ილია ნაკაშიძე დაიბადა 1866 წელს ქალაქ თბილისში. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე; დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1895 წელს.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყო ქართულ და რუსულ პერიოდიკაში; თავისი აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის გამო იგი ახლო ურთიერთობაში იყო ლევ ტოლსტოისთან, კერძოდ რუსი დუხობორების უფლებათა დაცვის საკითხში; სწორედ ამის გამო, 1897 წელს იგი მოსკოვში დასახლდა; აქ ის ხვდებოდა ლ. ტოლსტოის, რომელმაც ხელი გაუმართა მის ოჯახს; თავის მხრივ თვითონაც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დიდ მწერალს; მაგალითად, იგი ყურადრებით მოეკიდა ლ. ტოლსტოის თხოვნას, დახმარება გაეწია "ჰაჯი-მურატისათვის" მასალების მოძიებაში; 1903 წელს ბრუნდება სამშობლოში; დიდი იმედით შეხვდა 1905 წელს რევოლუციას და აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში; მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ქვეყანაში დაწყებულმა რეპრესიებმა სახელოვანი მამულიშვილი აიძულეს მიეტოვებინა მშობლიური კუთხე გურია და დაბრუნებულიყო თბილისში, სადაც გააჩაღა პუბლიცისტური საქმიანობა; მისი წერილების თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ იგი უფრო ხშირად პედაგოგიკის, ბავშვთა-აღზრდის საკითხებს ეხება; მისი კონცეფცია ემყარებოდა თავისუფალი აღზრდის თეორიას და ეწეოდა მის პროპაგანდას როგორც ქართულ, ისე რუსულ ჟურნალ-გაზეთებში; ამაგდარი მოღვაწე წლების მანძილზე თანამშრომლობდა ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში, აგრეთვე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში"; მას ეკუთვნის არაერთი საინტერესო წერილი ქართველ, რუს და უცხოელ მწერალთა შემოქმედებაზე; განსაკუთრებით საგულისხმოა კრიტიკული წერილები ისეთ მოღვაწეებზე როგორებიც არიან ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, გრიგოლ აბაშიძე, ლევ-ტოლსტოი, გი-დე მოპასანი და სხვები; საზოგადო მოღვაწე.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.287
ბიბლიოგრაფია
- როგორ გავიცანი ლეონ ტოლსტოი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა და სტ., 1928. - 40გვ.
- სოციალ-დემოკრატები (ავტორი). - თბილისი, სტ. ამხ. "სორაპანი", 1907. - 64გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007603/