არტურ ლაისტი დაიბადა 1852 წელს პოლონეთის ქალაქ ბრესლაუში. სწავლობდა ბრესლაუს უნივერსიტეტში.
22 წლისამ დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა; როგორც პოლონური ენის კარგი მცოდნე, ვარშავაში ასრულებდა სამი გერმანული გაზეთის კორესპოდენტის მოვალეობას; 1881 წელს გაიცნო ფ. ბოდენშტედტი და მისი რჩევით დაინტერესდა აღმოსავლეთის ქვეყნებით, კერძოდ, საქართველოთი; დაიწყო ქართული ენის შესწავლა, დაუკავშირდა ქართველ მოღვაწეებს: ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, იონა მეუნარგიას; 1882 წელს პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა მისი წერილი "ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ", ხოლო 1883 წელს გერმანულ პრესაში - "მივიწყებული ლიტერატურა"; 1884 წელს იგი ი. ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვე იმყოფებოდა საქართველოში; გერმანიაში დაბრუნებულმა გამოსცა წიგნი "საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა"(1885, პოლონურ ენაზე); 1885 წელს კვლავ ესტუმრა საქართველოს და ი. ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით შეუდგა ვეფხისტყაოსნის თარგმნას(გამოქვეყნდა დრეზდენსა და ლაიფციგში, 1890); 1887 წელს გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე; 1892 წლიდან საქართველოში დამკვიდრდა; აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში; 1904 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ქართველი ხალხი", რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა; 1906 წელს თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი "Kaukasische Post", რომელსაც წლინახევრის განმავლობაში რედაქტორობდა; მას ეკუთვნის მოთხრობები "ქეთევან", "ვარო", "ვარიპანიძიაანთ ნინო", ავტობიოგრაფიული თხზულება "რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება"(1897), "მოგზაურობის დღიური"(1909) და სხვა.; 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს გერმანული ენის ლექტორად; 1923 და 1927 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა კრებული "საქართველოს გული" ორ წიგნად; გერმანელი მწერალი.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.228
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს გული : წერილები საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1963. - 323გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007538/