არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი), ერისკაცობაში ზვიად გაიოზის ძე ფალავანდიშვილი დაიბადა 1973 წლის 9 დეკემბერს საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევში. 1989 წელს დაამთავრა საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საშუალო სკოლა. ამავე წელს სწავლა გააგრძელა ქალაქ ჭიათურის Nº147 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ქალაქ რუსთავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
ცხინვალის რეგიონში დაწყებული კონფლიქტის გამო 1992 წელს გაწვეული იქნა პირველ ეროვნულ ჯარში. მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო მისიაში.
2000 წლის 14 სექტემბერს საჩხერე-ჭიათურის მთავარეპისკოპოსის მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით , ჩაირიცხა საჩხერის სასულიერო სემინარიაში.
2002 წლის 3 თებერვალს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში, სულიერი მოძღვრის იღუმენ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) მიერ აღკვეცილ იქნა ბერად, ეწოდა ბერ-მონაზონი ლუკა და გაგზავნილ იქნა ჯრუჭის "წმიდა გიორგის" სახელობის მამათა მონასტერში.
2004 წელს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა კურთხევით ავადმყოფობის გამო, ( მიიღო ხერხემლის რამოდენიმე მალის დაზიანება და მოტეხილობა) გადაყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში სამკურნალოდ, შემდეგ კი თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში.
2004 წლის 14 სექტემბერს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო აკადემიაში.
ამავე წელს მისი უწმინდესობის ილია II -ის კურთხევით ინიშნება მარტყოფის “ყოველთა წმიდათა“ სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესედ. სულ მალე კი მცხეთაში პატრიარქის მშობლების სახლში, ახლად დაარსებული “წმიდა გიორგის“ სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესედ.
2005 წლის 27 ნოემბერს სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია II -ემ სამების საკათედრო ტაძარში ბერ-მონაზონ ლუკას (ფალავანდიშვილი) ხელი დაასხა ბერ-დიაკვნად.
2006 წლის 19 მარტი მღვდელ-მონაზვნად კურთხევა.
2006 წლის 17 სექტემბერს, ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, თბილისის სამების საკათედრო ტაძარში აღიყვანა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრით.
2007 წლის 3 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით გათავისუფლებულ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან და გადაყვანილ იქნა დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, ბარსელონის „წმიდა ნინოს“ სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.
2009 წლის 14 მაისს პარიზის “წმიდა თამარ მეფის“ სახელობის ქართულ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II -ის მიერ აყვანილი იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, დააჯილდოვა მიტრით და გამშვენებული ჯვარით.
2012 წელს 20 მაისს პარიზის “წმიდა თამარ მეფის“სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-ემ არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი) დააჯილდოვა მეორე ჯვარის ტარების უფლებით.
არქიმანდრიტი ლუკას ( ფალავანდიშვილი ) ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, 2007 წლის 25 დეკემბერს ბარსელონაში დაარსდა „წმიდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის პირველი ქართული სკოლა და „წმიდა გრიგოლ ფერაძის“ სახელობის სამრევლო სკოლა. გაიხსნა და ჩამოყალიბდა სამრევლოები, ესპანეთში , პორტუგალიასა და სამხრეთ საფრანგეთში.
2010-2011 წლებში ბარსელონაში დააარსა „წმიდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაცია“, სამხრეთ საფრანგეთში კი „ წმიდა ნიკოლოზის სახელობის ქართული ასოციაცია“. სწორედ ამ ასოციაციების მეშვეობით ხდება დღესაც სულიერი, საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობის წარმართვა, რესურსების მოძიება და საქართველოს პოპულარიზაცია უცხო ქვეყნებში.
2017 წელს ბარსელონას „წმიდა ნინოს“ სახელობის სამრევლოსთან დააარსა „სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრი“.