საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ. 19
დეკანოზი ლაზარე ტურიაშვილი 1845 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ტიბაანში, მღვდელ ალექსი და სიდონია ტურიაშვილების ოჯახში დაიბადა. 1867 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით. 1868 წლის 28 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 1 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და სიღნაღის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1868 წლის 17 თებერვალს სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1868 წლის 19 სექტემბერს ეგზარქოსმა ევსევიმ დაავალა სიღნაღის მთავარანგელოზთა სახელობის ახალი ეკლესიის მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარეობა. 1869 წლის 22 მაისს ბოდბის 2 მონასტერში ახალი სამრეკლოს მშენებლობის ხელმძლვანელობაც მას დაეკისრა. 1870 წლის 20 ივნისს თელავი-სიღნაღის მაზრისა და ზაქათალის ოლქის სამღვდელოებამ მამა ლაზარე სამი წლის ვადით აირჩია საეპარქიო კრების თავჯდომარედ. 1871 წლის 31 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1872 წლის 14 ივლისს ეგზარქოსმა ევსევიმ დედაეკლესიაში, სასულიერო სასწავლებელსა და სიღნაღის სახალხო სასამართლოში ოთხწლიანი ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1873 წლის 22 თებერვლიდან 14 მარტამდე ერთი თვით ასრულებდა სიღნაღის სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობას. 1876 წლის 1 ივლისს ამიერკავკასიის სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელობის თხოვნით მღვდელი ლაზარე თბილისში გადმოიყვანეს და ამიერკავკასიის პედაგოგიური სემინარიის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1880 წლის 20 მარტს სკუფია უბოძეს. 1881 წლის 30 აგვისტოს გორში გაიხსნა წმინდა ანასტასიას სახელობის ქალთა პროგიმნაზია, სადაც ამავე წლის 13 ოქტომბერს მამა ლაზარე საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. მანამდე კი, გიმნაზიის გახსნაზე მან ვრცელი ქადაგებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სკოლის დადებითი მნიშვნელობის შესახებ მომავალი თაობებისთვის. ქადაგებას გთავაზობთ შემოკლებით: „მამანო და დედანო! განხორციელდა დიდი ხნის სურვილი და დაგვირგვინდა დიდი ხნის დაწყობილი საქმე! ახლა რა განხორციელდა და დაგვირგვინდა? მკითხავთ მე, დედანი და მამანი აქ შეკრებილთ ყრმათანი. განხორციელდა სურვილი გორის ქალაქის მცხოვრებთა და არა თუ მარტო გორის ქალაქის მცხოვრებთა, არამედ მთელის მის მაზრისა: მოსწრებოდნენ ქალების სასწავლებელს, რომელშიაც გამოზრდილიყვნენ დედები ზნეობითნი, ზრდილნი და განათლებულნი. დასრულდა საქმე ამა სასწავლებლის გახსნისა -- გახსნა პროგიმნაზიისა. დიდად ბედნიერ არიან მშობელნი, რომლების ყრმებიც სწავლობენ მათ თვალწინა, მაგრამ ასჯერ ბედნიერ არიან ყრმანი - წულნი, რომელნიც შემდეგ სასწავლებლიდგან წასვლისა ჩაეხუტებიან რა დედის უბესა, გაშლიან მათ წინ თავიანთ სიხარულსა და ნაღველსა, თავიანთ მასწავლებლებთაგან დაგურგულებასა და რისხვასაცა, ამიტომ, რომ ყრმანი წულნი, თავიანთის პირდაპირის და დაუფარველის ხასიათითა ვერ დაფარვენ ვერა რაიმეს, თვით მასწავლებლის დაძრახვასაცა თუ ქებასა, და მშობელნიც მცოდნელნი თავიანთი შვილის წრფელის პირდაპირის ხასიათისა, მოექცევიან მათ თანახმად მათის ხასიათისა, მისცემენ მათ შესაბამს მათდამი დარიგებას, ყვედრებას, სწავლას, დაგურგულებასა და წაქეზებასა, რომელნიც მოუტანენ მათ დიდს სარგებლობას. აბა, ვიფიქროთ, დედანო და მამანო, რა უდრო უსაჭიროეს არს ამა საუკუნეში შემდეგ ამისა, როდესაც ნებით აწ განსვენებულის ღვთისადმი ხელმწიფისა, ყველა წოდებანი გაერთიანებულ არიან უფლებებში და ყველა წოდებათ ღია აქვთ კარი ყველანაირის სასწავლებლებისა და ყველა თანამდებობისა? რის მანქანაა ეხლა აზნაურობა, თავადობა, მღვდლობა და მოქალაქობა გაუნათლებლათ? რას მომცემს მე აზნაურობა, როდესაც არ ვიცი, თუ როგორ მოვიქცე საზოგადოებაში, როგორ ვიცხოვრო და არ მაქვს გასწორებული არც ხასიათი, არც ზნეობა, არ ვიცი უბრალო კანონნი საზოგადო და საკუთარის ცხოვრებისანი! ღმერთი ჩვენ გვასაჩუქრებს ყრმებითა, აძლევს მათ ჭკუას, გულს და ნებას. მაგრამ მათი ჭკუის განათლება, მათი გულის გაკეთილშობილება და მათი ნების დამოუკიდებლობაზედ დამტკიცება არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება. ჩვენ ყველანი ქრისტიანენი ვართ შემდგომნი ქრისტეს სწავლებისა. მოიგონეთ ქრისტე, მისი სწავლა, თუ რა მნიშვნელობას აძლევდა ის დედაკაცსა, იმან პირველმან გამოიყვანა დედაკაცი საასპარეზო ადგილზედ, მისცა მას უფლება და ხმა საზოგადო ცხოვრებაში და მოქმედებაში და არა უმიზეზოდ. აბა, აიღეთ საზოგადო ისტორია და გაშინჯეთ, რომელი ქალი ხელმწიფეთაგანი განაგებ-
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ.20
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (დასასრული)
და სახელმწიფოსა. აიღეთ თამარ მეფეს ცისკარი და დიდება საქართველოსი. ვინ განანათლა ჩვენი მხარე და მით აღამაღლა ქართველთ ხასიათი და ზნეობა, თუ არა ქართველთ განმანათლებელმა მოციქულთა სწორმა ნინომ? ან რით არიან მამაკაცებზე ნაკლებ ნინოს მოგზაურნი რიფსიმე და გაიანე, რომელნიც ესრეთ პატივცემულ არიან
სომხებისაგან? არა დედაკაცთ გამხნევებით იბრძოდნენ განა ჩვენი წინაპარნი მამაკაცნი, როდესაც ისინი იდგნენ ყარაულად და ხელში იარაღით იცავდნენ მამულს მტერთ ხელიდგანა? მაშ, ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვცეს ესრეთი დედანი, რომ ეს ქალნი შეიქმნენ იმნაირ დედებათ, რომლებიც ჩაუნერგავენ თავიანთ შვილებს მამულის სიყვარულსა და ერთგულებასა. პატივი და ერთგულება სარწმუნოებისა და ეკლესიისა, რომლისთვისაც ესრეთ ერთგულად იბრძოდნენ ჩვენნი მამანი და დედანი, პაპანი და დედის-დედანი, პაპის-პაპანი და ბებიის დედანი. დასასრულს, მე არ შემიძლიან არ გადაუხადო გულითადი მადლობა დიდათ პატივსაცემ ჩვენს ბატონ დ. დ. სემიონოვს მასზედა, რომელ მან პირველად განიზრახა გორში საქალებო პროგიმნაზიის გახსნა, ეცადა ამ აზრის განხორციელებასა და კიდეც განახორციელა. არ შემიძლიან არ გადაუხადო გულითადი მადლობა ამა ყრმების პირითა, თვით ქ. გორის საზოგადოებას მასზედა, რომ თუმცა გორი პატარა ქალაქია, თუმცა მისი მცხოვრებლები არ არიან ძლიერ მდიდარნი, თუმცა მისი შემოსავალი ძლიერ მცირეა, მაინც გორის საზოგადოებამ გამოიჩინა ისეთი გულმხურვალეობა, რომ დაადგინა ყოველწლივ პროგიმნაზიისათვის შეწირვა ათას ათასი მანეთისა. მაშ, იყოს კურთხეულ სახელი უფლისა“. 1884 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1888 წლის 22 იანვარს და 1890 წლის 20 იანვარს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სასულიერო ხარისხში ოცწლიანი თავდადებული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1890 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. დეკანოზ ლაზარე ტურიაშვილს გორის წმინდა ანასტასიას სახელობის ქალთა პროგიმნაზიაში მოღვაწეობის პერიოდში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა (ცვნობილ პედაგოგთან და საზოგადო მოღვაწესთან, იაკობ გოგებაშვილთან, რომელსაც ხშირად მიმართავდა რჩევებისათვის. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მის დამსახურებას პედაგოგიკაში, მის მსოფლმხვედელობასა და სასწავლო მეთოდიკას. მოსწონდა მის მიერ დაწყებითი კლასებისთვის შედგენილი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. შემორჩენილია რამდენიმე წერილი, სადაც მამა ლაზარე დიდი სიყვარულით მოიკითხავს ცნობილ პედაგოგს: „ძმაო იაკობ! მოგიკითხამ ძმოობრივის სიყვარულით და ვსთხოვ თქვენს წარმატებას. თქვენის წერილის პასუხი აგერ გახლამს და მე რაღა მოგწეროთ მეორეთ პასუხები; მხოლოდ დაუმატებ, რომ უკეთუ ბავშვები ეტანებიან ამ სახელმძღვანელოს არა იმიტომ, რომ მარტო კარგად არის შედგენილი, არამედ იმიტომ უფრო, რომ ქართულ კალაპოტზედ არის გამოჭრილი და ქართული ცხოვრებიდგან არის მისი მასალა აღებული; და ეს უკანასკენლი, ჩემის აზრით, უფრო უსაჭიროესია და პედაგოგიური, სხვაფრივ ბავშვები რუსულს ენას ვერ შეიგნებენ თუ არ მშობლიურის საშუალებით. სხვებრ ვარ მშვიდობით. ამ წერილს ვატან ჩემს შვილს, უფროსსა გიმნაზიელს კოტე ტურიაშვილს. მე არ მეცალა, რომ მენახეთ. თქვენი ძმა და მეგობარი, მლვდელი ლაზარე ტურიაშვილი. 19 დეკემბერი, 1892წ. ქ. გორი“.
1894 წლის აპრილში მამა ლაზარე თბილისის სასულიერო სემინარიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და მაისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1898 წლის 28 ნოემბერს ერევნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და ერევნის გუბერნიის II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1899 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას'III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1902 წლის 25 ივლისს ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. დეკანოზი ლაზარე 1907 წელს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1929 წლის 17 აპრილს. მეორე დღეს მისი ცხედარი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. დეკანოზ ლაზარეს ჰყავდა მეუღლე -- ეკატერინე დიმიტრის ასული (დაბ. 1854წ.6) და შვილები: ალექსანდრა (დაბ. 1871წ.), კონსტანტინე (დაბ. 1872წ., დაამთავრა მოსკოვის წმინდა ლაზარეს სახელობის ინსტიტუტი), ალექსანდრე (1878-1905წწ.), თამარი (დაბ. 1880წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1882წ.), მიხეილი (დაბ. 188ვწ.), იოანე (1885-1915წწ. პროფესიით ინჟინერი) და ნადეჟდა (დაბ. 1886წ.).