ოსკარ შმერლინგი (1 ივლისი 1863-1938) დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
1884 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, 1891-1892წწ. მიუნხენში.
1893 წელს თბილისში დაბრუნდა. 1902-1918წწ. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი; 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა "ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში; თანამშრომლოდა ჟურნალებში: "ეშმაკის მათრახი“, "ტარტაროზი", "შურდული“, "ბზიკი", "ეშმაკის მხარე", "სოფლის ალიაქოთი" და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში. ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის (იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა"; "თავდადებულნი ქართველნი", 1895; "იავნანავ რა ჰქმნა", 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვ.). 1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი ("მეზურნეები", "ორი ქალაქელი", "კერძო კუთვნილება" და სხვა). ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 13, თბ., 1987