პლატონ კეშელავა (1893-1963) დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში. სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1916 წლიდან; თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1918 წლიდან.
ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ საქმიანობას; იყო ჟურნალების - "მომავლისა" და "ხელოვნების" პასუხისმგებელი მდივანი; 1920 წლიდან მისი ნაშრომები იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში; 1943 წელს დაინიშნა ყვარელში ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორად, სადაც მთელი სიცოცხლე გაატარა; მან მუზეუმი შეავსო მრავალი ექსპონატით და იგი რესპუბლიკის ერთ-ერთ საუკეთესო კულტურულ-საგანმანათლებლო კერად აქცია; ამასთანავე იგი კვლევით მუშაობასაც ეწეოდა; მის კალამს ეკუთვნის საყურადღებო ნაშრომები: "ილია ჭავჭავაძის გენეალოგია", "ილია ჭავჭავაძე გოგოლის მსოფლიო მნიშვნელობაზე", "ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრი 1906-1907 წლებში", "ილია ჭავჭავაძე და არტურ ლაისტი", "ილია შრომის შესახებ", "ილია და ქართული თეატრი" და სხვა.; აღსანიშნავია მისი ნაშრომები: ი. ტურგენევზე, ლ. არდაზიანზე, არსენას ლექსზე, ვაჟა-ფშაველაზე; იგი იყო კ. მარჯანიშვილის მემუარების რედაქტორი და მოლიერის პიესების თარგმანებს კრებულის წინასიტყვაობისა და შენიშვნების ავტორი; საინტერესოა იგი, როგორც კრიტიკოსი და პუბლიცისტი.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.214
ბიბლიოგრაფია
- მეთოდური მითითება მემორიალურ მუზეუმებში სტაციონალური ექსპოზიციის მოწყობის საკითხებზე (ავტორი). - თბილისი, 1961. - 39გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007534/