ალექსანდრე სარაჯიშვილი (1851-1914) დაიბადა ქალაქ თბილისში. სხვადასხვა დროს ის სწავლობდა პეტერბურგის, ყაზანისა და კიევის უნივერსიტეტებში.
1873 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც დაუახლოვდა ნ. ნიკოლაძეს, ს. მესხს, დ. მიქელაძეს და სხვ. იმავე წლის ბოლოს გადავიდა ჟენევაში, სადაც საზოგადოება "უღლის" მდივნად აირჩიეს. 1876 წელს დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წელს ქართულ სიძველეთა გამომცემელთა წრის აქტიური წევრი გახდა. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო გაზეთ "დროებაში". 1879 წლიდან იყო თეატრალური კომიტეტისა და ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მოგვიანებით–მდივანი.
1884 წელს ილია ჭავჭავაძესთან და პეტრე უმიკაშვილთან ერთად გამოსცა "ვისრამიანის" ტექსტი. 1887 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში". 1901 წლის დეკემბრიდან(№ 264) იყო ამავე გაზეთის ჯერ დროებითი რედაქტორი, 1902–1903 წლებში კი რედაქტორ–გამომცემელი. იყო საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთ–ერთი ფუძემდებელი, ხაზინადარი და ბიბლიოთეკის გამგე. ჟურნალ "მოამბეში"(1894–1905) დაიბეჭდა ალექსანდრე სარაჯიშვილის რუსთველოლოგიური ნაშრომი "ვეფხისტყაოსნის" ყალბი ადგილები. XX საუკუნის დასაწყისში თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში: "მეგობარში", "ჯეჯილში", "ფასკუნჯში", "მოლაღურში", "ნიშადურში", "კლდეში" და სხვ. მის პედაგოგიური ხასიათის წერილებში ასახულია განათლების მდგომარეობა საქართველოში. საჭიროდ მიაჩნდა სამეურნეო ცოდნისა და ტექნიკური სწავლების დანერგვა. ალექსანდრე სარაჯიშვილის პუბლიცისტურმა წერილებმა ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების განვითარებას საქართველოში. წერდა "რიშ–ბაბას" ფსევდონიმით და ინიციალებით ა.ი–ი, ა–ს, ს...ლი, ა–ს–ი, ს–ია და სხვ. საზოგადო მოღვაწე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.–თბ.,1985.–გვ.99
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005417/