ჯემალ მონიავა (1939-2008) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოხუმის (1962-1963), რუსთაველის თეატრებში (1963-1967). 1967 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მირიანი (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), თარაშ ემხვარი (კ. გასახურდიას "მთვარის მოტაცება"), ადიკო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), იური (ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა"), ცოტნე (გ. ხუხაშვილის "მოსამართლე"), ვახტანგი (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), თამაზ იაშვილი (გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი"), გრიშა (ჯ. იოსელიანის "ტაკიმასხარა"), ბადრი (ჯ. მონიავას "აღუვსებელი სასწაული"), მასწავლებელი (გ. ჰაუპტმანის "მზის ჩასვლის წინ"), ლევანი (ალ. ჩხაიძის "შთამომავლობა"), გრაფი ნეიპერი (ვ. სადრუს და ა. მოროს "მადამ სანჟენი"), დონ სეზარ დე ბაზანი (ე. დიუმანუას და ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), სტივა ობოლონსკი(ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"), ვერნერი (მ. ლერმონტოვის "თავადის ასული მერი"), მღვდელი (მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები"), ძელუ (კ. გოცის "ლურჯი ურჩხული"), მურმანი (ლ. როსებას "პროვინციული ამბავი"), ვურმი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვ. კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ასხატი ("ორნი გზაში"), ოპერატორი ("გასეირნება თბილისში"), ალი (ქაბულის ცხელი ზაფხული"), კირილე ("ამაღლება"), ანჩაბაძე ("მოგვარეები"), ვახტანგ მუხრანბატონი ("წიგნი ფიცისა") და სხვ. ჯემალ მონიავას პიესები დაიდგა ქართულ სცენაზე, ესენია: "აღუვსებელი საწყაული" (კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), "კორპუსი 5, ოთახი 55" (ზუგდიდის სახელმწიფო თეატრი), "ქორწინება განქორწინებით" (ვაჭრობის მუშაკთა კულტურის სახლის სახალხო თეატრი), "ჯვარცმული ბედნიერება" (ზუგდიდის, გორისა და სენაკის თეატრებში). ზუგდიდში დადგმულმა სპექტაკლმა (რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი) რუსთავის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მოიპოვა პრიზი - "პატრიოტულ თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოებისთვის".
წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.18
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
ბიბლიოგრაფია
- წუთი სოფელში : ნოველები (ავტორი). - თბილისი, "დიოსკურია-2004", 2007. - 192გვ.
- ნათლობა : მოთხრობები, წერილები, ესე... (ავტორი). - თბილისი, 2002. - 188გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010215/
- მონიავა – მარტვილი, ხუნწი, კახათი, ნაგვაზავო
- http://www.geogen.ge/ge/treasurege/63/4315/