სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოსებ ანდრიას ძე კოროშიძე 1858-1901წწ  მღვდელი დაბ. სოფ. ხიდისთავი (გორი) იოსებ ანდრიას ძე კოროშიძე 1858-1901წწ  მღვდელი დაბ. სოფ. ხიდისთავი (გორი)

1858-1901 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კოროშიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

იოსებ ანდრიას ძე კოროშიძე 1858-1901წწ მღვდელი დაბ. სოფ. ხიდისთავი (გორი)

საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი, 2012წ გვ.17 

მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 


I ნაწილი

მღვდელი იოსები 1858 წელს ქართლში, გორის მაზრაში, სოფელ ხიდისთავში მღვდელ ანდრია კოშორიძისა და ანა (იგივე ხორეშანი, დაბადებული 1838 წ.) კობახიძის ოჯახში დაიბადა. კოშორიძეების გვარი წარმოშობით მესხეთიდან ყოფილა. ოსმალების მიერ ამ კუთხის დაპყრობის შემდეგ რამდენიმე სხა არა ქართლში გადმოსულა და სოფელ ხიდისთავში დასახლებულა. იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ მოხსენიებულია ვინმე ხიდისთავის წმინდა გიორგის ახალჯვრის სახელობის ეკლესიის დეკანოზი გიორგი კოშორიძე. აი, რა წერია მასზე აღნიშნულ ნაშრომში: „პირველად მივიდნენ ხიდისთავსა. ნახეს მუნ კოშორიძე მღვდელი. დიაკვანმან ჰკითხა ზურაბს, ეს ვინ არისო. ზურაბმა –- ესე ახალჯვრის დეკანოზიაო. იოანე მივიდა და ჰრქუა: გვაკურთხენ, ახალჯერის მამაო... ოდეს დასხდნენ ესენი და მოიღეს სუფრა და დააგეს საჭმელი, რა ხელი მიჰყვეს, ამჟამად ანდრია მოვიდა, გიორგი მღვდელს ეამბორა და იოანეს სალამი მისცა; იოანემ იკითხა ვინაობა ამისი, და ჰრქვეს: ესე ანდრია, იონა იღუმენის მოწაფეო და ჰრქვა იოანემ: მშვიდობა შენდა... და ესრეთ დაასრულეს სადილი. კოშორიძემ იზრუნა მათთვის და წარემართნენ საციციანოსაკენ. წოდება კოშორიძეებს დავით აღმაშენებლის დროს მიუღიათ რაღაც დამსახურებისათვის. ასევე ცნობილია, რომ იოსების პაპა დედის მხრიდან, აზნაური გრიგოლ კობახიძე, თან ახლდა სპარსეთში გაქცეულ ალექსანდრე ბატონიშვილს საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასახლებულა მეჯვრისხევში. 1811 წლიდან ხიდისთავის ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზ  გიორგის ვაჟი, მღვდელი იოსები, რომელმაც 1808 წელს ხელახლა შეაკეთა ეს ეკლესია. იგი დაიბადა 1793 წელს. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი,  გალობა და საეკლესიო ტიპიკონი არქიმანდრიტ ათანასესთან (ბიბილური) ისწავლა. 1811 წლის 27 ივნისს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი)  დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის


17-1  საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი, 2012წ გვ.18

მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 

10 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. ჰყავდა მეუღლე –– ელენე ონოფრეს ასული. მღვდელი იოსები 1850 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა. მამა იოსების შვილიშვილი გახლდათ პაპის მოსახელე იოსებიც, რომელიც უკანასკნელი სასულიერო პირი გახლდათ ამ დიდებული და ძირძველი ქართული გვარისა. თავდაპირველად იგი გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1881 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1881 წლის 20 სექტემბერს იოსები გორის მაზრის სოფელ მეტეხის სახალხო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. აქედან იწყება მისი აქტიური მოღვაწეობა ჯერ საერო, შემდეგ კი სასულიერო ასპარეზზე. იგი მონაწილეა ყველა სასიკეთო სიახლისა, რომელიც იმ პერიოდში გორის მაზრაში ხდებოდა. ესწრება ახალი სკოლების გახსნას, ცდილობს მომავალ თაობას შეაყვაროს წიგნიერება და ხშირად ესაუბრება მათ სწავლა-განათლების აუცილებლობაზე. ასევე, მამა იოსებს ჰქონდა ქადაგების ძლიერი უნარი და ხშირად მოძღვრავდა მრევლს. ჯერ კიდევ პედაგოგობის პერიოდში გამოვლინდა მისი საოცარი ნებისყოფა და ნიჭი, მოექცია ადამიანები ღვთისაკენ სავალ გზაზე. 1882 წლის 22 ნოემბერს სოფელ კავთისხევში აკურთხეს ახალი სკოლის შენობა და ამ მოვლენის ცენტრში ვხედავთ იოსებს, რომელმაც სიტყვა წარმოთქვა სკოლის გახსნაზე: „როგორც უსინათლო კაცისათვის არის ძნელი სიარული, აქეთ-იქით მისვლა-მოსვლა, საქმის გაკეთება, ასეთივეა უსწავლელი კაცის მდგომარეობა. რა საქმის გაკეთება შეუძლიან უსინათლო კაცს? ის ყოველთვის უძლურია, დაიარება ფრთხილად, რომ არას წააწყდეს; აგრეთვე ამისთანა მდგომარეობაშია უსწავლელი კაციც: ის უძლურია, სუსტია, უღონოა, ნათქვამია: „სწავლა არის სინათლე, უსწავლელობა სიბნელე“. ყველამ კარგად ვიცით ამ სიბნელემ, ამ უმეცრებამ, როგორი დაღი დაგვასა, რა წყლულები გაგვიჩინა ჩვენ, ქართველთ. ჩვენი ოჯახობა პირქვე დაამხო, ვინაობა დაგვავიწყა, ჩვენ ძმობას, ერთობას ბოლო მოუღო, ენა გაგვიქრო, ცრუმორწმუნეობა გაგვიმრავლა, სიკვდილი გაგვიხშირა და დიდ სიღატაკეში ჩაგვყარა. დღეს ქართველობა თანდათან ჰგრძნობს ამ დაღის სიმძლავრეს და ამ წყლულების მორჩენას შეუდგა. რაგვარი საშუალებით შეუძლიან ამ ხალხმა თავი მოირჩინოს? რა წამალი იპოვა ქართველმა ამ წყლულების მოსარჩენად? სწავლა-განათლება... ესეთ ტკივილებს საქართველოში ყველანი ვგრძნობთ: გლეხია თუ თავადი და აზნაური, ერის კაცია თუ სასულიერო, ყველანი ერთნაირ, ერთგვარ მალამოს ვსაჭიროებთ: ჩვენმა გაცალცალკევებულმა შრომამ, ერ- თმანეთის შურმა, ქიშპობამ და უმეცრებამ ჩვენ, ქართველნი, უკან დაგვწია, განათლებულ ხალხთა რაზმის უკან დაგვაყენა. აი, ამ უსწავლელობის და უვარგისობის გამო ჩვენი მამულები სხვის ხელში გადადიან, ჩვენი სიმდიდრე სხვას უხარიან, ჩვენს ოფლს სხვები მასხრად იგდებენ. ორი ათასი წელი იბრძოდა ჩვენი ერი სხვადასხვა მტრებთან. ბევრს სურდა ჩვენი დაჩაგვრა, დაუძლურება, დამონავება, მაგრამ, დახე ღვთის განგებას, ქართველობა ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ყველას ვაჟ- კაცურად, მამაცურად პასუხს აძლევდა. თანხმობით და ძმურის სიყვარულით თავგანწირული იბრძოდა მტერთან ხმლითა და სიტყვით თავის ცნობიერების ხალხოსნობის და საყვარელი მამულის დასაცველად. დღეს კი ჩვენ რაიმე საქმის დაწყება რომ გვინდოდეს, ძმურად ხელი-ხელს არ ვაძლევთ: შური, მტრობა, ყველა დაწყებულ საქმეს ჩვენში წინ მიუძღვის. ვინატრი, ჩვენი მამა-პაპათა სახელი დაგვემსახურებინოს არა მარტო ხმრლით, არამედ სწავლა-განათლებითაც. ყოველ ქართველ კაცს სიხარულის ლამპარი უნდა აენთოს, უეჭველია, გულში, როდესაც შემოხედამს ამ თქვენგან აშენებულ წმინდა სწავლის ტაძარს. ეგ სკოლა იქნება მანათობელი ლამპარი თქვენ ჩამომავლობისათვის. მართალია, დღეს ჩვენში გაღვივებული ცხოვრების ალი ჩანელდა, ჩაჰქრა და მხნეობა ქართველთა ერისა თითქმის დადუმდა, მაგრამ ჯერ კიდევ სრულიად არ გამქრალა. ჩვენი ძველი ცხოვრების ღველფში მოიძებნება კიდევ სიცოცხლის ნაპერწკლები, რომლითაც შეიძლება ისევ აენთოს დიდებულის ცხოვრების ლამპარი. კეთილო მშობლებო, რა მადლობის  ღირსნი ხართ, რომ მიგიღიათ ეს დიდი ღვაწლი, აგი-


17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი, 2012წ გვ.19

მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 (გაგრძელება)

შენებიათ ეს წმინდა ტაძარი სწავლისა. გამოგზავნეთ თქვენი შვილები  აქ გაიცნობენ ქვეყანას და თუ რომ ბედმან უღიმა - თავიანთ თავსაც გააცნობენ მას. ახლა თქვენ, პატარა ბავშვებო. აქნობამდინ მე ვებაასებოდი თქვენ მშობლებს და არ მინდა თქვენც გულნაკლულად დაგაგდოთ. თქვენც გეტყვი ორიოდე სიტყვას. რაც აქნობამდინ ველაპარაკე თქვენ მშობელთ, ერთ დროს უფრო კარგად გაიგებთ და კარგადაც დააფასებთ, მხოლოდ თქვენ ამასა გთხოვთ, ბეჯითად დაიარებოდეთ სასწავლებელში, არ აკლდებოდეთ გაკვეთილებს და ერთგულად იყვნეთ თქვენ საქმეზედ თქვენთვის არა შრომას არ დაზოგავს და თქვენთვის თავგანწირული იქნება თქვენი ერთგული, უფროსი ძმა და მეგობარი, თქვენი მასწავლებელი. არ დაივიწყოთ, ბავშვებო,  ეს დღეც. ყოველ ამ დღეს მადლობით მოიგონეთ ხოლმე თქვენი მშობლები, რომელთაც ეს სახლი აგიშენეს. მათ ნაწილი თავის ვალისა შეუსრულებიათ, სხვას შემდეგში დაგავალებენ და მომავალში, თუ როგორის სარგებლით დაუბრუნებთ ამ ვალს მშობელთ -- ეს თქვენზედაა დამოკიდებული“. 1883 წელს იოსები სასულიერო უწყებაში გადავიდა. ამავე პერიოდში გაიცნო ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ლევან  ბაქრაძის (ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგიის, დიმიტრი ბაქრაძის უმცროსი ძმა) ერთადერთი ქალიშვილი, სიკეთითა და სათნოებით განთქმული მარიამი და მასზე დაქორწინდა (დაბ. 1865 წ. გარდ. 1951 წლის 10 მარტს). იოსებსა და მარიამს რვა შვილი ეყოლათ: ანა (1885 წ. რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ, XX საუკუნის დასაწყისში მასწავლებლად მუშაობდა ხაშმის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1906 წელს იგი მეუღლესთან ერთად თელავში გადავიდა სამუშაოდ), ანდრია (1887 წ.), სიმონი (1889 წ. სამხედრო პირი, დახვრიტეს 1937 წ.), დიმიტრი (1891 წ. სამხედრო პირი), ნინო (გარდ. ადრეულ ასაკში), ალექსანდრე (1898-1977, რუსული ენის პედაგოგი), გიორგი, ელენე (გარდ. ადრეულ ასაკში). იოსები 1884 წლის 25 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 26 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და თიანეთის მაზრაში, სოფელ ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1885-1889 წლებში მამა იოსები თიანეთის მაზრაში არჩეული იყო სასულიერო დეპუტატად. 1886 წელს იგი თიანეთის სამთავარხუცესო ოლქის სასულიერო გამომძიებლად დაადგინეს. 1889 წლის 20 ნოემბერს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად და ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ამავე წელს თიანეთის ეკლესიასთან  არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1890 წელს გარდაიცვალა დიმიტრი ბაქრაძე, რამაც დიდად დაამწუხრა მოძღვარი. მამა იოსებმა დიდი პანაშვიდი გადაუხადა ცნობილ ისტორიკოსსა და მეცნიერს და სიტყვაც წარმოუთქვამს მის მოღვაწეობაზე. აი, რას წერდა ასევე ცნობილი პოეტი და ქართველი ხალხის საყვარელი მგოსანი ვაჟა-ფშაველა ამის შესახებ: „ჩვენის პატივცემულის ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის სიკვდილმა ყველას თავზარი დასცა ჩვენს თიანეთშიც. ეს პატარა დაბა, სხვა თავის თანამოძმეებთან ერთად, ჰგლოვობს დაკარგვას საუკეთესო ძმისა და მასწავლებლისას, ჰგლოვობს ყველა, ვისაც ესმის, რა არის ერი, ერის ისტორია, ეროვნული თვითცნობა... 15 ამ თვისას, რა დღესაც ეს სამწუხარო ამბავი მოვიდა, შეიკრიბა საყდარში ადგილობრივი საზოგადოება პანაშვიდზე დასასწრებლად. პანაშვიდი გადაიხადა ადგილობრივმა ბლაღოჩინმა, მღვდელმა იოსებ კოშორიძემ, რომელმაც წარმოსთქვა გრძნობიერი სიტყვა განსვენებულის მოღვაწეობის მნიშვნელობაზედ, თუ რა ღვაწლი დასდო მან ჩვენს ისტორიას, რამდენად შეგვაგნებინა ჩვენი წარსული და მოგვანიჭა იმედი მომავლისა. პატივცემულმა მოძღვარმა სწორედ მოსწრებულად შეადარა განსვენებული  დიმიტრი ბაქრაძე დიმიტრი თავდადებულს. ნამეტანი არ იქნება, სთქვა მღვდელმა, ითქვას, რომ განსვენებული მეორე დიმიტრი თავდადებულია მამულისათვის. თუ პირველმა მსხვერპლად შესწირა თავი სამშობლოს, თავი დასდო საქართველოსათვის და ამით მოგვცა მაგალითი პატიოსნურის სიკვდილისა, თავგანწირულებისა მამულისა და სჯულისათვის, არც მეორემ დააკლო: ეს გვაძლევს მაგალითს დაუღალავის, განუწყვეტელ, მედგარის შრომისას მამულისა და მეცნიერების გულისათვის, რომელსაც შესწირა თავისი სიცოცხლე, აღსავსე დაუცხრომელის ზრუნვით, როგორც პირველზე, ისე მეორეზე. დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლის შემდეგ ადვილად ვეღარავინ გაჰბედავს შეურაცხჰყოს ჩვენი თავმოყვარება და დაუძახოს ჩვენს ისტორიას „ზღაპრული“ და სხვ. ბოლოს სიტყვა დაასრულა ამ ლექსით: „ვინც რომ წარსულს ივიწყებს, არ ეძიებს, ძლიერ კარგიც რომ იყოს, ნაყოფს ვერ გამოიღებს“.





17-3 საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი, 2012წ გვ.20

მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 (დასასრული)

1891 წლის თებერვალში მამა იოსებმა დაბა თიანეთში შემოწირულება შეაგროვა და განსვენებულ დიმიტრი ბაქრაძის ფონდის სასარგებლოდ გადარიცხა. 1892 წლის 26 ოქტომბერს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1892 წელს 28 აპრილს თიანეთის ოლქი ორ ნაწილად გაიყო. II ოლქში შევიდა შემდეგი სამრევლოები - ბარისახო, გული, შატილი, ახიელი, უკანა ფშავი, მუქო, შუა ფხოვი, ჩარგალი. გომეწრის სამრევლო მიეწერა დუშეთის მაზრის II ოლქს. | ოლქის მთავარხუცესად კვლავ თიანეთის ეკლესიის მღვდელი იოსებ კოშორიძე დარჩა. თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა მამა იოსებმა ერწოში მდებარე წმინდა ქართველი მეფე არჩილის განსასვენებელის, ნადოკრის მონასტრის აღორძინების საქმეში.

XIX საუკუნის 80-90-იან წლებში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მრავალი მიტოვებული სავანე გადაარჩინა სრულ გავერანებას. მათ შორის იყო ნადოკრის მონასტერი. მან ზედაზნის მონასტრის ბერმონაზონი ეფრემი (დიდებაშვილი) მიავლინა იქაურობის მოსავლელად. ბერი ეფრემი ახლომახლო სოფლებში დადიოდა და შეწირულებას აგროვებდა მონასტრის აღსადგენად. ეს ამბავი მამა იოსების ყურამდეც მივიდა. თავდაპირველად მან არ იცოდა საქმის ვითარება და როგორც ოლქის მთავარხუცესმა, მდგომარეობის გასარკვევად წერილი მისწერა ეპისკოპოს ალექსანდრეს: „მათ ყოვლადუსამღვდელოესობას გორის ეპისკოპოზს, მოწყალე მღვდელმთავარს ალექსანდრეს:სიმდაბლით მოხსენება, მოწყალეო მღვდელმთავარო! მოვითხოვ რა თქვენგან ლოცვა-კურთხევას, ვეამბორები თქვენსა მარჯვენესა ხელსა. მოვალეობისაებრ ჩემისა მოგახსენებთ სიმდაბლით შემდეგს: აქ ერწო-თიანეთში დაიარება პირი, როგორც თვითონ მოგახსენებთ ვინაობას, არის ზედაზნის მონასტრის ბერი ეფრემი. ჩამოუკიდია დაუბეჭდავი (კრუჭკა) განზალაკი, დაიარება და ჰკრებს ფულებს. არა აქვს არც წიგნი, რომელშიაც უნდა იწერებოდეს შემოწირულებანი. მოვთხოვე მე რა მას ნებართვის წიგნი, მაჩვენა ეს რვეული 1891 წლისა, რომელიც ეკუთვნის ზედზნის მონასტერს და ვადაც გასული აქვს. და არც შემოწირულებანი ჩაუწერინებია არავისათვის. დაუთვალე ფული კრუჭკაში და აღმოუჩნდა ექვსი მანეთი და 99 კაპიკი. ამ  კრუჭკას ფულითურთ ჩემის ბეჭდით დაბეჭდილს წარმოვადგენ თქვენს ყოვლადუსამღვდელოესო- ბასთან განსახილველად. ეს ბერი ეფრემი მოგახსენებთ, ვითომც თქვენის ნება დართვით დაიარება და ჰკრებს ფულებს. რადგან კანონიერი ნებართვის ქაღალდი არა აქვს თქვენი მეუფებისაგან და არც კანცელარიიდან შემოწმებული, ამისთვის მოვმართავ რა თქვენს მეუფებას, უმორჩილესად გთხოვთ, როგორმე მაცნობოთ, რომ ნამდვილად თქვენგან არის ამ მიზნით გამოგზავნილი, უბოძოთ კანონიერი რვეული და, ჩემის მხრით, ყოველ შემთხვევაში შემწეობას აღმოუჩენ ჩემს საბლაღოჩინოში. 1893 წლის 4 ივლისი ს. თიანეთი“. მეუფე ალექსანდრემ საპასუხო წერილით დაუდასტურა მოძღვარს ამ ამბის სინამდვილე. ამის შემდეგ მამა იოსებს ყურადღება არ მოუკლია ნადოკრის მონასტრისა და მისი ერთადერთი მკვიდრისათვის, ეხმარებოდა მას როგორც ეკონომიურად, ისე სულიერად, ვიდრე 1898 წელს არ აღესრულა ბერმონაზონი ეფრემი.

1895 წელს მამა იოსების ინიციატივით თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან ახალი ქვის სამრეკლო აშენდა, რომელზეც სამი ზარი დაჰკიდეს: 18 -- ფუთიანი, ფუთნახევრიანი და 20 -- ფუთიანი. ამ დამსახურებისთვის მამა იოსები 1897 წლის აღდგომას სკუფიით დააჯილდოვეს.


18 საპატრიარქოს უწყებანი N18 10-16მაისი 2012წ გვ.17

მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901

გვყავს შინაური მტრები... უმეცრება, უსწავლელობა და  განუვითარებლობა“

II ნაწილი

XIX საუკუნის II ნახევარში რუსეთის იმპერიალისტურ-კოლონიური პოლიტიკის შედეგად სასულიერო

სასწავლებლებში გამეფებული იყო რეჟიმის სისასტიკე და უკიდურესი რეაქციულობა. სახიფათოდ მიიჩნეოდა ქართული წიგნებისა და ირაღ- გგვეთვმის კითხვა. პედაგოგებს ხშირ  შემთხვევაში უკრძალავდნენ ქარ- თულ ენაზე სწავლებას, პროგრამიდან ამოღებული იყო საქართველოს ეკლესიისა და, ზოგადად, მშობლიური ისტორიის სწავლება, რაც ახალგაზრდობის ეროვნულ ნიადაგზე აღზრდას უშლიდა ხელს. ეს ყველაფერი კარგად იყო ცნობილი პროგრესულად მოაზროვნე ქართველი სამღვდელოებისათვის, რომელთაც იცოდნენ, რომ საეკლესიო სასწავლებლებში ქართული სულისკვეთებითა და მენტალიტეტით ალზრდილი ბავშვი შემდგომში მტკიცე დასაყრდენი იქნებოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ სამშობლოს ინტერესების დასაცავად ბრძოლის დროს. ამ კუთხით გამოირჩეოდა მამა იოსების მოღვაწეობა თიანეთის მაზრაში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მრევლში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას და მათში ცრუმორწმუნეობის აღმოფხვრას. მთის მოსახლეობაში ძალიან ფრთხილი და მოქნილი მოქმედება იყო საჭირო, რადგან მათი დიდი ნაწილი ისევ ძველი ტრადიციების მიმდევარი გახლდათ. აუცილებელი იყო მომავალი თაობები სამრევლო-საეკლესიო სკოლებში ქართულ ენაზე საღვთო სჯულის სწავლებით აღზრდილიყო, რათა მათ სწორი წარმოდგენა და ხედვა ჰქონოდათ ქრისტიანობასა და, ზოგადად, სარწმუნოებაზე. მრავალწლიანი თავდადებული და კეთილსინდისიერი მოღვაწეობის შედეგად მამა იოსები მთელ თიანეთის მაზრაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ყველას უყვარდა დაუზარელი და მუდამ ხალხის სამსახურში მყოფი მოძღვარი, რომელსაც პატიოსანი ქცევითა და მსახურებით სამაგალითო მღვდლის სახელი ჰქონდა, როგორც მრევლში, ისე სამლვდელოების რიგებში. თუმცა, ბოროტსაც არ ეძინა და მამა იოსებს მრავალი ცილისწამებისა და განსაცდელების დათმენა უხდებოდა. 1895 წელს უცნობი კორესპონდენტი ცილისმწამებლურ წერილს აქვეყნებს მამა იოსებზე გაზეთ „ივერიაში“: „ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოების მიერ ჩვენში დაარსებულია სკოლა. საზოგადოებას დაქირავებული ჰყავს თავისის ხარჯით ამ სკოლისათვის ერთი მასწავლებელი, სემინარიაში სწავლა-შესრულებული და აგრეთვე ადგილობრივი მღვდელი. მასწავლებელს აქვს დავალებული ასწავლოს შეგირდებს საგნები გარდა საღმრთო წერილისა, რომლის სწავლებაც ადგილობრივ მღვდელ- ბლაღოჩინ კოშორიძის ვალია. მაგრამ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მამა კოშორიძე ამ მოვალეობას, ამას შემდეგში დავინახავთ. აგერ მეშვიდე თვე მიდის, ენკენისთვეს აქეთ, სკოლა საღმრთო სჯულის უმასწავლებლოდ არის მიტოვებული. ამ ხნის განმავლობაში მამა კოშორიძეს ორჯელ არ შეუდგავს სკოლაში ფეხი გაკვეთილების მისაცემად. რას უნდა მიეწეროს ასეთი მისი გულგრილობა, რად უფრთხის მამა კოშორიძე ამ მეორე ტაძარს ღვთისას. დავიჯეროთ, იმდენად არის დატვირთული თავის სამრევლო საქმეებით, რომ არ შეუძლიან სკოლას თავის დროზე მიჰხედოს? თუ არ შესწევდა იმდენი ძალ-ღონე, რომ ერთსაც გაუძღვეს და მეორესაც, ხელს რატომ არ იღებს სწავლის სასყიდელზედ და სხვას ვისმე არ გადასცემს ამ საგნის სწავლებას? იმედია, ყურადღებას მიაქცევს, ვისიც ჯერ არს და ამ უწესობას ბოლოს მოუღებს“, მღვდელმა იოსებმა ამ ცილისმწამებლურ წერილს საკადრისი პასუხი გასცა ჟურნალ „კვალის“ 1895 წლის მე-20 ნომერში, მაგრამ მოძღვარი საკუთარ თავს ხომ არ გაიმტყუნებდაო, რომ არ ვიფიქროთ, უფრო ობიექტურად ავხსნათ ეს მოვლენა. საინტერესო იქნება მოვიხმოთ სხვა ადამიანების წერილებიც, რომელთაც ასევე ამხილეს ცრუ კორესპონდენტი და მამა იოსების ნამდვილი სახე აჩვენეს მკითხველს გაზეთში. გაზეთი „ივერია“, 1895 წლის 133-ე ნომერი, ვინმე „ჩხოკეთელის“ წერილი: „თქვენის პატივცემულ გაზეთის 58-ე ნომერში იყო დაბეჭდილი უსახელო კორესპონდენცია თიანეთის სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელ, ბლაღოჩინ-მღვდელ იოსებ კოშორიძეზე, რომელმაც სათანადო პასუხი გასცა ამ პასკვილის დამწერს ჟურნალ „კვალში“. სხვათა შორის, მამა კოშორიძე სწერდა, რომ თუ კორესპონდენტს ჰსურს და-

18-1  საპატრიარქოს უწყებანი N18 10-16მაისი 2012წ გვ.18

მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 (გაგრძელება)

ნამდვილებით გაიგოს, იციან რამე თუ არა მოწაფეებმა საღმრთო სჯულიდგან, ვთხოვ კორესპონდენტს, კეთილი ინებოს და დაესწროს მოწაფეების გამოცდასაო. გამოცდა მოწაფეებისა მოხდა მაისის 19 და 21 რიცხვებში. გამოცდას დაესწრნენ: ინსპექტორი ქრისტიანობის გამავრცელებელ საზოგადოების სკოლებისა, თიანეთის მაზრის უფროსი, თიანეთის სამაზრო მკურნალი, მაზრის სამმართველოს ორი შეგნებული მოხელე და მრავალნი სხვანი. უნდა გენახათ, ბატონო, და სულით დამტკბარიყავით, რა გონივრულ, აზროვან და მოხერხებულ პასუხებს იძლეოდნენ სუყველა განყოფილების მოწაფეები, არამც თუ პროგრამიდან ამოღებულ კითხვებზედ, არამედ იმათზეც, რომლებსაც ჰქონდათ უფრო მაღალი ღვთისმეტყველების ხასიათი. მაშ, რაღას „ჰგოდებს და იგლოვს“ ზემოხსენებული კორესპონდენტი? იმას, ბატონო, რომ ყველაფერი ეს შეგირდებმა იციან სამმაებლიო გასაგებ ენაზედ და არა სლავურ-რუსულით. კორესპონდენტს ვერ მოუნელებია ის, რომ ბავშვებს ტვინი არა აქვთ გალაყებული სლავენურ ენაზედ ტროპარ-კონდაკების ზეპირობით და ვერ გაუკბილავთ ოციოდე საღმრთო მოთხრობა რუსულ სახელმძღვანელოთგან. იმ აზრს,  რომ ყველა ჩვენი სკოლები იყვნენ  მოწყობილნი უცხო ნიადაგზედ,  თიანეთელ კორესპონდეტზედ უფრო მძლავრი, გავლენიანი და მოხერხებული მექომაგეები ჰყავს. შესაძლოა ამ მოკლე ხანში  ამ უკანასკნელმა პირებმა მიაღწიონ თავიანთ დიდი ხნის გულისწადილს და ჩვენი სამრევლო სკოლები აივსებიან სლავურ ჟამნ-დავითნ-პარაკლიტონებით და მაშინ გაიხარებს ჩვენი გულშემატკივარი კორესპონდენტი. მაგრამ, ვგონებ, ამგვარ სკოლაზე ზედგამოჭრილია შემდეგი სიტყვები წმიდა სახარებისა: „არცა ქვეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს“. ანალოგიური ხასიათის წერილი დაბეჭდა გაზეთ „ივერიაში“ არქიმანდრიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე, შემდგომში –- სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი), რომელიც იმ პერიოდში კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახლდათ და თავადაც კარგად იცნობდა მამა იოსებს. აი, რას წერდა იგი: „გაზეთ ივერიაში დასტამბული წერილი, ცოტა არ იყოს, მეც შემეხება, როგორც თიანეთის სკოლის მეუფროსეს და ამისათვის ზნეობრივ მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს, განვაცხადო, რომ ხსენებულ კორესპონდენტის წერილები აშენებულია პიროვნულ ანგარიშებზედ. კორესპონდენტი დარწმუნებული ბრძანდებოდეს იმაში, რომ იმის გარდა სხვებსაც შესტკივათ გული საზოგადო საქმეებზე. როგორც კი „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილები წავიკითხე, მე შევუდექი საღმრთო სჯულის მასწავლებლის შესახებ ცნობების შეკრებას, ბოლოს პირადათაც მივედი თიანეთში და, რაც შემეძლო, ყველაფერი გამოვიძიე, მაგრამ არაფერი იმგვარი აღმოჩნდა, რასაც კორესპონდენტი ჩიოდა. ამასთანავე, მინდა მას გავუზიარო თიანეთის მაზრის უფროსის მოხსენება, რომელსაც უმეტ-ნაკლებოდ გთავაზობთ: „ვრაცხ ჩემს ზნეობრივ მოვალეობად, გაუწყოთ, ღირსო მამაო, წარსულ მაისის უკანასკნელ რიცხვებში მე და ჩემდამო რწმუნებული სამმართველოს მოხელე როსტომაშვილი და ცისკარიშვილი დავესწარით თიანეთის სასწავლებლის გაკვეთილებს და ეგზამენებს და ყმაწვილები ჩინებულად იყვნენ მომზადებულნი. ამასთანავე, ვცანით, რომ მასწავლებლებს და მათ შორის, განსაკუთრებით, მამა კოშორიძეს კეთილსინდისიერად შეუსრულებიათ თავიანთი მოვალეობა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა  მღვდელი იოსებ კოშორიძე ერთგული დამცველი და მებრძოლი გახლდათ ეროვნუ-ლი კულტურისა და იდეალებისა, და არცაა გასაკვირი, რომ მის წი ნააღმდეგ ასეთი ცილისმწამებლური კამპანია ააგორეს.  მამა იოსების მეცადინეობითა და მონდომებით, 1895 წლის 30 მაისს თიანელებს დიდი ხნის ნატვრა და სურვილი აუხდათ. წლების განმავლობაში ითხოვდა მრევლი და საზოგადოება ბიბლიოთეკის დაარსებას და როგორც იქნა კანცელარიიდან მოვიდა დადებითი  პასუხი. დილის 11 საათზე მთელი

თიანეთის საზოგადოებამ მოიყარა თავი ბიბლიოთეკის წინ. აქ იყვნენ თიანეთის ქალთა და ვაჟთა სასწავლებლის მოწაფენი, პედაგოგებითურთ. კურთხევის შემდეგ პარაკლისი გადაიხდა და ვრცელი და საინტერესო სიტყვა წარმოთქვა თიანეთის ოლქის მთავარხუცესმა და ტაძრის წინამძღვარმა, მამა იოსებ კოშორიძემ. პატიოსანო მსმენელნო! წმ. მოციქული პავლე თავისს მოწაფე ტიმოთეს შორიდგან შემდეგს დარიგებასა სწერს: „ვიდრემდე მე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის ცემასა მოძღვრებასა... ხოლო შეგინებულთა მათ დედა-ბერებრთა ზღვართაგან იჯმენ“ (I. ტიმ. IV.7-13), ე. ი. მინამ მე მოვიდოდე და გნახავდე, შენ დროს ცუდ-უბრალოდ ნუ დაჰკარგავ, ნუ აჰყვები ზარმაცთ, მზაკვართ, ცბიერთ პირთ, ხოლო წიგნების კითხვაში და სწავლაში ატარებდე დროსაო... აქედგან ნათლადა სჩანს, რომ წმ.  მოციქული პავლე დიდს მნიშვნელობას აძლევს სასარგებლო წიგნების კითხვას და ურჩევს თავის მოწაფეს, განაგრძოს იგი. ამისათვის – ამდღევანდელის დღის შემთხვევისა გამო   თიანეთის წიგნსაცავის დაარსებისა, მე მსურს პატივცემულს კრებას ორიოდე სიტყვა მოვახსენო.

18-2  საპატრიარქოს უწყებანი N18 10-16მაისი 2012წ გვ.19

მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 (გაგრძელება)



პატივცემულს საზოგადოებას უკეთ მოეხსენება სარგებლობა და მნიშვნელობა წიგნების კითხვისა, რადგან დამაარსებელთა ამა სამკითხველოისა აზრად აქვთ მდაბიო ხალხში სასარგებლო წიგნების კითხვა გაავრცელონ და, მასთან ერთად, ხალხს უმეცრებასთან ბრძოლა გაუადვილონ; ამიტომ ჩემი სიტყვა თქვენდამი არა რჩევა და დარიგება  იქნება, არამედ თანაგრძნობა.  ჩვენის ცხოვრების ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენს ქვეყანას აუარებელი მტერი ერტყა გარშემო. მტერს უნდოდა ჩვენი სახსენებელი აღმოეფხვრა და ჩვენს ქვეყანას დაჰპატრონებოდა. ქართველნი მედგრად ებრძოდნენ მტერს და სადაც კი საჭიროდ სცნობდნენ, ციხე-სიმაგრეებს აშენებდნენ და აქედგან შესაფერის იარაღით შემოსილნი თვისს ვინაობისა და სარწმუნოების დასაცველად იბრძოდნენ. თუმცა მოუსვენარსა და აღშფოთებულს ცხოვრებაში იყვნენ ჩვენნი წინაპარნი, მაინც სწავლა-განათლებას შესაფერს ზრუნვას არ აკლებდნენ. ამის დასამტკიცებლად, სხვათა მრავალთა საბუთთა შორის, მოვიყვანთ მხოლოდ იმ მაგალითს, რომ ჩვენნი წინაპარნი ქალს მზითვად ოქრო-თვალ-მარგალიტებს კი არა, არამედ ორ წიგნს ატანდნენ: წმიდა სახარებას და ჩვენის დიდებულის პოეტის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“. ჩვენი ძველი დედები, აი, ამ წიგნებითა ზრდიდნენ შვილებს და აკვანშივე სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავდნენ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, გარეშე მტრების სამაგიეროდ გვყავს შინაური მტრები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას არა ნაკლებ გარეშე მტრებისა ასუსტებენ და აუძლურებენ. რომელი მტრებია ეს უმეცრება, უსწავლელობა და განუვითარებლობა. რომ დავუკვირდეთ ცხოვრებას და მისს მსვლელობას ჯეროვანი თვალ-ყური ვადევნოთ, ცხადად დავინახავთ, რომ უმეცრება არამც თუ კერძო კაცს, მთელს ერს დიდს დაღს ასვამს, აუძლურებს, როგორც სულიერად, აგრეთვე ხორციელად. ამ უმეცრებამ, ამ განუვითარებლობამ ჩვენი ერთ დროს გაჩაღებული ოჯახი შეარყია. ქრისტიანულს ძმობა-ერთობას ბოლო მოუღო, მამა-პაპათაგან ნაანდერძევი სჯული დაგვავიწყა, ცრუმორწმუნეობა გაგვიმრავლა, სიკვდილი გაგვიხშირა და დიდს სიღატაკეში ჩაგვყარა. ვინ მოსთვლის, რამდენი ცრუმორწმუნენი სუფევენ ჩვენს ცხოვრებაში. ეს ცრუმორწმუნება დიდ ზიანს აძლევს, სარწმუნეობას აზიანებს და ჩვენ მაინც უმეცრება ვერ დაგვიტოვებია. რა საშუალებით შეგვიძლიან ამ უჩინარ მტერთან ბრძოლა? როგორც ჩვენი წინაპარნი მტერთან საბრძოლველად ციხე-სიმაგრეებს აშენებდნენ, დღეს ჩვენც მათ სამაგიეროდ სკოლა-სამკითხველოებს უნდა ვაშენებდეთ; როგორც ისინი იმოსებოდნენ დროის შესაფერის იარაღით, ჩვენც სასარგებლო წიგნების კითხვა გავრცელებით უნდა ვვიარაღდებოდეთ. პატივცემულმა თიანეთის საზოგადოებამ სწორედ ამ აზრით და განზრახვით დააარსა თქვენთვის, მდაბიო ხალხისათვის, ეს სამკითხველო-წიგნთსაცავი და თუ გონივრულად მოიხმართ, დიდ სარგებლობას ნახავთ. და თქვენ, პატივცემულნი ინტელიგენტნო! დასდეთ რა დასაბამი ამ მეტად საჭიროსა და სასარგებლო საქმეს, ვისურვებ მისის დღეგრძელობისათვის ჯეროვანი გულმოდგინეობა და შრომა არ მოგეკლოთ. უნდა ეცადნეთ ამ ახლად ფეხგადგმულს საქმეს მუხლი გაუმაგროთ და ჩვენს გარშემო სიბნელით მოსილი მდაბიო ხალხი დაარწმუნოთ, რომ ჩვენ აქ მარტო საცხოვრებლად, ჯამაგირების ასაღებად კი არა, მათის კეთილდღეობისა და წარმატების საზრუნველადაც მოვსულვართ, არ დავემსგავსებით იმ მონას, რომელმაც მიიღო ქანქარი, ჩაფლა მიწაში და არ ასარგებლა-რა. დასასრულს, არ შემიძლიან მადლობა არ გამოვუცხადო და ღრმა პატივისცემით არ მოვიხსენიო ის პირნი, რომელთაც მიიღეს შრომა და მეცადინეობა ამ კეთილი საქმის აშენებაში. როგორც უწყით, ბატონებო, საძირკველი ამ საქმეს გაუჭრა აქ მყოფმა მასწავლებელმა ა. მათურელმა, ხოლო ქვაკუთხედი დასდეს და ეს კედლები აღაშენეს დაბა თიანეთის მკურნალმა ექიმმა და ი. ცისკარიშვილმა. დიდი მადლობის ღირსია აგრეთვე ი. ჩიბალაშვილი, რომელმაც უსასყიდლოთ დაუთმო წიგნსაცავს ოთახი და მისი მართვა იკისრა. ახლა თქვენ, ნორჩნო ყრმანო! თქვენ მრავალჯერ გსმენიათ ჩემგან ეს დარიგება, რომ როდესაც სკოლიდგან გამოხვალთ, მაინც კავშირს ნუ შესწყვეტთ და უეჭველად იქონიეთ მასთან კავშირი. რაც გსმენიათ და გისწავლიათ, რომ არ დაგავიწყდეთ, უნდა მიგქონდეთ წიგნები და მასწავლებლებისა და მოძღვრის ხელმძღვანელობით თავისუფალს დროს კითხულობდეთ. სკოლა დღევანდლამდე მოკლებული იყო შემწეს, წიგნები არა ჰქონდა. დღეს კი თქვენმა კეთილის




18-3  საპატრიარქოს უწყებანი N18 10-16მაისი 2012წ გვ.20

მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 (დასასრული)

მყოფელებმა დაგვიარსეს ეს რომელიც მეორე სკოლის მაგივრობას  ეს

წიგნთ-საცავი, გაგიწევთ. ეცადენით, კეთილსაიმედო პირების ხელმძღვანელობით კითხულობდეთ სასარგებლო წიგნებს. დაიხსომეთ კარგად დღევანდელი დღე და რაცა ვსთქვი, ის თუ ვერ დაიხსომეთ, რაც ნახეთ თქვენის თვალით, ის მაინც ჩასწერეთ თქვენს პატარა გულის ფიცარზედ, რომ ყოველს კეთილს საქმეს ლოცვა-ვედრებით ვიწყებთ და მადლობით ვათავებთ. კარგად დაიხსომეთ, რომ: „სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელო, მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი. სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი, და თუ კაცს ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“. დასასრულ, მამა იოსებმა წიგნთსაცავს წყალი ასხურა, იქ მყოფი ხალხი დალოცა და ბედნიერი ცხოვრება უსურვა ფათერაკებით აღსავსე წუთისოფელში. 1898 წლის 1 ოქტომბერს მამა იოსების სიმამრი, სოფელ ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და თბილისის მაზრის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი ლეონ ბაქრაძე ბერად აღკვეცის მიზნით წინამძღვრობიდან გადადგა. მისი რეკომენდაციით, ხაშმის ეკლესიის წინამძლვრად და მთავარხუცესად მღვდელი იოსები დაინიშნა, რომელიც დიდი სიყვარულითა და გულისტკივილით გამოაცილა თიანეთის მრევლმა და საზოგადოებამ. დანიშვნისთანავე ანალოგიური საგანმანათლებლო მუშაობა გააჩალა გულმოდგინე და ღვთის მოშიშმა მოძღვარმა, მაგრამ ბევრის გაკეთება აღარ დასცალდა მოძღვარს. შთამომავლებში დარჩენილი მოგონებებიდან ირკვევა, რომ ეროვნული იდეების ქადაგებისათვის იგი კვლავ დაასმინა ვიღაცამ უმაღლეს საეკლესიო მმართველობასთან, რის გამოც მოძღვარი საქმის გამოსარკვევად თბილისში დაუბარებიათ. მამა იოსებსა და მათ შორის უსიამოვნო საუბარი გამართულა. ანერვიულებული მღვდელი გარეთ გამოსულა ამ დროს გულის შეტევით გარდაცვლილა. სავარაუდოდ, ეს მოხდა 1901 წლის იანვარ–თებერვალში. ქართული ეკლესიისა და სამღვდელოებისათვის დიდი დანაკლისი იყო ასეთი ახალგაზრდა, ენერგიული და ნასწავლი სასულიერო პირის ნაადრევად გამოკლება. მისი ცხედარი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სოფელ ხაშმში წაასვენეს და ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. სამწუხაროდ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მამა იოსების ოჯახს შემდგომშიც მრავალი განსაცდელის გადატანა მოუხდა. ჯერ იყო და მისი ორი ახალგაზრდა ქალიშვილი ადრეულ ასაკში აღესრულნენ. გასაბჭოების შემდეგ კი მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მამა იოსების მეუღლემ ხაშმის საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყება ითხოვა, რაზეც სოფლის იმჟამინდელმა უღმერთო მესვეურებმა უარი უთხრეს, მღვდლის მეუღლეს ჩვენ სამსახურში ვერ მივიღებთო, არადა, ეს სკოლა სწორედ მღვდელ იოსებ კოშორიძის ხელშეწყობითა და მეცადინეობით იყო. თავის დროზე დაარსებული. ოჯახისათვის ასევე დიდი ტკივილი იყო ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დარბევა და მის საწყობად გადაკეთება, რასაც შედეგად ტაძრის ეზოში დაკრძალული მამა იოსებისა და მისი შვილების საფლავების დაკარგვა მოჰყვა. ბოლო ტკივილი კი 1937 წლის რეპრესიები გახლდათ, როდესაც სრულიად უმიზეზოდ დააპატიმრეს მამა იოსების ერთ-ერთი ვაჟი სვიმონი და დახვრიტეს, ხოლო ორი შვილიშვილი ვილის მხრიდან) ლევან კოშორიძე და კოტე ქარუმიძე (ქალიშვილის მხრიდან)- გააციმბირეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.11.2025
ბოლო რედაქტირება 06.11.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0