ალექსანდრე ციმაკურიძე 5 აპრილი 1882-1954 დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი.
1902-1904წწ. სწავლობდა თბილისის ნატიფ ხელოვნებათა წახალისების კავკასიური საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში ბ. ფოგელთან და ოსკარ შმერლიგთან; 1905-1905წწ. მოსკოვში კ. იუონის სტუდიაში და სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში; 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ნ. კასატკინი, ლ. პასტერნაკი (გამოჩენილი პოეტის მამა) და ა. ვასნეცოვი, რომელიც პეიზაჟის სპეციალუურ კურსს კითხულობდა.
ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა იქონია მომავალ ხელოვანზე. 1922 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, ჯერ მოსე თოიძის სტუდიაში, ხოლო 1930 წლიდან სამხატვრო აკადემიაში. 1945 წლიდან პროფესორი. ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი თანამედროვე ქართული რეალისტური პეიზაჟური მხატვრობისა. მისი საყვარელი თემა იყო ქართლის პეიზაჟი. მუშაობდა ძირითადად პლენერზე. ჩვეულებრივ გადმოსცემდა ზაფხულის ნათელ შუადღეს. ამასთანავე იყო შესანიშნავი კოლორისტი. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების, თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. ნამუშევრები: "ქვიშხეთის მიდამოები", "ბორჯომის ხეობის დასაწყისი", "მზიანი დღე", სერია "ძველი თბილისი", "ქართლის ველი" და სხვა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 218, თბ., 1987
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე