სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12002

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სპირიდონ (სოლომონ) პეტრეს ძე კეთილაძე 1855-1937წწ მღვდელმონაზონი დაბ. ხონი სპირიდონ (სოლომონ) პეტრეს ძე კეთილაძე 1855-1937წწ მღვდელმონაზონი დაბ. ხონი

1855-1937 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კეთილაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

სპირიდონ (სოლომონ) პეტრეს ძე კეთილაძე 1855-1937წწ მღვდელმონაზონი დაბ. ხონი


მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) 1855-1937
მღვდელ-მონაზონი სპირიდონი, ერისკაცობაში –– სოლომონ პეტრეს ძე კეთილაძე 1855 წელს ქუთაისის გუბერნიის დაბა ხონში კეთილმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. XIX ს-ის 80-იან წლებში მოილოცა ათონის წმ. მთა და რამდენიმე წელი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანეში ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნობა და 1889 წლის 2 მარტს გორის ეპისკოპოსსა და შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარს, ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) თხოვნით მიმართა: „ჯერ კიდევ ბავშობიდან შევისწავლე წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი, შემდეგ ვიმყოფებოდი ათონის მონასტერში, სადაც წლების მანძილზე მორჩილებას ვასრულებდი. რადგან ათონის მძიმე კლიმატმა ჩემზე ცუდად იმოქმედა, დავბრუნდი საქართველოში. ამიტომ გთხოვთ, მიმიღოთ შიომღვიმის მონასტერში მორჩილად". მეუფის ლოცვა-კურთხევით სოლომონი შიომღვიმის მონასტრის საძმოში ჩაირიცხა, სადაც იმ პერიოდში მონასტრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. რამდენიმეწლიანი მორჩილების გავლის შემდეგ, 1891 წლის 7 თებერვალს, მორჩილი სოლომონი ეპისკოპოს ალექსანდრეს სთხოვს, უშუამდგომლოს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წინაშე, რათა მიიღონ სასულიერო უწყებაში და ბერად აღკვეცონ. 1891 წელს ბერად აღიკვეცა და სახელად სპირიდონი ეწოდა. ამავე წელს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ დიაკვნად აკურთხა. მცირე ხანში ბერ-დიაკვანი სპირიდონი ზედაზნის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ასევე სავანის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდებოდა და იგი აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში. 1892 წლის 5 მაისს ეპისკოპოსი ალექსანდრე საქართველოს ეგზარქოს პალადის წერს: „ზედაზნის მონასტრის მღვდელ-მონაზონმა ტიხონმა (ხუციშვილი -– გ.მ.) ვერ აიტანა მძიმე კლიმატური პირობები და უნდა თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადასვლა. ხოლო ზედაზნის  მონასტრის ბერ-დიაკვანი სპირიდონი არის პატიოსანი ყოფაქცევით და რუსული ენის მცოდნე, მინდა ვაკურთხო მღვდლად და დავნიშნო იქ. მას შეუძლია რუსულად ჩაატაროს წირვა-ლოცვა მონასტერში“. მართლაც, ამავე წლის მაისში ხელი დაასხეს მღვდლად და ზედაზნის მონასტრის მმართველად დანიშნეს. 1894 წლის მარტში მამა სპირიდონს ბეთანიის მშენებარე მონასტრის მმართველობა ჩააბარეს. აი, რას წერდა ბეთანიის მონასტრის მომდევნო წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში: „ისმინეთ აწ, თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყო ბერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა -–– მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვაახლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა“. გადიოდა დრო, ბეთანიის მონასტერი ნელ-ნელა მოქმედი მონასტრის სახეს იღებდა. მისი ბედით დაინტერესდა ადგილობრივი თავადი დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილი, რადგან მონასტერი მის მამულში მდებარეობდა. მან განიზრახა მონასტრის აღდგენა და 1896 წელს დახმარებისა და ლოცვაკურთხევისთვის საქართველოს ეგზარქოსს მიმართა, რაზედაც მალევე თანხმობა მიიღო. მართლაც, თავად ბარათაშვილის დახმარებითა და ფინანსური  შეწევნით მამა სპირიდონმა უამრავი კეთილი საქმის გაკეთება შეძლო. უმოკლეს დროში აშენდა წინამძღვრის საცხოვრებელი სახლი, ბერთა სენაკები, გასუფთავდა ეკლესიის გარშემო ტერიტორია, აქვე
41-1  საპატრიარქოს უწყებანი N41  27 ნოემბერი-3 დეკემბერი 2014წ გვ.18
მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) 1855-1937(გაგრძელება)
აღმოჩნდა უკვე მივიწყებული ანკარა წყარო. თავადმა ბარათაშვილმა ბეთანიის მონასტერს შესწირა სახნავ-სათესი მიწები. საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცულია ამის დამადასტურებელი საბუთიც, რომელსაც დავით ბარათაშვილი გასცემს მამა სპირიდონის სახელზე: „1897 წლის მარტის 4-სა დღესა, მიეცა ესე წერილი მღვდელ-მონაზონ სპირიდონსა, მასზედ, რომელ ნებასა ვაძლევ ჩემს მამულს ბეთანიაში დაბინავებას, რათა ყურადღება იქონიოს, როგორც ეკლესიაზედ, ისე მამულზე. ამას გარდა, არავის ნება არა აქვს ჩემგან მიცემულ მამულში ხე-ტყე მოსჭრას, თვინიერ საზამთრო საძოვრის სარგებლობის გარდა, რომელიცა მაქვს მიცემული შაჰყულაშვილისთვის და ამისა გამო ნებას გაძლევთ, რომ ყველას აღუკრძალოთ ხეების მოჭრა. თქვენ თვითონ ნებას გაძლევთ, ისარგებლოთ თქვენის საჭიროებისათვისა, რაც საჭირო იქმნება თქვენთვის საბოსტნე ადგილთა სახნავითა, სათიბითა და სხვა და აგრეთვე ისარგებლოთ შეშითა და ხე-ტყითა და აგრეთვე, რაც ეკლესიას დაჭირდება ხე-ტყე“. თავდაპირველად მონასტრის ძმობამ აღადგინა მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც 1898 წლის 17 მაისს წმ. გიორგის სახელზე აკურთხეს. მის კურთხევას გამოეხმაურა გაზეთი „ივერია“ და ვრცელი სტატიაც მიუძღვნა მას. 1899 წლის დეკემბერში კვლავ გაზეთი „ივერია“ წერდა: „უკანასკნელ ჟამს ბეთანიის მონასტერს გამოუჩდნენ პატრონები, შეიყარეს რამდენმამე ძმებმა ერთად თავი და ისურვეს ძველის ნაშთის აღდგენა და სამუდამოდ დაცვა. დღეს იქ უკვე ათამდე მუშაკი ბერნი და მორჩილნი სცხოვრებენ, რომელნიც თავიანთის შრომით აახლებენ უძველესს ნაშთს. ასეთ საქმისათვის არა კმარა მარტოდ იმათი შრომა და მუშაკობა. საჭიროა, რომ ამ საქმეს სხვებმაც მიაქციონ ყურადღება და უმეტესად ორბელიანთ გვარის წევრთა, რომელ გვარის ერთის უხუცესის გრ. ორბელიანის ნატვრას ის შეადგენდა, რომ ეს უძველესი ნაშთი, რომელიც მათ გვარეულობის სასახელოთ აუგიათ თამარ მეფის დროს, არ შემუსვრილიყო და აღდგენილიყო. შევიტყეთ ისიც,  რომ საქართველოს ექსარხოსს ფლაბიანეს კეთილუნებებია დახსენებულის მონასტრის მღვდელმონაზონ სპირიდონისთვის ლოცვა-კურთხევა უბოძებია, რათა მან მოიაროს და ყველა ჩვენს გულშემატკივართ დაავალოს ამ დიდებულის ნაშთის სასარგებლოდ თვისის წვლილის გამეორება და მით აღდგენა დიდებულის გვამის სახისა“. თავის მხრივ, 1900 წლის იანვარში ასევე გაზეთ „ივერიაში“ მამა სპირიდონი წერდა: „ივერიის 266-ე  ნომერში დაბეჭდილია წერილი ბეთანიის მონასტრის აშენების შესახებ; საჭიროდა ვრაცხ, ზემოხსენებულ ცნობებს შემდეგი დავსძინო: ჩვენ, როგორც უძლურნი და მწირნი ძმანი, ხსენებულ საქმის ხელის მოკიდებას ვერ გავბედავდით, რომ არ დაგვხმარებოდა და არ წავეხალისებინეთ დიდად პატივცემულს თავადს დავით ზაალის ძე ბარათაშვილს, რომელმაც მონასტრის განახლების და აქ მცხოვრებ ძმათათვის შემწეობა აღმოგვიჩინა. იმედი გვაქვს, პატივცემულის თავადის ბარათაშვილის მაგალითს სხვა კეთილშობილი ბარათაშვილები და ორბელიანებიც მიჰბაძავენ და ამ ძვირფასის ტაძრის განახლებაში შემწეობას აღმოგვიჩენენ, თორემ ჩვენისთანა მწირთათვის ასეთის საქმის გაკეთება მეტად ძნელია“. სამწუხაროდ, მონასტრის მთავარი ტაძრის განახლება და კურთხევა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არ მოხერხდა და დროში გაიწელა. იგი 1910 წლის 13 ივნისს აკურთხეს. ასევე მძიმე დღეები დაუდგა მას თავად დავით ბარათაშვილის გარდაცვალების შემდეგ. მისმა მემკვიდრეებმა აღარ მიაქციეს მონასტერს ყურადღება და მამა სპირიდონს მხოლოდ საკუთარი ძალებით უწევდა სავანის შენახვა, რის გამოც მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუხდა. ჯერ იყო და მონასტრის ტერიტორიაზე მან გლეხების რამდენიმე ოჯახი დაასახლა, შემდეგ იყო და სამრევლო ეკლესიებში გადიოდა ხშირ-ხშირად წესების შესასრულებლად. ამის გამო მას დაპირისპირება მოუვიდა სოფ. პრიუტის (ეხლანდელი ორბეთი) ტაძრის წინამძღვარ, მღვდელ მელიტონ ყანჩაველთან. მალე ეს დაპირისპირება გაზეთის ფურცლებზე გაგრძელდა. მამა მელიტონს ბრალად ედებოდა ქართული მრევლის უგულებელყოფა, რომ იგი არ დადიოდა ახლო-მახლო სოფლებში და იქ დასახლებულ მთიულებს საეკლესიო წესებს არ უსრულებდა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უფრო რუს მორწმუნეებს უთმობდა, ვიდრე ქართველებს. თავის მხრივ კი მამა მელიტონი მამა სპირიდონს ადანაშაულებდა სხვის სამრევლოებში შეჭრას და წერდა: „მამა სპირიდონს რეზიდენცია სოფ. ღვევში აქვს; 1909 წელს მან ღვეველები აცდინა, განაჩენი დაადგენინა (30 კომლია) საკუთარ თავის სამწყსოთ განცალკევებაზედ, მაგრამ მოსტყუვდა. ის ჩემის მრევლით ცხოვრობდა და ცხოვრობს კიდეც, რის წინააღმდეგი არც ვარ და არც ვიქნები, მაგრამ მისმა უკადრისმა საქციელმა იქამდე მიმიყვანა, რომ ავუკრძალე ჩემს მრევლში სიარულიდანწესების შესრულება, რაზედაც ვაცნობე სასულიერო მთავრობასაც. მისი საქციელის საბუთები ხელთა მაქვს“. გაზეთ „სახალხო გაზეთის“ ფურცლებზე ვინმე „ნ. კ. ე“ მამა მელიტონისა და მღვდელ-მონაზონ სპირიდონის დაპირსპირებაზე წერდა: „ნასწავლი და მიწერ-მოწერაში დახელოვნებული მღვდელი მელიტონ ყანჩაველი კალმით მოუგებდა გულუბრყვილო ბუნების შვილს –– მთიულს, ამაში მე ეჭვიც არა მქონდა, მაგრამ თვით „საბუთი“ ყანჩაველის სიმართლისა უზომოდ მაკვირვებს, რატომ არ მიჩივლესო? ნუთუ მ. ყანჩაველმა, როგორც ქართველმა, მართლა არ იცის, თუ სხვებს აბრიყვებს, არ ვიციო, რომ ქართველი ხალხი სამღვდელოების წინააღმდეგ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს საჩივარს, მთავრობას და ოფიციალურ სამართალს! ხოლო რაც შეეხება სპირიდონ ბერს, რომელსაც მ. ყანჩაველი წერი-
41-2  საპატრიარქოს უწყებანი N41  27 ნოემბერი-3 დეკემბერი 2014წ გვ.19
მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) 1855-1937(გაგრძელება)
 ლის ავტორობას სწამებს (რედაქციამ კი სხვა დაასახელა), მე მას არ ვიცნობ, მაგრამ უთვალავჯერ გამიგონია, რომ ის დიდად პატივცემულია ხეობაში და თუ იქ კიდევ ჯერ სწამთ ღმერთი და მღვდელი, ეს სპირიდონის წყალობად უნდა ჩაითვალოს“. მღვდელ-მონაზონ სპირიდონის მძიმე ყოფა და გაჭირვებული მდგომარეობა შემდეგ წლებშიც გრძელდებოდა. 1914 წელს გაზეთი „სახალხო ფურცელი“ წერდა: „დღეს მონასტერს განაგებს და იცავს თავდადებული ადამიანი, ბერ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე), რომელიც აგერ თექვსმეტი წელიწადია უნაკლულოდ ასრულებს ამ მოვალეობას. თავდადებული-მეთქი, ვამბობ, რადგან სწორედ ასეთი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც ეკლესიის გამშვენებისა და დაცვის საქმისათვის ვაი-ვაგლახი გადაუტანია. საქმე ისაა, რომ მონასტერი შტატგარეშეა და თან კერძო მესაკუთრეთა მამულში იმყოფება; არავითარი წყარო და სახსარი შემოსავლისა მას არ გააჩნია. მამულით. ბარათაშვილებსა და მათ მემკვიდრეებს ეკუთვნით ტყე და საძოვარი, რომელიც მონასტერს აკრავს, 53 დეს. შეიცავს, აქედან 25 დესეტინამდე, ეკლესიის გარშემო, თ-დ დავით ბარათაშვილის მემკვიდრეების (კნ. იულიასი და მისი ქალიშვილების: კნ. ბარბარე ბაგრატიონ-დავითიშვილისა, და მარიამ, ქიქოძის მეუღლისა) ყოფილა. თ. დავით ბარათაშვილს ეკლესიის განახლების ზეიმის დღეს აღუთქვამს ზემოდ დასახელებულ ინტელიგენტთა ჯგუფისთვის, რომ იგი თავის წილს მონასტერს სწირავს. მას აზრად ჰქონდა თურმე ამ ადგილში თავად-აზნაურთა შვილებისათვის საზაფხულო სამყოფის მოწყობა, მაგრამ განსვენებულის განზრახვა განზრახვამდე დარჩენილა და მონასტერი დღეს დიდ გაჭირვებას განიცდის. ბერ-მონაზონ სპირიდონს დღემდე თავისუფლად შეეძლო ეკლესიის გარშემო ტყე-საძოვრით სარგებლობა, რადგან ამის უფლება თვით განსვენებულ თ. დავითს მიუცია და სათანადო ბარათიც დაუწერია საკუთარი ხელით, ხოლო დღეს კი ასეთი უფლება მემკვიდრეებს არ უცვნიათ და აუკრძალავთ მამა სპირიდონისთვის არათუ მამულით სარგებლობა, არამედ მონასტრის მოვლა-შენახვაც კი. ამგვარად, ყოველივე სახსარს მოკლებული, ისევ უნდა გაპარტახდეს დიდი გაჭირვებით აღდგენილი ძვირფასი ნაშთი ანდა სხვა ვინმე უნდა დაეპატრონოს მას, ეს ასეც მოხდება, რადგან თუ მონასტერს დაპირებული მამულით სარგებლობა მოესპობა, რითი უნდა შეინახოს თავი? თვით ბერ-მონაზონ სპირიდონს ჯამაგირი ან სხვა რამ გამორჩენა არა აქვს და დღემდი მცირე შემოწირულობითა და პირადი მხნეობით ინახავდა მონასტერს, მაგრამ როდემდე შესძლებს იგი ამგვარ მოღვაწეობას!“ სავანის აღორძინების პერიოდმა დიდხანს არ გასტანა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება დამყარდა. ეკლესიებსა და მონასტრებს ჩამოერთვათ მიწა, ქონება, სასულიერო პირებს აეკრძალათ ღვთისმსახურება. მამა სპირიდონს ჯერ კიდევ ძველ დროში არ ჰქონდა დალხენილი ცხოვრება, ახლა კი სულ მთლად გაუჭირდა არსებობა. 1923 წლის 12 მარტს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) სწერდა: „თქვენო უწმიდესობავ, მივემთხვიე რა მოხუცებულობასა დაუძლურებასა, ვერ შემწევს ძალა და ღონე, ძველებურად მოუარო და უპატრონო ჩემს საყვარელ ბეთანიის მონასტერს. ტანჯვით, ოფლით და შრომით მონაგები მიფუჭდება. გული მტკივა, მაგრამ სიბერე და უძლურება აღარ მაძლევს ნებას დავიფარო იგი. აწ გთხოვ, უწმიდესო, ყურად იღოთ ჩემი უღირსობის თხოვნა. გადასცეთ მონასტერი ესე ძველი ათონიდან დაბრუნებულს მღვდელმონაზონ ილიას (ფანცულაია), რომელიც მრწამს, თავს დასდებს და არ დაიშურებს ძალ-ღონეს მისი მოვლა-პატრონობისათვის, ხოლო ჩემს უღირსებაზე კი მოიღოთ ლოცვა-კურთხევა და ნება დამრთოთ, რათა დაუბრკოლებლად შემეძლოს ცხოვრება ბოლნისის სიონში, რომელიც აწ უპატრონოდ არის დაშთენილი, სადაც ამ სიბერის დროს არ გამიჭირდება ერთი ლუკმაპურის შეძენა“. რამდენიმე თვე მან ბოლნისის ტაძარში გაატარა, ხოლო 1923 წლის 30 ნოემბერს, თავისი თხოვნის საფუძველე, ბორჩალოს მაზრის, სოფ. ბალიჭის ეკლესიაში დაინიშნა, თუმცა ქვემო ქართლში მამა სპირიდონი დიდ-

41-3  საპატრიარქოს უწყებანი N41  27 ნოემბერი-3 დეკემბერი 2014წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) 1855-1937(დასასრული)
ხანს ვერ გაჩერდა, იგი მალევე უკან, ბეთანიის მონასტერში დაბრუნდა და მამა იოანე მაისურაძეს დაუწყო ბრძოლა წინამძღვრობისათვის. რამდენიმეწლიანი დავა მამა სპირიდონის მარცხით დამთავრდა. 1927 წლის 17 ივნისს მცხეთა-თბილისის საეპარქიო კანცელარია ბეთანიის მონასტრის წინამძღვარ, მღვდელ-მონაზონ იოანეს წერდა: „გაცნობებთ, რომ ეპარქიის მმართველის, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ამა თვის 17 განკარგულებით, მღვდელ-მონაზონ სპირიდონს ნება ეძლევა, იცხოვროს ბეთანიის მონასტერში, მხოლოდ თქვენთან შეთანხმებით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკრძალება ყოველივე მღვდელმოქმედების შესრულება ბეთანიაში და მის ახლო მდებარე სოფლებში“. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩა კიდევ მამა სპირიდონი ბეთანიის მონასტერში. XX ს-ის 30-იან წლებში მას თავის მშობლიურ მხარეში ვხედავთ, სადაც აქტიურ მოღვაწეობასა და მქადაგებლობას ეწევა. ეს გახდა მიზეზი მისი დაბეზღებისა. 1937 წლის ოქტომბერში იგი დააპატიმრეს და კომუნისტური ხელისუფლების დამხობის მიზნითა და მოსახლეობაში აქტიური
პროპაგანდის გაწევისათვის ამავე წლის 21 ნოემბერს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც რამდენიმე დღეში სისრულეში მოიყვანეს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.12.2025
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0