ვარლამ ხუროძე დაიბადა 1883 წელს იმერეთის სოფელ მათხოჯში ღარიბი გლეხის ოჯახში.
თავდაპირველად ხონის ორკლასიან სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო შემდეგ 1901 წელს საოსტატო სემინარიაში მეორე მოწაფედ ჩაირიცხა. იგი თავის თავს მწერლობაში ხედავდა და მასწავლებელ ლ. ჩიმაკაძის მიბაძვით სახალხო ლექსების შეგროვება გადაწყვიტა, შემდეგ თარგმანებს მიჰყო ხელი და ბოლოს პატარა მოთხრობების წერაც დაიწყო.
1904 წლიდან იგი მასწავლებლობდა სოფელ მერევში, ლანჩხუთში და 1907 წლიდან სამი წელი სოფელ შუქრუთის (ჭიათურის რაიონი) შავი ქვის მრეწველთა სკოლაში ასწავლიდა.
1909 წლიდან ვარლამ ხუროძე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების ცხოვრებაში.
1910 წელს ვარლამ ხუროძე სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა და მანიავსკის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1913 წელს დაამთავრა. რევოლუციური მუშაობისთვის იგი ამ პერიოდში დაატუსაღეს და ასტრახანში გადაასახლეს. ხუროძე გადასახლებიდან მალე გამოიქცა და ქუთაისში არალეგალურად განაგრძო მუშაობა, მაგრამ მალევე დაიჭირეს და კვლავ ასტრახანში გადაასახლეს, საიდანაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. მან მუშაობა დაიწყო ხონის საოსტატო სემინარიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ხოლო 1924 წელს თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე წელი მე–14 შრომის სკოლაში მასწავლებლობდა.
1927 წლიდან ვარლამ ხუროძე თბილისის განათლების განყოფილებასთან არსებული ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელი მეთოდისტი იყო. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი პედაგოგიურ–მეთოდიკური მემკვიდრეობა. მას მრავალი წერილი თუ მონოგრაფიული ნარკვევი აქვს გამოქვეყნებული ამ თემასთან დაკავშირებით: "კითხვისა და წერის სწავლება ახალი სკოლის პირობებში", "მშობლიური ლიტერატურისა და ენის სწავლების საკითხები", "ლიტერატურის პროგრამები საშუალო სკოლებში", "მშობლიური ენის დაუფლებისათვის" და სხვა. მისი გამოკვლევებით დასტურდება, რომ ჩვენში წერა–კითხვას ძველად ანბანთ მეთოდით ასწავლიდნენ, რაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. დასაბუთებულია აგრეთვე, რომ ქართულ ლიტერატურაში ცნობილი ჟანრი "ანბანთ ქება" არა უბრალოდ გართობის, არამედ წმინდა პედაგოგიური მიზნით იყო შექმნილი და მისი მეშვეობით ქართველ მოსწავლეებს ქართული ანბანის თავიდან ბოლომდე დაზეპირებას უადვილებდა. 1927 წელს მან წიგნიც გამოსცა სახელწოდებით: "ქართული ლიტარატურის თემატური განხილვა XIX საუკუნიდან თებერვლის რევოლუციამდე", რომელიც სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობისათვის იყო განკუთვნილი.
ვარლამ ხუროძე ნაყოფიერ ლიტერატურულ–პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მასწავლებლობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, "მალაქიაშვილის" ფსევდონიმით ჟურნალ–გაზეთებში აქვეყნებდა მეთოდური ხასიათის წერილებს, ავტორია მთელი რიგი სასკოლო სახელმძღვანელოებისა, ლექციებს კითხულობდა ქართული ენის მეთოდიკასა და ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ვარლამ ხუროძის ლექსები, პიესები, რომანები და მოთხრობები 1910-იანი წლებიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. იგი ავტორია მრავალრიცხოვანი პედაგოგიური და კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილებისა: "სიმბოლიზმი ქართულ ლიტარეტურაში", "წერილები ლიტერატურის შესახებ", "მუშათა კლასი და ხელოვნება", "ჰენრიკ იბსენი", "აკაკი წერეთელი", "მიხეილ ჯავახიშვილი", "ილია ჭავჭავაძე როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი", "რუსთაველის სოციალური იდეალი" და სხვა.
ვარლამ ხუროძის მეუღლე გახლდათ ოლღა საღარეიშვილი, რომელთანაც ჰყავდა სამი შვილი: თინათინ ხუროძე-ზუხბაია, ადოლფ ხუროძე და ოთარ ხუროძე.
ღვაწლმოსილი პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვარლამ ხუროძე დახვრიტეს 1939 წელს.
1983 წელს აღინიშნა ვარლამ ხუროძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტია, კომიტეტის აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარე
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)
ბიბლიოგრაფია
- "სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები" : საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი // კრებული მესამე. - თბილისი, "განათლება", 1968
- http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00005724/