კონდრატე თათარიშვილი (უიარაღო) (1872-1929) დაიბადა ზუგდიდის რაონის სოფელ აბასთუმანში. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისში, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში, დაამთავრა 1894 წელს.
პირველი მოთხრობა "მშვიდობით" 1895 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "მოამბეში". 1896 წელს მღვდლად ეკურთხა. 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს. ამის შემდეგ მან ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო და თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე", "დროება", "ჯეჯილი", "კვალი" და სხვ.). მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქართველოს. 1912–1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები, სადაც ძირითადად კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთი ნაწილის ჰიდროგეოლოგიური საკითხებია შესწავლილი. უიარაღოს მნიშვნელოვანი თხზულება, რომელმაც მას საყოველთაო აღიარება მოუპოვა, არის "მამელუკი" (1912). მოთხრობა საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს სატკივარს - ყმების უცხოეთში გაყიდვას ეხება. მასვე ეკუთვნის რომანი "მაძიებელნი" (1902).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. - თბ., 1986. - გვ. 116; buki.ge
ბიბლიოგრაფია
- მამელუკი : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989. - 127 გვ.
- თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1958. - 638გვ., 560გვ.
- მაძიებელნი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1941. - 287 გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000789/