ბეშქენ ოპიზარი
ბიოგრაფია
XII საუკუნის ოქრომჭედელი. წარმოშობითა და მოღვაწეობით ოპიზასთან(კლარჯეთი) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.
ბიოგრაფიული ცნობები ბეშქენ ოპიზარის შესახებ არ არის შემონახული. შემორჩენილია მისი ერთადერთი ნამუშევარი–ბრეთის სახარების ვერცხლის გარეკანის მოჭედილობა(ინახებოდა გელათში, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში). გარეკანის წარწერაში ნათქვამია: "მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა". გარეკანის ერთ მხარეს გამოსახულია "ჯვარცმის", მეორე მხარეს "ვედრების" კომპოზიციები. კუთხეები მოჩუქურთმებულია არშიებით, რომელთა ინტერვალები "ჯვარცმის" მხარეს ძვირფასი ქვებისათვის იყო განკუთვნილი, "ვედრების" მხარეს კი შევსებულია წარწერებით. განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა. ქრისტეს სამოსელის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს ბეშქენ ოპიზარის მაღალ ოსტატობას.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.419