სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12216

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მწირმონაზონნი: გერმანე (გილაშვილი) და ბესარიონი, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი; მოსწავლე სვიმეონ ლომიძე და მიხეილ ქართველიშვილი მწირმონაზონნი: გერმანე (გილაშვილი) და ბესარიონი, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი; მოსწავლე სვიმეონ ლომიძე და მიხეილ ქართველიშვილი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გილაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

მწირმონაზონნი: გერმანე (გილაშვილი) და ბესარიონი, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი; მოსწავლე სვიმეონ ლომიძე და მიხეილ ქართველიშვილი


მწირმონაზონნი: გერმანე (გილაშვილი) და ბესარიონი; მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი; მოსწავლე სვიმეონ ლომიძე და მიხეილ ქართველიშვილი

„და განავრცო პირი მიწამან ვითარცა მწყურვალმან“ 

1851 წლის 18 ივლისს, ლეკების მიერ, დავით გარეჯის ლავრის დარბევისა და საძმოს წევრების მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოხდა მათი წმიდათა დასში შერაცხვა. ზუსტად უცნობია, თუ რომელ წელს და რომელ კრებაზე მოხდა მათი განდიდება. 1928-1929, 1945 და 1946 წელს გამოცემულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კალენდრებში ისინი არ არიან შეტანილი, ხოლო 1947 წელს უკვე გვხვდება მათი ხსენება. ჩვენი აზრით, ეს უნდა მომხდარიყო 1946 წლის საეკლესიო კრებაზე, რაც გამოკვლევას საჭიროებს, რა თქმა უნდა, თუ შემორჩენილია ამ კრების ოქმები. ათეისტური რეჟიმის დროს, როდესაც იდევნებოდა ეკლესია, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ძირფესვიანად ყველა დეტალის გამოკვლევა, მოწამეობრივად აღსრულებული მამების გვარებისა და სასულიერო ხარისხების დადგენა, ვინ მორჩილი იყო, ვინ მღვდელ-მონაზონი, ვინ ბერ-დიაკონი და ვინ მონასტერში სასწავლებლად მიბარებული მოწაფე. საქართველოს ეროვნულ არქივსა და კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რამდენიმეწლიანი წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა მოწამეობრივად აღსრულებული ყველა პირის სახელი, გვარი, სასულიერო წოდება. ასევე, კვლევა-ძიების შედეგად გაირკვა შვიდივე მოწამის საერო სახელები, გვარები და სასულიერო ხარისხი. ამჟამად უკვე მზადაა მათი ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი სრული მონაცემები. წინა ორ ნომერში შემოგთავაზეთ მღვდელ-მონაზვნების:სერაპიონისა (ლომიძე) და გერასიმეს (ვაჩნაძე) ღვაწლი, ხოლო მესამე ნაწილში გთავაზობთ დარჩენილი ხუთი მოწამის ცხოვრებას. მწირმონაზონი გერმანე, ერისკაცობაში გაბრიელ გილაშვილი 1806 წელს გორის მაზრაში, სოფ. ნიქოზში საეკლესიო გლეხის ოჯახში დაიბადა. იყო სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ყმა. 1830 წელს, 24 წლის ახალგაზრდამ, გადაწყვიტა მონასტერში წასვლა და დავით გარეჯის უდაბნოს მიაშურა. საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორამ მის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო და ამისთვის, მცხეთის ყოფილი ეპარქიის მამულებისა და საეკლესიო გლეხების მმართველს, შიომღვიმის მონასტრის არქომანდრიტ საბას (ბარათაშვილი გოსტაშაბიშვილი) მიმართეს. მანამდე, 1830 წლის 22 დეკემბერს, მისი ძმა, გიორგი გილაშვილი, რომელმაც წერა არ იცოდა, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დიაკონ ქრისტეფორე პეტრეს ძე იაშვილის ხელით არქიმანდრიტ საბას სწერდა: „ჩემმა ძმამ მტკიცედ გადაწყვიტა სულის საცხოვნებლად მონაზვნად შედგომა და ამის გამო, მონასტერში წასვლა განიზრახა. რადგანაც ჩვენ ვითვლებით საეკლესიო ყმებად და ვიხდით გადასახადს სვეტიცხოვლის ტაძრის სასარგებლოდ, მე ვკისრულობ, რომ ჩემი ძმის წილი გადასახადი მე ავიღო ჩემს თავზე, რათა მას ამით ხელი არ შეეშალოს საბერო მოღვაწეობაში". თავის მხრივ, არქიმანდრიტმა საბამ მოიძია და შეაგროვა ინფორმაცია გაბრიელ გილაშვილის შესახებ და 1831 წლის 28 მარტს სასინოდო კანტორას გაუგზავნა. იგი წერდა: „თქვენს შეკითხვაზე საეკლესიო ყმების: გაბრიელ და გიორგი გილაშვილების შესახებ გაუწყებთ, რომ ისინი ტყვეობიდან გამოიხსნა კონსტანტინეპოლიდან კათოლიკოსმა ანტონმა და შეწირა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარს, და გვაქვს ამ შეწირულობის
სიგელი. 1818 წელს შედგენილ კამერალურ ჩანაწერებში ისინი აღრაცხული არიან გორის მაზრის სოფელ ნიქოზაში. მათ დაკისრებული აქვთ სამი
მანეთი ვერცხლის გადახდა სვეტიცხოვლის ტაძრის სასარგებლოდ. არ გააჩნიათ თავისი პირადი მიწა და ქონება. არსებობენ დღიური ლუკმა-პურით. ერთმა მათგანმა, გაბრიელ გილაშვილმა მოინდომა დავით გარეჯის მონასტერში მორჩილად შესვლა, მონაზვნად აღკვეცის იმედით“. წერილის
ბოლოს არის მისი თხოვნა ეგზარქოს იონასადმი (ვასილევსკი), სადაც სთხოვს მიწეროს გარეჯის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანტონს (ფედოროვი) დართოს ნება გაბრიელ გილაშვილს იცხოვროს მონასტერში მორჩილის შტატში, რადგან მისი ძმა გიორგი კისრულობს მისი გადასახადის გადახდას ეკლესიის სასარგებლოდ. 1831 წლის 1 აგვისტოს ეგზარქოს იონას ლოცვა-კურთხევით გაბრიელი მიიღეს დავით გარეჯის მონასტერში მორჩილის შტატში, სადაც რამდენიმე წელიწადში ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა ისწავლა. 1845 წლის 5 სექტემბერს დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ავალიანი) სა-

8-1  საპატრიარქოს უწყებანი N8 27მაისი-9ივნისი 2021წ გვ.23

მწირმონაზონნი: გერმანე (გილაშვილი) და ბესარიონი; მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი; მოსწავლე სვიმეონ ლომიძე და მიხეილ ქართველიშვილი (გაგრძელება)

სინოდო კანტორას წერდა: „ჩემს მონასტერში მყოფი საეკლესიო ყმა, მორჩილი გაბრიელ გილაშვილი მონასტერში განწესდა 1831 წელს. მთელი ამ ხნის მანძილზე პატიოსანი სამსახურით გამოირჩევა. მისი ყოფაქცევა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მორჩილებას აღასრულების სიმდაბლით და
უდრტვინველად. გთხოვთ, დაგვრთოთ ნება მის მონაზვნად აღკვეცაზე“. იმავე წლის 14 ოქტომბერს არქიმანდრიტ იოანეს (ავალიანი) ლოცვა-კურთხევით, გარეჯის ლავრის ხაზინადარმა, იღუმენმა  თეოფანემ (მაჩაბელი) იგი მონაზვნად აღკვეცა და სახელად გერმანე უწოდა.
ანაფორა ნაკურთხი მორჩილი ბესარიონი 1792 წელს იმერეთის სამეფოში, გლეხის ოჯახში დაიბადა. საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცულია
მისი სხვადასხვა წლებში შედგენილი ნამსახურებათა სიის რამდენიმე ვერსია. ერთ საბუთში, მისი დაბადება 1772 წლით თარიღდება, რაც სავარაუდოდ ბიოგრაფიის შედგენის დროს დაშვებულ შეცდომას
ჰგავს. 1822 წლის 9 თებერვალს დავით გარეჯის უდაბნოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) უგზავნის დავით გარეჯის უდაბნოს
საძმოს წევრების მოკლე ნამსახურებათა სიებს, სადაც მომავალი წმინდანის შესახებ ვკითხულობთ: „მორჩილი ბესარიონ; იმერეთის ქვეყანისა; ერისკაცთაგანი; კითხვა იცის; შემოსრულ არს უდაბნოსა შინა სასოებითა აღკვეცისათა 1809-ს წელსა, ანაფორა შეუმოსიეს არხიმანდრიტის ილარიონისაგან 1809 წელსა; შემძლებელ არს სამსახურისა; ასაკი 29 წლის“. იგივე წერია 1823 და 1824, 1825 და 1828-1829, 1835 წლის ნამსახურებათა სიებშიც, იმ განსხვავებით, რომ გვიანდელ ჩანაწერში ჩანს, რომ მან წერაც
იცის. მხოლოდ ერთ ნამსახურებათა სიაში დაფიქსირებულია სხვა წელი და თარიღი, სადაც ჩანს, რომ 1810 წლის 7 იანვარს არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე) ანაფორა და კამილავკა უკურთხა. 1819 წელს საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორის ბრძანებით მოხდა აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრის შტატების აღწერა და დალაგება.
მონასტერში მცხოვრებ ბერებს სახელმწიფო ხაზინიდან ოფიციალურად ხელფასები დაენიშნათ. 1819 წლის 7 მარტს გარეჯის მონასტრის ხაზინადარმა, მღვდელ-მონაზონმა ზოსიმემ მონასტრის საძმოს
გამოუცხადა ამის შესახებ, რასაც მამები უარყოფითად შეხვდნენ. მონასტრის მთელი საძმო, იმ დროს 24 კაცისაგან შედგებოდა და მათგან მხოლოდ ოთხი კაცი იყო თანახმა, ხოლო დანარჩენი წინააღმდეგი.
მწირმონაზონ ბესარიონის გრაფაში წერია: „მე ბესარიონ ბერი ხელს ვაწერ, არ მინდა ჯამაგირი“. თუმცა, მალევე, 1819 წლის 15 აპრილს თითქმის
მთელი საძმო დათანხმდა ჯამაგირების დაწესებას. 1847 წელს შედგენილ დავით გარეჯის ნამსახურებათა სიაში, იგი უშტატო წევრად იხსენიება მღვდელ-მონაზონ გერასიმესთან (ვაჩნაძე) ერთად.
მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი 1815 წელს გორის მაზრაში საეკლესიო გლეხის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებლის უფროს განყოფილებაზე. 1836 წელს გორის მაზრაში, ჯავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის უშტატო მედავითნეა. 1840 წლის 15
მარტს ჯავის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ


დაინიშნა, სადაც იმავე წლის 6 სექტემბრამდე იმსახურა. 1845 წლის 8 ოქტომბერს დავით გარეჯის მონასტრის საძმოში მორჩილის შტატში მიიღეს, სადაც წლების მანძილზე ერთგულად და პატიოსნად ემსახურებოდა მონასტერს. მოსწავლე მიხეილ ქართველიშვილი. იგი დაბადებული იყო თბილისში, მოქალაქის ოჯახში. მის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ მოიპოვება, რადგან მაშინდელი საეკლესიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მოწაფეები მონასტრის ოფიციალურ
წევრებად არ ითვლებოდნენ და ამიტომაც მათი ბიოგრაფიული მონაცემები ნამსახურებათა სიებში არ შეჰქონდათ. 1895 წელს საეკლესიო ისტორიის მკვლევარი, დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი დავით გარეჯის ლავრაში სტუმრობის დროს წერდა: „საყდრიდან გამოსრულმა არ შეიძლება
ყურადღება არ მიაქციოს საშუალ ეზოსა პატარა
ნიშსა ძეგლსა, ეს გახლავთ საუკუნო განსასვენებელი ადგილი -- ლუსკუმა იმ ცხრა მოღვაწე ბერ-მონაზონთა, რომელნიც 1851 წ. ლეკებმა დახოცეს: მათგანში იყვნენ სახელოვანი მგალო-

8-2  საპატრიარქოს უწყებანი N8 27მაისი-9ივნისი 2021წ გვ.24

მწირმონაზონნი: გერმანე (გილაშვილი) და ბესარიონი; მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი; მოსწავლე სვიმეონ ლომიძე და მიხეილ ქართველიშვილი (დასასრული)

ბელი და მწერალ-წიგნობარი გერონტი ვაჩნაძე მღ.მონაზონი და მიხეილ ქართველიშვილი, რომელიც უცოლო იყო და 1844 წ. მონასტერში დაბინავდა“. მოსწავლე სვიმონ ლომიძე. იგი გახლდათ იმერეთიდან, სოფ. საყულიადან და თავის ბიძასთან იზრდებოდა დავით გარეჯში. იგი რომ მღვდელ-მონაზონ სერაპიონის ძმისშვილია, დასტურდება მინაწერით, რომელიც გაკეთებულია 1892 წელს მოსკოვში გადაწერილ „კრებულზე“, რომლის გადამწერია მიხეილ (გობრონი) საბინინი. აი, რას ვკითხულობთ
კრებულის 277-ე გვერდზე: „წელსა 1851, აგვისტოსა, დავით გარეჰსჯის უდაბნოსა შინა იწამნენ ლეკთაგან: მღუდელ-მონაზონი გერონტი (დიდი),
მღუდელ-მონაზონი სერაპიონ, მონაზონნი გერმანე და ბესარიონი, მორჩილნი: მიხაილ-ოთარ, მოწაფე სვიმეონ, ძმისწული სერაპიონისა. აღუშენე მე ძეგლი 1886 წელსა, ოკდომბერს“. მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე) მათ წამებას ასე აღწერს: „გერმანე მწირ-მონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს. ბესარიონ მწი-მონაზონსა მყის თავი წარკვეთეს., სვიმეონ დიაკონი მან (აქ საუბარია მოსწავლე სვიმონ
ლომიძეზე -- გ.მ.), რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა, იწყო სილტოლვა და უჩინოთა მახვილითა ტყორცნილმან ვერღაღა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყო მიხაილ დუმილშეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს და შეკრეს რა საბლითა და მიყვანდათ. ხოლო მან შენერწყვა უსჯულოთა მათ და ამისა შემდგომად უხეთქეს თავსა მახვილი. შემდგომად მუცელი განაუპეს და დასჭრეს უწყალოდ ასოეულად“; მორჩილი სპირიდონ გძელიშვილი კი ასე გადმოგვცემს: „კვალად შეიპყრნეს მწირ-მონაზონი გერმანე, და ბესარიონ და მოკლნეს იგინი. კუალად მოკლეს სანატრელი მიხაილი ქართველოვი რომელმან დუმილით და ფრიადი მორჩილებითა
აღასრულა ცხოვრება თვისი, კუალად მოკლეს მორჩილი ოთარ საბერო ელიოზოვი; კუალად მოკლეს სვიმონ მოსწავლე, ლომიძე, და დაითხივა სისხლი იმათი, და განავრცო პირი მიწამან ვითარცა მწურვალმან და შესვა ვითარცა მწყურვალმან და ძველთაგან ჩვეულმან...“. მღვდელ-მონაზონი ისააკი მათი წარმომავლობის შესახებ წერდა: „ესენი იყვნენ რა სხვათა და სხვათა ადგილთაგან შემოკრებულნი: გერონტი კახეთისა, სერაპიონ -- იმერეთისა, გერმანე ქართლისა, რცხილოვანისა, ბესარიონ -– რაჭისა,
სიმეონ კერძო დიაკონი -- იმერეთისა, ოთარ და მიხაილ -- ტფილისის ქალაქისა“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.02.2026
ბოლო რედაქტირება 22.02.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0