1918 წლიდან საფარის მო-..
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ გვ.20
... საფარის მონასტერი 1891-1930წლებში (დასასრული)
ნასტერს წინამძღვრობდა მღვდელ-მონაზონი ტიმოთე. მღვდელ-მონაზონი ტიმოთე ერისკაცობაში ტროფიმე ივლიანეს ძე ლიცკევიჩი 1869 წელს დაიბადა. განათლება მიიღო სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. მსახურობდა მეფის რუსეთის ჯარში. სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ბერად აღკვეცის სურვილით, 1909 წლის 13 ნოემბერს საფარის მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1911 წლის 24 სექტემბერს არქიმანდრიტმა საბატიმ ბერად აღკვეცა და სახელად ტიმოთე უწოდა. 1914 წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი). კომუნისტების შემოსვლის შემდეგ საფარის მონასტერსაც მძიმე დღეები დაუდგა. ეს კარგად ჩანს აწყურის ეპარქიის მთავარხუცესის დეკანოზ სვიმონ სარალიძის წერილიდან, რომელიც მან 1924 წლის შემოდგომაზე გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, მუეფე ქრისტეფორეს (ციცქიშვილი): „მოვალეთ ვთვლი თავს, ვაცნობო თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, რომ ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში მღვდლები, რომელნიც იყვნენ წლის დასაწყისში, ცოცხალნი არიან და თავიანთ ადგილებზე მსახურობენ. მინდოდა სექტემბრის დამდეგს კრება მომეწვია, მაგრამ საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო თავი შევიკავე. საეკლესიო სახლი კომისარიატმა ჩამოგვართვა, გვინდოდა გვეჩივლა, მაგრამ არეულობის გამო თავი შევიკავეთ. საფარის მონასტრის შესახებ გაცნობებთ. მარიამობას ვიყავი იქ მწირველი, სოფლის ხალხიც ბლომად იყო. რვა ბერი ცხოვრობს დღეს მონასტერში, რვავე რუსია- 2 მღვდელ-მონაზონი, 2 ბერ-დიაკონი და 4 ბერი. მათი მდგომარეობა აუტანელია. ზაფხულში იქ ბავშვთა თავშესაფარი იყო გამართული. როცა ისინი ჩამოიყვანეს, იქ დაბინავდნენ 15 მოსაზღვრე რუსის ჯარისკაცი თავისი ცხენებით. წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ტიმოთე მთხოვდა, რომ თქვენ მისთვის ხელდასხმის სიგელი გაგეგზავნათ და თუ იქნება სადმე რუსული სამრევლო, გადაგეყვანათ იქ. ფილტვების ანთების შემდეგ დაზიანებუ-ლი მაქვს ფილტვებიო და ცარიელი ხმელი პური ვერ ავიტანე, მკლავსო. მეც ამით ვასრულებ მის თხოვნას. რაც შეეხება ბერდიაკონ დიონისეს, იგი თავისთან გადაიყვანა დეკანოზმა იოანე სალარიძემ ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში“. 1929 წლის მაისში შედგენილი ერთი საბუთის მიხედვით, საფარის მონასტერში კვლავ მოღვაწეობდა 6 ბერი, რომლებიც პერიოდულად ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაშიც აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. XX ს-ის 30-იანი წლებიდან, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის უმეტეს მონასტრებში, აქაც შეწყდა ბერული ცხოვრება და მღვდელმსახურება.