კარლო მორეტი (1899-1978)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 1919 წელს.
სწავლის პარალელურად მუშაობდა ა. ნოვაკის ორნამენტული სკულპტურის სახელოსნოში; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობა დაიწყო კინოთეატრ "აპოლოს" მშენებლობაზე; კინოთეატრ "პალასი" (შემდგომში - "ამირანი"), "მაჟესტიკი" (სასტუმრო "თბილისი"), ყოფილი სამხატვრო აკადემიის "წრეების" შენობა (შემდგომში - ოფიცერთა სახლი), სათავადაზნაურო მიწის ბანკი (საჯარო ბიბლიოთეკა), მეფისნაცვლის კანცელარია ყოფილი პეტრე დიდის (შემდგომში ძერჟინსკის) ქუჩაზე, კინოთეატრი "სოლეილი" (მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი) და სხვა ობიექტები; XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა ა. შჩუსევის პროექტით მშენებარე (რუსთაველის გამზირზე) მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ("იმელი") მშენებლობაზე, რომელზეც იმ დროისთვის პირველად იყო გამოყებებული მსუბუქ შემავსებლიანი ბეტონი ("პემზაბეტონი");
მოგვიანებით დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველად; 1938 წელს სამშენებლო ტრესტების "თბილისმშენისა" და "საქკურორტმშენის" გაერთიანების შემდეგ, სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" მმართველი იყო; ხელმძღვანელობდა ქ. გორში სასტუმროს, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის, საკონფერენციო დარბაზისა და სხვა ობიექტების მშენებლობას; ასევე, მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ფუნიკულიორის სადგური, 100-ბინიანი (პირველი მაღლივი 11-სართულიანი) საცხოვრებელი სახლი თბილისში (გმირთა მოედანზე), სახელმწიფო ცირკის, კინოთეატრ "რუსთაველის", თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, წიგნის სახლის შენობები, საცხოვრებელი სახლები, სამშენებლო ინდუსტრიის, სამრეწველო კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებისა და კომუნალური მეურნეობის ობიექტები; საქართველოს პროფსაბჭოს მშენებლობის ხელმშეწყობი საბჭოს დამფუძნებელი და მისი ერთ-ერთი უცვლელი ხელმძღვანელი 20 წლის განმავლობაში. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიები.
წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.427-428
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მშენებლობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, პრეზიდიუმის უცვლელი წევრი
- მშენებლობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, დამფუძნებელი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი