სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11866

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჯავახია სასულიერო ოჯახი სოფ. გურძემი (მარტვილი) ჯავახია სასულიერო ოჯახი სოფ. გურძემი (მარტვილი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჯავახი სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

18       ბეჭდვა

ჯავახია სასულიერო ოჯახი სოფ. გურძემი (მარტვილი)

საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23 მაისი, 2012წ გვ.18

ჯავახიების სასულიერო ოჯახი 


მღვდელი იესე გაბრიელის ძე ჯავახია 1840 წელს სამეგრელოში, სენაკის მაზრის სოფელ გურძემში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ღრმად მორწმუნე მშობლებმა პატარა იესე სასწავლებლად ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც მაშინ წინამძღვრად იყო ცნობილი ასკეტი და მოღვაწე ბერი, იღუმენი ბენედიქტე (ჩიქოვანი), რომელმაც საფუძვლიანად შეასწავლა მას წერაკითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მამა ბენედიქტეს ბრძნული დარიგებანი და ლოცვა-კურთხევა სიღრმისეულად შეითვისა ახალგაზრდა მორჩილმა და თავის სამღვდელო პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენა. XIX საუკუნის 60-იან წლებში იესე დაქორწინდა ქეთევან იოანეს ასულზე, დაბადებული 1852 წელს და მასთან ორი ვაჟი და ერთი ასული შეეძინა: ამბაკო, კირილე და მინადორა, დაბადებული 1867 წელს, რომელიც მღვდელ დავით ჯინორიძეზე იყო გათხოვილი. მათი ვაჟი იპოლიტე ჯინორიძე თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გახლდათ.


1866 წელს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) იესე დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ გურძემის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1882- 1885 და 1902-1907 წლებში მღვდელი იესე ორჯერ აირჩიეს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის საპატიო დეპუტატად. იგი დაჯილდოებული იყო საეკლე- სიო ჯილდოებით: 1879 წელს საგვერდულით, 1887 წელს -- სკუფიით, 1908 წელს -- კამილავკით, ხოლო 1912 წელს ––- სამკერდე ოქროს ჯვრით. მამის მსგავსად სასულიერო გზა აირჩია მისმა ორივე ვაჟმაც. უფროსი, მღვდელი ამბაკო 1869 წლის 1 იანვარს დაიბადა. 1884-1888 წლებში იგი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაასრულა. 1888 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი გურძემის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინა. 1890 წელს სოფელ ნამიკოლოუს მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. აქ მსახურების პერიოდში ამბაკო ასწავლიდა ადგილობრივ სამრევლო–-საეკლესიო სკოლაში. 1894 წელს მან (ცოლად ითხოვა სოფელ ჯოლევის ეკლესიის მღვდლის ვასილ ყურაშვილის ასული აგრაფინია (დაბადებული 1879 წელს), რომელთანაც ორი შვილი ეყოლა: ლიდა (დაბადებული 1897 წლის 3 იანვარს, დაამთავრა ხონის პროგიმნაზია, შემდეგ ქუთაისის ქალთა გიმნაზია, გათხოვილი იყო სოფელ თამაკონში ილია ფარცვანიაზე. ლიდა მუშაობდა თამაკონის საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. გარდაიცვალა 1979 წელს) და დავითი (დაბადებული 1900 წლის 17 მარტს. დავითი სწავლობდა ხონის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის განხრით. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აჭარის განათლების მინისტრი, საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიკის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე სამინისტროს სკოლების სამმართველოს უფროსი. გამოცემული აქვს ქართული ენის სახელმძღვანელო (გარდაიცვალა 1969 წლის მაისში). 1894 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ამბაკო ჯერ დიაკვნად აკურთხა, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ ჯოლევის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა ამბაკოს დიდი ძალისხმევით მალე სოფელ ჯოლევში გაიხსნა სამრევლო სკოლა, სადაც თვითონვე ასწავლიდა ბავშვებს უსასყიდლოდ. ამ პერიოდში სკოლაში 55 მოსწავლე ირიცხებოდა. 1896 წელს მამა ამბაკო ზუგდიდის მაზრაში, სოფელ პატარა ზანას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. აქაც მრევლის თანადგომით სამრევლო სკოლა დააარსა. 1897 წელს აირჩიეს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის საქმეთა დეპუტატად. 1899 წელს მამა ამბაკო საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლიდან იგი სოფელ თარგამეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. მამა ამბაკომ აქაც გახსნა სკოლა, რომლის ხელმძღვანელი და მასწავლებელიც თვითონ იყო. 1908 წლიდან საღვთო სჯულსაც ასწავლიდა. ამავე წელს სკუფია ეწყალობა. 1909 წელს სასწავლო დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1915 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სამღვდელოების მდგომარეობა გართულდა. მამა ამბაკო იძულებული გახდა მღვდელმსახურება შეეწყვიტა და მასწავლებლად დაეწყო მუშაობა. მღვდელი ამბაკო 1943 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 14 ნოემბერს სოფელ გურძემში საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს. უმცროსი ვაჟი, დეკანოზი კირილე, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1872 წლის 11 აპრილს (მეორე ვერსიით -–– 21 ივნისს) დაიბადა. პატარა კირილე მამამ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც მან წარმატებით დაასრულა. 1890 წელს იგი გურძემის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1892 წლის თებერვალში კიწიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. ამ პერიოდში მან იქორწინა ეფროსინე ნიკოლოზის ასულზე (დაბადებული 1884 წელს), რომელთანაც სამი ასული შეეძინა: მარიამი (დაბადებული 1901 წლის 2 იანვარს), თამარი (დაბადებული 1903 წლის 15 ივნისს) და ქსენია (დაბადებული 1907 წლის 13 ოქტომბერს).

საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23 მაისი, 2012წ გვ.19 

ჯავახიების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)

მალე გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) კირილე დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და სორთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1911 წლის 15 მაისს იგი კამილავკით დაჯილდოვდა. 1914 წლის 2 სექტემბერს - ნოქალაქევის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1916 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. მამა კირილე ერთ-ერთი გამორჩეული, განათლებული და ნიჭიერი მღვდელმსახური გახლდათ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. მთელი 20 წლის განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული საეკლესიო ცხოვრების ფერხულში და არ ყოფილა ისეთი წამოწყება ან საქმე, მას რომ არ   მიეღოს მონაწილეობა. 1914 წლის 8 მარტს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვაკურთხევით ნოქალაქევის ოლქის მთავარხუცესმა, დეკანოზმა კონდრატე ჩაჩიბაიამ სოფელ ნოქალაქევის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძრისათვის დააწერინა ახალი ხატი, რომელიც ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში დამზადდა. ხატი საზეიმოდ ჩააბრძანეს ახალი სენაკის საკრებულო ტაძარში, საიდანაც სამღვდელმთავრო წირვის შემდეგ ნოქალაქევის ტა- ძარში უნდა გადაებრძანებინათ. მეუფე ლეონიდემ ავადმყოფობის გამო წირვის ჩატარება ვერ შეძლო და სამღვდელოებამ მხოლოდ პარაკლისი გადაიხადა. გალობდნენ ადგილობრივი სკოლის შეგირდები და თეკლათის მონასტრის მონაზვნები. მიუხედავად იმისა, რომ დილიდანვე ცუდი ამინდი იყო, პარაკლისის დასრულებისთანავე გამოიდარა და მშვენიერი ამინდი დაიჭირა. ეკლესიიდან გამოასვენეს ხატი და გალობით გაემართნენ ნოქალაქევისკენ. ძველ სენაკთან მათ გზაზე შემოეგებნენ მამა კირილე ჯავახია და მღვდელი ეფრემ ცხაკაია. მამა კირილემ მოკლე ქადაგებით მიმართა ხალხს, სადაც მოუთხრო მათ „დიდებული წარსულის ნათელი მხარეები და საქმენი საგმირონი, ქართველი ქალების სამშობლოსათვის თავდადება და ქართველი დედების დიდი ამაგი წარსულში გმირებისა და წმინდანების ალზრდაში. აღნიშნა რა, ახალი დროის გულგრილობა სარწმუნოებისა და საზოგადო საქმისადმი, უსურვა ნოქალაქეველებს კერძოდ და საზოგადოდ  ქართველობის მეტი გულმხურვალეობის გამოჩენა სარწმუნოებისა და საზოგადო საქმისადმი“. მღვდელი კირილე იყო მონაწილე ავტოკეფალური მოძრაობისა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან აქტიურ ფაზაში შევიდა. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებული წირვის დროს აღდგა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა, რასაც მოძღვარი დიდი სიხარულით შეხვდა. იგი ქრისტიანობისა და ავტოკეფალის თავგამოდებული დამცველი რომ იყო, კარგად ჩანს გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიაში. 1917 წლის 26 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, ქ. ახალსენაკში ჩატარდა თავისუფალი ეკლესიის ქრისტიანული კავშირის სამეგრელოს მმართველობის პირველი კრება, სადაც სიტყვით გამოვიდა მღვდელი კირილე ჯავახია. „მდგომარე ივლისის 2-ს, ქუთაისის ქართულ გიმნაზიის შეგირდთა ერთმა ჯგუფმა დაბა ძველ-სენაკის სცენაზე დადგა „ეშმაკის მათრახში“ დასტამბული (1917წ. #20) პიესა სახელწოდებით „ავტოკეფალია“. ამ

პიესამ მომაგონა „......“-ში მოთავსებული საყურადღებო წერილის ერთი ადგილი: - „ამერიკელი მოქალაქე  ამბობსო: მე თავისუფალი ვარ, ვერავინ შემეხებაო... რუსის მოქალაქე კი ასე ამბობს: მე თავისუფალი ვარ, შემიძლია ყველას ვცემოო!“ რას ბრძანებს ავტორი თავის „ავტოკეფალიაში?”? ის ვიღაც გარყვნილ-გაფუჭებული მღვდლის ბაგით ეხება მორწმუნე ხალხის წმიდათა წმიდას   სარწმუნოებას და თავისებურად დედამიწასთან ასწორებს მას. ვის შეუძლია ასეთ

გამოსვლას უწოდოს გამოსვლა მიზან-შეწონილი სინდისის თავისუფლებასთან?! სინდისის თავისუფლება არის გონების საქმე,  გონიერი ადამიანი შეიძლება ურწმუნო იყოს, მაგრამ იგი არასდროს თავს ნებას არ მისცემს, ავი აზრით შეეხოს სხვის სარწმუნოებას, ვისიც გინდ არიყოს და რანაირიც გინდ არ იყოს იგი!  მაგონდება ერთი ეპიზოდი, რამდენიმე წლის წინათ აჭარაში მომხდარი: მთავრობამ იქ აბაშიძე მღვდელ-მონაზონი გაგზავნა მისიონერად. მამა აბაშიძემ გადადგა მოუფიქრებელი ნაბიჯი და მაჰმადს შეეხო... ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილმა (აჭარსკი) ამის გამო შემდეგი უთხრა მისიონერს: „შეგიძლია რამდენიც გინდა აქო და ადიდო შენი ქრისტე, შეგიძლია მონათლო, ვინც ქრისტეს თავის  ნებით იწამებს, მაგრამ ავად არ შეეხო მაჰმადს, თორემ თავს წაგაცლიო!“  შეგვიძლია არ დავეთანხმოდ თავად ხიმშიაშვილს „თავის წაცლაში“, მაგრამ არ შეიძლება არ ვიწამოთ მისი გამოსვლა სამართლიან გამოსვლად. რა მოუვიდოდა „ავტოკეფალიის“ ავტორს, რომ  შეხებოდა მაჰმადს ისე, ვით შეეხო ღვთისმშობელს  და ქრისტეს? მაჰმადიანები ერთბაშად ფეხზე წამოდგებოდნენ და სამართლიან ალიაქოთს ასტეხდნენ... მაგრამ იცოდა ავტორმა, რომ ინდიფერენტულად განწყობილ ქრისტიანებში იგი პროტესტს არ

გამოიწვევდა და აკი არც გამოუწვევია!..

19-2  საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23 მაისი, 2012წ გვ.20

ჯავახიების სასულიერო ოჯახი (დასასრული)

კავშირის მმართველობამ, მოისმინა რა ეს მოხსენება, დაადგინა: „უღრმესი უკმაყოფილება გამოუცხადოს „ავტოკეფალიის“ ავტორს, რომელსაც ავად უსარგებლია სინდისის თავისუფლებით. „ავტოკეფალიის“ ავტორს შეეძლო დაეხატა გარყვნილი მღვდელიც, რასაც თავის მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ არ ჰქონდა ზნეობრივი უფლება, ხალხის სარწმუნოებას შეხებოდა. კეთილგონიერებას არ შეიცავს თვისი სინდისის ადლით სხვისი სინდისის სიღრმე-სიგანის გაზომვა“. მღვდელი კირილე ესწრებოდა 1917 წლის სექტემბერში გამართული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრებას, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი. 1919 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია) მამა კირილეს დედაეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებისგან შევიწროებული ეკლესია და სამღვდელოება რთულ სიტუაციაში ჩავარდა. მამა კირილე თავდაპირველად მხნედ უმკლავდებოდა მოზღვავებულ ბოროტებას, აგრძელებდა ტაძარში მსახურებას, მაგრამ როდესაც ხელისუფლების ბრძანებით დაიკეტა სორთის ეკლესია, მასაც აუკრძალეს მღვდელმსახურება. თავისი ძმის მსგავსად, მანაც პედაგოგის საპატიო მისია იტვირთა და მომავალ თაობებს სამშობლოსა და წინაპრების სიყვარულს უღვივებდა გულში. დეკანოზი კირილე 1940 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი 6 სექტემბერს ქ. სენაკში, საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს. 1945 წელს გაზეთ „ლიტერატურასა და ხელოვნებაში“, 45-ე ნომერში გამოქვეყნდა მცირე მოგონება მამა კირილეს გარდაცვალებიდან მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით. წერილის ავტორია სოლომონ ცაიშვილი. აი, რას წერდა იგი: „უპრეტენზიო და უხმაურო, ჩუმი და ნაყოფიერი მშრომელი, მუდამ სოფელში, თავის საყვარელ ხალხში მოფუსფუსე და მზრუნველი, ხალხის ჭირვარამის სიტყვით და საქმით გამზიარებელი - ასეთი იყო კირილე წუთისოფლელი. მისმა პატარა ნოველებმა, ესკიზებმა და მოთხრობებმა თავის დროზე შესაფერი გამოხმაურება ჰპოვეს, ხოლო მათ შორის ყველაზე უფრო პოპულარობით სარგებლობდა ისტორიული მოთხრობა „მოჯალაბე“, რომელიც სამეგრელოში გლეხთა აჯაწყების პერიოდს (1856-1857) ასახავს. კირილე ჯავახია სამწერლო ასპარეზზე 90-იან წლებში გამოვიდა. ქართულ პერიოდულ პრესაში „ივერია“, „კვალი“, „მწყემსი“, „ში- ნაური საქმეები“, „განთიადი“, „ცხორება“, „საქართველო“, „სახალხო გაზეთი“, „იმერეთი“, „კოლხიდა“ -- კირილე წუთისოფლელის, კ. ნ-ს-ლელის, სორტელი სტუმრის ფსევდონიმებით ზედიზედ თავსდებოდა მისი მოთხრობები, ნოველები, სტატიები და აგრეთვე კორესპონდენციები სოფლის ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე. კირილე წუთისოფლელის დაბეჭდილ თხზულე- ბათაგან აღსანიშნავია აგრეთვე „კონსტანტინე დადეშქელიანი“ (1912წ. გაზეთი „იმერეთი“, N50-57) ისტორიულ-დოკუმენტალური ნარკვევი; „სააღდგომო კაბა (ჟურნალი „შინაური საქმეები“, 1908წ.);   „დატანჯული მნათობები“ (გაზეთი „საქართველო“ 1919წ. N49) და სხვა წვრილ-წვრილი ნოველები.

დაუბეჭდავად დარჩენილთა შორის აღსანიშნავია: „ტახტის დამხობა“ = ისტორიული რომანი ორ ნაწილად; ნაწარმოები ასახავს სამეგრელოს უკანასკნელი მთავრების: დავით დადიანისა და ეკატერინე დედოფლის პერიოდს. თხზულების მთავარი გმირები არიან: ლევან, დავით, ეკატერინე, გრიგოლ, კონსტანტინე და სხვა დადიანები; როსტომ, დავით, ივანე და სხვა ჩიქოვანები, რაფიელ ერისთავი, უტუ მიქავა, აჯანყების მოთავე თოდუებუ, რუსეთის მეფის გენერლები და ჩინოვნიკები, ხალხი და სხვ. „ლევანის დრო“ -- ისტორიული მოთხრობა, ასახავს XVII ს-ის სამეგრელოს ძლიერი მთავრის ლევან მეორე დადიანის ეპოქას. მწერლის არქივში დაცულია აგრეთვე რამდენიმე მოთხრობა. მათი სხვადასხვა ვარიანტები, ისტორიული ხასიათის ნარკვევები, მიწერ-მოწერა, საბუთები და სხვა მასალა, რომელთა გამომზეურება ინტერესს მოკლებული არ იქნება“.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.11.2025
ბოლო რედაქტირება 07.11.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0