პოლიევქტოს კარბელაშვილი (1855-1936) დაიბადა კასპის რაიონის სოფელ ჭალაში. საფუძვლიანი განათლება მიიღო ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში.
ის მოღვაწეობდა ქ. თბილისში, ქ. გურჯაანში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა სოფლებში; ამავე დროს ეწეოდა კვლევით მუშაობას და ხშირად აქვეყნებდა საინტერესო მასალებს ჟურნალ-გაზეთებში; ავტორია წიგნებისა: "ქართული საერო და სასულიერო კილოები, ისტორიული მიმოხილვა"(1898), სადაც განხილულია მიქაელ მოდრეკილის "იადგარი" და გამოთქმულია საყურადღებო შეხედულება საგალობლებში ჩართულ სამუსიკო ნიშნებზე, მოცემულია ჰიპოთეზა ქართული საეკლესიო მუსიკის წარმართული ჰანგებიდან წარმოშობის შესახებ; ქართული საგალობლები პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილებისაგან ჩაიწერა და ერთ კრებულად გამოსცა მ. იპოლიტივ–ივანოვმა, იგივე მასალა ქალ-ვაჟთა გუნდისათვის დაამუშავა და კრებულის სახით დაბეჭდა ზ. ფალიაშვილმა(1910); იყო საქართველოს ისტორიის მოამაგეც - გადაწერა და შემოინახა 2000-მდე სიგელ-გუჯარი, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს ცენტრალურ არქივში; მან დიდი ღვაწლი გასწია XII-XIII სს. "ქრონიკის" შედგენის საქმეში, აქ დაუნჯებულია მდიდარი დოკუმენტური, ეპიგრაფიკული, ეთნოლოგიური და ფოლკლორული მასალები(იხ. საქართველოს ისტორიის ქრონიკები. თბ., 1880 წ.); აღსანიშნავია მისი საგამომცემლო მოღვაწეობა, მოამზადა და გამოსცა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები: "ვეფხისტყაოსნის" დამატებანი(1880, N3, "ივერია"), ანტონ I-ის "მზა–მეტყველება"(1892), იოანე საბანისძის "აბო თბილელის წამება"(1899), "წმინდა ნინოს ცხოვრების" მეტაფრასული რედაქცია, რომელიც არსენ ბერს(XI-XIIსს.) მიეწერება(1902), "ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნა კონსტანტინეპოლისა"(1903), იოანე ხელაშვილის "ოქროს წყარო"(1905); მის ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული საერო სიმღერებისა და სასულიერო საგალობლების მოძიება-შესწავლაში, კერძოდ, ქართლ-კახური სიმღერა-გალობის შენარჩუნების საქმეში - ამიტომ ამ საგალობლებს მეორენაირად "კარბელაანთ კილოს" უწოდებენ; იყო მგალობელი, დეკანოზი.
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ.130;
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/karbelashvilebi/polievqtos.htm
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005374/
საპატრიარქოს უწყებანი N22 19-25 ივნისი 2008წ გვ.17
დეკანოზ პოლიევქტო კარბელაშვილი (1855-1936)
დეკანოზი პოლიევქტო კარბელაშვილი 1855 წელს, გორის მაზრაში, სოფელ ქვემო ჭალაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მამასთან, ცნობილი მგალობელისა და საეკლესიო მოღვაწის, მღვდელ გრიგოლის მეთვალყურეობით მიიღო. შემდეგში მან გორის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია და-ამთავრა. თავდაპირველად იგი ასწავლიდა გურჯაანში. XIX საუკუნის 80-იან წლებში დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და გურჯაანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ნაყოფიერი და ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იგი 1891 წელს — საგვერდულით, ხოლო 1894 წელს — სკუფიით დაჯილდოვდა. 1898 წლის 14 ივლისს მამა პოლიევქტოსი თბილისში, ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადმოიყვანეს. 1901 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. 1908 წლის ივლისში მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. მასვე დაევალა ამავე ეკლესიასთან არსებული სამრევლო-საეკლესიო ლის გამგეობაც. მისი მარტყოფში მოღვაწეობა ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან გულით შეიყვარა მარტყოფი და მისი სახელოვანი მატიანის მრავალი საგულისხმო ფურცელი აღადგინა. 1916 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა პოლიევქტოსი, თავის ძმასთან — დეკანოზ ვასილთან ერთად (შემდგომში ეპისკოპოსი სტეფანე)საქართველოს ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებში ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი იყო. 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა ისტორიული მნიშვნელობის წირვა.
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 19-25 ივნისი 2008წ გვ.18
დეკანოზ პოლიევქტო კარბელაშვილი (1855-1936)(გაგრძელება)
აღდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. შეიქმნა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა, რომელშიც სამღვდელოების სხვა წევრებთან ერთად მღვდელი პოლიევქტოსიც შედიოდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულ I საეკლესიო კრებაზე, სადაც მან წამოაყენა თავისი მოსაზრებაც: მისი აზრით, ქართული ეკლესიისათვის უცხო იყო მიტროპოლიტის წოდება. იგი ბერძნულისა და რუსულის მიბაძვას წარმოადგენსო. კრებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც არ გავიდა მისი წინადადება. 1918 წლის მარტში მამა პოლიევქტოსი ისევ გურჯაანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1921 წლის თებერვლიდან, კომუნისტური ხელისუფლების დამყარებისთანავე შეიცვალა ვითარება. არაერთი სასულიერო პირი ფიზიკურად გაანადგურეს, მრავალმა განათლებულმა და ნასწავლმა საეკლესიო მოღვაწემ მიატოვა მაშინ სასულიერო წოდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო. მიუხედავად სასტიკი ზეწოლისა, მამა პოლიევქტოსს არც უფიქრია ეკლესიისა და ღვთისმსახურების მიტოვება. მართალია, ხელისუფლებამ ეკლესია დაკეტა, მაგრამ იგი ძველებურად განაგრძობდა მრევლის ნუგეშინისცემას და დროგამოშვებით მწიგნობრო- ბისთვისაც იცლიდა. 1925 წლის 10 ოქტომბრის საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით ალავერდის ეპარქიას გამოეყო ბოდბის ეპარქია, რომლის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი), მამა პოლიევქტოსის ძმა. ეკლესიისათვის ამ ურთულეს ვითარებაში მამა პოლიევქტოსი თავისი ძმის გვერდით დგას და სამღვდელოების გადარჩენილ ნაწილთან ერთად ხალხში ეკლესიური ცნობიერების შენარჩუნების ეპარქიის შიდა ეკლესიური ცხოვრების, საოლქო და სამრევლო ცხოვრების მოწესრიგებისა და გადარჩენისათვის იბრძვის. მთელ ეპარქიაში ამ დროს დარჩენილი იყო 56 სასულიერო პირი. ბოდბის ეპარქიის 1927 წლის აღწერაში, რომელიც მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ჩატარდა, სხვა ტაძრებთან ერთად მოხსენებულია გურჯაანის წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიები 1200 კომლი, გაუქმებული. წინამძღვარი დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ შეძლო და გურჯაანში ტაძრები დახურა, რის გამოც მამა პოლიევქტოსი იძულებულია, მხოლოდ საეკლესიო წესები აღასრულოს მრევლისათვის და დროგამოშვებით, როგორც ეს მაშინ მიღებული იყო, სადმე მოქმედ ტაძარში ჩაატაროს წირვა-ლოცვა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მრავალი განსაცდელისა და შევიწროების შემდეგ, იგი იძულებულია, უარი თქვას სასულიერო წოდებაზე. ამას დაერთო ისიც, რომ 1930 წლის 23 მაისს გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი, მღვდელი ფილომონ კარბელაშვილი (იმ პერიოდში მასაც მიტოვებული ჰქონდა მღვდელმსახურება), რამაც დიდად დაამწუხრა მამის ისედაც დასევდიანებული გული. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ქ. გურჯაანში, მშობლიურ სახ-ლში გაატარა, სადაც აღესრულა 1936 წელს. მამა პოლიევქტოსი ავტორია მრავალი ნაშრომისა და წიგნისა: „ქართული საერო და სასულიერო კილოების ისტორიული მიმოხილვა“, „იერარქია საქართველოს ეკლესიისა“ და „ძველი ანჩისხატის ტაძარი თბილისში“. მოამზადა და გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ დამატებანი, ანტონ I-ის „მზა მეტყველება“, „აბო თბილელის წამება“ და „წმინდა ნინოს ცხოვრების მეტაფრასული რედაქციები“. გარდა ამ ნაშრომებისა, იგი მრავალ წერილსა და პუბლიკაციას აქვეყნებდა საქართველოში იმჟამად გამომავალ სხვადასხვა ჟურნალსა თუ გაზეთში. ერთ-ერთი მისი ასეთი წერილი გამოქვეყნდა 1917 წელს, გაზეთ „სა- ქართველოს“ ფურცლებზე სათაურით — „საქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო ტაძრების სალარონი და მათი ბედი XIX საუკუნის დამდეგს“, სადაც ის ვრცლად და დეტალურად მიმოიხილავს ეგზარქოსებისა და მათი მოხელეების მიერ საქართველოს ეკლესიის ქონების აკლებისა და გაძარცვის ფაქტებს. ვფიქრობთ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება ეს წერილი.