1964 წელის 14 ოქტომბერს ბიჭვინთაში, ალექსი ინაურმა პირადათ დაადო ხელბორკილები საბჭოთა კავშირის დამანგრეველს, ქართველთ მოძულეს, არ სახსენებელ ნიკიტა ხრუშოვს! წესით მისი აყვანა ევალებოდათ სიროვს და რუდენკოს, მაგრამ მჟავანაძის დაჟინებული თხოვნით ეს ალექსი ინაურმა განახორციელა და ანასტას მიქოიანთან ერთად ორივე ბორკილებით ჩაათრია მოსკოვში.
ამით, საქართველოს ორივე ღირსეულმა შვილმა, თავისი ვალი მოიხადეს ი.ბ. სტალინის წინაშე!!!
როგორ გახდა ალექსი ინაური 35 წლის ასაკში გენერალი და რატომ ეშინოდა ხრუშჩოვს მასთან სტალინის ხსენების
გასულ საუკუნეში საქართველოში ხელმძღვანელ პოსტზე უწყვეტი სტაჟით – 35 წელი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსი ინაური ყველა გენერლებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენია. გერმანიაში მექანიზებული დივიზიის მეთაური თბილისში გადმოიყვანეს, გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს და ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი – უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს. ორმოცი მედლისა და ორდენის კავალერ ალექსი ინაურის შესახებ, რომელსაც, რატომღაც, ბერიასაც კი ადარებდნენ, მისი დისშვილი, ბატონი სანდრო ლაზაშვილი, საინტერესო ისტორიებს გიამბობთ.
სანდრო ლაზაშვილი: ინაურები პატარა ლიახვის ხეობიდან არიან. იქ ახლაც არის სოფელი ინაური, სადაც დღეს აღარავინ ცხოვრობს. ინაურები მოგვიანებით გორში ჩამოსახლდნენ. ალექსის მამა მჭედელი იყო. ოთხი შვილი ჰყავდა – ორი ვაჟი, ორი ქალიშვილი. ალექსი უფროსი იყო. ის 1908 წელს დაიბადა, სკოლა გორში დაამთავრა. 1927 წელს თბილისში ჩამოვიდა და უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკურზე ჩააბარა. ამ დროს კრასნოდარში ჩრდილო კავკასიის წითელმეთაურთა საცხენოსნო-საკავალერიო სასწავლებელში გამოცხადებული იყო მიღება. იქაც ჩააბარა, მაგრამ ისე, რომ ოჯახმა არაფერი იცოდა. ეგონათ, რომ თბილისში, ბიძამისის ოჯახში ცხოვრობდა. ატყდა ერთი ამბავი. ეძებეს, ეძებეს და როგორც იქნა, აღმოაჩინეს, რომ კრასნოდარშია. ასე აირჩია სამხედროს პროფესია. დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და გახდა კავალერისტი. კარგი ცხენოსანი იყო. გაანაწილეს კიევში და, 1931 წლიდან, მთელი სამოქალაქო ომის პერიოდი იქ დაყო. მეორე მსოფლიო ომში პოლკის მეთაური იყო, ლვოვის ოლქში საზღვარზე იდგა. 35 წლის ასაკში გახდა გენერალი. 1943 წელს შეუშვეს ირანში. თავისი დივიზიით ხუთჯერ არის მოყოლილი ალყაში და ხუთჯერვე ჰყავს დივიზია გამოყვანილი. ირანი ომის დაწყების დროს ცოტათი ჰიტლერს ემხრობოდა. დაიდო ხელშეკრულება ირანსა და საბჭოთა კავშირს შორის, რათა რუსეთს ირანი ნეიტრალური სახელმწიფო გაეხადა, თუმცა შემდგომ ნეიტრალიტეტი დაირღვა, რადგან შემოვიდა გერმანელების აგენტურა. ამერიკა ომში ოფიციალურად 1944 წელს ჩაება. ომში მონაწილე ქვეყნებს, განსაკუთრებით – რუსეთს, ის სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობით, ტექნიკით, საჭმლით ამარაგებდა. ამას „ლეგენდარული დახმარება“ ერქვა. აურაცხელი დახმარება შემოდიოდა ტანკებით, გემებით – ჯულფას გზით გაივლიდა ბაქოს, რუსეთს და პირდაპირ ფრონტზე შედიოდა. ამ ყველაფერს უნდოდა გაკონტროლება. ამიტომ რამდენიმე საბჭოთა დივიზია, მათ შორის ინაურის, ირანში იყო და ამას აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ ტვირთის შემოტანაზე სულ არ იყო საჭირო საბრძოლო დივიზიები. ეს იყო ნომერ პირველი, საკავალერიო დივიზია.
– როგორც ვიცი, ბიძას ბოლო სამი წლის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებიხართ, თქვენ პატრონობდით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სათქმელიც ბევრი ექნებოდა თქვენთვის. ალბათ, მონაყოლი აქვს, როგორ მოხვდა „კაგებეში“, რა ხდებოდა სპეცსამსახურებში...
– ბიძაჩემი 80 წლის ასაკში გადადგა. ავადმყოფობდა და ამიტომ სულ სახლში იყო. ერთადერთი, რაზეც ბრაზობდა, ის იყო, რომ ეს მამაძაღლი როგორ არ ჩაება ომში, ახლა ხომ შემოერთებული გვექნებოდა ჩვენი ტერიტორიებიო. რადგან გერმანია დამარცხდა, თურქეთსაც დაამარცხებდნენ და ჩვენს მიწებს დავიბრუნებდითო. გარდაცვალებამდე, ბოლო სამი წელი მე ვუვლიდი. ორი შვილი ჰყავდა: ერთი გარდაეცვალა, მეორე – დღესაც მოსკოვშია. როგორც პოლკოვნიკს, მომვლელი ქალი და ადიუტანტი დაუტოვეს, მაგრამ ისინი დღისით იყვნენ და ღამით კი მე ვიყავი. რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე ვსაუბრობდით, მაგრამ, არის რაღაცეები, რისი თქმის უფლებაც არ მაქვს. მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, ირანიდან წამოვიდა. უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი – გენერალური აკადემია დაამთავრა. გაგზავნეს გერმანიაში და იქ ხუთი წელი დარჩა. 1951 წელს ბიძაჩემი უკრაინაში გადაიყვანეს. სამხედრო საქმე უყვარდა და კარგადაც იცოდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში მისი გამოშვების საკითხი დადგა, მაგრამ, არ მოდიოდა – სამხედრო პირი, გენერალი იყო და უცბად გამოგზავნეს უშიშროებაში. მოსკოვში ამაზე მთელი ამბავი იყო. ხრუშჩოვთან გადაწყდა ეს საქმე. 19 წლის ასაკიდან ვარ საქართველოდან წამოსული, სამსახურების მხრივ არაფერი ურთიერთობა არ მქონია, მით უმეტეს, უშიშროებაშიო. ხრუშჩოვმა უთხრა: არაფერი გამოვა, ეს პარტიული დავალებაა. ზუსტად ასეთი კაცი გვინდა, რომელსაც არასდროს უცხოვრია და უმუშავია საქართველოში. სხვა არავინ გვყავსო. სიკვდილამდე სულით ხორცამდე ჯარისკაცი იყო. მითხრა: ოცდათხუთმეტი წელი ვიმუშავე „კაგებეში“ და ვერა და ვერ გავხდი „კაგებეშნიკიო“.
– ამბობენ, ბერიას მსგავსად ეშინოდათ მისი.
– ბერია ქართველი ხალხისთვის დარჩა იმ სახელით, როგორიც იყო – კაცის მკვლელად. ინაურზე ამას ვერ იტყვიან. სულ სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ. შიშის ზარს სცემდა იმიტომ, რომ სამართლიანი იყო. მკაცრი იყო, მაგრამ, ჩვეულებრივ ურთიერთობაში რომ დაიწყებდა რაღაცის მოყოლას, შეიძლებოდა, საჭმელი ვერ გეჭამათ, ისეთი იუმორი ჰქონდა. როცა სამართლიან შენიშვნას გაძლევენ, არ გწყინს და მერე ცხოვრებაში გადგება. ამიტომაც იყო ოცდათხუთმეტი წელი „კაგებეს“ უფროსი, მანამდე, 35 წლისა – გენერალი და 41 წლის – კორპუსის მეთაური. რასაც ხელს მოჰკიდებდა, ის საქმე ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა. ომის დროს საკავალერიო დივიზიები და კავალერიის ჯარი საბრძოლო ფრონტზე გადავიდა მექანიზებულ დივიზიაში. რომ გადაიყვანეს, ინაური კავალერისტი იყო. სამხედრო საქმეში შედიოდა დათვალიერებები, შემოწმებები, შეჯიბრებები. გერმანიაში რომ იყო, მარშლები, ადმირალები, გენერლები, ყველა პოლიგონზე გადიოდნენ დივიზიების შესამოწმებლად. ერთხელ, დგანან და უყურებენ. გამოიარა ერთმა, რაღაც დავალებები აქვს თავისი: უნდა გააჩეროს, ორი გაისროლოს, მერე სვლაში უნდა გაისროლოს, მოატრიალოს და ისე გაისროლოს... ესენი ნიშნებს წერენ. ყველას მოეწონა ინაურის დივიზია. ცოტა ხანში მარშალ კონერს უთხრა, ერთი წუთით გავალო. გავიდა. ამასობაში, კიდევ ერთი ტანკი გამოვიდა, გაიარა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთა. ესენი გაგიჟდნენ. უმაღლესი შეფასება მისცეს. მერე ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა. სწორედ იმ ტანკმა აიღო პირველი ადგილი. განკარგულება გასცეს – ვინც ამ ტანკში იჯდა, ის მოიყვანეთო. დგანან, ელოდებიან, ეძებენ, ვერ პოულობენ. მერე უთხრა: მე ვარ ის კაცი, ვინც ტანკში იჯდაო. ყველა გაოცდა – რა უნდოდა გენერალს ტანკშიო... მაგრამ, ასეთი კაცი იყო. არავის მისცემდა შენიშვნას, თუ თვითონ არ იცოდა. ცხენის ტარება იცოდა, ტანკის საიდან ეცოდინებოდა. 35 წელიწადი საქართველოს „კაგებეში“ იყო და „კაგებეშნიკები“ ამბობდნენ, არ გვახსოვს ინაურს დაეგვიანოს, სამსახურში ნახევარი საათით ადრე მოდიოდაო.
– მჟავანაძე და ინაური მაშინ ერთად გადმოიყვანეს საქართველოში. როგორც ვიცი, ერთმანეთთან ძალიან კარგ დამოკიდებულებაში იყვნენ. რას გვეტყვით მათი ურთიერთობის შესახებ?
– მჟავანაძე ცეკას პირველი მდივანი გახდა, ინაური – უშიშროების მინისტრი. მჟავანაძეს იდეოლოგიურად უნდა მოემზადებინა ჯარი, ინაურს კი თავზე გადასდიოდა ფრონტი და გერმანელები. მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო: 1956 წელს დაიწყო რეპრესირებულთა რეაბილიტაცია. ვინც გადასახლებული იყო, ნელ-ნელა ბრუნდებოდნენ. გორში ბებიასთან დღესასწაულებზე ვიკრიბებოდით ხოლმე. ბიძაჩემი სამი-ოთხი დღით იყო ჩამოსული. ბებიამ უთხრა – ალე, რაღაც დაბერებული მეჩვენებიო. შენ რომ იმ საქმეებს გაეცნო, რასაც მე ვეცნობი, დაბერდები კი არა, ახლა, ალბათ, ცოცხალიც არ იქნებოდიო, – უპასუხა. განა რა არის ამისთანაო? – ჰკითხა ისევ ბებიამ. აი, ერთ მაგალითს გეტყვი: ერთ ღამეს ერთი ოჯახიდან ოთხი უდანაშაულო ძმაა გაყვანილი და იმ ღამეს დახვრეტილი. ამისთანა ათასობით საქმეს რომ ეცნობი, როგორ უნდა იყო ადამიანიო. ხუთი ცხენი მოუკლეს. სადაც ცხენს მოხვდა ტყვია, შეიძლებოდა მასაც მოხვედროდა, მაგრამ, ყველაფერი შემთხვევითობაა. ახლაც მახსოვს, ჩემი პირველი ცხენი რომ მომიკლეს, როგორ ვტიროდი. პოლკი გადმომყავდა მდინარით, დაგვარტყეს და ნახევარი დივიზია დამეღუპაო, – ამბობდა. აქ რომ ჩამოვიდა და ნახა, რა ხდებოდა უშიშროებაში, ლამის ჭკუიდან შეიშალა.
– ხრუშჩოვზე თუ გიყვებოდათ რამეს?
– ბიძაჩემთან სტალინზე ლაპარაკს ვერ ბედავდა. ამბობდა, თვისი პოტენციალით ხრუშჩოვი შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე კარგი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ან რომელიმე მეურნეობის დირექტორიო. საშინლად ვერ იტანდა ტყუილს, „კაგებეს“ გენერლები ჰყავს სამსახურიდან გამოყრილი ამის გამო. ხრუშჩოვი ორჯერ ესტუმრა საქართველოს. ყველამ კარგად იცით, რაც მოხდა 1956 წელს. ამის ფონზე ქართველები მასზე ადუღებულები იყვნენ – აფეთქება უნდოდათ და ეს აფეთქება უნდა მომხდარიყო ყვავილების თაიგულის საშუალებით, თაიგულში უნდა ჩაედოთ ბომბი, რომელსაც ხრუშჩოვს მიართმევდნენ. ეს გაიგეს და ის ადამიანი აიყვანეს. მარტო ხრუშჩოვი კი არა, ყველა დაიხოცებოდა. ერთ-ერთის დედა, ვინც ყველაზე დამნაშავე იყო ამ საქმეში, ჩვენთან, სახლში მოდიოდა და ბებიას ევედრებოდა, შვილი არ დამიხვრიტოთო. ხრუშჩოვის აფეთქება უნდოდათ და ინაური რა შუაში იყო. ყოველ შემთხვევაში, ისე გააკეთა ეს საქმე, რომ, მგონი, დღესაც ცოცხალია ის ადამიანი. მოსკოვში როგორც წარადგენდი საქმეს, ყველაფერი ისე იქნებოდა და ბიძაჩემმა ისე წარადგინა, რომ, ხრუშჩოვმა თქვა, კარგი, გააუქმეთ დახვრეტაო. მგონი, სულელობაც დასწამეს. ასე გამოაძვრინა ის კაცი. მაგალითად, ბერიამ მიქელაძეს რა არ აპატია, იცით? „კარმენის“ გენერალური რეპეტიცია მიდიოდა, რომელსაც ბერია ესწრებოდა. ევგენი მიქელაძეს სთხოვა – ეს აქტი მომეწონა და გაიმეორეო. მიქელაძეს არ ესიამოვნა და უთხრა: რას „კამანდრობ“ აქ – გაიმეორე-არ გაიმეორო, დამაცადე, რეპეტიცია მაქვსო. ამის გამო „შეუკერეს“ საქმე და დახვრიტეს.
„კგბ“-ს მინისტრის შვილიშვილი, გაგა ინაური 14 აპრილის საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე იყო
1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენების დღეს, დედაენის დასაცავად ქუჩაში გასულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო გაგა ინაური,-ამის შესახებ გაგა ინაურის კლასელები, 55-ე სკოლის ყოფილი მოსწავლეები ყვებიან.
გაგა ინაური ს ბაბუა საქართველოს უშიშროების კომიტეტის (სუკ-ი) თავმჯდომარე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსი ინაური იყო, რომელიც „კგბ“-ს ხელმძღვანელის პოსტს 35 წელი იკავებდა. მანამდე ის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შს მინისტრი იყო.
სსრკ-ს ორმოცი მედლისა და ორდენის კავალერ ალექსი ინაურს ბერიასაც კი ადარებდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი შვილიშვილისთვის, ყველაზე საშიშ დროს, ქუჩაში დემონსტრანტებთან ერთად საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ ქართული ენის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება გაეპროტესტებინა.
როგორც შემდეგ ყვებოდნენ, ალექსი ინაურს კაბინეტში აქციაზე გადაღებული ფოტოები შეუტანეს და თითქმის ყველა ფოტოზე, გულგადაღეღილი და მუშტმომართული თავისივე შვილიშვილი ამოიცნო.
მაშინ გაგა 55-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე იყო.
გაგას კლასელი, ირმა ენდელაძე იმ დღეს იხსენებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
„დღევანდელ დღეს გაგა ინაური წამოხტა გაკვეთილის დროს და ჩვენმა ბიჭებმაც დატოვეს გაოცებული პედაგოგი .ქართული ენის დასაცავად წავიდნენ რუსთაველზე. გაგა „კაგებეს“ მთავარი ჩინოსნის, ინაურის შვილიშვილი იყო, გამოსასწორებლად რომ გადმოგვიყვანეს კლასში… საოცარია, რომ ნიკა გომელაურის, მისი ნახევარძმის გარდაცვალების დღეც ყოფილა. ნათელში ამყოფოს გაგასთან ერთად ჩვენი კლასელების, საშკა ბაქრაძის, ლევან ლიპარტიანის, პეტრე გელბახიანის, ზაზა ანდღულაძის და ვინც მათ გვერდზე იყო და აღარ არის, იმათი სულები ღმერთმა“.