იული სტრაუმე (1874-1970)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ვენდენი, ლატვია.
დაამთავრა მიტავის (ამჟამად - ელგავა) გიმნაზია და სანკტ-პეტერბურგში არსებული ალ. შტიგლიცის ტექნიკური მხატვრობის ცენტრალური სასწავლებელი.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მიავლინეს პარიზში, სადაც დაეუფლა ტექსტილის ხელოვნებას. 1907 წელს მხატვრად მოავლინეს თბილისში მოქმედ კავკასიის შინამრეწველობის (იმავე კუსტარულ) კომიტეტში. რუდუნებით აგროვებდა და სწავლობდა კავკასიელ ხალხთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს. მოპოვებული მასალა გადაეცემოდა კუსტარული კომიტეტის სახელოსნოებს, სადაც ხალხური შემოქმედების მიხედვით იქმნებოდა უნიკალური ნაწარმი: ხალიჩები, ნაქარგები, ქსოვილები, ჭურჭელი, საიუველირო ნაკეთობანი. შექმნა უნიკალური ალბომები კავკასიური ხალიჩების ფერადი ჩანახატებითურთ, რომლის პირველი ტომიც გამოიცა. ალბომებში შემონახულია ასევე პირები მინიატიურებისა, რომლებიც შემოჩენილი იყო გელათის, ჯრუჭის და სხვა ეკლესია-მონასტრებში იმხანად დაცულ X-XI საუკუნეებით დათარიღებულ სახარებებში. მონაწილეობდა აკად. ნიკო მარის ხელმძღვანელობით მოწყობილ ქ. ანისის არქეოლოგიურ ექსპედიციაში (1912). კუსტარული კომიტეტის ეგიდით მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში. აქტიური როლი შეასრულა გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დაფუძნებაში, რომელიც თბილისში დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. მხატვარ ჰენრიკ ჰრინევსკისთან ერთად მოხატა სათავადაზნაურო ბანკი (თანამედროვე ეროვნული ბიბლიოთეკა).
მისივე პროექტით შეიქმნა პირველი კარადები სამუზეუმო ექსპონატებისათვის, ამოკვეთილი კარები, ასევე წიგნების ვიტრინები. თავის მეუღლესთან, ბელგიელ მარია-ელოიზა-ავგუსტა რონგვოსთან, ერთად მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. მსახურობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებულ ლატვიის რესპუბლიკის საკონსულოში. ლატვიის ვიცე-კონსულის მოვალეობას ასრულებდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგაც (1922 წლის 10 თებერვლამდე). ზრუნავდა საქართველოში მყოფ ლატვიელთა სამშობლოში დაბრუნებისათვის. 1923 წლის მიწურულს დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა შემოქმედებითი კავშირი საქართველთან და ქართველებთან სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია. 1963 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორმა, დავით ციციშვილმა, აღძრა საკითხი, რომ საქართველოს წინაშე დამსახურებისათვის იული სტრაუმესათვის დაენიშნათ პერსონალური პენსია. სტრაუმეს მხატვრული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი ინახება საქართველოს სახალხო და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში. მიღებული აქვს პარიზის თანამედროვე დეკორატიული და სამრეწველო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ოქროს მედალი (1925). ლატვიის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1959), ლატვიელი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებული ლატვიის რესპუბლიკის საკონსულოს თანამშრომელი.
წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.420-421; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ლატვიის მხატვართა კავშირი, წევრი (-1945)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1916 - თბილისის საპატიო მოქალაქე