თედო რაზიკაშვილი (1869-1922) დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა.
1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. 1905 წელს, რევოლუციური საქმიანობისათვის, სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო და ფშავში იმალებოდა. ვერაგულად მოკლეს ხალხის მტრებმა.
1890 წლიდან ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. იგი, როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელების შემოქმედების პრინციპებზე. მის ლექსებში ("კოდალა"- 1890; "ვაი თუ სოფელმა..." - 1906 და სხვ.) ჩაქსოვილია სამოციანელების პროგრესული იდეები. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პატრიოტიზმი (ლექსები: "ძმასთან მიწერილი"- 1891; "არაგვს" - 1898; "აკაკის", 1919 და სხვ.); ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება (ლექსები: "ელეგია" - 1891; "გამხნევდით" - 1892; პოემა "შავი ფიქრები", 1891 და სხვ.).
განსაკუთრებით პოპულარულია მისი საბავშვო მოთხრობები ("ნიბლია" - 1886; "იის ამბავი" - 1890; "მონადირე" - 1903; "ქორის ბახალა" - 1908). იგი იყო ხალხური სიტყვიერების ცნობილი შემკრები და შემდგენი ხალხური ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელს დაიბეჭდა "ივერიაში".
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.312
ბიბლიოგრაფია
- რჩეული ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, საქ. მეცნ. აკად. ქართ. ლიტ. ინ-ტი, 1999. - 85გვ.
- ხალხური ლექსები თედო რაზიკაშვილის მიერ ჩაწერილი (შემდგენელი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1953. - 299გვ.
- მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, საყმაწვილო გამომცემლობა ჯეჯილი N 4, 1925. - 62გვ.