გიორგი ითონიშვილი (იტონიევი) 1831- 1916წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ყანობი (სტეფანწმიდა)
საპატრიარქოს უწყებანი N24 12-26 სექტემბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი გიორგი ითონიშვილი (იტონიევი) 1831- 1916
დეკანოზი გიორგი ნიკოლოზის ძე ითონიშვილი (იტონიევი) 1831 წელს დუშეთის მაზრაში, სოფ. ყანობში გლეხის ოჯახში დაიბადა. იგი ეთნიკურად იყო ოსი. ერთი ვერსიის თანახმად დაიბადა 1811 წელს. პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში ადგილობრივი მღვდლის მეთვალყურებით მიიღო. თუმცა მალევე ადრეულ ასაკში დაობლებული გიორგის აღზრდა ბიძამ -– დიმიტრიმ ითავა. მანვე ყმაწვილი გიორგი ჩრდილოეთ კავკასიაში წაიყვანა და მოზდოკის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. საუკეთესო მოსწავლემ სწავლა წარჩინებით დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში გამოაგზავნეს. გიორგიმ სემინარია 1853 წელს დაასრულა.
1853 წლის 8 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 14 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ოსეთში, სალუგარდანის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1855 წლის 20 ნოემბერს ხუმალაგის სამრევლოში გადაიყვანეს, სადაც სამი წლის მანძილზე 200 სული გააქრისტიანა. 1858 წლის 22 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1858 წელს ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი უბოძეს. 1860 წლის 26 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) საქართველოს სამხედრო გზაზე გადმოიყვანა, კობის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა და დუშეთის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. იმ პერიოდში მთაში მოსახლეობა ხევისბერებსა და დეკანოზებს ემორჩილებოდნენ. ახლადდანიშნულ მთავარხუცესს დაევალა მათ წინააღმდეგ ექადაგა. 1861 წლის 5 ივნისს მღვდ. გიორგიმ ხევისბერებს ჩამოართვა ვერცხლის ინვენტარი და სახელმწიფო ხაზინას გადასცა, რისთვისაც ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1862 წლის 26 მარტს სკუფია უბოძეს. 1868 წლის 10 სექტემბერს კამილავკა ეწყალობა. 1869 წელს მან დაღუპვას გადაარჩინა ზვავის ქვეშ მოყოლილი რუსი ჯარისკაცები, რის გამოც გულზე სატარებელი ვერცხლის მედალი გადაეცა, ხოლო 1870 წელს მდ. თერგში დახრჩობას გადაარჩინა რამდენიმე ადამიანი და ოქროს მედალი გადასცეს. მამა გიორგიმ 1871 წელს ხევისბერებს კვლავ ჩამოართვა ვერცხლის ინვენტარი, რაზედაც კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ მადლობა გამოუცხადა. 1872 წლის 3 თებერვალს მთავარხუცესის პოსტზე თორმეტწლიანი ერთგული სამსახურისათვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1873 წლის 30 ნოემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, ყანობის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1874 წლის 25 ოქტომბერს მან სიკვდილს გადაარჩინა თოვლში დაკარგული ადამიანები, რის გამოც ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. ყანობში მღვდ. გიორგიმ ააშენა ახალი ქვის ეკლესია თავისი ბიძის, დიმიტრის სულის საოხად და შეამკო ყოველგვარი საეკლესიო ინვენტარით. 1880 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1887 წლის 26 მაისს მრავალწლიანი მისიონერული მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1888 წელს ქართულ პრესაში ანდრია კობაიძე დეკ. გიორგის მოღვაწეობის შესახებ წერდა: „დეკ. გიორგი იტონიევი რამდენიმე ათეული წელიწადია სასარგებლო სამსახურს ენევა მთაში. იგი ადგილობრივი მკვიდრია. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი რამ გააკეთა ეკლესიებისა და ხალხის სასარგებლოდ. იგი გაბედულად ეწინააღმდეგება ყოველივე ამაოდმორწმუნეობას და ბევრგან თავის მეცადინეობით დიდი სარგებლობა მოუტანა როგორც ხალხს, ისე ეკლესიებს. თუმცა გაუნათლებელი ხალხი შველის მაგიერ, დიდ წინააღმდეგობას უწევს მას, მაგრამ ის არ უფრთხის ხალხის და მათი „დეკანოზების“ მუქარას.
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-26 სექტემბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ითონიშვილი (იტონიევი) 1831- 1916 (გაგრძელება)
მამა იტონიევმა მაღალი მთებიდან ჩამოასვენა ყველა ხატები, რომლებიც „დეკანოზების“ შთაგონებით, ხალხს გამოუტანია ეკლესიებიდან და სადღაც მთებში დაუსვენებია (სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დეკ. გიორგიმ რუსების საქმე გააკეთა, ამ ნივთებიდან ბევრი ძვირფასი რამ რუსეთში გაიტანეს –– გ.მ.). ამის გამო, ხალხი უფრო გადაემტერა მამა იტონიევს და ათასნაირ საჩივრებს აგზავნიან მასზე უმაღლეს მთავრობასთან. მისი ასეთი საქციელი იმიტომ უფრო არ მოსწონს ხალხს, რადგან უწინდელი მღვდლები ამ მხრით ხალხს არაფერს არ უშლიდნენ. ამიტომაც ამბობენ დღეს მოხევეები: უწინდელი მღვდლები განა მღვდლები არ იყვნენ, რომ არ გვიშლიდნენ ამაებსაო, მაგრამ მამა იტონიევი მტერია ჩვენიო. სწორეთ ამისთანაებზე არის ნათქვამი, რომ უგუნურს მწვრთნელი სძულსო“.
1902 წლის 6 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წელს ენქერის ტარების უფლება მიიღო. იგი იყო პირველი ოსი მოძღვარი, რომელსაც ეს საეკლესიო ჯილდო უსახსოვრეს. 1906 წლის 12 სექტემბერს შტატიდან გავიდა. 1907 წლის 26 თებერვალს პენსია დაენიშნა. 1913 წელს უკვე პენსიზე მყოფი წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. თავისი მრავალწლიანი მსახურების მანძილზე მან ასობით ადამიანი მონათლა, ჯვარი დაწერა და გააპატიოსნა, რის გამოც მას მთაში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მან თავი ცუდად იგრძნო. მაშინვე მღვდელი მოაყვანინა და წმ. ზიარება მიიღო. დეკ. გიორგი 1916 წლის 29 მაისს გამთენიისას გარდაიცვალა. მოძღვრის სხეული 1 ივნისს მიაბარეს ყანობის ტაძარში მისსავე გამზადებულ ადგილზე. წირვა და წესის აგება შეასრულეს დუშეთის III ოლქის მთავარხუცესმა, დეკ. დიმიტრი მეტრეველმა და ვლადიკავკაზის ეპარქიის, X ოლქის მთავარხუცესმა, მღვდ. ხარლამპი ცომაევმა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად. მსახურება სამ ენაზე ჩატარდა: ქართულად, ოსურად და რუსულად.
გალობდა სტეფანწმიდის ტაძრის გუნდი. განიცადეზე სიტყვა წარმოთქვა მღვდ. ნესტორ სოტიევმა. მან განსვენებული დეკანოზი დაახასიათა როგორც შეუპოვარი მოძღვარი და მქადაგებელი, რომელიც როგორც მანათობელი სხივი ანათებდა სარწმუნოებრივად ჩაბნელებულ მთაში. მან იგი მთის არწივს შეადარა, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა თავის სამწყსოს და იცავდა მათ მთიელთა და წარმართთა თავდასხმებისაგან. კუბოს ჩასვენების დროს კი სიტყვა წარმოთქვა მთავარხუცესმა, მღვდ. ხარლამპი ცომაევმა. მან გაიხსენა დეკ. გიორგის თავდადებული და ვაჟკაცური მსახურება, როდესაც აჯანყებული შამილი ცდილობდა თავის მხარეზე გადაებირებინა მთის მოსახლეობა. ამ დროს მღვდ. გიორგი სამ სოფელს: ხუმალაგს, დარკოხსა და ვლადიმირსკს ემსახურებოდა. იგი ცხენით დადიოდა სოფლიდან სოფელში და ხალხს ქრისტიანობას უქადაგებდა, მან დიდად შეუშალა ხელი მიურადიზმის გავრცელებას მოსახლეობაში. შამილს ჯილდოც კი დაუწესებია მისთვის, ვინც ცოცხალს მიუყვანდა შეუპოვარ მოძღვარს. მღვდ. ხარლამპიმ ასევე აღნიშნა მისი განსაკუთრებული სიყვარული მთიანეთისადმი. დეკ. გიორგის როგორც სემინარიის კურსდამთავრებულს და განათლებულ მოძღვარს შეეძლო ნებისმიერ ქალაქში კარგი კარიერა შეექმნა, მაგრამ მან მთაში მისიონერობა და მსახურება აირჩია. მთელი თავისი ახალგაზრდული ენერგია და ძალები მთაში ქრისტეს სარწმუნოების ქადაგებას მიუძღვნა და თავისი სიცოცხლეც იქვე დაასრულა. წარმოთქმულ სიტყვას დამსწრე საზოგადოება თვალცრემლიანი უსმენდა. დეკ. გიორგი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა 13 შვილი, რომელთაგან მხოლოდ ექვსმა მიაღწია სრულ ასაკს. მათ შორის სამი მოძღვარი იყო. მღვდ. მიხეილი (1860- 1939წწ.), მღვდ. ალექსანდრე (1867-1918წწ.), აგნია (დაბ. 1872წ.), მღვდ. ნიკოლოზი (დაბ. 1876წ.).
მღვდელი მიხეილ ითონიშვილი 1860 წელს დაიბადა. 1879 წლის 8 ოქტომბერს დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1883 წლის 20 იანვარს ვლადიკავკაზის ეპარქიაში, ქ. ვლადიკავკაზის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1886 წლის 16
მარტს კისლავოდსკში გადაიყვანეს. 1889 წლის 8 თებერვალს, ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა იოსებმა (ჩეპიგოვი) თავისი თხოვნის საფუძველზე ოლგინსკის სამრევლოში გადაიყვანა. 1904 წლის 10 ნოემბერს ჩააბარა გამოცდები დიაკვნის ხარისხის მისაღებად. 1916
წელს სოფ. გიზელის სამრევლოში გადაიყვანეს, სადაც 1922 წლამდე დაჰყო. 1923 წელს საქართველოში გადმოვიდა და სოფ. კობის მცხოვრებთა თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილემ, ურბნელმა ეპის-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-26 სექტემბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი გიორგი ითონიშვილი (იტონიევი) 1831- 1916 (დასასრული)
კოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) 1923 წლის 29 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 1924 წლის 1 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და კობის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1928 წლის 27 ნოემბერს მღ. მიხეილი წილკნის საეპარქიო მმართველობას სწერდა, რომ ბოროტმოქმედებმა გაძარცვეს კობის ეკლესია. 1934 წლის ნოემბერში საკათოლიკოსო სინოდი გასცემს შესაბამის მოწმობას, რომ ამის წარმომდგენი არის წილკნის ეპარქიის, კობის სამრევლოს მღ. მიხეილ იტონიევი და მიემგზავრება ხსენებულ სამრევლოში საეკლესიო წესების შესასრულებლად. 1939 წლის 9 ივნისს იგი ცოცხალია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) დახმარებას სთხოვს გარკვეულ საკითხებზე. იმავე წლის 17 ივნისს უწმინდესმა კალისტრატემ მის წერილს შემდეგი რეზოლუცია დაადო: „რაც მომხდარა შედეგია მანდატის მოთხოვნილების შეუსრულებლობისა. მლეთელები ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა შეკითხოდნენ ყაზბეგიდან მღვდლის მოწვევისათვის. ამის გამო, უმჯობესია მღ. იტონიევმა მიმართოს თხოვნით იმავე ხელისუფლებას ვალის დაბრუნებისათვის. საჩივრით არა გამოვა რა სახეირო“. როგორც წერილიდან ირკვევა მლეთელებს მღ. მიხეილი თავიანთ სოფელში საეკლესიო წესების შესასრულებლად მიუწვევიათ, რაც არ ეცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელთაც ისარგებლეს ამით და მღ. მიხეილს ჩამოართვეს შეწირულება. როგორც სოფ. კობის მცხოვრებნი გადმოგვცემენ, ამ ამბის შემდეგ მოხუცებულ მოძღვარს დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი იმავე წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფ. კობის სასაფლაოზე.
მღვდელი ალექსანდრე ითონიშვილი 1867 წელს დაიბადა. 1885-1891 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1892 წლის 16 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის 22 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა
ხელი და ყვარლის წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში დანიშნა. 1897 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წელს სკუფია უბოძეს. მღვდ. ალექსანდრე 1918 წელს გარდაიცვალა. ადრე დაქვრივდა. ჰყავდა შვილები: ვლადიმერი, ვახტანგი, თამარი, ელენე და გიორგი.
მღვდელი ნიკოლოზ ითონიშვილი 1876 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მსახურობდა ვლადიკავკაზის ეპარქიაში, სოდ. დაგომო-არხონის ეპარქიაში. 1906 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1906 წლის 23 ივნისს სადონონუზალის ტაძარში გადაიყვანეს. 1909 წელს სკუფია უბოძეს. მისი საბოლოო ბედი უცნობია.