გიგლა ფირცხალავა (1922-1983)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1950 წელს.
1941-1942წწ. წლებში პოლიტიკური კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ "ნიანგში", აგრეთვე ფრონტულ ფურცლებში "კომუნისტი" და "ლახვარი"; 1950-1966წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში; 1967 წლიდან - თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1952 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ "კროკოდილში". მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია საღი იუმორი, მაღალპროფესიული ოსტატობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა მახვილგონივრულმა კარიკატურებმა, მეგობრულმა შარჟებმა ("ყვავილების მოყვარული", 1960; "ბულდოგის შექმნა", "არც ახლა იყიდი იატაკსაწმენდს?!", ორივე 1961; "გაიცანით, ჩემი მეორე ნახევარი", 1954 და სხვა). ავტორია საინტერესო სკულპტურული პორტრეტებისა ("მოჭიდავე დავით ციმაკურიძის პორტრეტი", ბრინჯაო, 1953; "მოჭიდავე გივი კარტოზიას პორტრეტი", ბრინჯაო, 1956; "სტუდენტი გოგონას პოტრტრეტი", ბრინჯაო, 1961), ფერწერული ტილოებისა ("სოხუმი", 1945, "ჩაქვი, ჩაის პლანტაცია", 1945; ა. სალუქვაძის პორტრეტი, 1973 ყველა - მხატვრის კუთვნილება). მისი კარიკატურების კრებულები დაიბეჭდა თბილისსა (1967, 1971) და მოსკოვში (1968, 1982). ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.332; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1978 - საქართველოს სახალხო მხატვარი