გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ; გრიგოლ ხანძთელი დაიბადა ქართლში წარჩინებულ ოჯახში; აღიზარდა ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე(ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო);
თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო; აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როდესაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ტაო–კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა; ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი; გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები; დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი; გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, ნეძვში, წყაროსთავში;
გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; IX საუკუნის 30-იან წლებში იგი ტაო–კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს; მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა, საჰაკის აგენტი — ანჩის ეპისკოპოსი ცქირი; გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია; მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად; გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა(აქედან – მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა; გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი; გიორგი მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული "საწელიწდოი იადგარი" — ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა; საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა იგი და უწოდა ღირსი მამა; მისი ხსენების დღეა 18 ოქტომბერი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.159
ბიბლიოგრაფია
- ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა (თანაავტორი) // ტ. 1. - თბილისი, ახალი ივირონი, 2008. - 1153გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002928/