიწყო. ამ დროისათვის აქ მამა ნეოფიტეს გარდა მხოლოდ ერთი მღვდელმონაზონი სერგი (ძოწაძე) მოღვაწეობდა. მისი თხოვნით, 1919 წლის 22 მაისს ბეთანიის მონასტრის ბერდიაკონი სტეფანე (გიგოლაშვილი) გადმოიყვანეს ქვათახევში, რომელიც ამავე წლის ნოემბერში ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მღვდლად აკურთხა. ასევე გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მღვდელმონაზონი იუსტინე (მამულაშვილი) გადმოვიდა აქ სამოღვაწეოდ. მამა იოანეს 1920 წელს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1923 წელს, კომუნისტებმა კვლავ დაარბიეს ქვათახევის მონასტერი და უკიდურესად შეავიწროვეს იქ მოღვაწე ბერები. მამა იოანე მონასტრიდან გამოდევნეს და უკან დაბრუნება აუკრძალეს. 1923 წლის 27 ნოემბერს არქიმანდრიტი იოანე წერილს უგზავნის ურბნისის ეპისკოპოსს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) „უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მაღალყოვლადკურთხევავ, მიშუამდგომლოთ, სადაც ჯერ არს, რომ დროებით დამნიშნოთ მღვდლის ადგილზე კორინთოს სამრევლოში, ვინაიდან არსად ბინა არ მაქვს. იმედია, სრულყოფთ თხოვნას ამას“.
საპატრიარქოს უწყებანი N13-19დეკემბერი 2007წ გვ.20
არქიმანდრიტი იოანე (დასასრული ) (დასაწყისი N41)
1924 წლის აგვისტოს ბოლოს დახვრიტეს დუშეთის მაზრის, სოფელ ყვავილას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი გიორგი ჭელიძე და წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე) მის ადგილზე მამა იოანე დაადგინა. ძნელი წარმოსადგენია, რა საშინლად რთული წლები განვლო მან, ყოველ დღე ელოდა დაპატიმრებას, დახვრეტას ან მუხანათურ ყაჩაღურ თავდასხმას. მიუხედავად ამისა, ღვთისმსახურება არ მიუტოვებია. გაუსაძლისმა პირობებმა საფუძვლიანად შეურყია მოძღვარს ჯანმრთელობა და იგი 1925 წლის 24 მარტს გარდაიცვალა. არქიმანდრიტი იოანე დასაფლავებულია დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასაფლაოზე.