ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე კეცხოველი (დ. 26 დეკემბერი, 1897, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1982, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ნიკო კეცხოველი (1897-1982) დაიბადა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში. 1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, ამავე კათედრის პედაგოგი. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა კათედრას. 1945-52 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 1963 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1917 წელს ნიკო კეცხოველის უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია და წლების მანძილზე იყო მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921–1924 წლებში იყო ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის არალეგალური მთავარი კომიტეტის წევრი და "დამკომი"–ს წევრი ახალგაზრდა ეროვნულ–დემოკრატთა ორგანიზაციიდან. 1921 და 1923 წლებში იყო დაპატიმრებული. 1924 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ჩამოცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. ნიკო კეცხოველის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მისი აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტერატურული ნარკვევის, ნოველის და მოთხრობისა. ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. მიღებული აქვს სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის მცირე ოქროს მედალი (1939), საკავშირო საზოგადოების "ცოდნის" პრემია (1975) და სხვ.
წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე.-თბ.,1994.-გვ.215
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1980 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1979 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1975 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
- 1974 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1970 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
- 1960 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
პუბლიცისტური მოღვაწეობისათვის - 1945 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- საპატიო ნიშნის ორდენი
- ლენინის ორდენი (3 ორდენი)
- შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
ბიბლიოგრაფია
- შეიყვარე და გაუფრთხილდი : საქართველოს ფლორა და ფაუნა (ავტორი). - თბილისი, 1989. - 17გვ.
- კიდევაც დაიზრდებიან... : ქვემო ქართლში, თრიალეთში და ჯავახეთში მოგზაურობის შთაბეჭდილება. მხატვრული ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 271გვ.
- ადამიანი და ბუნება : წერილების კრებული (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1974. - 295გვ.
- ფურცელშლა და ფურცელცვენა : ნორჩი ნატურალისტებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1964. - 43გვ.
- მცენარეული საფარი ერის საუნჯეა : ფოტოალბომი (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1961. - 481გვ.
- ბოტანიკა : მეთოდური მითითებანი საგნის დასამუშავებლად (ავტორი). - ტფილისი, პ/ტრ. სტ., 1932. - 30გვ.
- ბუნება და სოფლის მეურნეობა (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1931. - 282გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000847/