პეტრე ოცხელი (1907-1937)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
თეატრის მხატვარი, ქართული ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. სხვა მხატვრებთან ერთად მან ფაქტობრივად მოახდინა რევოლუცია ქართული სცენისა და კოსტიუმის დიზაინში.
1913-1920წწ. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მოსკოვში; 1920 წელს ის საქართველოში დაბრუნდა და სწავლას ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გააგრძელა. ხატვას სკოლასთან არსებულ სტუდიაში სწავლობდა; 1926 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში; 1927 წელს სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრში გააფორმა ა. ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები". ამ სპექტაკლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილმა მას ქუთაისის თეატრში მუშაობა შესთავაზა; კ. მარჯანიშვილმა და მისმა თეატრმა დიდი როლი ითამაშა მის ჩამოყალიბებაში. იგი მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და მოსკოვის თეატრებში, ცნობილ რეჟისორებთან (კ. მარჯანიშვილი, კ. სტანისლავსკი და სხვა); გააფორმა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ერთგვარ მოვლენად ქცეული და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართული სცენისთვის, ცნობილი დადგმები: "ურიელ აკოსტა" (1929), "ხატიჯე", "ოტელო", "ყაჩაღები", "მუნჯები ალაპარაკდნენ" და სხვ.; შეასრულა ესკიზები ლეო ესაკიას კინოფილმისთვის "მფრინავი მღებავი". 1937 წელს პეტრე ოცხელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. მას წაუყენეს ბრალდება: "მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება" და სიკვდილით დასაჯეს.
წყარო: modernism.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1939 - ლონდონის თეატრის მხატვართა გამოფენა , ოქროს დიდი მედალი
- 1937 - კ. სტანისლავსკის მიერ მოწყობილი ჯ. ვერდის "რიგოლეტოს" დადგმის კონკურსი, პირველი პრემია
ესკიზებისთვის