გიზო ნიშნიანიძე (დ. 1928, თბილისი — გ. 19 სექტემბერი, 2011, საჩხერე) — ქართველი მწერალი და პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
გიზო ნიშნიანიძე (1928-2011) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1950 წელს.
მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების - "ახალგაზრდა კომუნისტის", "თბილისის", "კომუნისტის", "ნიანგის" რედაქციებში, საქტელერადიოკომიტეტში, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. გ. ნიშნიანიძეს ეკუთვნის წიგნები: "სიცილის არქივიდან" (რევოლუციამდელი საქართველოს სატირულ-იუმორისტული პრესის ისტორია. 1881-1921), "საქართველოს პრესა და რადიომაუწყებლობა დიდ სამამულო ომში", "გენერალის სიტყვა და ყოჩაღი ჯარისკაცი... სიცილი", სატირულ-იუმორისტული პრესის მოთხრობების კრებული "სიცილ-სიცილში", ავტობიოგრაფიული მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი "გიზო ნიშნიანიძე", შეადგინა კრებული "დავით სარაჯიშვილი" და სხვა. თბილისს, კერძოდ მის ერთ-ერთ უბანს ეძღვნება პოემა "პაემანი ვერაზე". პოემის მხატვრული კომპოზიცია დაიდგა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გამოვიდა ორ გიგანტ-ფირფიტად. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გ. ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- დავით სარაჯიშვილი და საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1998-2011)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1998 - ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
- დავით სარაჯიშვილის სახსოვრად, [1911-1998] : კრებული (ავტორი). - თბილისი, ბ.ს. კომბ-ტი, 1999. - 612გვ.
- კახეთი (ავტორი). - თბილისი, საქინფორმკინო, 1991. - 16გვ.
- პაემანი ვერაზე : თბილისის დოკუმენტ. პოემა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 427გვ.
- ხიშტად ქცეული კალამი : ჟურნალი "ნიანგი" დიდ სამამულო ომში (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1985. - 68გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001024/
,,ძნელია იყო პოეტის ცოლი,
მთელი ცხოვრება მასთან იარო.
თვითონ პოეტი უნდა იყო, რომ
პოეტის ბედი გაიზიარო”.
მწერალმა, პოეტმა და ჟურნალისტმა გიზო ნიშნიანიძემ ეს სტრიქონები საყვარელ ქალს, ლიანა კეჭაყმაძეს მიუძღვნა, რომელთან ერთადაც 58 წელი გალია.
მათი სიყვარული უნივერსიტეტის კედლებში ჩაისახა – პირველკურსელ გოგონასა და ახალგაზრდა ჟურნალისტ ბიჭს შორის. მის გვერდით ცხოვრება მართლაც არ აღმოჩნდა იოლი. ლიდერი, ნიჭიერი, პირველობის მოყვარული ქმრის გვერდით აუცილებლად დამთმობი, მის უპირატესობის მაღიარებელი ქალი უნდა ყოფილიყო. პოეტის ცოლმა ეს კარგად გააცნობიერა, ისინი ერთმანეთის ნამდვილ ნახევრებად იქცნენ და საკუთარი სიყვარულის ლეგენდა შექმნეს. მას ქალბატონი ლიანა კეჭაყმაძე გვიამბობს.
ვერელი ბიჭი
– გიზო თბილისში, ვერაზე დაიბადა. ეს უბანი ამიტომაც უყვარდა გამორჩეულად. ამბობდა, ორჯერ დავიბადე. ერთხელ – ფიზიკურად, 1928 წლის 13 თებერვალს, კოსტავას (მაშინდელ ოლგინსკაიას) ქუჩაზე მდებარე სამშობიაროში. მეორედ – მეტაფიზიკურად, 1981 წლის 28 დეკემბერს ფილარმონიაში, როდესაც პირველად გაიმართა ჩემი კონცერტიო. გიზოს დედა მკერავი იყო, მამა – კანცელარიის მუშაკი. ჩემი ქმარი ამბობდა, დედამ მე და ჩემი და ნემსის წვერზე გაგვზარდაო. ერთი და ჰყავდა, რომელიც ექიმი იყო. ის ერთი წლის წინ გარდაიცვალა, 92 წლის ასაკში.
გიზო ძალიან რთულად აღსაზრდელი ბავშვი ყოფილა. სიცელქის გამო თბილისის რამდენიმე სკოლა გამოიცვალა. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ იურისტად ერთი დღეც არ უმუშავია. ამბობდა, იურისტის “ხიშტი” კალამზე გავცვალე და მთელი ცხოვრება ამ კალმით ვიბრძოდიო.
ჩაშლილი ნიშნობა
– ოჯახი რომ შევქმენით, მე 19 წლის ვიყავი, გიზო – 25 წლის. ამ დროს უმაღლესი დამთავრებული ჰქონდა და გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტში” ჟურნალისტად მუშაობდა. ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, სადაც ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. პირველ კურსზე ვიყავი, სასწავლო წელი ახალი დაწყებული იყო, როდესაც გიზო ჩემთან მოვიდა და გამეცნო. იმ დროს სტალინი გარდაიცვალა და ეს მთელი საქართველოსთვის ტრაგედია იყო. უნივერსიტეტში სამგლოვიარო განწყობა სუფევდა. მან ეს მომენტი კარგად გამოიყენა და ყველანაირად ცდილობდა, ჩემთან ახლოს ყოფილიყო. მერე ხუმრობდა, ლიანა საპატიო ყარაულში იდგა და სად გამექცეოდა, სიყვარული იქ ავუხსენიო.
ჩვენი შეუღლება ისე მოხდა, რომ ამაზე არც მიფიქრია. გიზოს რომ შევხვდი, იმ დროს სხვაზე ვიყავი დანიშნული. ეს რომ გაიგო, ამის მერე მეტად მოინდომა, რომ ჩემი გული მოენადირებინა. ასეთი ტიპი იყო, არანაირი წინააღმდეგობა არ აშინებდა, პირიქით, დიდი შინაგანი ძალა ეძლეოდა. მისთვის ხელისშემშლელი ბარიერი არ არსებობდა.
ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა პრობლემების მოგვარებას უმტკივნეულოდ ახერხებდა. ვერ გეტყვით, რომ დიდად ტაქტიანი იყო და ამით აღწევდა მიზანს. ხშირად საკმაოდ უტაქტოდ იქცეოდა და ამის გამო შენიშვნებსაც ვაძლევდი. არ შეეძლო ტყუილის თქმა, სიმართლეს პირდაპირ გეტყოდა.
ერთი სიტყვით, თავისი შეუპოვრობით ყველაფერი გააკეთა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი. თავი შემაყვარა და ვიქორწინეთ კიდეც. ქორწილი რომ გადავიხადეთ, მაშინ უკვე 6 თვის ორსული ვიყავი. ქორწილი იმის გამო დაგვიანდა, რომ მშობლები თავიდან ნაწყენი იყვნენ ჩემზე, რადგან სხვაზე ვიყავი დანიშნული და ცოლად სხვას გავყევი. ბოლოს შეგვირიგდნენ.
სიდედრ-სიმამრთან გიზოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ქმრის მშობლებთან მეც კარგი ურთიერთობა მქონდა. დედამისი ამბობდა, სულ ვდარდობდით, გიზოს როგორი ცოლი შეხვდებოდა, რთული პიროვნებაა და განსაკუთრებული ხელისშეწყობა უნდაო. ატყობდნენ, რომ ქმარს ყველაფერში გვერდით ვედექი და ამიტომ მისი მშობლები პატივს მცემდნენ. ჩემი მამამთილი ისე გარდაიცვალა, ჩემს სურათს გულისჯიბით ატარებდა.
ექვსვარსკვლავიანი ბაბუა
– ორი ვაჟი შეგვეძინა – გიორგი და ზაზა. უფროსი იურისტია, უმცროსი – მათემატიკოსი. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა პირველი შვილი გვეყოლა და სამშობიაროდან სახლში მოგვიყვანა. ჩვილი ხელში ეჭირა, ოთახიდან ოთახში სიხარულით დარბოდა და ბედნიერი ყვიროდა: “მამა ვარ! მამა ვარ!”.
6 შვილიშვილი გვყავს – 3 გოგონა და 3 ვაჟი. ჩემი მეუღლე ამაყად ამბობდა, ექვსვარსკვლავიანი ბაბუა ვარო. ჩვენი უფროსი შვილიშვილი მისი მოსახელეა. გიზო ექვსივე შვილიშვილს მოესწრო, ახლა მეშვიდეს ველოდებით.
ჩვენი შვილები მამის გზას არ გაჰყოლიან. კალამი ორივეს უჭრის, მაგრამ წერით არასდროს გამოუჩენიათ თავი. გიორგის უმცროსი შვილი, დავითი, ძალიან ჰგავს ბაბუას, როგორც გარეგნულად, ისე ქცევებით. ნიჭიერი ბიჭია, კარგად წერს. ამჟამად საზღვარგარეთ სწავლობს. ბავშვობიდან პატარ-პატარა ლექსებს წერდა. გიზოს ეს უზომოდ უხაროდა და სულ მის გვერდით ყოფნა უნდოდა. ანატოლ ფრანსი წერს, გენი, რომელიც მშობლებში მუშაობს, ხშირად შვილებში ისვენებს, მაგრამ შვილიშვილებში იჩენს თავსო. ჩემი მეუღლე ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და დათუნაზე ამბობდა, ის ჩემი გამეორებააო. ბოლო წლებში საზღვარგარეთ მასთან ერთად ბევრი იმოგზაურა. ხშირად ესაუბრებოდა პოეზიაზე, ლიტერატურაზე.
გიზო ძალიან თბილი ბაბუა იყო. ხუმრობით მეტყოდა ხოლმე, სამი ბიჭი ჩემია, სამი გოგო კი – შენიო. ბავშვებისთვის უამრავი ლექსი აქვს მიძღვნილი.
58 წელი ერთად
– ჩვენი თანაცხოვრება 58 წელს გაგრძელდა. გიზოს გვერდით ცხოვრება იოლი არ იყო, რადგან ძალიან რთული პიროვნება გახლდათ. ყველაფერში ვგრძნობდი მის უპირატესობას და ნიჭიერებას და პატივს ვცემდი. ამიტომაც ვიცხოვრეთ ერთად ამდენი წელი. თავად ისეთი ადამიანი იყო, რომ პირველობა მოსწონდა და ამაზე პრეტენზიაც ჰქონდა.
იმდენად გამორჩეული მოსაუბრე იყო, მე ხმის ამოღება მერიდებოდა. ხალხში ყოფნისას სულ მორიდებულად ვიყავი და ჩემი მეუღლე საუბრობდა. სუფრასთან სადღეგრძელოს წარმოთქმაც კი მიჭირდა.
გიზო ყველგან და ყველაფერში წამყვანი იყო. ოჯახში რასაც იტყოდა, ყველანი იმ აზრს ვიზიარებდით. შვილებს მიმართულებას თავად აძლევდა, რა და როგორ ეკეთებინათ. ძალიან ყურადღებიანი მამა იყო, არაფერი გამორჩებოდა. მათთან მე უფრო ლმობიერი ვიყავი, ის კი – მკაცრი. ალბათ ეს საჭიროც არის, მით უმეტეს, როდესაც ორი ვაჟი გყავს.
ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო და ხშირად მოულოდნელ რაღაცეებს აკეთებდა. ყვავილი არასდროს მოურთმევია, თუმცა საჩუქრები ხშირად მოჰქონდა.
მისი ცოლი რომ გავხდი, კავსაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ერთ ზაფხულს, როცა მხოლოდ ერთი შვილი გვყავდა, დასასვენებლად აგარაკზე წავედი. იქიდან დაბრუნებულს კი ქმარმა ვაკის პარკის წინ ახალი ბინა დამახვედრა, ახალი ავეჯით გაწყობილი. თავისი საქციელით ძალიან ბედნიერი იყო, ამაყობდა, რომ ასეთი სიურპრიზი გამიკეთა.
ის ბინა არ უყიდია, გამომცემლობამ, როგორც თავის ჟურნალისტს, ისე გადასცა. მალევე ბინა უკან ჩავაბარეთ, რადგან ბიჭები წამოიზარდნენ და ვეღარ ვეტეოდით. სოლოლაკში, ჭონქაძის ქუჩაზე გადმოვედით, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. ვერა მისთვის მაინც საყვარელ უბნად რჩებოდა. რამდენჯერაც იქ გაივლიდა, გაჩერდებოდა, ნაცნობებს გამოელაპარაკებოდა და ამით ბედნიერი იყო.
ხშირად მივყავდი საზღვარგარეთ. წინასწარ კი არ მაფრთხილებდა, უცებ საგზურს მომიტანდა და მეტყოდა, აი, აქ მივდივართო. ასეთი სიურპრიზი ყველა ცოლს გაახარებს. კარგი მეოჯახეც იყო. თუკი სახლში რაიმე ნივთი არ გვქონდა, ჯერ თვითონ შეარჩევდა, მერე საყიდლად მეც წამიყოლებდა. რა თქმა უნდა, ყოფით საკითხებში ჩემი აზრი მქონდა, მაგრამ ქმრის ნება-სურვილს ვჯერდებოდი. სულ გვქონდა დავა ავეჯსა და გემოვნებაზე. ერთხელ მითხრა, შენზე უკეთესი გემოვნება მე მაქვსო. მეწყინა და ვუპასუხე, შენს ნაყიდსაც გადახედე და ჩემსასაც, მერე კი შეადარე, რომელი ჯობია-მეთქი.
ერთხელ სამზარეულოში კედელი დადგა, ე.წ. “სტენკა”, რომელიც იმ დროს ძალიან მოდაში იყო და თითქმის ყველა ოჯახში იდგა. ეს “სტენკა” საშინლად არ მომწონდა, ვეუბნებოდი, არ ვარგა-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა. დროთა განმავლობაში ეს ჩვენი “სტენკა” ნაწილ-ნაწილ დაიშალა და სამზარეულოს ავეჯით შევცვალეთ. მერე კი ნიშნისმოგებით ვუთხარი, აღიარე, რომ გემოვნებით გჯობივარ-მეთქი. მან კი მიპასუხა, ახლა ისეთ რამეს გეტყვი, რომ გემოვნებაზე არასდროს იტყვი რამეს, მე შენ მომეწონე და შენ მე მოგეწონე, აბა, ახლა მითხარი, რომლის გემოვნება სჯობსო. ამ სიტყვებზე ორივეს გაგვეცინა და დავუთმე, მართლა შენი გემოვნება ჯობია-მეთქი.
პირველი შემფასებელი
– გიზო ყოველთვის ამბობდა, ჩემი პირველი ოპონენტიცა და შემფასებელიც ჩემი მეუღლეაო. მართლაც, რასაც დაწერდა, ჯერ მე მაკითხებდა, ჩემი აზრით ინტერესდებოდა. ერთი ლექსიც მომიძღვნა, რომელიც ასე მთავრდება: “ძნელია იყო პოეტის ცოლი, მთელი ცხოვრება მასთან იარო. თვითონ პოეტი უნდა იყო, რომ პოეტის ბედი გაიზიარო”.
ახალდაწერილ ლექსს ან ნაწარმოებს რომ წამაკითხებდა, ჩემს შენიშვნას ვეტყოდი ხოლმე. ხან მიიღებდა მას, ხან – არა. მუშაობის პროცესში განმარტოება უყვარდა. ძველ სახლში ძალიან პატარა და არაკომფორტული კაბინეტი ჰქონდა. ჭონქაძეზე რომ გადმოვსახლდით, აქ უკვე დიდი სამუშაო ოთახი მოიწყო, სადაც ყველაფერი დაალაგა, რაც უნდოდა. ხუმრობით ვუთხარი, გიზო, აბა, დაჯექი ამ შენს კაბინეტში და სანამ “ფაუსტს” არ დაწერ, აქედან არ გამოხვიდე-მეთქი.
სამეგობრო
– გიზოს უამრავი მეგობარი ჰყავდა, ზოგი სკოლის მეგობრები, ზოგი – სტუდენტობის. მათთან ბოლომდე კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მეგობრების წრეში ყოფნა ძალიან უყვარდა. არავის დაბადების დღე არ დაავიწყდებოდა. ხან თვითონ მიდიოდა მეგობრებთან საქეიფოდ, ხანაც სახლში მოჰყავდა და ამით ბედნიერი იყო. თავისი დაბადების დღეც უყვარდა, მაგრამ ბოლო წლებში შეჯავრდა. ცდილობდა, სახლიდან გავსულიყავით და სტუმარი არ მოსულიყო. ბოლო წლებში რამდენჯერაც საზღვარგარეთ ვიმოგზაურეთ, იმდენჯერ თავის დაბადების დღეს დაამთხვია. აღარ უხაროდა ამ დღის აღნიშვნა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ასაკი ემატებოდა და მეორე, მეგობრები რომ შემოეცალნენ. მისი ბავშვობის მხოლოდ ორი მეგობარიღა არის ცოცხალი და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი.
თამადობა ძალიან უყვარდა. სადაც წავიდოდა, თამადა თვითონ უნდა ყოფილიყო. თუ სადმე მიდიოდა, მეც მივყავდი. ზოგჯერ იყო შემთხვევა, რომ მეტყოდა, ლიანა, მარტო ბიჭები ვიკრიბებით და ვერ წაგიყვანო. 60-70 წლის მეგობრებს ისევ ბიჭებს ეძახდა.
ბედნიერი წასვლა
– 19 სექტემბერს ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან 2 წელი გადის. ისეთი მშვიდი და სანატრელი სიკვდილი ჰქონდა, ყოველგვარი ტანჯვის გარეშე, როგორსაც თავადაც აღწერდა ხოლმე. საჩხერეში იმყოფებოდა, ბიზნესმენ ლევან ვასაძის დედულეთში. სუფრასთან, რომელსაც სამების მგალობელთა გუნდიც ესწრებოდა, თამადა იყო. თურმე ბედნიერი იყო, მათ გალობას რომ უსმენდა და თან ამბობდა, სამოთხეში ვარო. შემდეგ თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს “ოდა კახეთზე” კითხულობდა და სწორედ იმ მომენტში გარდაიცვალა.
საერთოდ ეს ნაწარმოები ჩემთვის გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ გიზოს ნიჭი და შემოქმედება ყველაზე მეტად აქ ჩანს. მართალია, თბილისი მისი აღმაფრენის წყარო იყო, სულ მას უმღეროდა და უგალობდა თავისი პროზითა თუ პოეზიით, მაგრამ არანაკლებ შეყვარებული იყო კახეთზე. როგორც ჩანს, იმ დღესაც მთელი ემოციით კითხულობდა, ამის ფონზე დაემართა გულის შეტევა და ვეღარ გაუძლო.
გიზო 83 წლის იყო და კარგად იცოდა, რომ სიკვდილი არცთუ ისე შორს იყო, ამიტომაც ნატრობდა, ამქვეყნიდან მშვიდად წასულიყო. დიდი ტკივილი და სტრესი იყო, როდესაც ქმრის გარდაცვალება შევიტყვე. კაცი საქეიფოდ გავუშვი და სახლში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა, თუმცა, რომ გავიგე, რა გარემოში და როგორ გარდაიცვალა, ამან ტკივილი ცოტათი შემიმსუბუქა.
ფეხქვეშ დაყრილი ვარსკვლავები
– გიზო არ ავადმყოფობდა. 13 წლით ადრე ავსტრიაში, გულზე შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა. კარდიოლოგმა გვითხრა, ამ ოპერაციით სიცოცხლე 15-20 წლით გაუხანგრძლივდებაო. მისი კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი იყო და მასთან დრო და დრო კონსულტაციებზე დადიოდა. 2010 წლის 4 მაისს, ვარსკვლავი რომ გაუხსნეს ფილარმონიის წინ, საღამოს ბატონი შალვაც ესწრებოდა. მერე ამბობდა, მოუსვენრად ვიჯექი, ძალიან განვიცდიდი, რომ გიზო ასეთი ემოციებით იყო დატვირთულიო.
ვარსკვლავის გახსნის დღეს უბედნიერესი იყო. მასზე ადრე კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეს გაუხსნეს ვარსკვლავი. გიზომ ბიძინას უთხრა, გახსოვს, რა ბიჭები ვიყავით, ვარსკვლავებს ვეთამაშებოდით, ახლა კი ვარსკვლავები ფეხებქვეშ გვიყრიაო…
ვარსკვლავის გახსნის დღეს ეტყობოდა, რომ ცოტათი დათრგუნული იყო. როგორც იცით, მანამდე ფილარმონიაში “პაემანი ვერაზე” გაიმართა. პირველი “პაემანი” რომ გააკეთა 80-იან წლებში, მაშინ უფრო ლაღად იდგა სცენაზე. ასეთი სტილის საღამო იმ დროისთვის ახალი სიტყვა იყო, თანაც გიზო მაშინ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ. ეს საღამო ეძღვნებოდა რეალურ პიროვნებებს, რეალურ ამბებს, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. ამიტომაც ჰქონდა საზოგადოებისგან ასეთი გამოხმაურება. 30 წლის შემდეგ “პაემანი ვერაზე” ისეთივე ემოციური ვეღარ გამოვიდა, მაგრამ მაინც ლამაზი საღამო იყო. ძველის გადამღერებას ჰგავდა, რაღაცეებიც შეცვლილი იყო და მე, პირადად, ცოტა უკმარისობის გრძნობა დამრჩა. ძნელია, გაიმეორო პროექტი, რომელიც 30 წელი არსებობს ხალხში.
ბოლო წლებში გაორმაგებულად წერდა. ხელში კალამს რომ აიღებდა, ვეღარ ჩერდებოდა. თავადვე ამბობდა, თავში რაც მომივა, ყველაფერი ფურცელზე გადამაქვსო. მის ბოლო ტომეულებს რომ გადახედოთ, მათში მართლაც დიდი ქაოსია. გვერდებში მარგინალებია, სქოლიოებში სულ სხვა რაღაცეები აქვს, სარჩევები ხომ საერთოდ განსხვავებულია. ასეთი ორიგინალური ფორმით წერა გიზოსთვის დამახასიათებელი იყო. ამ ტომეულებზე როცა მუშაობდა, ამბობდა, ამას ჩემს შვილიშვილებს ვუტოვებ, რომ იოლად წაიკითხონ და ცოდნაც გაიღრმავონო.
სიცოცხლის ბოლო დღეებში თავის წიგნზე მუშაობდა, რომლის სამი ტომი მის სიცოცხლეში დაიბეჭდა. მეოთხე უკვე გამზადებული ჰქონდა და სულ მალე გამოიცემა. პირველ ტომს ჰქვია “იყოდან არაიყომდე”, მეორეს – “შენიდან შენამდე”, მესამეს “გაქცეული კალამი”. სათაურების საოცრად შერჩევა შეეძლო. “გაზეთჩიკი” (თავის თავს ასე უწოდებდა, რადგანაც სხვადასხვა გაზეთებში მუშაობდა) როდესაც იყო, სათაურების შედგენას მას სთხოვდნენ ხოლმე. სხვათა შორის, ჩვენმა შვილებმა გიზოს საფლავის ქვაზე “იყოდან არაიყომდე” დააწერინეს.
გიზო ძალიან მაკლია, მის გვერდით ყოფნა ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით. რაც მიხაროდა ან მაწუხებდა, პირველ რიგში, მას ვუყვებოდი. ახლაც, როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი მოხდება ან ზოგადად რაიმე ახალს გავიგებ, გავიფიქრებ ხოლმე, წავალ და გიზოს მოვუყვები-მეთქი. მერე უცებ გამახსენდება, რომ ცოცხალი აღარ არის და ძალიან განვიცდი. არის რაღაცეები, რასაც, ქმრის გარდა, ვერავის მოუყვები. იმაზე საშინელი გრძნობა ალბათ არ არსებობს, როდესაც ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეორე ნახევართან გიწევს განშორება.